fbpx

როგორ გადავურჩეთ კორონას ეკონომიკურად: 5 ქვეყნის ანტიკრიზისული გეგმა — ფინანსური განათლება


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაგუა


 

COVID-19-ის გლობალური გავრცელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა პროდუქციის წარმოება თუ მოხმარება. მსოფლიო სოციალური დისტანცირების პრინციპზე გადაეწყო, ქვეყნების უმეტესობაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და შესაბამისად, დაიკლო მომხმარებელთა მიერ სხვადასხვა სერვისის გამოყენებამაც.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემია, 11 სექტემბრის ტრაგედიისა და 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ,  XXI საუკუნის მესამე და ყველაზე დიდი ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური შოკის მიზეზი გახდება.

დღეს უკვე ცალსახაა, რომ პანდემია გავლენას ახდენს როგორც მოთხოვნაზე, ისე მიწოდებაზე. შექმნილი სიტუაციის გამო შეჩერებულია ქარხნების მუშაობა, დახურულია კომპანიების უმეტესობა და შესაბამისად, შემცირებულია მიწოდება. მეორე მხრივ, სოციალური იზოლაციის დაცვის და დაავადების გავრცელების შეჩერების მიზნით, ადამიანები სახლში რჩებიან, ნაკლებს ხარჯავენ და მცირდება მოთხოვნაც. ამ ეტაპზე მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პრიორიტეტი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაზე ზრუნვაა. თუმცა, პარალელურად საჭიროა პანდემიის ეკონომიკური შედეგების გაანალიზება და შესაბამისი ანტი-კრიზისული გეგმების შემუშავება.

ქვეყნების უმეტესობამ უკვე დაიწყო ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმების წარმოდგენა. უმრავლეს შემთხვევაში, დაგეგმილი ღონისძიებები ორ ეტაპად იყოფა. კერძოდ: პირველი ფაზა პანდემიის პერიოდს მოიცავს, რომელიც სავარაუდოა, რომ დაახლოებით ერთი ან ორი კვარტალი გაგრძელდება. მეორე ფაზა ვირუსის აქტიური გავრცელების შემდგომ პერიოდია, როდესაც პანდემია კონტროლს დაექვემდებარება ვაქცინის შემუშავების, შესაბამისი მედიკამენტის შექნის ან/და საზოგადოებრივი, ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავების საშუალებით.

სტატიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებული ანტი-კრიზისული გეგმები და ეკონომიკის სტიმულირების პაკეტები. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს დავინახოთ რა ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარების მეშვეობით აპირებენ ქვეყნები პანდემიისგან გამოწვეული კრიზისგან ეკონომიკის გადარჩენას.

გერმანია

გერმანიის მთავრობამ, კორონავირუსით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, სახელმწიფო ვალი 156 მილიარდი ევროთი გაზარდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.9%-ს წარმოადგენს. აღნიშნული თანხით დაგეგმილია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება – საავადმყოფოების დაფინანსების გაზრდა, სამედიცინო ინვენტარის შეძენა და კვლევებსა და განვითარებაში (R&D) მეტი ფულის ჩადება. ასევე, გათვალისწინებულია სოციალური დახმარების პაკეტები – უმუშევრად დარჩენილთა დახმარება, ბავშვთა მოვლისთვის დამატებითი ბენეფიტები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის, თვითდასაქმებულთათვის საყოველთაო საბაზისო შემოსავლის უზრუნველყოფა. სესხიდან 50 მილიარდი ევრო დაიხარჯება ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე –  კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გადაუვადდებათ გადასახადები წლის ბოლომდე. გარდა ამისა, შეიქმნა ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონდი (WSF), რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საინვესტიციო ბანკთან ერთად (KfW), სესხებზე სხვადასხვა სახის გარანტიებს გეგმავს. აღნიშნული მიმართულებით მობილიზირებულია დამატებით 825 მილიარდი ევრო, რაც ქვეყნის მშპ-ს 25%-ს შეადგენს.

დანია

დანიის მთავრობამ, კორონავირუსით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, 60 მილიარდი დანიური კრონა გამოყო, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს წარმოადგენს. აღნიშნული თანხით დაგეგმილია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ასევე  ფიზიკური პირებისა და ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამები. კერძოდ, მასობრივი გათავისუფლების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა გადაუხდის დასაქმებულებს ხელფასის 90%-ს, რისთვისაც, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, 2.5 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, მთავრობამ გადასახადების გადავადების ვალდებულება აიღო და როგორც ფიზიკურ პირებზე, ისე ბიზნესებისთვის სესხებზე სხვადასხვა სახის გარანტიების გაცემას გეგმავს.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა 37 მილიარდ ფუნტს შეადგენს და ითვალისწინებს ჯანდაცვის სისტემისა და სხვა საჯარო სერვისებისათვის დაფინანსების გაზრდას (5 მილიარდი ფუნტი), ასევე, ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს. კერძოდ, ბიზნესის დახმარებისთვის 27 მილიარდი ფუნტია გამოყოფილი და გადასახადების გადავადებას (მათ შორის წლის ბოლომდე დღგ-ს გადავადებას), სესხებზე გარანტიების გაცემას და იმ მცირე მეწარმეთათვის, რომელთა სექტორიც უშუალოდ დაზიანდა პანდემიისგან, პირდაპირი გრანტების გაცემას მოიცავს. ასევე, გამოყოფილია სახელმწიფო სუბსიდია ბიზნესებისთვის იმ დასაქმებულთა ხელფასების დასაფარად, რომლებიც ვირუსის გამო ვეღარ შეძლებენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობას. ბრიტანეთის მთავრობის ანტი-კრიზისულ გეგმაში გვხდება სოციალური დახმარების პაკეტებიც, მაგალითად, უმუშევრად დარჩენილთა დახმარება. დამატებით 7 მილიარდი ფუნტი დაიხარჯება მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაძლიერებაზე.

გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებისა და ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი. 

საფრანგეთი

საფრანგეთის მთავრობამ, კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისთან საბრძოლველად, 45 მილიარდი ევრო გამოყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. აღნიშნული თანხით დაგეგმილია ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდა – მაგალითად, ავადმყოფების და მათი მომვლელების ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა. ასევე, გათვალისწინებულია სოციალური დახმარების პაკეტები  – შემცირებული სამუშაო საათების გამო დასაქმებულთა ხელფასების ნაწილობრივი სუბსიდია, უმუშევრობის შემწეობის უზრუნველყოფა კრიზისის აქტიური ფაზის დასრულებამდე, შშმ პირების უფლებების დაცვა სოლიდარობის სქემების მეშვეობით. გარდა ამისა, დაგეგმილია ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები – საშემოსავლო თუ კომუნალური გადასახადების გადავადების, დღგ-ს უკან დაბრუნების გზით. ასევე, მცირე ბიზნესისა და თვითდასაქმებულთათვის, რომელთა სექტორიც უშუალოდ დაზიანდა პანდემიისგან, პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა.

აშშ 

აშშ-ს მთავრობამ, კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის შეჩერების მიზნით, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ეკონომიკური დახმარების პაკეტი შეიმუშავა და 2.3 ტრილიონი აშშ დოლარი გამოყო, რაც ქვეყნის მშპ-ს 11%-ს შეადგენს. აღნიშნული თანხაში გათვალისწინებულია სოციალური დახმარების პაკეტები – კერძოდ, 250 მილიარდი აშშ დოლარი უმუშევრად დარჩენილთა დახმარებისათვის და 24 მილიარდი$ კი – მოწყვლადი ჯგუფებისთვის სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, დაგეგმილია ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები – 359 მილიარდი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების გარანტიებისთვის, რათა ბიზნესებმა მაქსიმალურად შეძლონ თანამშრომელთა შენარჩუნება. დამატებით გამოიყო თანხები ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისთვის – მათ შორის, 100 მილიარდი საავადმყოფოებისათვის.

გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებისა და ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირების მიზნით, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) საპროცენტო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველო 

ანტი-კრიზისული გეგმა შეიმუშავა საქართველოს მთავრობამაც და ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმა, სადაც გათვალისწინებულია ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები – ქონებისა და შემოსავლის გადასახადების გადავადება ტურისტული სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე, ასევე, ტურისტული ბიზნესებს 6 თვის ვადით შეეძლებათ პროცენტის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობა. მთავრობისა და საბანკო სექტორის შეთანხმების საფუძველზე, ბანკები უზრუნველყოფენ სესხების 3 თვით გადავადებას ნებისმიერი პირისათვის. კიდევ ერთი მხარდამჭერი ღონისძიებაა, დღგ-ს უკან დაბრუნების გაორმაგებული პროგრამა. გარდა ამისა, თანხები გამოყოფილია სოციალური დახმარების პაკეტისთვისაც. დაგეგმილია ჯანდაცვის სისტემისთვის დაფინანსების გაზრდაც.

მთავრობას დაგეგმილი აქვს ღონისძიებების გატარება საბანკო რეგულაციების ოპტიმიზაციის მიმართულებითაც. საფინანსო სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა, შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. 8 აპრილის მონაცემებით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების გზით 300 მილიონ ლარზე მეტი ამოიღო მიმოქცევიდან.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნების უმეტესობამ  შეარბილა მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური მიმართულებით კი გამოიკვეთა ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით დაფინანსების ზრდა, სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები – გადასახადების გადავადებისა თუ შემცირების გზით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.