აღდგომა და გუშინ – Delphica Sibyl
ავტორი: Delphica Sibyl
ცხოვრება, ჰო, გაჭირდა და წერასაც არ დაუდგა კარგი დღე. ყოველთვის მეგონა, რომ თუ უჭირს ადამიანს, უფრო ბევრს და კარგად წერს და აბაა… თურმე უკუღმა ვარ მოწყობილი. როცა ბედნიერი ვარ, წერაც მიხარია, სიმღერაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიქრიც. ცეკვაც მეთქი, მინდოდა დამეწერა, მაგრამ შემდეგ ჩემი პლასტიკა წარმოვიდგინე სევდის ამბავში და აღარ მომინდა. თვალწინ ეგრევე ქართული საბჭოთა თეატრი დამიდგა – ერთ ნივთად – ქოლგა ☺ ვერ მიხვდით? სევდააა…
საკარანტინე 12 ფილმი, 12 წიგნი, 12 სიმღერა, 12 ლოცვა… ლოცვა ☹ ღმერთის ადგილზე საშინლად შეურაცხყოფილი ვიქნებოდი, ასე რომ აეგდო ჩემი სახელი ერთ პრივილეგირებულ ჯგუფს. ჩემი სახელით რომ ელაპარაკა, ემოქმედა და მოსჯდომოდა ყველას თავზე. ჩემი ქმნილებები, რომლებიც თავისუფალ არსებებად შევქმენი და აზროვნების უნარი მივეცი – დაემონებინა. ჩაეყენებინა მათ სამსახურში და როცა კი მოესურვებოდა, უფსკრულიდან გადაეყარა ცხორივით. არადა, მართლა მაღალია ღმერთი. დიახ, სინათლეა და გიყურებთ, მეუფენო და დეკანოზნო. რავი, მაინც გაითვალისწინეთ, ჯიპები იმქვეყნად არავისთვის გაუყოლებიათ. თუმცა ეგ რომ იცით. ალბათ იმიტომ არ გადმოდიხართ მაგ ძვირიანი ჯართებიდან.
მენატრება
ეს დისტანცირება და თვითიზოლაცია ძალიან კონკრეტული შინაარსის სიტყვები აღმოჩნდნენ. და სწორედ იმას ნიშნავენ, რისთვისაც მოიგონეს. შენთან და შენში უფრო მეტად ხარ, ვიდრე სასურველია. ჰოდა, ეს ტექსტიც ისეთი გამოდის, წესით, სულ რომ არ უნდა აინტერესებდეს ადამიანს. სხვისი ფიქრები, სხვისი დარდები, სხვისი მეგობრები.
ჰოდა, მენატრება მეგობრებთან ნაოჭების ინტენსიურად გამაღრმავებელი სიცილი. დისტანციურად კი ვიცინით, მაგრამ ბოლოს მაინც თვალები ინამება ხოლმე და (მაიკო, მიყვარხარ!) ზარის გასათიშად ღილაკს ხელს რომ ვაჭერ, შემდეგ ცოტა ხანს სადღაც ვიყურები, შვილებმა რომ არ მკითხონ – დეე, რა გჭირს?
ანი ყოველ ჩემს ამოზლუქუნებაზე ცალ თვალს მიქაჩავს – დაეტიე, ნანას არაფერი მიუთრიო სახლშიო. თავად კი ერთი სული აქვს თამარაშვილზე დაეშვას შვილის სკუტერით. დონამ მითხრა, სოფიკო პასკის სუნელებზეა თრეიდერ ჯოში შესული, მანამდე ჩვენ ვიღლიცინოთო. ჩვენც ათას სისულელეზე ვიცინით. მაგათი იქ და ჩემი აქ ყოფნა რაღაცნაირი გლახა დრამაა, მაგრამ აქ იმიტომ ხომ არ მოსულხართ ჩემი ამბები იკითხოთ? ვეცდები მოგითხრობთ რა ხდება, როცა ერთ დროს ადამიანებისთვის აშენებულ ქალაქებში ადამიანებს აღარ გამოესვლებათ.
ოფისში გავხდი წასასვლელი, ნახაზების მუჭისხელა ეკრანზე ყურება ისეთი ტანჯვაა, ბარე ორს არ დაგესიზმრებათ. ჰოდა, მოვილაპარაკეთ მე, დათომ და მერაბამ და გავეშურეთ ოფისისკენ. როდესმე მერაბაზეც მოგიყვებით რანაირი ბაჯაღლო გულის პატრონია.
რა ხდება, როდესაც ცარიელ ქუჩაში გამოდიხართ? პირველივე შემხვედრი ქუჩის ძაღლი ხდება თქვენი დედაც, მამაც, ძმაც, მეგობარიც და მეგზურიც. მე ორნი შემხვდნენ.
მთაწმინდიდან (ფეხით მივდივარ ვაჟაზე ☺ ) მომყვებიან. მეგონა, გმირთა მოედანზე არ ამოვიდოდნენ, ესტაკადაზე, და აბაა, ერთი წინ მიმიძღვის და მეორე უკან. ველაპარაკები, ვუყვები ჩემს ამბავს. როგორ ჩამიმწარეს გავრილოვმა და გახარიამ ქორწილი და კორონამ ნანატრი იტალია-საფრანგეთ-პორტუგალიის მოგზაურობა. ვდარდობ ერთ სტუდენტ და მეორე აბიტურიენტ შვილზე. დედაზე, რომელიც რისკ-ჯგუფია და ქვეყანაზე, რომლის ეკონომიკური კრიზისი ბევრს დაჩაგრავს და გააუბედურებს. მისმენენ, კუდს მიქიცინებენ, გგონიათ, რამეს მთხოვენ? სულ არაფერს. ერთადერთი, რაც უნდათ, ჩემი გვერდით ყოფნაა. ერთი ნაყინი ვიყიდე, მეორე მაჩუქეს, გუას გავუარე და თეოდორს ჩავახუტე. ასფალტზე დაგდებული ხელთათმანით ხელოვნება გავაკეთე და გავიარე.
უკან გზაზე დედისიმედ თათას ავძახებ, კლდეკარის საერისთავოთი ავალ სახლში მეთქი, ვიფიქრე და მილანი არ დამხვდა?! ვაკისთვის საკადრისი ცათამბჯენები დაუდგამთ, სანაგვე ურნებია თუ ტუტანჰამონის სარეცელი, ვერ გამოიცნობთ და კიდევ შუა ქუჩაშია ავტობუსების გაჩერებები გამოჭიმული. ლამაზია, ღმერთმაეი, მაგრამ ჯერ კი ვერ ჩავაანალიზე, მძღოლები ისხდებიან მარჯვნივ, უკუღმა ივლიან თუ ურელსო ტრამვაი გაჰყავთ. ფეხით სავალზე ტრავერტინები და გრანიტებია არეული და როგორც ვიცი, სხვადასხვა გაფართოება აქვთ ამ ბუნებრივ ქვებს სხვადასხვა ტემპერატურაზე და რავი, ახლა არ აგიცვივდეთ მომავალ აღდგომამდე და კიდევ ერთი წლით ნუ გაუხანგძლივებთ იზოლაციას ამ ვაკეს. არ მოქმედებს მაგათზე კარგად და თანაც, ეგრე მარადიული მოსყიდვის რეჟიმშიც ვერ გეყოლებათ, არ ეგუებენ ეგენი უცხო ტომის ხალხს 😊
დედაჩემმა – პურზე ვინ წავაო და მეთქი, მე, ორი ნაბიჯი წინ, სდექ – ერთი, ორი. შევიმოსე, შევიფუთე და აბაკელიას ქუჩის კატებს ავუყევი. გგონიათ შიათ? არანაირად. მოდიან და გყნოსავენ. ადამიანის სუნი ენატრებათ. სად იყავი ამდენი ხანიო, სახლში მისაყვედურეს და მეთქი, რიგში – რას გვიშვრება ეს მთავრობა ☺
ალკოჰოლი დავიმეგობრე. არ ვარ მარტო. კაეშანი მოიდო საბურველად ბევრმა. ვუყურებთ ამ ცას, ვსუნთქავთ ასე ნანატრ სუფთა ჰაერს და განა გვახარებს? გაუმაძღარია ადამინის ბუნება – საცობი, ნახშირორჟანგი და მეტროში ზღლეთვა ენატრება. ქალაქი ცარიელია, ვისაც შიოდა, მეტად შია და ვინც მარტო იყო – სულ მარტო დარჩა. ადამიანად ყოფნა ყველაზე მეტად ჭირს და ვერანაირი სოციალური ქსელი, ან ბანკის გამამხნევებელი ვიდეორგოლი ამას ვერ უშველის.
არ ვიცი რა გავაკეთო ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველდღე მიმტკიცებს, რომ არაფერში ვჭირდები. ჩემი ხმაც კი არ სჭირდება. ის ცარიელი ბიულეტენი ურჩევნია, რომელსაც თავის ჭკუაზე მოხაზავს, თუ არ მივალ. ერთი შეხედვით შეიძლება არ ჩანს და კაი ვირგლა ჯიუტი ვარ. ყველა არჩევნებზე მივედი ☺ – მეორე ტურზეც, მესამეზეც და 8½ ზეც.
კინო
ცხოვრებაზე უკეთესი კინო არ არსებობს. ეგეთი სასტიკი, რეალისტური და ხანდახან სიურრეალისტური, როგორიც ცხოვრებაა, სად შეუძლია კინოს? იმდენი ვეძახეთ ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულ დარგის სპეციალისტებს მუშკეტერები, სანამ პატრიარქის ლაშქარი არ გამოცვივდა საპატრიარქოს ალაყაფიდან. ეგ კი სასაცილო იყო, მაგრამ გაქანებული კარანტინის ჟამს კაცი რომ ყვიროდა ეზოში, მაწონი, მაწონიო, მაგან მომიკლა გული. შიმშილი ადამიანს აკნინებს. ყველაზე მეტად ეგ მიკლავს გონს. თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ დენიელ ბლეიკში ის გოგო რომ იტენის ლობიოს კონსერვს პირში, ახლაც მახსოვს ამირანის დარბაზში იმ ცრემლებისა და წამწამების ტუშის მწკლარტე გემო პირში.
სიყვარული
არ გაგიმძაფრდათ? მე კი. არ ვიცი რისი ბრალია ეს – იმის, რომ ერთი წლის დაქორწინებულიც კი არ ვარ, თუ იმის, რომ ყველაზე კარგი ბიჭი მე შემხვდა. ძალიან მადლიერი ვარ ამ ცუკერბერგის, რომ შემახვედრა და კიდევ ფრანსუა ოზონის – სწორედ მაშინ რომ გამოუშვა ის აშარი კინო, რომელზეც ეს ბიჭი დავპატიჟე. დიახ, მე ვიყავი პირველი პაემნის ინიციატორი. კინოში იმდენი სექსი იყო, სირცხვილისგან ისეთი ატუზული ვიჯექი სკამის კუთხეში, შემდეგ ისე დავთვერი და ისე ამაყუდა სახლის ჭიშკართან – კი ვიფიქრე, ეს მეორედ დამრეკავი აღარაა-თქო, მაგრამ, აღდგომა და ხვალეო ☺
აღდგომა
ბევრი ჩემი მეგობრისა თუ ნაცნობისთვის დიდი ურწმუნო ვინმე ვარ. რა გაეწყობა. ენად ენა მაქვს, მამულად მამული და სარწმუნოებად კიდევ სიყვარული. როცა ჩემი მეგობრები საბჭოთა კავშირის დაშლის პირზე – ეკლესიაში წავიდნენ, მე შეყვარებული ვიყავი და ორი ღმერთი ერთდროულად ვერ დავიყენე თავსა ზედა. ჰოდა, რაღაცნაირად დამებედა, რომ გადამწყვეტ მომენტში სულ შეყვარებული ვარ.
უმეტესად ჩემზე მოგიყევით, მაგრამ არ გამოვიდა სხვანაირად. ნამეტანი თვითანალიზში ვარ შესული და ეს კორონა თუ არ წავიდა, როდის გამოვალ აქედან, ერთმა ღმერთმა იცის. ჰოდა, ღმერთო, ვიცი, რომ დიდად ჩემთვის არ გცალია და მეორეც – მაპატიებ. თან შეყვარებული ვარ და თან ორი რამ ყველაზე მეტად მძულს ამ ქვეყნად – ფარისევლობა და კონფორმიზმი. ამ უკანასკნელის მიმდევრებს ჩემს ცნობილ ექსელის ფაილში ცალკე ფურცელიც კი შევუქმენი, მაგრამ ხეირი? ფარისევლობას კი რაც შეეხება, აქვე გეტყვით – მავანმა იკითხოს, თორემ რედიოჰედის სთრით სფირითზე წეღან ისეთი კოხტა ნარნარი ვიცეკვე, არავის მოელანდოს :დ
აღდგა, აღსდგა… რავი, მაგრამ გილოცავთ და ჭეშმარიტად <3