fbpx

აშშ-ს მოქალაქეებს დახმარება დაუგვიანდებათ, რადგან ტრამპს ჩეკზე თავისი სახელის დაწერა სურს – Vanity Fair


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ბეს ლევინი


მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ბიოლოგიური ასაკი 73 წელია,  მისი გონებრივი, ემოციური და განვითარების ასაკი პატარა ბავშვისას ჰგავს. ჩვენ ეს ვიცით, იმიტომ რომ მისი პრეზიდენტობის უმეტეს დროს იგი თავისუფალი სამყაროს ლიდერივით კი არ მოქმედებდა, არამედ უმართავი ახალფეხადგმული ბავშვივით.  და ეს მას შემდეგ, რაც მან იფიქრა, რომ სხვა ქვეყნის ყიდვა შეეძლო (და გაღიზიანდა, როცა გაიგო, რომ ასე არ ხდება).  

ასე რომ, სინამდვილეში, გასაკვირი არაა, რომ მან უპრეცედენტო ჯანდაცვისა და ეკონომიკური კატასტროფის პირობებში მოითხოვა, რომ 1200-დოლარიან მასტიმულირებელ ქვითრებზე მისი სახელიც გამოჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ აბსურდულმა მოთხოვნამ შესაძლებელია სახსრების განაწილება შეანელოს. 

მასტიმულირებელი ქვითარი  აშშ-ს მთავრობის მიერ გადასახადის გადამხდელებისთვის არის განკუთვნილი. ის გამოიყენება ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რაც მომხმარებლებისთვის გარკვეული სახარჯი ფულის გაგზავნით ხორციელდება. 

The Washington Post-ის ცნობით, ხაზინის დეპარტამენტმა ბრძანა, რომ ტრამპის სახელი დაბეჭდილიყო ჩეკებზე, რომლებსაც შემდგომ შემოსავლების სამსახური (IRS) მილიონობით ამერიკელს გაუგზავნის, „რამაც შეიძლება შეანელოს მათი მიწოდება რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადეს IRS-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. 

თუკი იკითხავთ, არის თუ არა ეს ნორმალური მოთხოვნა, პასუხია: არა, 100%-ით არა. პირველი, იმიტომ რომ პრეზიდენტების უმეტესობა ზრდასრულები არიან და მეორეც, ეს ყველაფერი არაპოლიტიკური უნდა იყოს. “ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა,” – განაცხადა ნინა ოლსონმა, რომელიც 18 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელთა ეროვნული ადვოკატი იყო. 

მან გაიხსენა, რომ როდესაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ  2008 წელს $168 მილიარდი დოლარის სტიმულირების პაკეტი წამოიწყო, ჩეკებს ხაზინის ოფიციალურმა პირებმა მოაწერეს ხელი. 2001 წელს თეთრი სახლი ითხოვდა, რომ გადასახადების გადამხდელებისთვის გაგზავნილ წერილში მოეხსენიებინათ შემდეგი ფრაზა: “ბუშის გუნდი პასუხისმგებელია, რომ თქვენი ფული უკან დაგიბრუნოთ”, IRS-ს კომისიამ კი ამაზე უარი განაცხადა. 

ჩედ ჰოპერმა, რომელიც აშშ საგადასახადო სამსახურის პროფესიონალ მენეჯერთა ასოციაციის ეროვნული პრეზიდენტია, ამ ნაბიჯს “სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება” უწოდა. მისი თქმით, კრიზისულ სიტუაციაში, მაშინ როდესაც ამერიკელებმა ეს დახმარება სწრაფად უნდა მიიღონ, ყველაფერი, რაც ამას აფერხებს, მხარდაჭერის ღირსი არ არის. სამწუხაროდ, ჰოპერი და სხვა რაციონალური ადამიანები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ხოლო იმის გამო, რომ ადმინისტრაცია მორჩილი მსახურებითაა დაკომპლექტებული, პრეზიდენტის მოთხოვნა, რაც  უნდა სასაცილოდ და კონტრპროდუქტიულად ჟღერდეს, წინ მიიწევს.

ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ამ პროცესის გამო შეფერხებები არ იქნება, შესაბამისად, ბავშვურ პრეზიდენტსაც დაუკმაყოფილდება ეგო, ჰოპერი კი აცხადებს, რომ შეფერხება სავარაუდოდ იქნება. “ეკონომიკური ჩეკების მიწოდება კონკრეტულ დროს არის დაგეგმილი და ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება – არანაირი დაგვიანებით”, – აღნიშნა ხაზინის სპიკერმა განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ჩეკები ახლა უფრო სწრაფად გამოვა, ვიდრე ბოლო ფინანსური კრიზისის დროს.  

ორიგინალი: https://www.vanityfair.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.