fbpx

ორსულობა თვითიზოლაციისას – მარიამ მაღულარიას დღიური


გააზიარე სტატია

ბავშვობის მერე დღიური არ დამიწერია, ახლა რომ მიმიშვა, ფანქრით ბლოკნოტს გავავსებდი. მიყვარდა ჟურნალებიდან რამეების ამოჭრა და ჩემს დღიურში ჩაკვრა, მერე მათი ისე კითხვა, თითქოს დიდ შემოქმედებას ვეცნობოდი. 

გამარჯობა. მე ვარ მარიამი, 7 თვის ორსული (ეს სიტყვა მომწონს, ორნი რომ ვართ) და, როგორც გითხარით, ძალიანაც მიყვარს დღიურების წერა.

პანდემიაში ცხოვრება პირველად მიწევს. ახლა რა უნდა გავაკეთო? როგორ გაივლის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი – დარჩენილი ფეხმძიმობა?

გავაცნობიერე, ამ გაზაფხულს ყვავილებსა და პეპლებში ვერ ვისეირნებ, ამიტომ ეს ყველაფერი სახლში, თავად უნდა შევიქმნა. 

დავსერჩე – covid-19 and pregnancy. ზოგადი რეკომენდაციებით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა გიზიარებთ WHO-ს გზავნილს, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

არა, მივხვდი, ბევრ ამბავს ვეცნობი კორონავირუსის შესახებ და დროა სხვა რამეზე გადავერთო. ისედაც ზღვა ინფორმაცია გვაქვს, სულ რომ არ გვინდოდეს. 

ყოველ დილით ვსაუზმობ (ამას რამდენიმე თვეა მივეჩვიე), ვსქროლავ, ვუყურებ ბრიფინგებს, ვსერჩავ უამრავ ინფორმაციას, ვიგებ რა ხდება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე მძაფრად მახსენდება ორსულების და ჩვილების ინფიცირების ფაქტები. ამას არ გავიხსენებ, ვეცდები პოზიტიურად მოგიყვეთ, როგორ მიდის ჩემი ცხოვრება. 

თვითიზოლაციისას ჰაერზე სიარულიც გვეკრძალება (სხვების არ ვიცი, მე სულ ორჯერ გავედი გარეთ – კოჯრისა და ბეთანიის ტყეებში).  ჩემს ექიმსა და ქმარს ასე ესმით, ორსულისთვის #დარჩისახლში ნიშნავს #დარჩისახლში-ს. აბა, მე რომ მიმიშვა, შეიძლება გავიპარო ☺ 

ფიზიკური აქტივობა ჩვენთვის, ისევე როგორც არაორსულებისთვის, ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია. რადგან ყოველდღიური სეირნობის ფუფუნება დროებით აღარ გვაქვს, საუკეთესო ალტერნატივად  პრენატალური იოგა მოვირგე.

იცით რომ ეს მშობიარობისთვის მოსამზადებლად შესაძლოა ძალიან გამოგადგეთ? 

მეიოს კლინიკის რეკომენდაციებს თუ გავითვალისწინებთ, პრენატალური იოგა:

  • გააუმჯობესებს თქვენს ძილს
  • შეამცირებს სტრესსა და შფოთვას
  • გააძლიერებს საჭირო კუნთებს და გაზრდის მოქნილობას
  • შეამცირებს წელის ტკივილს, გულისრევას, თავის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას

ამიტომაც, დავჯდები სპეციალურ ხალიჩაზე და ვაკეთებ იოგას ვარჯიშებს. დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია თქვენს ექიმთან. აუცილებლად! გიზიარებთ ფოტოს და ვიდეოს, ესეც აჩვენეთ თქვენს ექიმებს, რა ☺ 

გახსოვდეთ, სუნთქვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!

სუნთქვის ვარჯიშების კეთება იოგას გარეშეც შეგიძლიათ, ძილის წინ, აივანზე. მე ასე ვიქცევი:

მოგეხსენებათ, ჰორმონების ცვლილებას ემოციური ცვლილებებიც მოსდევს თან, მით უმეტეს პანდემიის დროს, ამიტომაც ვეცადოთ ეს პერიოდი სხვადასხვა გზით გავიხალისოთ. 

 

ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე! 

#დარჩისახლში


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.