fbpx

პედრო ალმოდოვარის ესე თვითიზოლაციიდან: როგორ ცხოვრობს და რომელ ფილმებს უყურებს ის? – IndieWire


გააზიარე სტატია

 

მსოფლიოს სხვა ადგილების მსგავსად, მადრიდშიც სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაციაა გამოცხადებული.  პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორი პედრო ალმოდოვარიცაა ჩართული, რომელიც ესეებს წერს ამ პერიოდში თავისი გამოცდილებისა და  მოგონებების შესახებ.

 

გრძელი მოგზაურობა ღამემდე

 

აქამდე წერაზე უარს ვამბობდი. არ მსურდა წერილობითი მტკიცებულების დატოვება იმ გრძნობების შესახებ, რომლებიც თვითიზოლაციის ამ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემში პროვოცირდება. ალბათ მიზეზი ის არის, რომ სიტუაცია ჩემი ყოველდღიური რუტინისგან დიდად არ განსხვავდება – მე საკუთარ თავთან ცხოვრებასა და საგანგაშო მდგომარეობაში ყოფნას მიჩვეული ვარ. დიდად ბედნიერი აღმოჩენა არაა. პირველ ცხრა დღეს უარს ვამბობდი ერთი ჩანაწერის გაკეთებაზეც კი. მაგრამ ამ დილით ახალ ამბებში წავაწყდი სათაურს, რომელიც ისე ჟღერდა, თითქოს ჟურნალი შავ იუმორს ეძღვნებოდა: “მადრიდის ყინულის მოედანი დროებითი მორგი ხდება”.  ეს იტალიური გიალოსავით (ტერმინი, რომელიც მისტიკურ ფანტასტიკას ნიშნავს) ჟღერს, მაგრამ მადრიდში ხდება, ეს “დღის ერთ-ერთი ყველაზე  ავის მომასწავებელი სიახლეა”.

დღეს ჩემი თვითიზოლაციის მე-11 დღეა, რომელიც პარასკევს, 13 მარტს დავიწყე. მას შემდეგ მე თვითონ ვცდილობ საკუთარი თავის მობილიზებას,  რათა ღამეს თვალი გავუსწორო სიბნელეს, რადგან ისე ვცხოვრობ, თითქოს ველურ ადგილას ვარ, მივდევ რიტმს, რომელიც ფანჯრებისა და აივნისგან შემოსული სინათლითაა აღნიშნული. გაზაფხულია და ამინდი ნამდვილად გაზაფხულის მსგავსია! ეს არის ერთ-ერთი იმ მშვენიერ ყოველდღიურ გრძნობათაგან, რომლის არსებობა დავიწყებული მქონდა. დღის სინათლე და მისი ფართოსპექტრიანი ვოიაჟი ღამემდე. გრძელი მოგზაურობა ღამემდე – არა როგორც რაღაც საშინელება, არამედ როგორც სიხარულის მომტანი (ან ეს არის ის, რასაც მე ვირჩევ და მონაცემების აგონიას ზურგს ვაქცევ).

მე შევწყვიტე საათის შემოწმება, მხოლოდ მაშინ ვუყურებ, როდესაც ჩემი სახლის გრძელი დერეფნისკენ ნაბიჯების დათვლა მინდა, ეს ის დერეფანია, რომელშიც  ჯულიეტა სერანომ გაკიცხა ანტონიო ბანდერასი იმის გამო, რომ არ იყო კარგი შვილი. გარეთ სიბნელე მეუბნება, რომ უკვე ღამეა, მაგრამ დღესა და ღამეს გრაფიკი არ აქვთ. შევწყვიტე სიჩქარეში ყოფნა. დღეს, 23 მარტს, ჩემი შეგრძნებები მეუბნება, რომ დღეები გაიზარდა. დღის სინათლით უფრო დიდხანს სიამოვნება შემიძლია. მე იმდენად მოლხენილი არ ვარ, რომ მხატვრული ლიტერატურის წერა დავიწყო – ყველაფერი დროულად ხდება – მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სიუჟეტზე ფიქრი შემიძლია, ზოგიერთი უფრო ინტიმური ბუნებისაა (დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის დასასრულს ბავშვების ბუმი გველოდება, მაგრამ ასევე თანაბრად დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი განშორებაც იქნება – სარტრის თქმით, ჯოჯოხეთი სხვა ადამიანებია – ზოგიერთ ოჯახს ორივე სიტუაციასთან გამკლავება მოუწევს: განშორება და ახალი წევრის დაბადება ახლად დანგრეულ ოჯახში).

ამჟამინდელი რეალობა  ფანტასტიკად უფრო ადვილი აღსაქმელია, ვიდრე რეალისტურ ამბად. ახალი გლობალური და ვირუსული სიტუაცია 50-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკიდან აღმოცენებულს ჰგავს, ცივი ომის წლებიდან. საშინელებათა ფილმები მკვახე ანტიკომუნისტური პროპაგანდით. ზოგადად, შესანიშნავი ამერიკული B ფილმები (განსაკუთრებით, რიჩარდ მათესონის რომანებზე, მაგ.: Incredible Shrinking Man, I Am Legend, Twilight Zone დაყრდნობით), მიუხედავად მათი პროდიუსერების ბოროტი განზრახვებისა. ასევე მეფიქრება სხვა ფილმებზე, რომლებიც მარსელები არიან: The Day Earth Stood Still, D.O.A., Forbidden Planet, Invasion of the Body Snatchers და სხვები. 

ბოროტება ყოველთვის გარედან მოდიოდა (კომუნისტები, ლტოლვილები, მარსელები) და ეს იყო არგუმენტი უხეში პოპულიზმისთვის (მიუხედავად ამისა, მე გულწრფელად გირჩევთ ჩემს მიერ ნახსენებ ფილმებს – ისინი ჯერ კიდევ შესანიშნავები არიან). სინამდვილეში, ტრამპი უკვე დარწმუნებულია, რომ სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, 50-იანი წლების საშინელებათა ფილმივითაა, რომელსაც “ჩინური ვირუსი” უწოდა. ტრამპი  – ჩვენი დროის კიდევ ერთი უდიდესი დაავადება.

 გადავწყვიტე გასართობის ძებნა. მე, ჩვეულებრივ, იმპროვიზაციას ვიყენებ (მაგრამ არა შაბათ-კვირას, ჩემი მარტოობისა და იზოლაციის ჩვეულ დღეებში). ახლა მე ერთად ჩამოვაყალიბებ ფილმების, ახალი ამბებისა და საკითხავის პროგრამას, რომლებიც დღის განმავლობაში სხვადასხვა ნაწილს შეავსებს. ჩემი სახლი დაწესებულებაა და მისი ერთადერთი მკვიდრი ვარ. გვიან სახლში ვარჯიშსაც ვითვალისწინებ. აქამდე ზედმეტად უსიცოცხლო ვიყავი და ერთადერთი ვარჯიში, რასაც ვაკეთებდი, გრძელ  დერეფანში წასვლა-წამოსვლა იყო, იგივე დერეფანი, რომელსაც ჯულიეტა სერანოსთან და ანტონიო ბანდერასთან ერთად შეხვდებით ფილმში “ტკივილი და დიდება”. 

მე ვირჩევ  შუადღის ფილმს – “ბინძური ფული/Un flic”, საღამოს კი ჩემი არჩევანით საკუთარ თავს ვაკვირვებ, რადგან ჯეიმს ბონდის ფილმის – Goldfinger-ის ნახვა გადავწყვიტე.  ასეთ დღეებში საუკეთესოა სუფთა გართობა, სუფთა ესკაპიზმი (“წასვლა” რეალობიდან გამოგონილ სამყაროში).

 

 

როდესაც Goldfinger-ს ვუყურებ, ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. ეს არის ფილმი, რომელმაც თავად ამირჩია. მე შევხვდი შონ კონერს (ჯეიმს ბონდის შემსრულებელს), ჩვენ გვერდიგვერდ ვისხედით კანში სადილზე და გაკვირვებული ვიყავი მისი ცოდნით ფილმების შესახებ, და  განსაკუთრებით იმით, რომ მას ჩემი საქმიანობით დაინტერესება შეუძლია. ის მარბელაში აღარ ცხოვრობდა, მაგრამ ესპანეთს მაინც თაყვანს სცემდა. ჩვენ მეგობრებივით დავშორდით და მობილურის ნომრებიც გავცვალეთ – დარწმუნებული ვიყავი, რომ არცერთი ჩვენგანი არ გამოიყენებდა. და მაინც, რამდენიმე თვის შემდეგ, ეს იყო 2001/2002 წლები, მან დამირეკა მაშინ, როდესაც ჩემი ფილმის, Talk to Her ეკრანიზაცია მიმდინარეობდა. ფეტიშისტი არ ვარ და არც გაზვიადება მიყვარს, მაგრამ  მისმა მოსმენამ, როდესაც ჩემს ფილმზე ლაპარაკობდა, განცვიფრებული დამტოვა. ღრმა ხმა, რომელიც კარგ მსახიობსა და მიმზიდველ მამაკაცს ეკუთვნის. ამ ყველაფერზე ვფიქრობდი Goldfinger-ის ყურების დროს. კარანტინი, ღამე, შონ კონერი და მე,  მორბენალი ფიქრებითა და პაუზებით.

ერთი წამით ფილმებს შორის ტელევიზორი ჩავრთე და გავიგე, რომ ლუსია ბოსე (იტალიელი მსახიობი) წაგვართვა ამ ტორნადომ [კორონავირუსმა], რომლის მხოლოდ სახელი ვიცით. დღის პირველი ცრემლები დავღვარე. ლუსიათი მოხიბლული ვიყავი, როგორც მსახიობითა და ადამიანით. ის ანტონიონის Story of a Love Affair-დან მახსოვს, უპრეცედენტო სილამაზის ქალი, იმ დროისთვის უცნაური და ეს სიარულის მანერა, ანდროგენული და ცხოველური, რომელიც მის შვილს, მიგელ ბოსეს მემკვიდრეობით ერგო, სხვა რაღაცებთან ერთად. ხვალ ანტონიონის ფილმს ჩავრთავ. 

მე ამ ძლიერი ქალით მოხიბლული ვიყავი, რომელიც მარადიულად ჩანდა. ჟანა მოროს, ჩაველა ვარგას, პინა ბაუშის და ლორენ ბაკალის მსგავსად, ლუსია თანამედროვე ქალის ოლიმპოს/პოდიუმის ნაწილი იყო, თავისუფალი, დამოუკიდებელი, გარშემომყოფ მამაკაცებზე ბევრად მამაკაცური. ბოდიშს ვიხდი “სახელების” კასკადისთვის, მაგრამ გამიმართლა, რომ მათ ყველას შევხვდი და დავუახლოვდი. ეს სახლში ყოფნის უარყოფითი მხარეა, ერთი მარტივი ნადავლი ნოსტალგიისთვის.

მიგელს (ლუსიას ვაჟს) მექსიკაში შემთხვევით შევხვდი და დიდხანს ვისაუბრეთ. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ჩატში ვისაუბრეთ და ტრაგიკული ვითარების მიუხედავად, მინდოდა მადლობა გადამეხადა იმ თეთრი ორქიდეებისთვის, რომლებსაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დაბადების დღეებზე მიგზავნიდა. მიუხედავად იმისა, თუ სად ვიყავი – თითქმის ყოველთვის მადრიდის გარეთ – ყოველ 25 სექტემბერს MB-ის დიდი ბარათით თეთრი ორქიდეების ქოთანს ვიღებდი, რომელიც თვეები ძლებდა.

შეზღუდვების დროს განრიგის უქონლობის დადებითი მხარე ისაა, რომ სიჩქარე ქრება, ასევე ზეწოლა და სტრესიც. მე ბუნებრივად მშფოთვარე ვარ და არასდროს მიგრძნია ისეთი ნაკლები ღელვა, როგორიც ახლა. დიახ, მე ვიცი, რომ ჩემი ფანჯრების მიღმა არსებული რეალობა საშინელი და გაურკვეველია, ამიტომ მიკვირს, რომ არ ვდარდობ და ვცდილობ მჭიდროდ ჩავეჭიდო შიშისა და პარანოიის დაძლევის ამ ახალ გრძნობას. არ ვფიქრობ სიკვდილზე ან დაღუპულებზე.

ჩემი მთავარი ამოცანაა – ჩემთვისაც ახალი, რადგან ზოგადად, შეტყობინებების უპასუხოდ დატოვების ცუდი ჩვევა მაქვს – ვუპასუხო ყველას, ვინც მომწერს და მეკითხება ჩემსა და ჩემს ოჯახზე. რადგან პირველად, ეს ბანალური საუბრები არ არის და სიტყვებს მნიშვნელობა აქვთ. ძალიან სერიოზულად ვპასუხობ და ყოველ საღამოს ვიგებ როგორ არიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები.

როდესაც  ფანჯრის მახლობლად შუქი აღარ მოჩანს, Goldfinger-ის ყურებას ვიწყებ. კიდევ ერთხელ მოხიბლული ვარ შირლი ბასეითა და ასევე შირლი ეიტონის გამოჩენით, რომელმაც ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა ბონდის მკლავებში ჩავარდნისთვის. მისი სხეული, რომელიც ოქროსფრად არის მოხატული, საწოლზე წევს, სუნთქვისთვის დარჩენილი ერთი ნაპრალით – ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სურათი, რომელიც შექმნილია ფრანჩაიზის საშუალებით, რათა წარმოაჩინოს სურვილი/სიხარბე/ეროტიკა და ბოროტმოქმედების სიგიჟე, რომელთა ერთადერთი ამბიციაა სამყაროს განადგურება მხოლოდ მათი მსახურების გადარჩენით. 

ყურება უნდა შევწყვიტო, რათა ჩემს დას – ჩუსს ტელეფონზე ვუპასუხო. ის მეუბნება, რომ La 2-ის [ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხი] დოკუმენტურ ფილმში მიყურებს. უკვე ნახევარია გასული. ვიდეოდან გადავდივარ ტელევიზიის მეორე არხზე და ვპოულობ დოკუმენტურ ფილმს ჩაველა ვარგასის [მექსიკელი მომღერალი] შესახებ, რომელიც დარეშა კიიმ და კეტრინ გუნდმა გადაიღეს. ყველაფერი, რასაც ვხედავ და მესმის, ცრემლებისკენ მიბიძგებს. გამაოცა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური ფილმს დღეს უკვე ვუყურე. მაგრამ ეს მომენტი განსხვავდება იმ ყველაფრისგან, როგორც ოდესმე მიცხოვრია. ვერანაირ შედარებას ვერ შევძლებ. ვიცი, რომ ერთდროულად ჩაკეტილი ვარ და ვიშლები. 

ყოველდღიურად ნაკლებად და ნაკლებად ვუყურებ ახალ ამბებს. პანიკა და შფოთვა არ შემიძლია. გაქცევა, რომელზეც მივუთითებ  (გართობისა და ესკაპიზმის გზით) ყველაფერია, მაგრამ არა ერთფეროვანი. მაშინაც კი, როცა ჩაველაზე უკვე ვნახე დოკუმენტური ფილმი, ის ისეთი ემოციით მავსებს, რომ ვერ ვაკონტროლებ და არც მსურს ვაკონტროლო. ბოლომდე ვტირი. წალეკილი ვარ ყველა იმ ღამის მოგონებით, როდესაც ის Sala Caracol-ში ან Albéniz Theater-ში წარვადგინე. (პირველი თეატრი, სადაც მან მომღერლად შეაბიჯა. მექსიკური სექსიზმი მას საშუალებას არ აძლევდა, რომ სცენაზე შარვლითა და პონჩოთი ჩაცმული ყოფილიყო, რადგან თვლიდნენ, რომ ასეთი ჩაცმულობის ადამიანი ნამდვილი ქალი არ იყო.)

 

 

მე ის  პარიზის ოლიმპიაში წარვადგინე. რთული იყო, მაგრამ მოვახერხეთ თეატრის შევსება. დილით, ხმის შემოწმების დროს, ჩაველამ ერთ-ერთ თანამშრომელს ჰკითხა, სად იქნებოდა მადამ პიაფი [ფრანგი მომღერალი] პერფომანსის დროს. ჩაველაც იმ ადგილიდან მღეროდა. იმ საღამოდან, როგორც ჩემი საკუთარი რიტუალის ნაწილი, რომელშიც ჩაველა ჩემი პიაფი იყო, შოუს ვიწყებდი სცენის იმ რამდენიმე სანტიმეტრის კოცნით, სადაც ჩაველა ჩერდებოდა. ჯეიმს ბონდის შემდეგ, მე არ ვიყავი მზად კიდევ ერთხელ დიდი შამანის ხმისთვის მოსასმენად, არც იმისთვის ვიყავი მზად, რომ საკუთარი თავი დამენახა, როგორ ვმღეროდი მასთან ერთად Vámonos-ს და ვიზიარებდი მისი ცხოვრების ძალიან ბევრ მომენტს მადრიდსა და მექსიკაში.

მახსოვს, რომ მას ტანჟირიდან [საზღვაო პორტი  მაროკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე] 2007 წლის შობას დავურეკე; მისმა ხმამ, წარმოთქმული რამდენიმე სიტყვის არტიკულაციამ, შემაშინა. ჩაველას ერთ-ერთი თვისება მისი მშვენიერი კასტილიური გამოთქმა იყო, მისი სიტყვები სრულად ჟღერდა, ერთ ასო-ბგერასაც კი არ ტოვებდა. ტელეფონით საუბრისას მან მხოლოდ  “ძალიან მიყვარხარ” და “დრო გადის” თქმა შეძლო. ვდარდობდი და ორი კვირის შემდეგ კვინტა ლა მონინაში, ტეპოზტლანში დავბრუნდი, სადაც ის ბავშვობის მეგობართან იყო შეფარებული. ყველაზე უარესისთვის ვიყავი მზად. 

ვიცოდი, რომ მანამდე 3 დღის განმავლობაში საავადმყოფოში იყო, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მის სანახავად ჩავდიოდი, წინა ღამით გაწერა მოითხოვა – ჩაველას უარს ვერავითარ შემთხვევაში ეტყოდი – და ასე, ის აქ იმყოფებოდა. ტეპოზტლანის პატარა სახლში მიგვიღო, მცენარე poinsettia-ს ჰგავდა – კაშკაშა, გაპრიალებული და ჩვეული ხმით, ჩვენი სტუმრობიდან 3 საათი ლაპარაკობდა და არ გაჩერებულა. შუადღისას დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ის საკუთარ თავთან დარჩა. დამხმარე ქალი მასთან შუადღის 5 საათამდე რჩებოდა, მეორე დღემდე კი ის მარტო იყო, რადგან ჩაველა არ უშვებდა არავის, რათა ღამე მასზე ეზრუნათ. სიკვდილის წინა წლებში დედაჩემიც ასეთი იყო. ზოგიერთი გაუგებარი მიზეზის გამო, ძლიერი ქალები მკაცრი და ირაციონალურები ხდებიან, გრძელი ღამეების შესახებ მათ ვერ გააფრთხილებ, ძირითადად იმიტომ, რომ სხვა საკითხებთან ერთად მათ კარგად იციან ამ ღამეების შესახებ, მაგრამ უზარმაზარი უნარი გააჩნიათ გამძლეობისთვის. 

ჩვენ ვისაუბრეთ მის ავადმყოფობასა და სიკვდილზე და მან, როგორც კარგმა შამანმა, მითხრა: “სიკვდილის არ მეშინია, პედრო, ჩვენ, შამანები, არ ვკვდებით, არამედ საზღვარს ვაბიჯებთ”. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლეს ამბობდა. “მშვიდად ვარ. ერთ ღამეს მე გავჩერდები, ნელა, მარტო და ამით ვისიამოვნებ”.

მეორე დღეს მან კვლავ მიგვიღო, ვიდექით და ველოდებოდით ლანჩს. ჩაველა აღორძინების ექსპერტი ქალი იყო. სრულად გამოჯანმრთელებული. მან სიამოვნებით შემოგვთავაზა ტეპოზტლანის დათვალიერება. Chachiptl-ის ბორცვიდან დავიწყეთ, რომელიც მისი სახლის მოპირდაპირედ მდებარეობდა. (ჯონ სტურგმა  “The Magnificent Seven” ამ მხარეში გადაიღო). ლეგენდის თანახმად, შემდგომი აპოკალიფსის დროს, ბორცვი გახსნის თავის კარებს, რომლებიც კლდეებსა და სარეველებს შორის იმალება და გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც წარმატებით შეაღწევს ბორცვის სათავეში. მე მას გაკვირვებული კიდევ ერთხელ ვუყურებ. ის უკვე ემზადებოდა შემდეგი აპოკალიფსისთვის და არ შემიძლია ფიქრის შეწყვეტა იმ გარემოებაზე, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ.

ლოყებზე ჯერ კიდევ ცრემლები მაქვს, სუნთქვით ვარჯიშს ვაკეთებ, სანამ ჯეიმს ბონდს მივუბრუნდები, მაგრამ ამაღამ La 2 [მაუწყებლობა, სადაც დოკუმენტური ფილმი გავიდა] უმოწყალო იყო. ჩაველას შემდეგ მათ გაუშვეს კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, რომლის სათაურიც სინათლეს მოიცავს: ”La luz de Antonio/სინათლის ოცნება”. ანტონიო ლოპესი მხატვარია ლა მანჩადან, ხოლო მისი თვალების სინათლე მისივე ცოლია – მარია მორენო, დიადი რეალისტური მხატვარი, რომელიც ყოველთვის ზღვარზე რჩებოდა ანტონიოსა და 50-იანი წლების რეალიზმის გიგანტურ მხატვართა ჯგუფის უკან. გირჩევთ ამ დოკუმენტურ ფილმს და ასევე La 2-ს, მისი დახვეწილი პროგრამის გამო. 

მარია მორენო რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ის ანგელოზივით მახსოვს, ჩაველას საპირისპირო იყო. მისი ნამუშევრები კეთილ, სასიამოვნო, იდუმალ ატმოსფეროს ქმნის, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ანტონიო ლოპესის ნახატებისგან. დოკუმენტური ფილმი ასევე ეხება მის ნამუშევარს, როგორც იმპროვიზებულ პროდიუსერის, ვიქტორ ერისეს The Quince Tree Sun-სთვის. მორიგი, ალბათ საუკეთესო ფილმი, რომელიც იმ ობიექტების ბუნებრივი სინათლის სასწაულს აღწერს, რაც ჩვენს სამყაროს აფორმირებს. 

 

 

ერისეს შედევრში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ანტონიო ლოპესი თავის სტუდიაში, სადაც ის ტილოს ამზადებს მორიგი ნამუშევრის შესაქმნელად. საოცარი რიტუალია. ანტონიო თავისი სახლის მოკრძალებული შიდა ეზოდან გამოდის, ხელში ჭიქა ღვინო უჭირავს და ჩვენ ვხედავთ, როგორი აღტაცებულია კომშის ხის ყვითელი ნაყოფით, წვრილი ხე, სრულიად მოკრძალებული და ცოტა – მოუვლელიც. კომში ღია ყვითელია, გარშემორტყმული მუქი მწვანე ფოთლებით. დილით ანტონიო ხესთან მიდის და ყურადღებას მოსავლის უხეშ კანზე ამახვილებს, თან მოჯადოებულივით აკვირდება. გადაწყვეტს ის დახატოს, მიუხედავად იმისა, რომ იცის ამ სცენის ტილოზე გადატანა შეუძლებელია, რადგან ნაყოფი ცოცხალია და ყოველდღიურად იცვლება, შესაბამისად, სინათლეც არ იქნება იგივე. ფილმი საუბრობს მხატვრის ბრძოლაზე – დაიჭიროს მზის სინათლე კომშზე, ბრძოლაზე, რომელიც განწირულია.

1992 წელს ერისეს ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და მე ჟიურის წევრი ვიყავი. ფილმს სამართლიანად გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი.  ჟერარ დეპარდიესთან კინაღამ ჩხუბი მომიხდა [ჟიურის პრეზიდენტი], რადგან მას ფილმი საერთოდ არ მოეწონა. საბედნიეროდ, ჟიურის დანარჩენი წევრებისგან მხარდაჭერა მივიღე.

უკვე გვიანია, როცა La 2-ს ვრთავ, მაგრამ არა უშავს, შიდაპატიმრობისას დრო წრიულია, არც ჯეიმს ბონდის იმედგაცრუება მსურს, არ მინდა ლოგინში დავწვე მანამდე, სანამ შონ კონერი მაკიაველსა და მსუქანი გოლდფინგერის გეგმებს არ ჩაშლის და ყველას გადაგვარჩენს.

 

 

ორიგინალი: https://www.indiewire.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.