fbpx

პედრო ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან: მე-3 ნაწილი – წიგნები, სტატიები და ფილმები


გააზიარე სტატია


ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი დღიურის მესამე ნაწილში წიგნებისა და ფილმების რეკომენდაციებს გვაძლევს, რომლებიც თვითიზოლაციის მოწყენილობას ცოტახნით მაინც დაგვავიწყებს. 

ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნაკლებად  ენერგიულმა გავიღვიძე. როგორც ჩანს, თვითიზოლაციაში ყოფნა კიდევ რამდენიმე კვირა მომიწევს. პირველი რამდენიმე დღის ახლებური გრძნობა, როდესაც ადამიანი ახალ შეგრძნებებს განიცდის, უკვე გაქრა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საფრთხეა – საკუთარი თავის რუტინაში ჩაფლობა, როდესაც ერთი დღე მეორეს მიჰყვება და ა.შ.  

წერას ვიწყებ ყველანაირი რწმენისა და მიმართულების გარეშე, მხოლოდ იმ იმედით, რომ ეს წავარჯიშება დამეხმარება მელანქოლიისა და სევდისგან გაქცევაში, ან სულ მცირე იმ პასიური სევდისგან განთავისუფლებაში მაინც, რომელიც დივანის ყველაზე კომფორტულ კუთხეზე მიგაჯაჭვებს. დღეს ვგრძნობ, რომ სახლი მთლიანად შთანთქავს ჩემს ენერგიას. ვამპირივით მწოვს და დღის/ღამის წინაშე სრულიად ძალაგამოცლილს მტოვებს.  

საკითხავი და DVD ყოველთვის მაქვს. ამ დროისთვის სკრიპტების წერა მივატოვე – დასვენების საშუალებას ვაძლევ. ფიქციასაც სჭირდება დასვენება. ეს ბუნებრივი გზაა, რათა მომწიფდნენ.  

 

Las biuty queens (The Beauty Queens)  

გუშინდელი დღე ივან მონალიზა ოიედას Las biuty queens-ის ისტორიების კოლექციით დავალაგე. ეს წიგნი ტრანსვესტიტებისა და ტრანსი ადამიანების შესახებაა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. მონალიზა ჩილელია და ამ ისტორიებში ის მოგვითხრობს დღიდან-დღემდე ან ღამიდან-ღამემდე იმ ლათინოამერიკელი ტრანსი ადამიანების ჯგუფის შესახებ, რომლებიც ქუჩებში, ბარებში და ნიუ-იორკის  ნებადართულ ადგილებში პროსტიტუციას ეწევიან. ამერიკული ოცნება, რომელსაც კარგ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემდგარი სიმაღლიდან უყურებენ, ღამის კოშმარად იქცევა – ყოველდღიურ ღამის კოშმარად.  

ეს ადამიანები ძალადობრივი სიკვდილით კვდებიან. ისტორიები შეიძლება ძალიან ბინძური იყოს, მაგრამ ივან მონალიზას ნიჭი აქვს, რომ მის პერსონაჟებს სიცოცხლისუნარიანობა და გრაცია მიანიჭოს. ის მათ უბედურებებზე ისე ჰყვება, როგორც გარდაუვალობაზე, იუმორის თანხლებით და მსხვერპლად გადაქცევის გარეშე. ეს ისტორიები ეხება ტრამპის მიგრაციის პოლიტიკის ფონზე გადარჩენას, პერსონაჟებით, რომლებიც ყველა ურბანულ საფრთხეს იუმორით უმკლავდებიან და იმ სოლიდარობით, რაც მათ შორისაა. ისინი იზიარებენ ნარკოტიკებს, სილამაზის ჯილდოებს, სინდრომებსა და დელირიუმს, ისინი ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულ საზოგადოებას ქმნიან.  

ისინი დედაჩემის მეზობლებს მახსენებენ, როდესაც დედა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. მეზობლებმა ბევრად უფრო კარგად იზრუნეს მასზე, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო. ეს სოლიდარობა და ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც ჩემი მშობლიური ქალაქიდან მახსოვს. უცნაური არ არის, რომ ჯულიეტა სერანომ (მსახიობი, რომელიც ფილმში Pain and Glory პედროს დედის როლს ასრულებს) საკუთარ ვაჟს განუცხადა, არ მსურს ჩემი მეზობლები შენს ფილმებში არ მოიხსენიოო. მეზობლობა წმინდაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.   

ისინი მსგავსნი არ არიან – ძალიან განსხვავებულ ადამიანურ ლანდშაფტებსა და სოციალურ გარემოს აჩვენებენ – მაგრამ Las biuty მაგონებს ჩემს წიგნს პეტი დიფუსას ისტორიების შესახებ [წიგნის სახელი: პეტი დიფუსა და სხვა ნაწერები, 1990/Patty Diphusa and other writings, 1990]. ჩემი ნაწერები ჰედონისტური ფანტასტიკაა, Las biuty queens-ის ისტორიები კი ყველა წინადადებაში რეალიზმს ასახავს. ორივეს ვუწევ რეკომენდაციას, თუ უკეთესი არაფერი გაქვთ გასაკეთებელი. გარწმუნებთ, რომ ეს მხიარული და მსუბუქი იქნება.  

 

Desierto sonoro (Lost Children Archive) 

მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ლათინო-ამერიკელებზე – ტრამპის მიგრაციის კანონების მსხვერპლებზე – აუცილებლად უნდა გირჩიოთ მექსიკელი ავტორის, ვალერია ლუისელის მშვენიერი და ამაღელვებელი წიგნი Desierto sonoro. ის ორივე ზემოთ მოხსენიებული წიგნის საპირისპიროა – მსუბუქად საკითხავი არ არის, მაგრამ მისმა ორიგინალურობამ და პროზის სილამაზემ შემძრა. ეს საგზაო ფილმია  დოკუმენტალისტების დაქორწინებული წყვილის შესახებ, რომლებიც ხმების ჩასაწერად დადიან და ერთ-ერთ ასეთ მოგზაურობაში ნიუ-იორკიდან არიზონაში წავლენ პატარა შვილების თანხლებით. 

არ მინდა დაგასპოილეროთ.  უდაბნოსა და მოტელების ფონზე მათი ქორწინება იმსხვრევა. მამაკაცი უკანასკნელი Apache-ის ჯგუფის ნაკვალევს ეძებს, რათა ამერიკის სამხედრო ძალას გადასცეს. ქალს კი სურს, რომ ბავშვების ჯგუფი გადაიღოს, რომლებიც უდაბნოს კვეთენ და ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე თავშესაფარს ეძებენ. დოკუმენტალისტების ქორწინების დაშლა, იმ გზასთან ერთად, რითაც შვილები იგებენ მშობლებისგან მოსმენილ ისტორიებს – ყველაფერი კრისტალიზირდება ინოვაციურ რომანში, რომელიც ლამაზი სტილითა და თხრობით გამოირჩევა. The New York Times-მა ეს წიგნი 2019 წლის 20 საუკეთესო ნაწარმოებს შორის შეიყვანა.  

 

La madre de Frankenstein (Frankenstein’s Mother)  

თითოეულ ნაწარმოებს თავისი მომენტი აქვთ განკუთვნილი დღის ან ღამის განმავლობაში, ამიტომ მათი არევა არ ხდება. ასევე ვამთავრებ ალმუდენა გრანდესის უკანასკნელ რომანს – La madre de Frankenstein. გრანდესი მწერალი და სინათლის შუქურაა მათთვის, ვისაც გვსურს ვიცოდეთ ამჟამინდელი ისტორიის შესახებ და ასევე იმის შესახებ, თუ საიდან მოვდივართ – ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, რომლებსაც ოფიციალური ისტორია გვიმალავს. 

ამ შემთხვევაში ავტორი 1950-იან წლებში მოგზაურობს. მისი რომანები ძალიან დიდსულოვანია მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისა და ქვეამბების შექმნისას და ისეთივე მნიშვნელოვნები არიან, როგორც ძირითადი პროტაგონისტები და ამბები. ამრიგად, ის ქმნის ისტორიული და სოციალური მომენტის  ცოცხალს სურათს. სხვა თემებთან ერთად, ალმუდენა საუბრობს 50-იანების ესპანეთში ფსიქიატრიის შესახებ – დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას სურდა  უფრო ცივილიზებული და ნორმალური მხარის განდიდება.  

გარდა იმ სიამოვნებისა, როდესაც დიდებულ რომანს კითხულობ და ავტორთან და პროტაგონისტებთან იდენტიფიცირება შეგიძლია, ასევე დაინტერესებული ვარ 1940 და 50-იანების ბავშვთა ფსიქიატრიით. სინამდვილეში, უამრავი რამ ჩავინიშნე, რათა ისინი შესაძლო სცენარისთვის შევკრა იმ ფილმისთვის, რომელსაც ამ თემაზე არ გადავიღებ. ალმუდენა გრანდესი მის მკითხველს უამრავი დოკუმენტაციით ამარაგებს, მისი წაკითხვა კი საკუთარ თავს მახსენებს ამ თემის შესახებ, ამან ჩემში აღძრა სურვილი, რომ ის განვავითარო ახლა, როდესაც დრო მაქვს საკუთარი თავი ლიტერატურით დავაჯილდოო.  

La madre de Frankenstein-ში გრანდესი იხსენებს რეალურ ისტორიას, რომელიც  1933 წელს მადრიდში მოხდა. დონა ავრორა როდრიგეზ კარბალეირამ თავისი 18 წლის ქალიშვილი, ჰილდეგარტი, თავში 4 ტყვიის სროლით მოკლა. დედა გოგონათი ამაყობდა, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა ის, მით უფრო უყალიბდებოდა საკუთარი იდეები და გეგმები, რომლებსაც დონა ავრორა ვერ იგებდა. მისი აღიარებით, სწორედ ამის გამო მოუწია ქალიშვილის მოკვლა. ექსპერტთა დასკვნით, ის პარანოიკი და ევგენიკას მიმდევარი იყო. დონა ავრორამ საკუთარი ქალიშვილის მკვლელობის მიზეზები სრულიად უემოციოდ განმარტა ნოველის მიხედვით – “იმიტომ მოვკალი, რომ გადამერჩინა. მე გავაჩინე და მე გავანადგურე, ეს ჩემი პრეროგატივა და უფლება იყო. ჰილდეგარტი ჩემი ნაშრომი იყო და სწორად ვერ გაიზარდა.” იგი ცხოვრების დანარჩენ ნაწილს თავშესაფარში ატარებს და რომანი ტრიალებს ფსიქიატრების, შეყვარებულების, ოჯახის წევრების, ექთნების და სხვა გიჟი ქალების გარშემო.  

ევგენიკა არის კრიმინალური იდეოლოგია, რომლის მიმდევრები თვლიან, რომ მათ აქვთ უფლება, მოსახლეობის ნაწილი მოკლან ან თავიდან აიცილონ რეპროდუქცია. გირჩევთ ალმუდენა გრანდესის რომანს, როგორც საუკეთესო ანტიდოტს ამ დღეების განსაცდელისა და წუხილის წინააღმდეგ. ახლა ხელახლა უნდა ვწერდე დრაფტებს A Manual for Cleaning Women-ის ან/და The Human Voice-სთვის, მაგრამ საკუთარ თავს ვღალატობ, რადგან სხვა მოთხრობას ვუბრუნდები, იმას, რომელიც ჩემი კომპიუტერის სიღრმეებში უნდა მოვძებნო – რამდენიმე წლის წინ როდოლფო სერანოს საგაზეთო სტატიის, “წითელი გენის” ინსპირაციით დავწერე. 

ის მოგვითხრობს კიდევ ერთი ევგენიკოსის შესახებ, როგორიცაა დონა აურორა: ესპანელი ფსიქიატრი ფრანკოს რეჟიმისგან, რომელმაც 1930-იანი წლების ბოლოსა და ომისშემდგომი პერიოდის დასაწყისში, ექსპერიმენტები და გამოკვლევები ჩაატარა, რათა გაერკვია, თუ რას წარმოადგენდა “წითელი გენი” – ანუ რა ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლოვანებები აძლევდა მოტივაციას ქალსა და კაცს, რომ მარქსიზმი იდეოლოგიად მიეღოთ.  

დიახ, სწორად წაიკითხეთ. გარდა რევოლუციისა, რომელიც ამას მოჰყვებოდა ფსიქიატრიის სამყაროში, ის მიზნად ისახავდა ავადმყოფობის აღმოფხვრას მის მატარებლებში, წითლებში, რომლებიც შემდეგ ავსებდნენ ციხეებს. მას შემდეგ, რაც სტატია წავიკითხე, მსურდა ეს ისტორია სამეცნიერო ფანტასტიკის სახით დამემუშავებინა, მაგრამ სწორ ტონს ვერ ვარჩევდი,  რადგან რეალობა, როგორც ითქვა, ისეთი საზარელია, რომ ძნელია ირონიული იყო. მეორე მხრივ, 2020 წელს თემასა და პერსონაჟთან გამკლავება შეუძლებელია იმ დისტანციის გამოყენების გარეშე, რასაც იუმორი იძლევა.  

უამრავი დოკუმენტაციაა ხელმისაწვდომი. მთლიანი საკითხი დეტალურად არის განხილული ზოგადი სათაურით – “მარქსისტული ფანატიზმის ბიოფსიზმი”/Biopsychism of Marxist Fanaticism იმ დროის სამეცნიერო ჟურნალებში,  მაგალითად, Revista española de medicina y cirugía de Guerra-ში [ესპანეთის ჟურნალი ომის მედიცინისა და ქირურგიის შესახებ]. ამგვარი გონებამახვილი მასალის აღმოჩენის შემდეგ, რამდენიმე გამოგონილი პერსონაჟი შევქმენი და მიზანმიმართულად გადავდე რეალური პერსონაჟები, რათა ყურადღება სამეცნიერო თავგადასავალზე გამემახვილებინა და ეს დომინანტური გამხდარიყო. ფსიქიატრის ოჯახის წევრები და კოლეგები გამოგონილი იქნებიან იმ დროის ესპანურ საზოგადოებაში არსებული ტიპების საფუძველზე. 

ნეორეალიზმზე ვფიქრობდი, მაგრამ მისი განვითარების პროცესში უმოქმედო  აღმოვჩნდი. ამ უმოქმედობის წლების შემდეგ, ვფიქრობ, შესაბამისი ტონი ვიპოვე, კომიკური. ფსიქიატრი ტიპური გიჟი ექიმია, რომელიც მარქსისტურ გენს იკვლევს და მზადაა ყველა გაწიროს, ვისაც აღმოუჩენს. ევგენიკა. ამ ტიპის პერსონაჟს შემიძლია მივუდგე მხოლოდ ტოტალური ფიქციის მხრიდან, იმ სტილით, რომელიც ნატურალიზმისგან ყველაზე შორს არის. ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ ფსიქიატრს სახელი ჰქონდა, განზრახული არ მაქვს მისი გამოყენება, არ მინდა ზიანი მივაყენო მის ოჯახს, ამრიგად თავისუფლად წერა შემიძლია. ეს არის ჩემი სამუშაო სააღდგომო დასვენებაზე.  

 

11 ფილმი კარანტინისთვის

 აქ მოცემულია რამდენიმე ფილმის რეკომენდაცია, რომლებიც ამ კვირაში მელანქოლიის და  მოწყენილობის ნებისმიერ კვალს გაანადგურებენ, რაც ნამდვილად რთულია. არაჩვეულებრივი, გიჟური ამერიკული კომედიები.  

 

  1. Monkey Business (Howard Hawks)
  2. The Philadelphia Story (George Cukor)
  3. Midnight (Mitchell Leisen) – გილერმო კაბრერა ინფანტემ – სინეფილმა, კრიტიკოსმა და დახვეწილმა მწერალმა – მითხრა, რომ ეს მისი საყვარელი კომედიაა.
  4. To Be or Not To Be (Lubitsch)
  5. The Front Page (Billy Wilder) – უფრო ადრეული ვერსიაც არსებობს, სახელწოდებით His Girl Friday, როზალინდა რასელთან ერთად, თანაბრად იუმორისტულია. 
  6. Some Like It Hot (Wilder) 
  7. Rich and Famous (Cukor)
  8. I Was a Male War Bride (Hawks)
  9. A Star Is Born (კუკორის ვერსია ჯუდი გარლანდთან ერთად) – დრამაა, მაგრამ ისეთი მონუმენტური, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გირჩევთ. 
  10. Design for Living (Ernst Lubitsch, სცენარის ავტორი: Ben Hecht, გასაოცრად ითამაშა ნოელ ქოვარდმა).
  11. Casa Flora (Ramón Fernández, Lola Flores) – არ ვიცი, კარგი თუ ცუდი ფილმია, მაგრამ თუ უნდა აღვწერო, ვიტყოდი, რომ “დადაისტური კომედიაა”, გარდა იმისა, რომ გიჟურია. ლოლა ფლორესის ხილვა და მოსმენა კი ყოველთვის ბედნიერებაა.   

 

ორიგინალი: https://www.bfi.org.uk/ 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.