fbpx

მილანი პირიქით, ანუ რას გვთავაზობს და წესით რას უნდა გვთავაზობდეს კახა კალაძე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიგი გულედანი

 

საკარანტინო შეზღუდვების შემცირების შემდეგ მილანი ამბიციური გეგმის შესახებ აცხადებს: ქალაქი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ რეორგანიზაციას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, ქუჩების მნიშვნელოვანი ნაწილი, ავტომანქანების შეზღუდვის ხარჯზე, ველოსიპედებისა და ფეხით მოსიარულეების სარგებლობაში გადავა.

ამით ქალაქის ხელმძღვანელობა გეგმავს შეინარჩუნოს ის დადებითი შედეგები, რაც საკარანტინო შეზღუდვების დროს ქალაქზე აისახა – კერძოდ, სატრანსპორტო დატვირთვა და ჰაერის დაბინძურება მილანში 30-75%-ით შემცირდა.

მილანის მთავრობის განცხადებით, ქალაქის ქუჩების 35 კილომეტრი ველოსიპედებსა და საფეხმავლო ზონებს დაეთმობა, ქუჩები ველობილიკების ხარჯზე დავიწროვდება, გაფართოვდება ტროტუარები, ხოლო მანქანების სიჩქარე 30 კილომეტრ-საათამდე შეიზღუდება. ეს ყველაფერი, ხელმძღვანელობის აზრით, ერთ მთლიან საქალაქო ქსელად ჩამოყალიბდება.

 

ფოტო: Corso Buenos Aires-ის ცვლილებების გეგმა მილანში

 

იგივე ტენდენციები შეიმჩნევა თბილისშიც. ქალაქის მერმა 22 აპრილის გამოსვლისას ბოლო დღეების ფრთიანი ფრაზა გამოიყენა, რომ “თბილისში ბახმაროს ჰაერია” და როგორც მილანის აღიარებულმა გულშემატკივარმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა რაღაც ამდაგვარის განხორციელება, თუმცა მისი შემოთავაზებული გეგმა მილანურის მსგავსად ამბიციური ვერაა. მანქანებისთვის პერმანენტული მეთოდური შეზღუდვების დაწესების ნაცვლად, კახა კალაძემ თბილისელებს შესთავაზა შაბათ-კვირას კერძო ავტომობილით გადაადგილების სრულიად აკრძალვა.

მსგავსი მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია ბევრი დეტალის გათვალისწინება, რომ არასათანადო დაგეგმვის გამო არ მოხდეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილების დისკრედიტაცია. “ეს ჩვენი იდეაა, ამას რა თქმა უნდა, დახვეწა დასჭირდება”, – განაცხადა კახა კალაძემ, და მართლაც, ამ იდეას დახვეწა ნამდვილად სჭირდება უამრავი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, რაც შეეხება ავტომობილების სრულიად აკრძალვას: ადამიანების გადაადგილების უფლების ასეთი სახით შეზღუდვის პრაქტიკა არა მგონია, საერთოდ სადმე არსებობდეს და გარდა არაპროდუქტიულობისა, ის კურიოზულიცაა თავისი წინდაუხედავობით – ის ზღუდავს ადამიანების უფლებას გავიდნენ ქალაქგარეთ, მიხედონ აგარაკებსა და მიწის ნაკვეთებს, გაიყვანონ შვილები ბუნებაში და უბრალოდ – გადაადგილდნენ საითაც მოესურვებათ. მით უმეტეს, რომ ქართული რეგიონული საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელი სავალალო მდგომარეობაშია და ადამიანებს ვერანაირ ალტერნატივას ვერ სთავაზობს. 

იმის მიუხედავად, რომ კალაძის წინადადება ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან მიმზიდველად ჟღერდეს (ვის არ უნდა მოსწონდეს ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ქალაქში ველოსიპედით სეირნობა?), ის  უამრავ პრობლემას მოიცავს და “მილანური” რეფორმისგან ძალიან შორს დგას. 

მილანი აპირებს ავტოტრანსპორტის შეზღუდვას ხანგრძლივად და არა მხოლოდ “შაბათ-კვირას” და ამას იქ არა საკვირაო სახალხო სეირნობის, არამედ ჩვეულებრივი ყოველდღიური ხასიათი ეძლევა. მილანის მთავრობის განცხადებებიდან ჩანს, რომ ქალაქი აყალიბებს საველოსიპედო-საფეხმავლო ქსელს, რომელიც მუდმივად – სამუშაო დღეებშიც იმოქმედებს.

მისასალმებელია, რომ თბილისის მერიას სურს იგივე მიმართულებით განვითარება და ქალაქში იმდენივე ველოსიპედისტისა და ფეხით მოსიარულის შენარჩუნება, რამდენსაც დღეს კარანტინის პერიოდში ვხედავთ, მაგრამ ამისთვის კვირაში ორი დღე საკმარისი არაა. 

თუ მოქალაქეებს სხვა – სამუშაო დღეებში მაინც მოუწევთ გამონაბოლქვში დახრჩობა და ტროტუარებზე დაპარკინგებულ მანქანებს შორის ძრომიალი, მაშინ კალაძის ექსპერიმენტი უბრალოდ ფიქცია გამოვა, რომელიც ადამიანებისთვის რეალურად ბევრს არაფერს შეცვლის და მეტიც – თუ დღევანდელი იდეის სახით განხორციელდა, უამრავ მოქალაქეს დააზარალებს.

თუ მაინცდამაინც გვინდა, რომ “მილანივით ვიყოთ”, მაშინ მერიამ ბოლომდე უნდა გაითვალისწინოს “მილანის გეგმა” (ისევე, როგორც ბევრი სხვა განვითარებული ქალაქის) და გზებისა და ქუჩების ნაწილი თბილისშიც ხანგრძლივი ექსპერიმენტის სახით მაინც დაუთმოს ველოტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებს – ურბანისტებისა და ტრანსპორტის სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად.

ასევე: 

  • უნდა შეიკვეცოს ავტომობილების პრივილეგიები საპარკინგე ადგილების, მოძრაობის სიჩქარის, საგზაო ხაზების შეზღუდვით
  • უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი (რაზეც ჩვენთან უკვე  მუშაობენ, ასე თუ ისე)
  • უნდა გამკაცრდეს ჯარიმები პარკირებისა და “ბასლეინებზე” მოძრაობის დარღვევებზე და მოხდეს მათი სათანადოდ აღსრულება – პრივილეგიების გარეშე.

ასე უნდა იმოქმედოს თბილისის მერიამ, თუ გვინდა, რომ კარგი საქმის ნაცვლად ხელში არ შეგვრჩეს ლამაზი ჰიფსტერული პიარაქცია, რომელიც ვერ შეცვლის ქალაქში ცხოვრებისა და გადაადგილების ხარისხს, პირიქით – დასვენების დღეებშიც მოქალაქეების დიდ ნაწილს უამრავ დამატებით უაზრო პრობლემას შეუქმნის, და რაც მთავარია დიდ ზიანს მიაყენებს თბილისის ადამიანურ ქალაქად ჩამოყალიბების სამომავლო მცდელობებს, რომელთა განხორციელებაც, ამ ეტაპზე დისკრედიტაციის შემთხვევაში, კიდევ უფრო რთული გახდება.

ნიუ იორკის სატრანსპორტო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯანეტ სადიკ-ხანმა, რომელიც მილანის სატრანსპორტო განვითარების პროგრამაზე მუშაობს, განაცხადა: “მილანის გეგმა მნიშვნელოვანია, რადგან ის შეიძლება იქცეს ინსტრუქციად სხვა ქალაქების ტრანსფორმაციისთვის. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ ჩვენ ქუჩებს ახალი თვალით შევხედოთ.”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.