fbpx

9 აპრილი – ნაწყვეტი ნესტან ნენე კვინიკაძის რომანიდან “38, 44”


გააზიარე სტატია


ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

მერამდენე ღამე გავათენეთ რუსთაველზე, არ მახსოვს. საშინლად ცივი მარტი იყო. აპრილი დაიწყო და არ დათბა. ხან ვკარგავდით იმედს, ხან ძალები გვემატებოდა. დემონსტრაციებზე სხვანაირად ძგერს გული. მართლა. ხან გეკუჭება, თითქოს, ხან გიჩქარდება. ჩხეტიებთან ავდივართ ხოლმე საჭმელად ან ტუალეტში შესასვლელად. ჩხეტიას მამა ნერვიულობს, იმიტომ რომ ქვეყანაში ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია. ძალდატანებით ხუმრობს, გვართობს – ეს ანეკდოტი მოჰყვა იმ საღამოს: მიხომ ოქროს თევზი დაიჭირა. თევზმა უთხრა, გამიშვი და შვიდ სურვილს შეგისრულებო. აბა, სამიო, – უთხრა დაბნეულმა მიხომ. რო გიყურებ, იგრე დედა გაქვს მოტყნული, სამი რას გეყოფაო.

იქიდან რუსთაველზე დაბრუნებულებს უკვე მართლა უცნაური გრძნობა მოგვერია. რაღაც განწირულს ვხედავდით ერთმანეთის თვალებში. თითქოს ყველა მოძრაობა და სიტყვა დროში იწელებოდა. თითქოს დრო შენელდა და რაღაც სიმწარეს ვგრძნობთ პირში. ხალხის ნაკადი აწყდება და აწყდება დემონსტრაციას. მთელი საქართველოდან მოედინება ხალხი.

დაღამდა. პირში ის გემო კიდევ უფრო გამძაფრდა. შენ მეუბნები, – ასე მგონია, წებო ჩამასხეს, ნერწყვს ვერ ვყლაპავო. მე ვხვდები, რომ ეს უკვე ნერვების ამბავია. სიტყვით გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. შუალედებში ახალგაზრდები მღერიან და ცეკვავენ.

მთავრობის სახლიდან მარცხენა მხარეს, ჩვენს კარავში მიწოლილებს ჩაგვეძინა. მეღვიძება. კარავში ჩურჩული მესმის, – პატრიარქმა თქვა, დაიშალეთო. ავირიდოთ სისხლისღვრაო. მე სიბრაზით ვივსები და ვნანობ, იქვე რომ არ ვიდექი. ჩურჩულებენ, რომ სპეცჯარს ალყაში ვყავართ. შენ თვალს ახელ. მოულოდნელად ხმაური და განწირული ყვირილი ისმის. კარავს ზემოდან დაეცა ჯერ ერთი, მერე მეორე და მესამე ადამიანი. შენ გექაჩები გარეთ. ჭყლეტაში კარვიდან გამოძრომას ვახერხებთ.

მთავრობის სახლის წინ, ხალხის მასაში ცვივა ყუმბარები, ქვაფენილიდან დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლეზე დგება მტვრისმაგვარი ქიმიური ნივთიერების ბუღი, პანიკაა. სპეცჯარები იერიშზე გადმოდიან. ორგანული მინისგან დამზადებული ფარებით ერთიანი კედელი შეუქმნიათ, სოლისებურად წინ მოიწევენ და ხელკეტებს თავდაუზოგავად ურტყამენ გაბრუებულ დემონსტრანტებს.

კარვიდან დაღწეულები, დემონსტრანტების შუაგულში აღმოვჩნდით. ხალხი უმისამართოდ მირბის.

პარაპეტიდან ორმოში ჩავცვივდით, რომელშიც მთავრობის სახლის წინ, მთელ სიგრძეზე დეკორატიული ბუჩქები იზრდებოდა. განწირული ქალების კივილი ისმის. ვერ ვიჯერებთ, რომ ეს ხდება. მოულოდნელად, მთავრობის სახლის მხრიდან შემოსული ხუთი ქართველი მილიციელი, ორი მათგანი რიგითი იყო, სამნი, მგონი, ზემდეგები, ჯარისკაცებსა და ჩვენ შორის ჩადგნენ და აწიოკებული ხალხის ამოყვანა დაიწყეს. ორმა ქანდაკებასა და ჯარისკაცებს შორის დერეფანი შექმნა და ორმოდან ამოყვანილების გატარება დაიწყო უსაფრთხო ადგილისკენ. მე წამში მივხვდი, რომ ეს ქმედება დამრბევთა სცენარში არ შედიოდა. ჯარისკაცები დააბნია მილიციელთა ფორმამ და მათმა თავდაჯერებულმა, გაბედულმა მოქმედებამ. ეს აზრი განმიმტკიცდა, რადგან რამდენიმე წუთში რუსი ჯარისკაცები ამ მილიციელებსაც ისევე დაერევიან, როგორც ხალხს აწიოკებდნენ. მაგრამ მანამდე სამ ქართველ მილიციელს ზედიზედ აჰყავს ზევით განწირული ადამიანები. 

ერთი უცნობი მამაკაცი, მერაბი და მე ქვევიდან ვეხმარებით. შენ არ გიშვებ, ჩემ უკან დგახარ, იმიტომ რომ მეშინია არ დამეკარგო. უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან, თითქმის ყველანი – ნაიარევნი, აცახცახებულნი, ფეხშიშველები. იმ გოგონებიდან, რომლებიც მე ავსხი ზევით, მხოლოდ ერთს შერჩენოდა ცალი ფეხსაცმელი. ზევით კი ავსხით, მაგრამ ბევრი ისეა გაბრუებული, რომ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებს და იქვე იკეცება. მათ გადასაყვანად ბიჭებსაც მივეხმარეთ ასვლაში – ისინი ზურგზე იკიდებენ და ისე მიათრევენ გათიშულ გოგონებს. ორმო ნელ-ნელა ცარიელდება. ბოლოს შენ აგსვი.

მე და მერაბიც ამოვდივართ პარაპეტზე. მილიციელი ისეა ქანცაწყვეტილი, თითქმის ვეღარ გვეხმარება. ორმოში კვლავ ცვივა ხალხის ახალი ტალღა.  ჩვენ მათ ამოყვანას ვიწყებთ. “წადით, თქვენ წადით, ჩვენ ამოვიყვანთ,“ – გვეუბნება მილიციელი, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ადევს, ცივი ოფლი ასხამს და ძლივს სუნთქავს.

მერაბს ვკარგავთ. მე და შენ ქაშუეთში შევრბივართ. იქ ბევრი ხალხია ჩვენ მსგავსად დამალული. ერთ კუთხეში ვიკუჭებით. მე ფეხსაცმელი შემრჩენია, შენ არც ერთი. სულ სველები ვართ. კანკალებ და რატომღაც ღიმილით მეუბნები, მშიაო. სხვებმაც გაიგეს. და რამდენიმე წუთში, ასე ათხელ გამოვლილი პურის ნატეხი მოგვაწოდა ვიღაცამ. შენ გაგიხარდა, მაგრამ ვერც ჩაკბიჩე. მაგარია. ცოტა ძველია. მე პირში ვალბობ და მერე შენ გიდებ დარბილებულს. რაღაც სიხარული გეტყობა. მაგრამ მალევე გული მიგდის.

გზა დამითმეს და გარეთ გაგიყვანე. ქვემოთ დავეშვი ინსტინქტურად. სასწრაფო დახმარების მანქანები დაშავებული დემონსტრანტებითაა სავსე. მივრბივარ და ვიწრო ქუჩის, კუთხის სახლის მეორე სართულიდან ჩურჩულით მეძახის ვიღაც ქალი, აქ ამოდითო. მექანიკურად ვემორჩილები მის სიტყვებს და უცხო ოჯახში ავდივართ. ამ სახლში სიტუაცია მობილიზებულია. სიმწრისგან რაც მოუფიქრებიათ, პირველადი დახმარების აღმოსაჩენი კუთხე მოუწყვიათ. ის ქალი ისევ აივანზე დგას და ჩვენნაირ გაჭირვებულებს ელოდება. კაცი ექიმის როლს ასრულებს. შენ გაწვენთ და წნევას გიზომავთ. გონზე მოდიხარ და გულისრევა გეწყება.

ხომ ვამბობდი, ძველია ის პური-მეთქი, – ამოღერღე.

მე ვხვდები, რომ ცუდად ხარ და ამიტომ აღარ ვიწყებ იმის ახსნას, რომ მომწამვლელი ნივთიერების გამო ხარ ასე.

სამ დღეში კარგად გახდი. ჩვენ გაგვიმართლა. მაგრამ გატყობდი, რომ დანაშაულის გრძნობა გქონდა. არაფერს ამბობდი, მაგრამ სახეზე გეწერა საკუთარ თავზე და ჩემზე გაბრაზება. მოულოდნელად აგივარდებოდა ტირილი. მეც აგყვებოდი.

 

1,906 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.