fbpx

“დურგალის” დღიური კარანტინიდან – ირაკლი გაფრინდაშვილი


გააზიარე სტატია

დილის ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ რაც ბეჟანა ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, ცოტა მომენატრა. 8 საათიდან იწყებს ჩახველება-ჩაყეფვა-ჩაწკმუტუნებას. ანუ გაიღვიძა და შია. ვდგები, ვაჭმევ, აივანზე ვუშვებ და ვეუბნები, რომ ეზოშია. 

მერე ერთი დიდი ჭიქით წყალს ვსვამ სულმოუთქმელად. წყალი ძალიან მიყვარს, ადამიანივით. 

შემდეგ ჩვენი ოჯახის მთავარი ადამიანი იღვიძებს თავის ოთახში და მეძახის – დინოოო! ანუ უნდა მივიდე და ახალგაღვიძებული კრემბრულეს დინოზავრი ზურგზე შევისვა და წამოვიყვანო ჩვენს საწოლში, სადაც ცოტა ხნით ყველანი ერთად ისევ ვიძინებთ, სანამ ბეჟანას არ გაახსენდება, რომ ძაღლია და ყეფას დაიწყებს. 

ჩემს ცოლს სხვა საოცარ თვისებებთან ერთად, კიდევ ის აქვს, რომ დილით გაღვიძებისთანავე იღიმის და მეკითხება, როგორ მეძინა. რომ იღიმის, უკვე საკმარისია დილა დაიწყოს ბედნიერად. მერე სიზმრებს განვიხილავთ და ხელს ვუფათურებთ ერთმანეთს ქვეცნობიერში. სიზმარი ჩვენი ცხოვრების ყოველღამეულობაა. 

საუზმის შემდეგ, რა თქმა უნდა, მცხელა, იმიტომ რომ ჩაის ნელა ვერ ვსვამ და აივანზე გავდივარ გასანიავებლად. ჩამოვჯდები და საპატიო წრეს ჩავსქროლავ, გავიგო, სანამ მეძინა, ვინმე ხო არ მოკლეს, ვინმე ხო არ… 

ჩემი აივანი მომწონს, კორონამდე მქონდა გადაწყვეტილი დურგალის ერთი მიმართულება – ბაღების და აივნების მოწყობა- განვითარება ჩემს ფლორისტ მეგობრებთან ერთად. თეონა ბაღდავაძის ეზო მელოდება, ქუსლებზე უნდა შევუდგა ქოთნები. 

საერთოდ, იმდენი გეგმა მაქვს დურგალთან დაკავშირებით! ერთი, რაც მოვასწარი, ჩემს გვერდით ჩემს 12 მეგობარს ვაყიდვინე მიწა ქალაქგარეთ, ანუ საკუთარი სოფელი მაქვს ასაშენებელი, რაც ამ ამბების მერე ბევრად ძვირფასი გახდება. საერთოდ, მგონია, ბევრი დაბრუნდება სოფელში და უფრო ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრებას. დიდი გადაფასების დღეებია ეს ჩვენი სახლში გამოკეტვა. თუ ისეთივე გულმავიწყები არ აღმოვჩნდით, როგორც არჩევნებიდან-არჩევნებამდე გვემართება ხოლმე. 

ჩვენი არჩევანის წინააღმდეგ რომ მოქმედებს ეს ყველაფერი, ეგ არ მოგვწონს, თორემ  რა ჯობია სახლში ყოფნას. რაც დურგალი ვარ, სახელოსნოც სახლში მაქვს და ჩემი კნეინაც ნაწილობრივ ფრილანსერია, ალბათ ამიტომაც არ გვიჭირს კარანტინში ყოფნა. ასე შევეგუეთ ერთმანეთს და სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია. 

თუმცა ამ შეგუებას სჭირდება რაღაც კომპონენტები, რაც აუცილებელია ერთ სივრცეში დიდი დოზით ყოფნისათვის: ყოველდღიური რუტინის გაზიარება, სახლის ერთად დალაგება, პირადი სივრცის პატივისცემა, პერიოდულად იმის შეხსენება, თუ როგორ გიყვარს და აუცილებლად დღეში რამდენიმე სისულელის თქმა ან ჩადენა, რომ გააცინო და გაგაცინოს. ჩემი ცოლი სულ მაცინებს და მგონი, ყველაზე მეტად მაგიტომ მიყვარს. 

მერე სამივე ვჭიდაობთ, ჭიდაობა კარგი თერაპიაა ბევრი ფიზიკური კონტაქტით და კიტას კივილში გადასული სიცილით. ეს უკანასკნელი ორივეს გიჟივით გვაბედნიერებს, სულ ვფიქრობ, მეზობლებს არ ეგონოთ ბავშვს რამეს ვუშავებთ. მერე დაჭერობანა სახლში, მე მოსახვევებში მძიმედ შევდივარ და ვერავინ მეწევა. 

პერიოდულად შევდივარ სახელოსნოში და დაკარგულივით ვდგავარ, ძალიან მინდა რაღაც გავაკეთო, მაგრამ განწყობა არ მომყვება. თან იმას ვაბრალებ, რომ მასალებიც აღარ მაქვს. 

ზღვაზე მინდოდა წასვლა, რომ შტორმის მერე გამოყრილი ხეები ჩამომეტანა და ვერ მოვასწარი. როგორც კი გადაივლის ეს ამბები, პირველ რიგში ზღვაზე წავალ. სულ ერთი ადგილი მიტრიალებს თავში, მდინარე სუფსის შესართავი ზღვასთან. სანაპიროზე ძველი რკინის გემი აგდია. ძალიან მისტიკური ადგილია, სადაც მდინარის ჩამოტანილი ხის კუნძები ერთად იყრის თავს. ამ ადგილას შარშან ადამიანის გული ვიპოვე, მოხუცი კაცის ნატანჯი გული. 

დღის ბოლოს ფილმს ერთად ვუყურებთ. პაუმ უფრო შემაყვარა ფილმების ყურება, თან ყველა ფილმის მთავარ გმირზე ვეუბნები, ასე მგონია, ჩემზეათქო და ამით ძალიან ერთობა. ახლა მთავარია ეს გართობა და განწყობა იქამდე შევინარჩუნოთ, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება. ამის შემდეგ კი მოგვიწევს კარგად დავფიქრდეთ და ახალ რეალობას ახლებური აზროვნებით ავუღოთ ალღო. 

ძილის წინ ისევ ორბეთზე ვფიქრობ, სადაც ზუსტად ვიცი სად რა უნდა ავაშენო და თავში დეტალებს ვალაგებ. ერთი სული მაქვს, როდის დატრიალდება ჩემი ქარის წისქვილის ფრთები, სადაც სახელოსნო მექნება და სადაც მთელი ცხოვრება გავაგრძელებ თვითიზოლაციას. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.