ქართველი სუპერგმირი თეთრი მოსასხამით – ნანა მაღრაძე ამერიკელებს ვირუსთან ბრძოლაში უსასყიდლოდ ეხმარება
ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი
2 აპრილს, როცა ნიუ-იორკი კორონავირუსის ეპიცენტრად გადაიქცა, NBC-ის პირდაპირ ეთერში ქართული სახელი და გვარი გამოჩნდა. წამყვანმა ნანა მაღრაძე სამედიცინო დანაყოფის მოხალისედ წარგვიდგინა და ცენტრალურ პარკში არსებული მდგომარეობა სწორედ მისი დახმარებით გაგვაცნო.
ამჯერად 29 წლის ნანამ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტელევიზიიდან ჩვენს ელექტრონულ ფურცლებზე გადმოინაცვლა და შეკითხვებზე კორონავირუსის ცხელი წერტილიდან გვიპასუხა. შემდეგ კი კვლავ სუპერგმირის თეთრ კოსტიუმში გამოეწყო და დაუბრუნდა პაციენტებს, რომლებსაც უკვე დიდი ხანია სიცოცხლის შენარჩუნებაში სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება.
პირველ რიგში, მოგვიყევით, რას საქმიანობთ ამერიკაში.
ამჟამად სტუდენტი ვარ და ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ებრაელთმცოდნეობას ვსწავლობ. ეს სფერო ძალიან მაინტერესებს და მის შესწავლას ალბათ მაგისტრატურაშიც განვაგრძობ. ამასთან ერთად, ვარ მოხალისე რამდენიმე ადგილას – ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, ებრაელების სასწრაფოში და ჰოსპისში, სადაც განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები ბოლო სტადიას ებრძვიან. ვცდილობ, მათ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა შევუმსუბუქო – ვამშვიდებ, ვესაუბრები, ვეხმარები… ჩემი თავისუფალი დრო კი მთლიანად ჩემს საყვარელ ძაღლს – დუჩის ეთმობა.
როგორც ვიცით, მანამდე იურიდიულ სფეროში საქმიანობდით და ექიმის პროფესიის შესწავლა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეთ. როგორი იყო გზა ქართული სამართლიდან ამერიკულ მედიცინამდე და რა იყო ამ ცვლილების მიზეზი?
რაც თავი მახსოვს სულ ექიმობაზე ვოცნებობდი, თუმცა მშობლებმა სამედიცინოზე ჩაბარების უფლება არ მომცეს და იურიდიული მიმართულება ავირჩიე. ეს ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა – უამრავი საჭირო ინფორმაცია დამიგროვდა და ანალიტიკურად აზროვნებაც ვისწავლე. ძალიან ვეცადე, სისხლის სამართალსა თუ საერთაშორისო სამართალში საკუთარი თავი მეპოვა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემი არ იყო. ამიტომ, ჯერ ევროპაში წავედი, სადაც ბოშების საავადმყოფოში მოხალისედ ვმუშაობდი და ბავშვებს ვეხმარებოდი. ერთი წლის შემდეგ კი ამერიკაში ჩამოვედი და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყე. სწორედ აქ გადავწყვიტე ბავშვობის ოცნება ამეხდინა და სამედიცინო სფერო რაღაც დონეზე მაინც შემესწავლა.
რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაში?
საქართველოში სულ მესმოდა ხოლმე, რომ ჩვენნაირი განათლება სხვას არავის ჰქონდა. მეგონა, ყველაზე ბევრს სწორედ თბილისში ვსწავლობდით. თუმცა ამერიკამ ეს წარმოდგენა მთლიანად დამიმსხვრია. აქ სწავლა ასმაგად რთულია! ენის ბარიერს არ ვგულისხმობ… მთავარი ანალიტიკური აზროვნებაა – არაფერს იზეპირებ, თავად ატარებ კვლევებს, ეძებ ინფორმაციას, სწავლობ აპარატურის გამოყენებას, მუშაობ ლაბორატორიებში და ერთვები პროექტებში, რომლებიც მუდმივად იცვლება. მოკლედ, უნივერსიტეტს რომ ამთავრებ, უკვე პროფესიონალი ხარ.
სამედიცინო ფაკულტეტზე მოხვედრა კი ყველაზე რთულია. სანამ ამ ეტაპამდე მიხვალ, ჯერ ბაკალავრიატი უნდა დაამთავრო, შემდეგ კი ურთულესი, რვასაათიანი გამოცდა უნდა ჩააბარო, რომელიც დეტალურად ამოწმებს შენს ცოდნას ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, სტატისტიკასა და სხვა მეცნიერებებში. სამედიცინოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდები, თუ ამ გამოცდაში ძალიან მაღალი ქულა გექნება. მნიშვნელოვანია ბაკალავრიატის საერთო შეფასებაც, რომელიც ასევე მაღალი უნდა იყოს. გარდა ამისა, შენი წარსული საქმიანობით უნდა ამტკიცებდე, რომ ამ პროფესიის შესასწავლად მზად ხარ – უნდა გქონდეს მოხალისედ მუშაობის დიდი გამოცდილება. თუ ამ ყველაფერს ვერ დააკმაყოფილებ, სამედიცინო სფეროში ვერ მოხვდები.
მოკლედ, ამერიკულ კონკურენციას რომ გაუძლო, თავი მთლიანად უნდა მიუძღვნა სწავლას, რომელიც ძალიან რთული და ხანგრძლივია.
დღეს უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალისტი ხართ და ამერიკელებს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში ეხმარებით. როგორია თქვენი სამუშაო დღე და რეჟიმი?
ძალიან გადატვირთული: მინიმუმ 8 საათის განმავლობაში მოხალისედ ვმუშაობ. ზოგჯერ ეს დრო 16 საათსაც აჭარბებს. ახლა განსაკუთრებულად კრიტიკული სიტუაციაა და გამოძახებების რაოდენობა ყოველწამიერად იზრდება. ალბათ ამის გამო შემოიღეს ახალი წესები, რომლებიც საკმაოდ მკაცრია – პაციენტის მდგომარეობას ადგილზე ვაფასებთ და თუ გადავწყვეტთ, რომ შინ დარჩენა შეუძლია, საავადმყოფოში არ გადაგვყავს. ასევე, თუ ადამიანს გულის შეტევა აქვს და 30 წუთის განმავლობაში ჩვენს დახმარებაზე არ რეაგირებს, კლინიკაში აღარ მიგვყავს. ადრე სხვაგვარად იყო – გულის შეტევის შემთხვევაში, ყველა პაციენტს რეანიმაციაში ვათავსებდით. ეს იმიტომ შეიცვალა, რომ კლინიკები წარმოუდგენლად გადატვირთულია და თუ ინფიცირებული არ ხარ, შეიძლება იქ უფრო დაინფიცირდე.
მოკლედ, როცა შესაძლებელია, ყველას შინ დარჩენასა და სახლში მკურნალობას ვურჩევთ.
როგორ შეადარებდით ქართულ და ამერიკულ სამედიცინო სისტემებს?
ქართული სამედიცინო სისტემის შესახებ რაც ვიცი, აქაურისგან საკმაოდ განსხვავებულია. ეს კი ყველაზე მეტად კანონებსა და მათდამი დამოკიდებულებაში გამოიხატება. აქ პაციენტის მდგომარეობის განხილვა სასტიკად აკრძალულია – ექიმებს შორისაც კი! ინფორმაციის გაცვლა ძალიან მკაცრად ისჯება და ლიცენზია შეიძლება პატარა დეტალის გამხელის გამოც კი ჩამოგართვან. პერსონალური ინფორმაცია და მისი უსაფრთხოება ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას.
ზოგადად, აქ ყველა ნაბიჯი და ყველა დეტალი დოკუმენტურად ფორმდება და ძალიან მკაცრად კონტროლდება.
გარდა ამისა, ამერიკულ საავადმყოფოებში პერსონალის მოვალეობები ერთმანეთთან საოცრად დაბალანსებულია. ექიმები და ექთნები სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ, კონკრეტულად მათთვის განსაზღვრულ საქმეს აკეთებენ და ერთმანეთის კომპეტენციაში არ იჭრებიან. ექიმსა და ექთანს სხვადასხვა განათლება აქვთ მიღებული და როგორც ექთანი ვერ შეასრულებს ექიმის როლს, ისე ექიმი ვერ იმოქმედებს ექთნის მაგივრად. ყველამ თავისი საქმე იცის და საერთო მიზნის მიღწევაშიც ყველას საკუთარი წვლილი შეაქვს.
რატომ მიიღეთ მოხალისედ მუშაობის გადაწყვეტილება მაშინ, როცა იცოდით, რომ ინფიცირების რისკი ძალიან მაღალი იყო?
როცა 911-დან შეტყობინება შემოვიდა, გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთში მივიღე. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ, ამიტომ შინ მშვიდად ვერ დავრჩებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამცავი საშუალება გვაქვს, დამატებითი მასალები მაინც გამოვიწერე და სამუშაოდ უფრო მშვიდად წავედი. ძალიან რთული ვითარებაა და თითოეულ პაციენტთან ურთიერთობა ძალიან სარისკოა, მაგრამ უმოქმედოდ ყოფნა, უბრალოდ, არ შემეძლო.
რა ზომებს იღებთ თავის დასაცავად?
ყოველთვის მიკეთია პირბადე N95. როცა ზარი შემოდის და ახალ გამოძახებაზე მივდივართ, დამატებით ნიღაბსაც ვხმარობ. ასევე, ვიკეთებ სპეციალურ ორმაგ სათვალეს, ვიფარებ პლასტმასის დამცავს და ვიცვამ შესაბამის ფორმას, რომელიც ორი სახისაა: ერთი – უკვე ინფიცირებულ ან განსაკუთრებულად სარისკო პაციენტთან სამუშაოდ, მეორე კი ერთჯერადი – იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. პროტოკოლს ზედმიწევნით ვიცავ და იმედია, ეს დამეხმარება იმაში, რომ მოხალისედ ბოლომდე ვიმუშაო.
თქვენთან ერთად NBC-ზე ისაუბრა მეორე მოხალისემაც, რომელიც, როგორც გავიგეთ, უძრავი ქონების სფეროში მუშაობს. გამოდის, რომ დასახმარებლად ყველა პროფესიის ადამიანი გაერთიანდა. როგორ გეხმარებიან ისინი, ვინც სამედიცინო სფეროში გამოუცდელები არიან?
დიახ, ჩვენთან არიან იურისტებიც, არქიტექტორებიც და სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც. ამისათვის სპეციალური სერტიფიკატიც აქვთ, რომელსაც 6-თვიანი კურსისა და სახელმწიფო გამოცდის შემდეგ იღებენ. ეს უფლებას აძლევთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტექნიკოსად იმუშაონ.
ზოგადად, ამერიკაში ძალიან უყვართ სხვების დახმარება, მოხალისეობა და სიკეთის კეთებაში მონაწილეობა. ეს თითქოს ამერიკული კულტურის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი მოხალისე გვყავს და ჯონათანიც ერთ-ერთი მათგანია. ახლა, როცა სამსახურები დახურულია და თითქმის აღარავინ მუშაობს, ყველანი ვცდილობთ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ჩვენი რესურსი ამ ვირუსთან ბრძოლას მოვახმაროთ.
როგორ მოხვდით NBC-ის პირდაპირ ეთერში?
ცენტრალური პარკის სამედიცინო დანაყოფი 1975 წლიდან არსებობს და განსაკუთრებულად ცნობილია იმით, რომ ხალხს უფასო მომსახურებას სთავაზობს. ეს მაშინ, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ნიუ-იორკში ასეულობით დოლარი ჯდება. ამის შესახებ NBC-მაც იცის. ალბათ ამიტომაც დაგვიკავშირდნენ. მე კი ვიცე-პრეზიდენტის გვერდით იმიტომ აღმოვჩნდი, რომ, როგორც მითხრეს, ჩვენს დანაყოფში ყველაზე აქტიური მოხალისე ვარ.
როგორ შეცვალა კორონამ თქვენი ყოველდღიური, არაპროფესიული ცხოვრება?
მთლიანად! აქამდე ყოველდღე 06:00-07:00 საათზე ვიღვიძებდი, კოლეჯში 6 საათს ვატარებდი, იქიდან სამსახურში მივდიოდი და შემდეგ მოხალისედ ვმუშაობდი. ახლა კი არც კოლეჯია და არც სამსახური – ლექციებს სახლიდან, დისტანციურად ვესწრები და შინ ყოფნის დროს მთლიანად სწავლას ვუთმობ. შემდეგ კი, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ვჯდები და ჩემს მეწყვილესთან ერთად ნიუიორკელების დასახმარებლად მივდივარ.
თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ამერიკაში ინფიცირებულების რიცხვის ასეთი ზრდა?
ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ნიუ-იორკი ძალიან მჭიდროდაა დასახლებული და ხალხი პატარა სახლებში ცხოვრობს, სადაც უშუალო კონტაქტისგან თავის არიდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გამორიცხულია სოციალური დისტანციის დაცვაც, იმიტომ რომ ქუჩებშიც კი უამრავი ადამიანი ირევა. თანაც, ამერიკელები მიჩვეულები არ არიან მკაცრ შეზღუდვებს, ამიტომ თავიდან ამ ყველაფრის გათავისება და შესრულება გაუჭირდათ – მაინც გარეთ დასეირნობდნენ, პარკებში ერთმანეთთან ახლოს სხდებოდნენ და მაღაზიებშიც ერთდროულად შედიოდნენ. მოკლედ, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკამ კრიტიკული ზომები თავიდანვე არ მიიღო. ახლა კი, როცა სტატისტიკა ასეთი საგანგაშოა, კონტროლის ზომები ძალიან გამკაცრდა: დაწესდა დიდი ფულადი ჯარიმები, მაღაზიაში შესვლის მორიგეობა და ბევრი სხვა შეზღუდვა. ეს რომ არა, ნიუ-იორკი კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივიდოდა.
რას ფიქრობთ საქართველოს ნაბიჯებზე კორონავირუსის წინააღმდეგ?
როცა პირველად გამოაცხადეს, რომ საქართელოში ეს ვირუსი გაჩნდა, ცოტა შემეშინდა. მეგონა, ჩვენი ქვეყანა მზად არ იქნებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, შევცდი! უფრო მეტიც – საქართველომ ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა და კორონავირუსს საოცრად მომზადებული შეხვდა. პრევენციისათვის საჭირო ნაბიჯები ძალიან დროულად გადაიდგა და პაციენტების მკურნალობაც ეფექტიანად წარიმართა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა.
როგორ შეცვალა ამერიკამ თქვენი ცხოვრება და მსოფლმხედველობა?
ამერიკამ მიმაჩვია თავდაუზოგავ შრომასა და იმას, რომ თავის გასამართლებელი მიზეზები არ არსებობს – ყველაფერი შესაძლებელია! გარდა ამისა, უფრო ლიბერალური გავხდი და ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სხვის რელიგიასა თუ ეროვნებას. ნიუ-იორკში თითქოს ყველა ადამიანი უფრო თანასწორია. ეს ქალაქი თავს უცხოდ არასოდეს მაგრძნობინებს.
როგორია თქვენი ამერიკული ოცნება და სამომავლო გეგმები?
მინდა, რომ სწავლა სექტემბრამდე მაინც დავასრულო და ცოტა ხანს პაუზა ავიღო, გონება დავასვენო და ძალები აღვიდგინო, იმისათვის, რომ მომდევნო ნაბიჯებზე დავფიქრდე. ვაპირებ მაგისტრატურაში ჩავაბარო და ცოდნა მედიცინაშიც გავიღრმავო და ებრაელთმცოდნეობაშიც. ვნახოთ, რა იქნება – დავისვენებ, ვიმუშავებ, მოხალისე ვიქნები, ჩემს საჭიროებებს უკეთ გავაცნობიერებ და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მივიღებ.