fbpx

ვეფხისტყაოსნიდან ჯეფ ბაკლიმდე – მაშო სამადაშვილის თვითიზოლაცია


გააზიარე სტატია

ავტორი: მაშო სამადაშვილი

 

მალე ერთი თვე გახდება, რაც სახლში ვარ. ოთხი სამუშაო კვირა ზუსტად ისე გავიდა, როგორც სტანდარტულად ერთ კვირაში გადიოდა. 

ტელევიზორს თითქმის აღარ ვუყურებ, დიდი ხანია მომბეზრდა იდეოლოგიურად გაშუქებული ამბებიდან საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა, თან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არაფერი ღირებული ამ ტიპის მედიაში არ ხდება. მხოლოდ დროდადრო ვეცნობი საინფორმაციო გამოშვებებს. 

სუპერმარკეტში წასვლა დიდ და მნიშვნელოვან ამბად იქცა. ისე ვემზადები, გეგონება, პაემანზე მივდიოდე. ხან ერთში მივდივარ, ხან მეორეში, მრავალფეროვნებისთვის. 

წიგნების კითხვა მიჭირს, ამიტომ ჩემს საყვარელ ავტორს დავუბრუნდი, მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც ყველა დროებაში, რაც  უნდა ხდებოდეს გარეთ, ისე იკითხება, როგორც პირველად. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რაზე და როგორ დაწერდა, ამ საუკუნეში რომ ეცხოვრა. 

დროდადრო “ვეფხისტყაოსანსაც” ვიმეორებ – ეს ჯადოსნური რიტმი ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს ამ შფოთიან დღეებში.

თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარება თუ გინდათ და თეატრიც გიყვართ, ეს ამბავი გაგახარებთ: 

სამეფო უბნის თეატრმა,  მსოფლიო თეატრების კვალდაკვალ, სპექტაკლების ონლაინ-ჩვენება დაიწყო და დროდადრო, 18:00 საათიდან 00:00 საათამდე, შეგიძლიათ ძალიან კარგი ქართული წარმოდგენები ნახოთ. განრიგის სანახავად თვალი ადევნეთ თეატრის FB გვერდს.

2 კვირაა ახალი სერიალის ყურება დავიწყე – The Americans – 1980-იანი წლების ამბავია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში კაგებეს აგენტების ცხოვრებაზე გვიამბობს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მსახიობები, რომლებიც რუსებს თამაშობენ, რუსულად კარგად მეტყველებენ. ამბები რომ თავბრუდამხვევია, თავისთავად ცხადია, სამსახიობო ანსამბლიც შესანიშნავი, ამიტომ გირჩევთ თქვენც ნახოთ.

ძალიან კარგი გასართობი აღმოჩნდა მეყვავილეობაც და გარდა სტანდარტული მცენარეების მოვლისა, რომელიც აქამდეც მხიბლავდა, პირველად ცხოვრებაში კიტრის ჩითილები გამოვიყვანე და ღეროს ყველა მომატებული მილიმეტრი ისეთ სიხარულს მგვრის, თითქოს ვირუსის წამალი გამოვიგონე.

ჩემი აზრით, რომელიც მოკლებულია ყველანაირ მეცნიერულ დასაბუთებას, ვინაიდან ასეთი არ არსებობს და მეტ-ნაკლებად მხოლოდ სხვა ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა, დაახლოებით ერთი თვე ასე ვიქნებით, ამიტომ უკვე ამასაც ისე ვუყურებ, როგორც დიდ და ხანგრძლივ ზამთარს, რომელსაც აუცილებლად გადავიტანთ – როგორც ყველა ზამთარი აქამდე და ყველა ზამთარს მომავალში.

P.S. თუ ძალიან დასევდიანდებით, ეს ვიდეო ჩართეთ. სიყვარულზე დარდს შველის და არა მგონია, ამას ვერ გაუმკლავდეს:

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.