fbpx

თეთრი: ვაჟიკო ჩაჩხიანი ნამუშევარს – “არმია გენერლის გარეშე” სიდნეის ბიენალეზე წარადგენს


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ფასური

 

სიდნეის 22-ე ბიენალეს სახელწოდება, სიტყვა “NIRIN” ავსტრალიის პირველ მოსახლეთა ერთ-ერთ დიალექტზე „ზღვარს“ ნიშნავს,  „წერტილი, საიდანაც სამყაროს სხვადასხვა თვალით დანახვაა შესაძლებელი. ესაა ჩვენივე საზღვრების მიღება და ღირსეული არსებობის წარმოდგენა, ეკოლოგიურად ჰარმონიულ და თვითმართულ მომავალში“,  – ვკითხულობთ ბიენალეს რელიზში.

2020 წლის პროგრამას პირველმოსახლეთა თემები და არტისტები ერთად წარუძღვნენ. გამოფენა 100-ზე მეტ ხელოვანსა და არტ-კოლექტივს აერთიანებს და წარმომადგენლობის მიღმა დარჩენილი ნაციონალობების, რასების, ერებისა თუ საზოგადოებების პოლიტიკურ და კულტურულ შემოქმედობითობაზე საუბრობს. 

ეპიდაფეთქების მიუხედავად, ბიენალე ხელმისაწვდომია ონლაინ-პლატფორმის, Google Arts & Culture-ის საშუალებით, ყოველდღიურად ეწყობა ვირტუალური საგამოფენო ტურები Instagram-ზეც და ორგანიზებულია სპეციალური ონლაინ-რესურსები სახლში მყოფი პედაგოგებისა და ოჯახებისათვის. „ჩვენი კარი სიდნეის მასშტაბით იკეტება, მაგრამ იხსნება ციფრულ სამყაროში – მსოფლიოს ყველა კუთხეში და ყველასათვის“, – ნათქვამია ბიენალეს სპეციალურ განცხადებაში.

არტისტი ვაჟიკო ჩაჩხიანი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც საერთაშორისო სახელოვნებო სცენის ერთ-ერთ საკვანძო ღონისძიებაზე, სიდნეის ბიენალეზე  წარადგენს ნამუშევარს. 

ინსტალაცია „არმია გენერლის გარეშე“ გადაჭრილი მკვდარი ხეა, რომელიც გეომეტრიული ფორმის დატკეპნილ მიწაშია მოთავსებული. ზედაპირზე კი, ხის გარშემო, დაბზარული საფლავის ქვებია განთავსებული, რომლებზეც გარდაცვლილ მშრომელთა სახელები წერია. „გეგონება, ეს ლანდშაფტის ნაკუწი რაღაც შორი და  გადაკარგული ადგილიდან მოიპარეს და  ჩვენ თვალწინ დააგდეს, ჩვენს დასაბნევად და  დასაფიქრებლად. ჩაჩხიანის ნამუშევარი მელანქოლიურ სიტუაციას გვიშლის, ის მოგვიწოდებს უფრო ფართო ისტორიული თუ სოციალური ნაკადების გაცნობიერებისაკენ, რომლებიც ჩვენი იდენტობისა და თვითდადგენის საფუძველში უფრო დიდ როლს ასრულებენ, ვიდრე გვგონია“. 

ინსტალაცია, ობიექტი და მოძრავი სურათი ვაჟიკო ჩაჩხიანის  გამოხატვის ძირითადი საშუალებებია. 2013 წლიდან ჩაჩხიანის ნამუშევრები აქტიურად იფინება ევროპის მნიშვნელოვან სახელოვნებო სივრცეებში ჯგუფური თუ სოლო გამოფენების ფარგლებში. ჩაჩხიანის „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის“ წარმოდგენილი იყო ვენეციის 57-ე ბიენალეზე, 2017 წელს; რამაც კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო დაინტერესება გამოიწვია მისი ნამუშევრებისა და თხრობის მანერის  მიმართ (აზია, ავსტრალია და ჩრდ. ამერიკა). 

2018 წელს ჩაჩხიანის სოლო გამოფენას – Heavy Metal Honey – ბუნდესკუნსტჰალემ უმასპინძლა (ბონი, გერმანია). 2019 წელს Berlinische Galerie-მ მისი სოლო გამოფენა გახსნა და არტისტის ფილმები წარუდგინა დამთვალიერებელს (ბერლინი, გერმანია). 

დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა მის ამავე წლის ნამუშევარს არტ-ბაზელზე (ბაზელი, შვეიცარია). ჩაჩხიანის უახლესი გამოფენა ბერლინში გაიხსნა; იაპონელ არტისტთან, რეიჯირო ვადასთან კოლაბორაციას, სახელწოდებით „ჩუმი საუბარი“ უმასპინძლა გალერეამ Ronaldo Anselmi.


რეკომენდებული სტატიები
კინოპროფილი: ვაჟიკო ჩაჩხიანი

კინოპროფილი: ვაჟიკო ჩაჩხიანი

კინოპროფილი: ვაჟიკო ჩაჩხიანი
თბილისის კინოფესტივალზე ვაჟიკო ჩაჩხიანი წარმოდგენილ იქნება ორი ფილმით - „ზამთარი, რომელიც იქ არ იყო“ (2017) და „ბამბის ნაყინი“ (2018), რომლის ნახვის საშუალებაც მაყურებელს 7 დეკემბერს, 14:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” ექნება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.