fbpx

სააღდგომო დღეები ნიუ-იორკში – კახა ლომაიას დღიური


გააზიარე სტატია

 

ავტორი: კახა ლომაია

10 აპრილი, წითელი პარასკევი

გაეროს უშიშროების საბჭომ, თითქმის ერთთვიანი ინტერვალის შემდეგ, პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა ვირტუალური და დახურული იყო და, ბუნებრივია, კოვიდის თემას დაეთმო.

დღეს, პირველად პანდემიის დაწყებიდან, წინა დღესთან შედარებით, შტატში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა შემცირდა! მართალია, სულ 17-ით, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია. წინა დღეებში სულ იზრდებოდა, 100-ით, 200-ით, 300-ითაც კი. დღეს შემცირდა.

ქალაქში ვირუსით დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა კორონაშია. კორონა, ასე ჰქვია ოფიციალურად უბანს, სადაც, ძირითადად, იმიგრანტები და დაბალშემოსავლიანი ოჯახები ცხოვრობენ. აქ ოჯახის დაავადებული წევრისთვის თვითიზოლირება რთულია. ამიტომ, ოჯახის სხვა წევრებიც ავადდებიან. სხვათა შორის, კორონაში ცხოვრობდა დიდი ლუი არმსტრონგი. მისი კოხტა სახლი ახლა სახლ-მუზეუმია, რომელსაც ერთ-ერთი უნივერსიტეტი პატრონობს.

ქალაქში ტრაფიკი და ფეხით მოსიარულეთა რიცხვი ჩვეულებრივის ალბათ 5%-ია. ფეხით მოსიარულეებს – თითქმის ყველას – პირბადეები უკეთიათ.

ცივი, ქარიანი ამინდი იყო. ჩვენი ბენდენიანი ბიჭუნები და “პეპი” ალბათ სახლებში ისხდნენ და ვიდეოთამაშებს თამაშობდნენ.

 

11 აპრილი, შაბათი

დღეს ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა იკლო, თუმცა შტატში თითქმის 800 ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქში დღეს საღამოს 5700 გარდაცვლილი იყო.

ფერმერთა ასოციაციებმა საგანგაშო მონაცემები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ ფერმერები იძულებულები არიან ყოველდღე ტონობით რძე, მილიონობით ქათმის კვერცხი და ათიათასობით ტონა ბოსტნეული და ხილი გაანადგურონ! მიზეზი? სისტემას ყველაზე მსხვილი მომხმარებლები გამოაკლდნენ: სასტუმროები, რესტორნები, სკოლები, უნივერსიტეტები. შუამავალმა რგოლმა კი ვერ შეძლო “გადაწყობა” და ფერმერების დაკავშირება საცალო მყიდველთან, ანუ ჩვენთან.

დღეს გამოვიწერეთ სურსათი. 25 დღის შემდეგ, 6 მაისს მოგვიტანენ. მანამდე ყველა დღე დაკავებულია.

ავტორიტეტული საიტის, rcp.com-ის მონაცემებით, არჩევნებში ბაიდენს ამომრჩეველთა 49% დაუჭერს მხარს, ტრამპს – 43%.

ბოლო დღეებია ისევ დაიწყეს საუბარი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მხოლოდ ვირუსზე ფიქრი მოჰბეზრდათ? თუ იმედი გაჩნდა, რომ ცხოვრება მალე ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება? ორივე?

თუ ასეა, მაშინ “პეპი”, ბენდენიანი ბიჭუნები და მათი დაქალ-ძმაკაცებიც დაბრუნდებიან და ჩვენი სკოლის ეზოც ძველებურად ახმაურდება. ღმერთმა ქნას.

დღეს მზიანი და ქარიანი დღე იყო. ხვალ აქ აღდგომაა.

 

12 აპრილი, აღდგომა

გუბერნატორმა შტატში კოვიდის დიაგნოზით ამჟამად 18 300 ადამიანია ჰოსპიტალიზებულიო.

ქალაქში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მუდმივად ზუსტდება, სამწუხაროდ, ზრდის მიმართულებით. ახლა 6800-ია.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” ჟურნალისტის დაკვირვებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ყოველი 5 პაციენტიდან 4 იღუპება. ვირუსით დაავადებულებთან ახლობლებს არ უშვებენ. ამიტომ, სიცოცხლის ბოლო წუთებშიც ისინი მხოლოდ ექიმებთან ან ექთნებთან ერთად რჩებიან.

ერთ-ერთ საავადმყოფოში ყოველი გარდაცვალების შემდეგ, ექიმები და მედდები თურმე რამდენიმე წამით ჩერდებიან და გარდაცვლილის სახელს იმეორებენ.

და მაინც, როგორც ჩანს, ზრდა შეჩერდა.

ჩვენი მეზობლები ფილომენა და მაიკი  პატარა შვილიშვილს ეთამაშებოდნენ. შვილიშვილი თავის მშობლებთან ერთად მანქანაში იჯდა,  მინები აწეული იყო. პირბადეაფარებული ბებია და ბაბუა კი გარედან ესიყვარულებოდნენ. ვირუსი ალბათ ამითაც დამამახსოვრდება, უკონტაქტო ალერსით.

დღეს კარგი ამინდი იყო, მშვიდი, მზიანი. დაკეტილი ეკლესიების გამო რაღაცნაირი შინაური აღდგომა გამოვიდა.

ყველა – მორწმუნე, აგნოსტიკოსი თუ ათეისტი უკეთეს ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. ალბათ ჩვენი “პეპიც”, ბენდენიანი ბიჭუნებიც და მათი ოჯახებიც.

 

13 აპრილი, ორშაბათი

გუბერნატორმა, ყველაზე მძიმე კვირა უკან მოვიტოვეთო. მალე ნორმალიზაციაზეც შევძლებთ ფიქრსო.

ახალი  შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა  კლება დაიწყო. სულ, შტატის მონაცემებით, ვირუსით ქალაქში 7300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მერი და გუბერნატორი კინკლაობენ, სკოლები სასწავლო წლის დასრულებამდე გახსნან თუ არა.

საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაქვეითდა.

სანდერსმა თავის მომხრეებს ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ერთად მიმართეს ამომრჩევლებს. სანდერსის ამომრჩევლის მიმხრობა ბაიდენისთვის პოლიტიკური სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია. ეს ტრამპსაც კარგად ესმის.

დღეს მთელი დღე წვიმდა, ძლიერი ქარი იყო. სიჩუმე ქარიშხლის შემდეგ.

ხვალ მზიან ამინდს გვპირდებიან.

 

14 აპრილი, სამშაბათი

დღეს ქალაქში ისევ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან სულ – 7900.

ერთმა აქაურმა ჟურნალისტმა, კორონავირუსის ნიუიორკული საუნდტრეკი ალბათ სასწრაფოების სირენები და საღამოს 7 საათის ტაში იქნებაო.

ქვეყნის ფარმაცევტთმთავარმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება უნდა შევუწყვიტოო. ჯანმომ კრიტიკა სამართლიანად დაიმსახურა, მაგრამ პრობლემები რეფორმებით იჭრება და არა წინასაარჩევნო ტრიუკებით.

ობამამ ბაიდენს დაუჭირა მხარი. ტაქტიკურად დროული ნაბიჯი იყო. ობამას მხარი არა პრეტენდენტისთვის, არამედ ერთიანი კანდიდატისთვის უნდა დაეჭირა.

ბრიტანელი ზოოლოგი ჯერალდ დარელი თავის წიგნში – “ბაფუტის მწევრები” გადმოგვცემს ერთ სახალისო ეპიზოდს, რომელშიც ადამიანი თავის უპირატესობას უჩვენებს ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელს. დარელი წერს, თუ როგორ არ მოეწონა ერთი საოცრად ლამაზი სენეგალური ბაყაყის გამომეტყველება, რომელიც მას ადგილობრივებმა მოუყვანეს. რაღაც ზევიდან ქვემოთ, ქედმაღლურად მიმზერდა, თითქოს ის იყო ადამიანი და მე ბაყაყიო. ერთმა მსუბუქმა წკიპურტმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენაო, წერს დარელი. ახალი კორონავირუსით დედაბუნებამ წკიპურტი ხომ არ გვითავაზა, იმის საჩვენებლად, თუ ვინ ვინაა ამ სამყაროში?

ნიუიორკელები დამოუკიდებელი ხალხია. ძალიან აფასებენ დამოუკიდებლობას. მშობლებს ურჩევნიათ შვილებისგან დამოუკიდებლად იცხოვრონ. შვილებსაც ასე ზრდიან. ოღონდ ამ კრიზისში ბევრმა აღმოაჩინა, რომ დამოუკიდებლობა თურმე მაშინ მოსწონთ, როდესაც ეს არჩევანია და არა იძულება.

დღეს მზიანი და თბილი ამინდი იყო. ჩვენი მეზობელი, ველი და მისი შვილიშვილი ბაღში ფუსფუსებდნენ, სარეველას მარგლავდნენ, ძველ ბოლქვებს იღებდნენ და ახალ ყვავილებს რგავდნენ. თან სიამოვნებით მზეს ეფიცხებოდნენ.

ყველაფერი კარგად იქნება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.