კარანტინში ყოფნისას მოწყენილმა წყვილმა საკუთარი ზაზუნებისთვის პაწაწინა ხელოვნების მუზეუმი შექმნა
ავტორი: Emma Taggart
კორონავირუსის კარანტინმა ბევრ ჩვენგანს ზედმეტი თავისუფალი დრო გამოუჩინა. ზოგმა ცხობა დაიწყო, ზოგმა ახალი ხელსაქმე აითვისა, სახლში გამოკეტილმა ლონდონელმა წყვილმა კი თავისი ზაზუნების – პანდოროსა და ტირამისუსთვის პაწაწინა ხელოვნების მუზეუმი შექმნა. ფილიპო ლორენცინიმ (დამოუკიდებელი კურატორი ლონდონის ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმში) და მხატვარმა მარიანა ბენეტიმ კარანტინის მე-14 დღეს წარმოუდგენლად დეტალიზებული მინიატიურული გალერეა მუყაოსა და ხის საშუალებით დაამზადეს.
ხელოვანმა წყვილმა აშკარად ბევრი დრო დაუთმო თავიანთი მინიატიურული მუზეუმის დაგეგმვას და მხატვრული ნაწარმოებების განლაგებას. “ყოველი დეტალის გაკეთება სახალისო იყო. მე და ჩემს პარტნიორს ძალიან გვიყვარს მუზეუმები. გალერეებში სტუმრობისას დიდ სიამოვნებას ვიღებთ არა მხოლოდ საგამოფენო ნამუშევრების გაცნობისას, არამედ იმითაც, თუ როგორი ოსტატობით არის წარდგენილი ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის,” – აღნიშნა ლორენცინიმ My Modern Met-თან საუბრისას.
წყვილის მინიატიურულ გამოფენაზე ცნობილი მხატვრული ნაწარმოებების ადაპტირებული, მინიატიურული ვერსიებია წარმოდგენილი. მათ შორის არის “გოგონა მარგალიტის საყურით” და “კივილი”. პატარა მუზეუმში პაწაწინა მუყაოს სკამები და ნიშნებია ტექსტით: “გთხოვთ ნუ დაღეჭავთ”. ორი მომხიბვლელი ზაზუნა ექსკლუზიური შოუს ყურებით არიან გატაცებულები. თუმცა, მხიარულ ხელოვნების მოყვარულებს აშკარად უყვართ წესების დარღვევა. ვიდეოზე ასახულია თავხედი წყვილი, რომელიც მუყაოს სკამს აქუცმაცებდა. წყვილმა თქვა: “ისინი ნახატებისთვის მოვიდნენ, მაგრამ სკამის გამო დარჩნენ.”
ფოტოებისა და ვიდეოს ინტერნეტში განთავსების შემდეგ ლორენცინისა და ბენეტის მუზეუმი ძალიან პოპულარული გახდა. ლორენცინი ამბობს: “გასაკვირი იყო ასეთი პოზიტიური გამოხმაურება ინტერნეტში. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველას გაახსენებს მუზეუმში ყოფნისას სასიამოვნო გამოცდილებას და მოუწოდებს მათ, რომ ასეთ დროს დაეხმარონ მსგავს დაწესებულებებს.”
დაათვალიერეთ ზაზუნების მუზეუმი ქვემოთ და გამოიწერეთ Pandoro & Tiramisù-ს Instagram-ის გვერდი.
ორიგინალი: https://mymodernmet.com/