fbpx

ფეხბურთი ზამთარში განახლდება?!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

პანდემიის გავრცელებიდან  დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთი აქამდე გაუგონარი პრობლემების წინაშე დადგა. არსებული ვითარება ერთი მხრივ, პროგნოზს ექვემდებარებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ფეხბურთის მომავლის წინასწარმეტყველება დღესდღეობით ისევე რთულია, როგორც კარსმომდგარი მატჩების ზუსტი თარიღების და მათი ჩატარების სპეციფიკის დადგენა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნათელი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ვერ ჩატარდებოდა, ევროტურნირები მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა, ხოლო ქვეყნების შიდა პირველობები კი განახლებისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ.

მაგალითად, 1944 წელს, ჯერ კიდევ ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირის თასის გათამაშება ჩატარდა, რომელშიც ბლოკადა გამოვლილმა მაშინდელი ლენინგრადის „ზენიტმა“ იმარჯვა, გერმანიის ჩემპიონატი კი მხოლოდ ომის უკანასკნელ წელიწადს – 1945-ში შეწყდა, სულ რაღაც სამიოდე წელიწადში განახლდა და ვინ წარმოიდგენდა, რომ მთელი 72 წლის მანძილზე საათის მექანიზმივით აწყობილ ფეხბურთს განვითარებული მედიცინის ეპოქაში, 21-ე საუკუნეში, ვირუსი COVID 19 შეაჩერებდა.

ასევეა მთელ მსოფლიოში ბელარუსის, ნიკარაგუის, თურქმენეთის და ტაჯიკეთის გამოკლებით. გერმანიაზე კი ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ დიდი  ალბათობით ჩემპიონატი ყველაზე მალე აქ განახლდება და გერმანია უეფასთვის სწორედ ის მნიშვნელოვანი დასაყრდენია, რომელიც ბელგიისგან განსხვავებით, საკუთარ ჩემპიონატს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. თანაც წინასწარი გათვლებით, თითოეულ მატჩზე ზუსტად 239 ადამიანს მიეცემა დასწრების საშუალება. 

ამ რიცხვში კი კლუბების სრული შემადგენლობა, მსაჯები, ჟურნალისტები და ზოგადად, საფეხბურთო მატჩის ჩასატარებლად აუცილებელი პირები და არა თუნდაც რამდენიმე გულშემატკივარი მოიაზრება.  

ამგვარად, თითქოს გადაწყვეტილია, რომ საფეხბურთო სეზონი განახლების შემთხვევაში, აუცილებლად მაყურებლების გარეშე ჩაივლის და ეს მაგალითი სხვებმაც უნდა გადაიღონ, რადგან სხვა გზა არ არსებობს.  

მიუნხენის „ბაიერნი“ მომავალი მატჩებისთვის მზადებას უკვე შეუდგა და სრული საფეხბურთო დეპრესიის ჟამს, ნებისმიერი ინფორმაციის მაძიებელი პრესისთვის და გულშემატკივრებისთვის, ბუნდესლიგის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თავისი სატრანსფერო სტრატეგია გაასაჯაროვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „რეკორდმაისტერმა“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკთან, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა როგორც ქვეყნის შიგნით,  განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, „ბაიერნი“ კორონავირუსით გამოწვეულ პაუზამდე ევროპის ყველაზე შთამბეჭდავ კლუბად აქცია. 

ასევე 2023 წლამდე გაგრძელდა ხელშეკრულებები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონ თომას მიულერთან და ტიაგო ალკანტარასთან. 

გარდა ამისა, „ბაიერნის“ მესვეურები დარწმუნებულნი არიან, რომ „მანჩესტერ სიტისგან“ შედარებით იაფად მოხერხდება ლეროი სანეს გადაბირება, რადგან ამ ტრანსფერის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ ფეხბურთელთან ამ ცოტა ხნის წინათ დაკავშირებული ახალი აგენტები.

მაგრამ სრულიად განსხვავებულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტრატეგია, რომელიც „ასტონ ვილას“ ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის შესაძენად მზადაა 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღოს. 

ნუთუ ეს ციფრი დღევანდელი კრიზისის ფონზე ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ყველაფერი ძველებურად კარგად იქნება?!

ასეთი ამბები იმედის ნაპერწკალივით გაიელვებს ხოლმე საყოველთაო სტატიკურ სივრცეში, საიდანაც ძირითადად კლუბების დიდი ფინანსური ან სულაც შესაძლო სამომავლო გაკოტრების შესახებ ვგებულობთ ხოლმე ინფორმაციებს.

ინფორმაციები კი ღიმილს იწვევს, სატირალი რომ არ იყოს. მაგალითად, თუკი „ძველ დროში“ კლუბი ფეხბურთელს არასპორტულ საქციელში ამხელდა, სადისციპლინო ვერდიქტს მას საკუთარი შეხედულებისამებრ გამოუტანდა ან ამბავს სულაც არ მიაქცევდა ყურადღებას. 

მადრიდის „რეალის“ სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი კი გოგონასთან ერთად ქუჩაში დაინახეს და რა თქმა უნდა, იცნეს.

28-დღიანი თვითიზოლაციის დარღვევის მიზეზით, მას ბელგრადის სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. 

იოვიჩის სასჯელი ჯარიმის სახით 1275 ევროს გადახდას და სამწლიან პატიმრობას შორის მერყეობს. 

ზემოთ ხსენებული „ბაიერნი“ კი კინგსლი კომანს მაკლარენის ფირმის ავტომანქანით სარგებლობისთვის დააჯარიმებს, რადგან „რეკორდმაისტერი“ გერმანულ კონცერნ „აუდისთან“ თანამშრომლობს და ფრანგმა ლეგიონერმა საკუთარი ქმედებით შიდა საკლუბო განაწესი დაარღვია. 

ფეხბურთელს საკუთარ „აუდიზე“ გვერდითი სარკე დაუზიანდა და კლუბის პირველსავე ვარჯიშზე ის „მაკლარენით“ გამოცხადდა. კომანმა ბოდიში მოიხადა და აღიარა საკუთარი დანაშაული, მაგრამ დირექტორატმა ვერდიქტი არ შეცვალა.   

იულიან დრაქსლერის წლების მანძილზე „პარი სენ-ჟერმენში“ უსაქმოდ ყოფნით გამოწვეულმა თამაშის ხარისხის დაქვეითებამ კი ფეხბურთელის კვალიფიკაცია იმდენად ძირს დასცა, რომ პანდემიის ჟამს მის შესაძენად ლონდონის „არსენალი“ და ბერლინის „ჰერტა“ იბრძოლებენ. 

სამაგიეროდ, ტოპ კლუბებს შორის დიდი მოთხოვნილებაა „ლაიპციგის“ ფორვარდ ტიმო ვერნერზე, რომლის გადაბირებისთვისაც „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მზადაა პირადად შეხვდეს მას.

პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია ფეხბურთელის მიმართ მილანის „ინტერის“ დაინტერესების შესახებ. „ნერაძური“ მას ლაუტარო მარტინესის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც  დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან „ბარსელონაში“ აღმოჩნდება. 

კატალონიური გრანდი თავის მხრივ ცდილობს მიუნხენის „ბაიერნისთვის“ იჯარის წესით გადაცემული ფელიპე კოუტინიოს „ევერტონისთვის“ სარფიანად მიყიდვას, რადგან არ სურს მისი კლუბში დაბრუნება. თანაც ჰანს-დიტერ ფლიკის მიერ ვეტერან თომას მიულერის „ამოქაჩვა“ ბრაზილიელის პერსპექტივებს „რეკორდმაისტერშიც“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ბარსელონაში“ შექმნილ შიდა პრობლემებს ამას წინათ დირექტორატის ექვსი წევრის გადადგომა მოჰყვა, ლა ლიგის სეზონის გაუქმების შემთხვევაში კი, წინასწარი გათვლებით, კლუბი 25 მილიონ ევროს იზარალებს.

ეს ციფრი მომაკვდინებელი ნამდვილად არაა სუპერკლუბისთვის, მაგრამ ასე თუ გაგრძელდება და მომავალი სეზონის დაწყებაც გაჭიანურდება, გულშემატკივრებს შესაძლოა „ბარსელონას“ და არაერთი ტოპ კლუბის დიდებაზე წარსულ დროში მოუწიოთ საუბარი. 

მით უმეტეს, რომ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებული ვითარების გამო კატალონიური კლუბი მზადაა მესის, ტერ შტეგენის და დე იონგის გარდა, სრული შემადგენლობა გაყიდოს.

“უეფამ” ამ სამიოდე კვირის წინ ევროთასების დასკვნითი მატჩების თარიღები ივნისის  ბოლომდე გადასწია, ხოლო ამ ოთხშაბათს 55 წევრ ქვეყანასთან დანიშნულ ვიდეოკონფერენციაზე, წინასწარი ინფორმაციით, ევროპის ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებების ფინალების, შესაბამისად, 25 და 29 აგვისტოს დანიშვნაზე იქნება საუბარი. 

ასეთმა გაურკვეველობამ და საფეხბურთო დეპრესიამ კი შესაძლოა ზოგიერთ სტაჟიან გულშემატკივარს გელა კანდელაკის და ლერი სიხარულიძის ძველისძველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ფეხბურთი უბურთოდ“ გაახსენოს, რომლის ბოლო კადრშიც მაშინდელი „ლოკომოტივის“ სტადიონის ცარიელი დათოვლილი ტრიბუნებია აღბეჭდილი. 

შემთხვევით წინასწარმეტყველური ხომ არ არის ფილმის სიუჟეტი? ნუთუ ფეხბურთის განახლებას ზამთარში და თანაც ცარიელი ტრიბუნების წინაშე უნდა ველოდოთ?

ამის საპირისპიროდ მეტყველებს პანდემიის პერიოდში დაგვირგვინებული ბათუმის შესანიშნავი სტადიონი,   რომელზეც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნმა უკვე დაიგუგუნა და მალე ფეხბურთიც გაცოცხლდება!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.