მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ბედიც ძველ თბილისთან გადაიკვეთა
ავტორი: ტატო ჩანგელია
თბილისი ბევრის მნახველი ქალაქია, წლების განმავლობაში აქ უამრავი მნიშვნელოვანი ფიგურა იყრიდა თავს, ზოგისთვის აქაურობა შთაგონების წყარო იყო, ზოგისთვის კი უბრალოდ დასასვენებელი ადგილი, სადაც პატივისცემასა და ყურადღებას არასდროს აკლებდნენ. განსაკუთრებული პატივისცემით მასპინძლობდნენ თბილისელები პოეტებსა და მწერლებს, ამაზე ბევრი მათგანის სტუმრობის ისტორია და მათი ჩანაწერები მეტყველებს.
ქალაქი მოსასვენებელი, აზრის და გონის დასალაგებელი ადგილი იყო, აქ ემზადებოდნენ და შემდეგ აქედან მიდიოდნენ სხვა ქალაქების დასაპყრობად, განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს – სტალინი, გურჯიევი, მაიაკოვსკი… მათი ისტორიები კი ცალკე ამბავია – ან ბურუსითაა მოცული, ან სასიამოვნო და ღიაა.
საუბარი ბურუსით მოცული ისტორიით რომ დავიწყოთ, პირველი, ვინც შეგვიძლია გავიხსენოთ, დანიელი ქალია – მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, დრამატურგი… მაგრამ მაინც დიდი ავტორების – მუნკის, სტრინდბერგის, იბსენის… მუზა, გნებავთ, უფრო თანამედროვედ რომ ვთქვათ: ინსპირაციის წყარო. ერთი სიტყვით, საუბარია დაგნიზე, ქალზე, რომლისთვისაც თბილისი მოსასვენებელი და საკუთარ თავში აზრების დამლაგებელი ქალაქი კი არა, ბოლო გაჩერება აღმოჩნდა.
სასტუმრო “გრანდ ოტელს” ერთი ასეთი უჩვეულო წესი ჰქონია დადგენილი: ნომერს წყვილზე იმ შემთხვევაში გააქირავებდა, თუ ისინი ქორწინების დამადასტურებელ მოწმობას წარადგენდნენ.
ერთხელაც, ისე მოხდა, რომ პოლონელი ვლადისლავ ემერიკის ფანდით – ის და დაგნი ერთ ნომერში შესახლდნენ, ვითომდა ერთმანეთის და-ძმა ყოფილიყვნენ. ამბავს გასამყარებლად ისიც ჰყოფნიდა, რომ დაგნის თან საკუთარი შვილი ახლდა.
მეორე შვილი კი შორეულ ქვეყანაში ჰყავდა დატოვებული მეუღლესთან, მწერალ სტანისლავ პშებიშევსკისთან, რომელიც დაუდგენელი მიზეზების გამო ცოლთან ერთად ტფილისს ვერ გამოემგზავრა. სინამდვილეში კი ემერიკს ორივე დაუპატიჟებია, თანაც ეს ორი პოლონელი მამაკაცი ერთმანეთის მეგობრები ყოფილან.
როგორც ჩანს, დაგნის და მეუღლის ურთიერთობა ოფიციალური ფორმალობით მიედინებოდა, სინამდვილეში კი მათ შორის განშორების ცივი ლოდი იყო აღმართული.
სასტუმროს ნომერი მტკვარს უყურებდა. ეს ის დროს იყო, როცა მტკვარი ჯერ კიდევ მშრალი ხიდის ქვეშ გაედინებოდა.
მსოფლიო ხელოვნების ზენიტში მყოფი პერსონების მუზა ტფილისს იყო ჩამოსული და მტკვრის თავისებურად აღელვებულ ტალღებში აპარებდა მზერას. უყურებდა პოეტური ენერგიით სავსე მდინარეს და ალბათ რაღაც უცნაურს გრძნობდა, უსასრულო მოგზაურობის ბოლო გაჩერებაზე რომ გეუფლება. თანაც ასეთი ლოგიკის ქალაქი იყო იმდროინდელი ტფილისი, ნაწილობრივ – დღევანდელიც.
23 მაისს ემერიკმა ბავშვი გამოიყვანა სასტუმროს ნომრიდან და აქაურ ნაცნობს მიაბარა, თვითონ კი “გრანდ ოტელს” დაუბრუნდა. რამდენიმე წუთში ქალაქის მთავარმა მდინარემ სიკვდილი დაიზეპირა – ნომერში პისტოლეტის ხმამ გაჟონა – დაგნი მოკვდა.
ეს ისეთი ამბავია, რომ ბევრი ვერსია არსებობს – ზოგი რას ლაპარაკობს, ზოგიც რას – სიმართლე კი მხოლოდ ერთმა – მტკვარმა იცის.
უამრავი ამბის მნახველი, მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მუზა, თბილისში შეჩერდა, ის კუკიას სასაფლაოზეა დაკრძალული.
სასტუმრო “გრანდ ოტელის” გვერდში იდგა კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო არქიტექტურული შენობა, სასტუმრო, სახელად – “ლონდონი”. ათონელის ქუჩაზე ჩავლილი, აუცილებლად შეამჩნევ აბრას, სადაც დიდი სიამაყითაა დატანილი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნისა სტუმრობის ამბავი.
ჰამსუნი ჯერ რუსეთს ყოფილა მეუღლესთან ერთად, პეტერბურგი და მოსკოვი მოუვლიათ, შემდეგ კავკასიისკენ აუღიათ გეზი და მალულად ტფილისშიც გადმოსულან. სწორედ ამიტომ, ქალაქში მათი სტუმრობის შესახებ არაფერი იცოდნენ და ზეიმიც არ შემდგარა.
ჰამსუნმა თბილისში ყოფნისას ორი პიესა დაწერა – “დედოფალი თამარი” და “ზღაპრული ქვეყანა”. გარდა ამისა, მან საკუთარ ჩანაწერებში, საკმაოდ მსუყე თავი მიუძღვნა ტფილისის აღწერას. ის ერთგან წერს:
„ტფილისს ვუახლოვდები. გზა გამუდმებით მიუყვება დიდებულ და საუცხოო მდინარე მტკვარს… შორს ტფილისი მოჩანს – განსაკუთრებული სამყარო“.
თბილისი განსაკუთრებული ქალაქი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკისთვის. ის გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა კიდეც ქალაქში და იმ პერიოდის უმნიშვნელოვანეს ფუტურისტულ პროექტებს ახორციელებდა.
ახალგაზრდობის პერიოდში კი, როცა მისი სახელი სახალხოდ არ იყო ცნობილი, თავის ფუტურისტ მეგობრებთან ერთად, ყვითელ პერანგში გამოწყობილი სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდა და რევოლუციურ იდეებს ავრცელებდა. ერთხელაც ეს მოგზაურობა ზანტი და ბევრი ფათერაკებით სავსე აღმოჩენილა, საბოლოოდ კი მაიაკოვსკის მეთაურობით, შეუცვლიათ მოგზაურობის ტრაექტორია და ტფილისს გამგზარებულან, სადაც მათი განწყობა რადიკალურად შეცვლილა.
ახალგაზრდა პოეტებს ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ზეიმით შეეგება, მოუწყვეს რამდენიმე საღამო. გახარებული მოხეტიალე პოეტები კი ვლადიმერს თავის მშობლიურ იმერეთშიც წაუყვანია.
ამერიკის ქუჩებში, 50-იანი წლებში, დადიოდა ერთი თმაგაჩეჩილი, სათვალეში გადაცმული პოეტი, ჯიბეში მაიაკოვსკის ლექსებით, ხოლო ხელში საკუთარი წიგნით და ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა, პოლიტიკურ დღის წესრიგს აპროტესტებდა. მარტივად მიხვდებოდით, საუბარი ბიტნიკთა მთავარ პოეტზე, ალენ გინზბერგზე მაქვს.
გინზბერგი თბილისს 1985 წელს ეწვია, მისი მასპინძელი კი დიდი თბილისელი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი იყო.
ფარაჯანოვი იმხანად დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი სტუმრის მასპინძელი გახლდათ, დაწყებული ანდრეი ტარკოვსკითა და დამთავრებული მარჩელო მასტროიანით. ასეც ამბობენ, ხუთ თუმანს ართმევდა მოსახლეობას ტარკოვსკისთან ფოტოს გადაღების სანაცვლოდო, მასტროიანიზე კი სულ მთლად სახალისო და ჯადოსნური ამბავია: ფარაჯანოვი მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე სახლობდა, ერთ ხანში შესულ მეზობელს კი ვერაფრით დაუჯერებია, რომ მისი მეზობელი სერგო დიდი გავლენიანი ვინმე იყო მსოფლიო ხელოვნებაში. ასეც უთქვამს, თუ მაგარი ხარ, მასტროიანი ჩამომიყვანეო. რამდენიმე თვეში ფარაჯანოვი მძინარე მეზობელ ქალს მასტროიანისთან ერთად წამოდგომია: “შუშანა, ცოცხალი მარჩელო მასტროიანი მოგიყვანე. გინდა?”
ეს თბილისური ამბებია, რომელსაც ისეთი დიდი ადამიანები ქმნიდნენ, როგორც სერგო ფარაჯანოვი იყო.
გინსბერგისგან განსხვავებით არ გაუმართლა ბობ დილანს, მას მასპინძლად სულ სხვა ყაიდის ხალხი დაუხვედრეს – მწერალთა კავშირის პოეტები და მოსაწყენი მუსიკოსები. ასეც დარჩა ნობელიანტი კაცის სახე თბილისში – მოწყენილი დაეხეტებოდაო.
ქრონოლოგიით უკან დავბრუნდეთ, მეცხრამეტე საუკუნის ორმცდაათიანი წლების მიჯნაზე და გავიხსენოთ ლევ ტოლსტოის თბილისური ვოიაჟი, რომელიც მისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, მართალია სულ რაღაც ერთი წელი გაატარა დიდმა რუსმა მწერალმა ქალაქში, თუცა მისთვის სასიკეთოდ – სწორედ თბილისში დაწერა ტოლსტოიმ პირველი მოთხრობა, სახელად – “ბავშვობა“.
დღევანდელი აღმაშენებლის ქუჩაზე სახლობდა, ლამაზ გერმანული სტილის სახლში, როგორც თავად იხსენებს მემუარებში, ხშირად დადიოდა იმ დროინდელ თბილისურ კულტურულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებით რუსულენოვან სპექტაკლებზე და ოპერაში. მეტიც, მისი ნაწერებიდან ისიც ჩანს, რომ მას თბილისში გრძელვადიანი ცხოვრება სურდა, თუმცა ბედმა არ უწია ქალაქში დარჩენა.
ტოლსტოი გამუდმებით იხსენებდა ტფილისს, როგორც ჩანს ქალაქმა მასზე წარუშლელი კვალი დატოვა.
თბილისი რუსი მწერლებისთვის მართლაც რაღაც მაგიურ ტერიტორიად რეგისტრირდებოდა, ჯერ იყო და ირანში უმოწყალოდ მოკლული გრიბოედოვის ნეშტი ჩამოასვენეს, მერე კი, გაწითლების ჟამს, რუსული ტერორიზგან თავის დასაღწევად თბილისს მოეშურებოდნენ პოეტები და მწერლები, მათ შორის გამორჩეული მანდერშტამი გახლდათ, რომელმაც ქართულ ლიტერატურაზე საკმაოდ მსუყე წერილები დაგვიტოვა.
ორჯერ სტუმრებია საქართველოს, ერთხელ ჭირიანობის ჟამს და ბათუმში დაუკავებიათ, ვერც კი უცვნიათ ვინ იყო. მისდა საბედნიეროდ ქალაქს ტიციან ტაბიძე სტუმრობდა, რომელიც მისი პოეზიის დიდი მოყვარული გახლდათ და სწორედ ტიციანმა გაუწია აჭარის გუბერნატორთან, ბენია ჩხიკვიშვილთან რეკომენდაცია, რის შედეგადაც გაათავისუფლეს კარანტინიდან და პოეტებმა გეზი პირდაპირ ტფილისში აიღეს.
“როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდისტები შეადგენენ, ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.“
წერდა თბილისის შესახებ დიდი ფრანგი მწერალი, ალექსანდრ დიუმა, რომელიც კარგა ხანს იყო საქართველოში და საკმაოდ მსუყე მოგზაურობაც გამოუვიდა – თავისებური დეტალურობით აღწერა საქართველო და ქართველი ხალხი. მის ნაწერებში არის ბევრი სასიამოვნო, ბევრი კი უსიამოვნო ამბავი.
ქალაქში ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს მასთან დაკავშირებული: ერთხელაც წიგნის მაღაზიაში შესულა, მეპატრონე კი მისი ვიზიტის შესახებ წინასწარ გაუფრთხილებიათ, ესეც ამგარა და, პატივსა ვცემო და ყველა თარო მხოლოდ მისი წიგნებით შეუვსია. დიუმას კი შეკითხვა გასჩენია: “კი მაგრამ, სადღაა სხვა ავტორების წიგნები?” მეპატრონეს კი თავისდაუნებურად, სულელურად წამოცდენია: “ყველა გაიყიდაო”
ბევრი ისტორია დაუგროვდა ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს, ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურაც იყრიდა მასში თავს – ისლამიმდელი პოეტი ტერორისტები, ფრანგი და რუსი კლასიკოსები, ბიტნიკები… რა მოთვლის, ახლაც გრძელდება იგივე ტრადიცია, ჩამოდიან თბილისში მსოფლიო ლიტერატურის მთავარი ხალხი, მართალია არა გრძელვადიანი ვიზიტით, მაგრამ მაინც ჩამოდიან, კითხულობენ ლექსებს და მოთხრობებს, არიგებენ ავტოგრაფებს და ბრუნდებიან ისევ საკუთარ ბუნაგში.
ასეთი ქალაქია თბილისის – ბევრის მნახველი. ჩახლართული და საინტერესო ამბების მქონე ქალაქი, რომლის ქუჩები, მოედნები და რაც მთავარია მდინარე მტკვარი უამრავ საიდუმლოს ინახავს, საიდუმლოები კი თავისებურად ეტყობა ქალაქს – მის აურაზე მოქმედებს. თბილისის აურა კი ისეთია, როგორც ადრე – არასდროს განებებს თავს. ამიტომაც ამბობენ ქალაქის უძველესი შამანები – ყველა ვისაც აქ დაუდგამ ფეხი, თბილისელიაო. ასეთი ქალაქია და ამას ვერაფერი შეცვლის.