fbpx

ანტისხეულების ფართომასშტაბიანი ტესტირებით გერმანია ქვეყნის გახსნისკენ მიიწევს: The New York Times


გააზიარე სტატია

ავტორი: კეტრინ ბენჰოლდი 

გერმანია პირველი დიდი დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელმაც კორონავირუსის გავრცელება შეაჩერა და ახლა პირველი ქვეყანაცაა, რომელიც მეთოდოლოგიურად ცდილობს ეკონომიკის თავიდან ამუშავებს. სხვები მისგან მაგალითს იღებენ.  

ფელიქს გერმანი არავის ელოდა, როცა გასულ კვირას მის სახლში ზარი გაისმა. გარეთ ექიმი ელოდებოდა, რომელიც საოპერაციო ოთახიდან ახალგამოსულს ჰგავდა – მწვანე ჩაცმულობით, სახის ნიღბითა და სხვა აღჭურვილობით. მას თან პოლიციელი  ახლდა. 

 “მე ეს არ გამიკეთებია”, – თქვა გერმანმა, ხელები მაღლა ასწია და ყველამ გაიცინა.  

 უჩვეულო სტუმრებს უჩვეულო წინადადება ჰქონდათ: მისცემდა თუ არა ის მათ იმის უფლებას, რომ სისხლზე ტესტირება გაეკეთებინათ Covid-19-ის ანტისხეულებისთვის? ყოველ თვე? ერთი წლის განმავლობაში? შემდეგი კვირიდან?  

 “რა თქმა უნდა, დავთანხმდი”, – განაცხადა 41 წლის პროექტის მენეჯერმა ფელიქს გერმანმა. “დახმარება მინდა. ეს კოლექტიური კრიზისია. მთავრობა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი”. 

 გერმანი და მისი შეყვარებული შეუერთდნენ 3000 ოჯახს, რომლებიც მიუნხენში შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს ამბიციური კვლევისთვის. მთავარი მიზანი იმის დადგენაა,  რამდენ ადამიანს ჰქონდა ვირუსი (მათ შორის, უსიმპტომოებსაც) – ეს ძირითადი ცვლადია, რომელიც პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე ახდენს გავლენას.  

კვლევა წარმოადგენს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აგრესიული მიდგომის ნაწილს, რამაც გერმანია ლიდერი გახადა დასავლეთის ერებს შორის. ქვეყანა ცდილობს გაარკვიოს, როგორ უნდა გააკონტროლოს ინფექცია მაშინ, როცა ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. 

სხვა ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც, ჯერ კიდევ იბრძვიან ინფექციის ტესტირებისთვის. გერმანია კი ამასაც აკეთებს და უფრო მეტსაც. მისი მიზანია მომდევნო თვეების განმავლობაში მთელ მოსახლეობაში გადაამოწმოს ანტისხეულები. ქვეყანა იმედოვნებს, რომ მოიპოვებს  მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ღრმად შევიდა საზოგადოებაში ვირუსი, რამდენად მომაკვდინებელია ის და ვითარდება თუ არა იმუნიტეტი.  

გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ დასკვნებს პანდემიის შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის გამოიყენებს: რომელი სოციალური და ეკონომიკური შეზღუდვებია ყველაზე ეფექტური ვირუსის შესანელებლად და რომლის გაუქმება შეიძლება უსაფრთხოდ?  

იმავე კითხვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სვამენ. ისლანდიამ და სამხრეთ კორეამ ინფექციების დასადგენად ფართო ტესტირებები ჩაატარეს, ან ტესტირება ციფრული მეთვალყურეობის სისტემასთან გააერთიანეს ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით.  

იტალიაში ანტისხეულების ტესტებმა და პოტენციურმა “იმუნიტეტის ლიცენზიებმა” ეროვნული დებატები გამოიწვია იმის შესახებ, თუ როგორ და როდის გაიხსნება ქვეყანა. რეგიონული  ლიდერები სეროლოგიურ ტესტებს მიმართავენ, ეს უკეთესი სქემაა ინფექციების დასადგენად და ამასთანავე, ქმნის წარმოდგენას, რომელ მუშახელს აქვს სასურველი ანტისხეულები დაცვისთვის უზრუნველსაყოფად, რათა სამსახურებში დაბრუნდნენ.  

აშშ-ში პრეზიდენტი ტრამპი ჩქარობს ეკონომიკა აამუშაოს არჩევნების წელს, მაგრამ ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად უფრო ფართო ტესტირებებია საჭირო. 

ბრიტანეთმა და აშშ-მ ფართომასშტაბიანი ტესტირებების ცნებას პრაქტიკულად ძალა დააკარგვინეს ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე და ახლა ნელ-ნელა ცდილობენ ამის გამოსწორებას. იტალიაში მთავრობამ და რეგიონულმა ლიდერებმა იმაზეც კი იკამათეს, რამდენად ფართომასშტაბიანად უნდა ჩაეტარებინათ ტესტირება.  

გერმანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ტესტებს და ყოველდღიურად 120 000 ადამიანს ამოწმებს, ქვეყნის  მოსახლეობა კი 83 მილიონია. კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ კვირაში განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ყველა ინფექციური ჯაჭვის გამოვლენაა. 

ტესტირების ასეთმა მაღალმა დონემ ქვეყანას ვირუსის შენელების საშუალება მისცა და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობასაც ინარჩუნებენ. გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება, ვიდრე ინფიცირდება. ყოველი ათი ინფიცირებული კიდევ შვიდს აინფიცირებს – ვირუსის გავრცელების სიჩქარის საკმაოდ მკვეთრი ვარდნაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ვერ შეძლო  ლიდერობა შეეთავაზებინა ევროკავშირისთვის. გერმანიამ თითქოს ვერ გამოიჩინა სულგრძელობა და სოლიდარობა სამხრეთ ევროპის იმ ღარიბი ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ვირუსმა ყველაზე ძლიერად დაარტყა.   

ანგელა მერკელს მეცნიერება კარგად ესმის და მოსახლეობისთვისაც მარტივად შეუძლია მოსალოდნელი საფრთხეების ახსნა: მისმა ამ უნარმა გერმანელები დაარწმუნა, რომ სოციალური დისტანციის წესები დაიცვან. ანგელას რეიტინგი ახლა 80%-ზე მაღალია.  

ხელისუფლებისადმი ნდობამ გერმანიას უზარმაზარი უპირატესობა მიანიჭა. ეს არის მიზეზი იმისა, რომ როცა პოლიციელები ან უცნობი ადამიანები კარზე აკაკუნებენ სისხლის ტესტირების გასაკეთებლად, მოსახლეობას განგაში არ აქვს.

ეს კი იმ ქვეყანაში, სადაც წინა ავტორიტეტულმა ხელისუფლებამ მოსახლეობა საკუთარი პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალურობის დამცველად აქცია.   

ანტისხეულების კვლევა ყველაზე მასშტაბურია გერმანიაში. ის ბავარიის შტატის მთავრობამ დააფინანსა და მიუნხენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინფექციური დაავადებებისა და ტროპიკული მედიცინის განყოფილებამ ჩაატარა. მეცნიერები  კვლავ გვაფრთხილებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ანტისხეულების აღმოჩენა ეფექტურ იმუნიტეტს ნიშნავს და ასეც რომ იყოს, არ ვიცით რამდენ ხანს გაძლებს ეს იმუნიტეტი.  

რობერტ კოხის ინსტიტუტი, რომელიც მთავრობის ცენტრალური სამეცნიერო დაწესებულებაა ბიომედიცინაში, ყოველ ორ კვირაში 5000 ნიმუშს ტესტავს სისხლის ბანკიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე 2000 ადამიანს ოთხ ყველაზე ცხელ წერტილში.  ყველაზე ამბიციური გეგმაა, რომ შემდეგი თვიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 000 ადამიანის სისხლის ნიმუში დატესტონ.  

“თავისუფალ სამყაროში, გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელიც მომავალში იხედება”,  – განაცხადა პროფესორმა მაიკლ ჰოლსშერმა, რომელიც მიუნხენის კვლევას ხელმღვანელობს. მისი თქმით, უკვე რამდენიმე ქვეყანა სთხოვს მას პროტოკოლს, რათა იგივე გაიმეორონ. “ჩვენ ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ შემდგომ”.  

მაიკლი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ნაშრომის თანაავტორია, რომელიც იმის შესახებაა, თუ როგორ შეიძლება ვირუსი გავრცელდეს მანამ, სანამ ვინმე სიმპტომებს გამოავლენს.  

“ამ კვლევის წაკითხვის შემდეგ ეჭვგარეშეა, რომ ასიმპტომური გადაცემები ხდება”,  – განაცხადა აშშ-ს ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ანტონი ფაუჩიმ.  

მეცნიერები ამბობენ, რომ ფარული ინფექციების რაოდენობის გაზომვა და დაავადების ნამდვილი მასშტაბის ცოდნა არის მთავარი გასაღები შეზღუდვების თანდათანობით შემცირების, სოციალური იზოლაციისა და შემოსავლების დაკარგვის მინიმუმამდე დაყვანისთვის. 

“ფარული ინფექციების რაოდენობის შესახებ უკეთესი წარმოდგენა ამ კვლევის დასრულების შემდეგ გვექნება. ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ გაზომვები ზუსტი იყოს.” – განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორმა ლოთერ ვილერმა.  

ზოგიერთი შუალედური შედეგი უკვე გამოქვეყნდა. განგელტში, გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქში (12,000 მოსახლეობით), 500 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის ტესტირების შემდეგ დადგინდა, რომ 14%-ს ანტისხეულები ჰქონდა ვირუსის წინააღმდეგ. 2%-ში პასუხი დადებითი იყო და იმედოვნებენ, რომ მთლიანი პოპულაციის 15%-ს შეიძლება გარკვეული ხარისხის იმუნიტეტი ჰქონდეს გამომუშავებული

ბონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ჰენდრიკ სტრიკის თქმით, “ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის პროცესი დაწყებულია”. 

განგელტში ვირუსი საკმაოდ ნაადრევად და მძიმედ გავრცელდა, სუპერგავრცელების მიზეზი კი თებერვალში ჩატარებული საკარნავალო ღონისძიება იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქ 0,37%-ია, ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ეროვნული მაჩვენებელი – 3%, რაც მხოლოდ გამოვლენილი ინფექციების საფუძველზეა დათვლილი. 

მიუნხენის კვლევაში საკმაოდ ბევრი ნიუანსი იქნება მოხსენიებული; მენტალური ჯანმრთელობიდან დაწყებული, შემოსავლის დაკარგვით დამთავრებული. 

“ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ. მივდივართ იმ მარშრუტზე, სადაც ზაფხულში იმუნიტეტი ძლიერდება და ზამთარში გავრცელება შენელდება. შესაბამისად, საჯარო ცხოვრებაც უფრო თავისუფალი გახდება? თუ იმას ვცდილობთ, რომ გადაცემები მინიმუმამდე დავიყვანოთ მანამ, სანამ ვაქცინას შევქმნით?” – განაცხადა პროფესორმა ჰოლსშერმა. “ეს კითხვა პოლიტიკოსებისთვისაა და არა მეცნიერებისთვის. მაგრამ პოლიტიკოსებს მონაცემები სჭირდებათ, რათა რისკები ინფორმირმაციის მიხედვით შეაფასონ.” 

ჰოლსშერს ანტისხეულების კვლევის იდეა 19 მარტს, შხაპის მიღების დროს დაებადა. ეს ის დღეა, როცა ბავარია ჩაიკეტა. “ჩემთვის ვფიქრობდი, რომ თუ ჩავიკეტებოდით, მაშინ გამოსვლის სტრატეგიაზეც უნდა დაგვეწყო მუშაობა”. 

მისი თქმით, მეორე დღეს მან გერმანიის მთავრობას პატარა წერილი მისწერა. 6 საათის შემდეგ მწვანე შუქი მიიღო. შემდგომი 3 კვირა ტესტების ჩამოსვლას დასჭირდა, ახალი ლაბორატორიაც გაიხსნა და მედიკოსთა ჯგუფებმა მუშაობა დაიწყეო. 

6 დღეში მოხალისე ოჯახების რაოდენობა 420-დან 3000-მდე გაიზარდა.  კვლევის შუალედური შედეგები შესაძლებელია ივნისის დასაწყისში გამოქვეყნდეს, შემდეგ კვირაში კი პირველადი შედეგები იქნება მზად.

ორიგინალი: https://www.nytimes.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.