fbpx

ბოლო და ძალიან პირადული ბლოგი – ანანო ბაკურაძე


გააზიარე სტატია

 ჩემი ცხოვრება მუდამ რთული და თავგადასავლებით სავსეა. თუმცა არ მგონია ვინმეს ცხოვრება იყოს მარტივი. პრინციპში ეს ჯერ არავის უთქვამს რომ ცხოვრება მარტივია.

ცხოვრებაში განცდილ ყველა გრძნობას ვცდილობ სასწავლი გაკვეთილის ფორმა მივცე და მივიწევ იმისკენ რომ ყოველდღიურად ცოტა უფრო მეტი ვიცოდე საკუთარ თავზე ვიდრე გუშინ.

ვინც იცით იცით და ვინც არა სიტყვაზე მენდეთ (ან თუ არ გინდათ არც) ბევრჯერ ძალიან მეტკინა და ერთხელ საერთოდ ისე მეტკინა ყველაფერი ახლიდან და სხვანაირად დავიწყე. ახლიდან გავიცანი საკუთარი თავი და ახლიდან აღმოვაჩინე ადამიანები ჩემს გარშემო. კვების რაციონიც კი შევიცვალე და აი უკვე ერთი წელი ხდება რაც ხორცი საერთოდ გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან. დავაფასე ის რაც მქონდა და რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლებად ვკონცენტრირდები იმაზე რაც არ მაქვს და დროდადრო მინდება. სინამდვილეში იმდენი რამე გვაქვს შეიძლება ერთი მთელი ცხოვრებისთვისაც კი საკმარისი იყოს. სადღაც ამოვიკითხე “რა გასაოცარია მსოფლიო ეკონომიკა როგორ იშლება როდესაც ადამიანები მხოლოდ იმას ყიდულობენ რაც ჭირდება”, სასაცილოა. შევცვალე დღის წესრიგი და სუპერ ექსტროვერტი ადამიანი, სუპერ ინტროვერტი გავხდი. გულწრფელად რომ ვთქვა პროფესიოულად რომ არ მჭირდებოდეს ფეისბუქიც არ მექნებოდა.

იყო მომენტი ჩემს ცხოვრებაში როცა ღრმად სიბნელეში სადღაც ორმოში დასიებული თვალებით ვიჯექი და თუ ვინმე ჩამომძახებდა იქამდე ვერ აღწევდა. არადა რამდენი მეძახდა, ზოგი ბაწარს მიგდებდა და ზოგიც თავის დაწნილ გრძელ თმას, ხანდახან ვეჭიდებოდი მაგრამ ვერ ავდიოდი ბოლომდე. ორმოდან სინათლის შუქამდე გზა ჩემი გასავლელი იყო. მარტო უნდა ავსულიყავი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, რადგან ზემოთ მელოდებოდნენ ადამიანები ვინც სიყვარულს მინაწილებდნენ. მათთვის, მისთვის და ჩემი თავისთვის უნდა შემეშრო სახე და მევლო შუქისკენ, მერე რა რომ შუა გზაზე ხანდახან ფეხი მიცურდებოდა და ცრემლები ისევ მომდიოდა, მერე რა რომ იქ ქვევით კიდევ რამდენჯერმე ჩავარდი. ისევ უნდა ავმდგარიყავი, ისევ უნდა ავსულიყავი ზევით და არასდროს ჩამეხედა იმ სიღრმეზე სადაც მზის სხივები ვერ აღწევდა.

 

ერთი წელი დამჭირდა.
ზუსტად ერთი წელი.
მაგრამ ამოვედი.

 

ისეთი არ ამოვსულვარ როგორიც ჩავვარდი, ისეთი კი არა სულ სხვანაირი ამოვედი, მაგრამ არ ნიშნავს რომ ეს ცუდია ან კარგია. ან ვინ თქვა რომ არსებობს ცუდი ან კარგი. უბრალოდ სხვანაირი ამოვედი. ვიღაცას ეგონება რომ ამის ძალა არ გეყოფა, ვიღაცას პირიქით. თუმცა ვის რაში აინტერესებს ვიღაცას რა ეგონება. ერთადერთი ადამიანი ვისთანაც მართალი უნდა იყო, ერთადერთი ადამიანი ვისთანას პასუხისმგებელი ხარ. ერთადერთი ადამიანი ვინც სიბნელეშიც ხელს გამოგიწოდებს საკუთარი თავია. არავინ სხვა.

მარტოები ვიბადებით და მარტოები ვკვდებით და შუაში გვხვდებიან სხვები, ის კარგი სხვები გვინაწილებენ სიყვარულს და ვუნაწილებთ ჩვენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარტოები ვართ.

მე 27 წლის ვიყავი როცა პირველად მარტო დავრჩი საკუთარ თავთან, თავიდან არ მომწონდა, ვემალებოდი და გავურბოდი. მერე სხვა გზა აღარ დამრჩა უნდა დავმეგობრებულიყავით. უბრალოდ კი არ უნდა დავმეგობრებულიყავით, საუკეთესო მეგობრები უნდა გავმხდარიყავით. ასე ვლაპარაკობდით : ანანო გეზარება ამის გაკეთება? მოდი ნუ გააკეთებ დღეს. ანანო გინდა გამოფენაზე წასვლა? კი მინდა და წავიდეთ. ანანო გინდა ეხლა გვიან გაიღვიძო? ხო ესე მირჩევნია დღეს… და ასე შემდეგ. შევწყვიტე ზრდილობის გამო დაძალებით რაღაცეების კეთება და ჩემ თავს დავუწყე მოსმენა. როდესაც გულახდილად ეუბნები მეორე ადამიანს რომ გეზარება დღეს თავი არ გაქვს მასთან ერთად გასეირნების, ის ეგრევე იგებს, ვიდრე მოვიგონოთ რომ საქმე გვაქვს და კიდევ მილიონ გასასვლელ კარს შევეჯახოთ.

აღმოჩნდა რომ ანანოს დილას ადრე გაღვიძება უყვარდა და დღემდე უყვარს, თუმცა ხანდახან შეუძლია დიდ ხანს არ ადგეს ლოგინიდან. აღმოჩნდა რომ ანანოსაც ეზარება რაღაცეები და ეს სრულიად ნორმალურია. ისიც აღმოჩნდა რომ სულ არ სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა და პირადი საკმაოდ დიდი სივრცე სჭირდება სადაც არავის არაფერს გაუზიარებს. კიდევ ბევრი რამე აღმოჩნდა და ანანო ანანოს დაეთანხმა.

ერთთვიანი კარანტინის დროს ბევრ ფილმს ვუყურე, რამდენიმე წიგნი წავიკითხე რამდენიმეც მესამე მეოთხე თავიდან მივატოვე, გადავიმეორე იაპონური ანიმეები და აღმოვაჩინე ახლები. შევიჭერი ჩოლკა და აუჩქარებლად წავისვი წითელი ლაქი ხელზე.

 

არსად მეჩქარება.

მეორედ ვუყურე ალმოდოვარის “ხულიეტას” და გირჩევთ.

ხანდახან ისეთი რამის ყურება მჭირდება სადაც არც ერთი გმირი ჩემს თანაგრძნობას არ მოითხოვს, ხანდახან პირიქით.

თემიდან გადავუხვიე მოკლედ არსად არ მეჩქარება და ეს ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი გრძნობა რაც კი ოდესმე განმიცდია.

 

დიახ სწორედ თვითიზოლაციაში აღმოვაჩინე რომ არავის არ ჭირდება ეს ჩემი დაკავებულის იმიჯი. უფრო სწორად ზედმეტად დაკვებული ვარ და ეს იმიჯია, რომელში ყოფნაც აქამდე მომწონდა, მარამ რამხელა ემოციურ საფასურს ვიხდიდი ამაში ამის გააზრება მხოლოდ მაშინ დავიწყე როცა ისეთი დეტალისგან, როგორიც ხელზე ლაქის გადასმაა, სიამოვნებას მივიღე.

ჩვენ ადამიანები თუ ჩვენს თავთან ჰარმონიაში არ მოვალთ, როგორ უნდა ვთხოვოთ სხვებს რომ ჩვენთან ჰარმონიაში იყვნენ? თუ ჩვენ ადამიანები არ მოვუსმენთ ჩვენს თავს რა გვჭირდება სინამდვილეში მაშინ როგორ შეიძლება სხვამ გაიგოს ჩვენ რა გვსურს? ჩვენ რა გვჭირდება?

 

 

შესანიშნავი დროა საკუთარი თავის აღმოსაჩენად. 

 

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ როგორც კი ჩაკეტილი კარები გაიღება, ისეთები აღარ გამოვიდეთ, როგორებიც შემოვედით. არა კარგები, არა ცუდები, უბრალოდ – სხვანაირები. 

პ.ს.

როგორც დაგპირდით, ანიმეების სიას გიწერთ: 

  • Spirited Away 
  • Princess Mononoke
  • Arrietty
  • Nausicaa of the valley of the wind
  • Pom Poko
  • My Neighbour Totoro
  • The Wind Rises
  • Only yesterday
  • Ocean Waves 
  • Ponyo

 

და აქვე ხულიეტაზე გიამბობთ, იქ არ დამცალდა, ზემოთ. 

ხულიეტა სრულიად შესანიშნავი მაგალითია ადამიანური ტკივილების. როგორ შეიძლება გეგონოს, რომ ოჯახის წევრებს იცნობ და სინამდვილეში, საერთოდ არ იცნობ. ამბავია იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებს შორის კომუნიკაციის უქონლობამ, გულში წყენების და დარდების დაკონსერვებამ. ამბავია წითელ ფერსა და დედაშვილობაზე. ამბავია ცხოვრებაში მიღებული ერთნაირი გამოცდილებებით კავშირსა და სიყვარულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.