რამდენზე უნდა გადავამრავლოთ ოფიციალური მონაცემები ინფიცირებულთა ნამდვილი რაოდენობის დასადგენად?
ავტორი: Aria Bendix
შესაძლოა სამყარომ ვერასდროს გაიგოს კორონავირუსის პანდემიის სრული მასშტაბის შესახებ.
მკვლევრები თანხმდებიან, რომ Covid-19-ის შემთხვევების ჭეშმარიტი რაოდენობა ბევრად აღემატება ოფიციალურ მაჩვენებელს – განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, იტალია და აშშ, სადაც დაავადების აფეთქება გამწვავებულია.
ამ ქვეყნებში ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობა, ასიმპტომური შემთხვევების აღმოჩენისა და იდენტიფიცირების სირთულე ბევრ პაციენტს დიაგნოზის დასმის გარეშე ტოვებს. Covid-19-ის ტესტები ხშირად დაავადებაზე უარყოფით პასუხს იძლევიან, თუ ისინი საჭირო ტექნიკით არ იყო ჩატარებული ან თუ პაციენტი არ გამოყოფს საკმარის ვირუსს დაავადების აღმოსაჩენად.
ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ფაქტობრივი შემთხვევები ჩინეთში, იტალიასა და აშშ-ში ამჟამინდელ მაჩვენებლებზე შესაძლოა მინიმუმ 10-ჯერ მეტი იყოს.
“რეალური რაოდენობა არავინ იცის, ბევრი ადამიანი გამოტოვებულია”, – განაცხადა ელიზაბეტ ჰალორანმა, ფრედ ჰატინსონის კიბოს კვლევის ცენტრისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტატისტიკოსმა, Business Insider-თან საუბრისას.
კორონავირუსის აფეთქება იმაზე დიდია, ვიდრე ამას არსებული მონაცემები გვეუბნება
ჰალორანის მიხედვით, აშშ-ში დაავადებულთა რეალური რიცხვი შესაძლოა 5-20-ჯერ დიდი იყოს ახლანდელ მონაცემებთან შედარებით.
კორონავირუსის მრავალი მოდელი ეფუძნება გაანგარიშებას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავენ, თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდა რამდენიმე კვირის წინ. შემდეგ მკვლევრები ექსტრაპოლაციის საშუალებით ახლანდელი შემთხვევების რაოდენობას ადგენენ.
ჯერჯერობით ამ მეთოდებმა აჩვენა, რომ ჩინეთი, იტალია და აშშ არასრულფასოვან მონაცემებს აქვეყნებენ. ნილ ფერგიუსონმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, თებერვალში აღნიშნა, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შემთხვევების მაქსიმუმ 10% აღმოაჩინა.
ანალოგიურად, იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს უფროსმა მარტში გაზეთ La Repubblica-ს განუცხადა, რომ ყოველ ათ ინფექციაზე ერთი შემთხვევა იყო დადასტურებული.
ტრევორ ბედფორდმა, ფრედ ჰატინსონის ეპიდემიოლოგმა, გასულ კვირას აღნიშნა, რომ აშშ-მ ათიდან ერთი ან 20-დან ერთი ინფექციის შემთხვევა დაადასტურა. ამ სახით, ფაქტობრივი შემთხვევევის რიცხვი დაახლოებით 5-დან 10 მილიონამდე აღწევს.
ჟურნალ Science-ის მარტის კვლევით ვარაუდობდნენ, რომ აშშ-ში დაავადების გავრცელება 5-დან 10-ჯერ აღემატებოდა წარმოდგენილ მონაცემებს.
”კვლევისას სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება, თუმცა ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავე შედეგს ვიღებთ”, – თქვა ჰოლორანმა, თუმცა აღნიშნა, რომ ”ბევრი გაურკვევლობაა”.
ასიმპტომური პაციენტების გამოვლენა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას აამაღლებს
კორონავირუსის შემთხვევების ზუსტი მონაცემების დადგენაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე არის ის ფაქტი, რომ ინფიცირებული ადამიანები ხშირად ასიმპტომურები არიან.
”ჩვენ არ ვიცით რამდენი ასიმპტომური დაავადებული არსებობს, თუმცა მოსახლეობაში ეს ადამიანები დაავადების გავრცელების წყაროს წარმოადგენენ”, – თქვა ჰოლორანმა.
ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების 25%-დან 50%-მა შეიძლება არასოდეს გამოავლინოს სიმპტომები, მაგრამ დაავადება მაინც გაავრცელონ.
იტალიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 3000 ადამიანი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსულ პაციენტებს შორის 50% და 75% იყო ასიმპტომური. ტოსკანაში იტალიის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში ფლორენციის უნივერსიტეტის კლინიკური იმუნოლოგიის პროფესორი სერხიო რომგანანი ამბობს, რომ ასიმპტომური პაციენტები დაავადების გავრცელების წყაროს წარმოადგენენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თებერვალში ჩატარებული კვლევის მიხედვით ასიმპტომური შემთხვევები “შედარებით იშვიათია” ჩინეთში. თუმცა მოგვიანებით ქვეყნის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ 1 აპრილს გამოცხადებული ინფექციების 78% ასიმპტომურია. ეს გვაფიქრებინებს, რომ ჩინეთის ადრეული მონაცემები შეიძლება არ იყოს სანდო.
ტესტირების შეცდომები და ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობა პანდემიის რეალურ სიდიდეს ფარავს
საკმარისი რაოდენობის ტესტის არსებობა ინფიცირებულთა შემთხვევების გამოვლენას უწყობს ხელს და ამიტომ მრავალი ქვეყანა ჯერ კიდევ ცდილობს ტესტების მოპოვებას. თუმცა იტალიაშიც კი, რომელიც აშშ-ის მოსახლეობის მეხუთედია და ჩინეთთან შედარებით 23-ჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ტესტები ხელმისაწვდომი ყველა მცხოვრებისათვის არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იტალიამ შესთავაზა ფართო ტესტირება ასიმპტომურ პაციენტებსაც კი, ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკა მხოლოდ მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტების ტესტირებას ითვალისწინებს.
ჩინეთმა დაიწყო იმ ადამიანთა ტესტირება, რომელთაც ჰოსპიტალში გადასაყვანად საჭირო სიმპტომები ჰქონდათ. იმის გამო, რომ ტესტების რაოდენობა არ იყო საკმარისი და თანაც დამუშავებას დიდი დრო სჭირდებოდა, ჩინელმა ექიმებმა ჰუბიის პროვინციაში პაციენტების დიაგნოზირების მიზნით კომპიუტერულ ტომოგრაფიას მიმართეს. კოლინ ფურნესმა, ტორონტოს უნივერსიტეტის ინფექციის კონტროლის ეპიდემიოლოგმა, ProPublica-ს განუცხადა, რომ ჩინეთში მედიკოსებმა პაციენტების დიაგნოზირება მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე დაიწყეს.
ნიუ-იორკში, რომელიც აშშ-ში პანდემიის გავრცელების ცენტრად მიიჩნევა, ტესტირება მძიმე სიმპტომების მქონე პირებს უტარდებათ. კალიფორნიასა და ვაშინგტონში, სადაც დაავადების აფეთქებაა, ტესტის დამუშავების შეფერხებასა და ნაცხის ასაღები წკირების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობენ.
უფრო მეტიც, ტესტები შეიძლება გაუმართავი იყოს. უჰანში ჩატარებულმა კვლევამ კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე დაადგინა, რომ იმ პაციენტების 75%-ს, რომელთა ტესტირებამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა, სავარაუდოდ, Covid-19 ჰქონდა.
ტესტის მიერ ვირუსის აღმოჩენაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ”ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით ვირუსს გამოყოფს ადამიანი (ხველების, ცემინების ან სხვა სხეულებრივი საშუალებით), როგორ და რამდენად სწორად ხდება ტესტის ჩატარება”, – განუცხადა AFP-ს პრია სამპატკუმარმა, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა მაიოს კლინიკაში.
“მიმდინარე პაციენტებისთვის საჭიროა უფრო სწრაფი, იაფი, საიმედო ტესტები, რომლებიც დიდი რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი,” – თქვა ჰოლორანმა.
სისხლის ტესტებმა შეიძლება მეტი შემთხვევა გამოავლინოს, მაგრამ ზოგიერთი სიკვდილის გათვალისწინება არ მოხდება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტები ჯერ კიდევ კამათობენ 1918 წლის ესპანური გრიპის სიკვდილიანობის მასშტაბებზე. ზოგიერთი ექსპერტის მიხედვით, დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 100 მილიონს მიაღწია.
ჰოლორანმა თქვა, რომ მიმდინარე პანდემიის შედეგები უფრო გასაგები იქნება, რამდენადაც მკვლევრებს სისხლის ანალიზი საშუალებას მისცემს დაადგინონ, გამოიმუშავეს თუ არა ადამიანებმა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.
ეს ყველაფერი შემდეგ სეროლოგიასთან უნდა გავაერთიანოთ. შეიძლება ბევრად მეტი ადამიანი აღმოჩნდეს ინფიცირებული, ვიდრე გვეგონა. ანტისხეულების ტესტირება დიდ მასშტაბში უნდა განხორციელდეს, რათა მკვლევრებმა პანდემიის მასშტაბის გააზრება შეძლონ.
”თქვენ შეგიძლიათ გარშემო იაროთ და გამოსცადოთ ის ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ ბრუნდებიან ან მიდიან სამეზობლოში, ან გადახედეთ ჯანდაცვის მუშაკებს. რამდენ მათგანს ჰქონდა ინფექცია და არასოდეს იცოდა ეს”, – თქვა ჰოლორანმა. ”ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ იმის გასაგებად, თუ რამდენად მძიმედ დაავადდა ადამიანი.”
ასეთ ვითარებაშიც კი ყოველთვის იქნება ისეთი შემთხვევები, რომლებიც არასოდეს გამოვლენილა.
New York Times-ის მიხედვით, ნიუ-იორკში 4 მარტსა და 4 აპრილს შორის პერიოდში სიკვდილიანობის ორჯერ მეტი მაჩვენებელი გამოვლინდა. 5330 შემთხვევიდან დადასტურდა, რომ 3350 კორონავირუსით გარდაიცვალა.
“ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, ეს 2000 შემთხვევა იყო თუ არა კორონავირუსით გამოწვეული. ერთი კონკრეტული ქალაქი, ერთ თვეში, სავარაუდოდ, 2 კვირის შეყოვნებით აკეთებს სიკვდილიანობის შესახებ მოხსენებას. ალბათ, ეს რიცხვი გაცილებით მეტია,” – თქვა ჰოლორანმა.
ორიგინალი: https://www.businessinsider.com/