fbpx

ჩიტების ხმა და სამუხრუნჭე ხუნდების აკაპელა – გიორგი დადიანის დღიური თვითიზოლაციიდან


გააზიარე სტატია

ტექსტი და ფოტო: გიორგი დადიანი
ნიღბის დიზაინი: ნანა ზაალიშვილი

 

საგანგებო მდგომარეობის პირველივე დღეს მახსოვს, ქალაქი ქაოსური, უკონტროლო ორგანიზმიდან ერთ წამში ცარიელ, სტატიკურ პავილიონად იქცა და გაწვრთნილი პუდელივით დადგა უკანა ფეხებზე. მანქანების აუტანელი სიგნალი და სამუხრუჭე ხუნდების აკაპელა თავისუფალმა გზებმა და ჩიტების ხმამ ჩაანაცვლა, მოსახლეობამ ხელის დაბანა და რიგში დისტანციის დაცვა დაიწყო, ყველაფერი, რაც კულტურამ საუკუნეების მანძილზე ვერ შეძლო, ბუნებამ ერთ დღეში გვასწავლა. ვფიქრობ, სიტყვა „დედა-ბუნება“ შემთხვევითი არ არის, ბუნება მართლა დედაა და დედა მართლა გაბრაზებულია და როცა დედა გაბრაზებულია, ჩვენ აუცილებლად დავდგებით კუთხეში.

კარანტინმა ბიორიტმი ამირია, გვიან ვიძინებ და გვიან ვდგები, კალენდარმა და საათმა მნიშვნელობა დაკარგა, დრო ერთ სიბრტყეში განივრცო და საათობრივ დაყოფას აღარ ექვემდებარება, სიზმრებმაც იცვალა სტრუქტურა.  

ქალაქში ერთბაშად გამოთავისუფლებული პარკინგი დიდი ცდუნება აღმოჩნდა, ხანდახან ყველანაირი მიზეზის გარეშე ვაჩერებ მანქანას, ვიღიმი, გამარჯვების შეგრძნებით ვივსები და სვლას ვაგრძელებ. თუმცა ყველაფერს თავის ფასი აქვს, ლესელიძეზე ორ დღეში ზედიზედ ორჯერ დამაჯარიმეს ერთი და იგივე ადგილზე გაჩერებისთვის, ქვითარს დავხედე და ორივე შემთხვევაში დამჯარიმებელი ქალბატონი მარინე ჩიქოვანია, ვფიქრობ, მესამედაც გავაჩერო და თუ ისევ მარინემ დამაჯარიმა, ჩავთვლი, რომ მეპრანჭება, ნეტა თუ იცის, რომ დადიანები ადრე ჩიქოვანები იყვნენ და ჩვენ ორივეს ერთი საგვარეულო ფესვი გვაქვს, მგონია, ეს რომ გაეგო, თავმოყვარე მეგრელს, საქარე მინაზე ჯარიმის ნაცვლად ორ თავ სულგუნს და ერთ რჩეულ nude-ს დამიდებდა.

ვირუსის გამო იაპონურის სწავლას და ფოტოსერიის გადაღებას ვეღარ ვაგრძელებ, მაგრამ ერთდროულად ორი მხატვრის წიგნი დაიბეჭდა, რომელზეც წინა თვეებში ვიმუშავე და ეს ცოტა მამშვიდებს. ვცდილობ ღია დრო უაზროდ არ ვფლანგო, ვიდეოსამონტაჟო პროგრამის სწავლა დავიწყე, რაც სულ მინდოდა, მხატვრების ალბომებს ვათვალიერებ, ბოტიჩელის ვუტრიალებ განსაკუთრებით. ბავშვობიდან მახსოვს, თაროზე უამრავ წიგნს შორის ყდაზე დატანილი „ვენერას დაბადება“ როგორ ჩრდილავდა ყველა დანარჩენს. თითქოს შემდეგი დონის მშვენიერება აქვს ნაპოვნი, რომელსაც სხვებთან ვერ ვხედავ, ვაკვირდები განათებას, კომპოზიციას და მოდელის პოზიციონირებას პორტრეტებში, ვფიქრობ, ეს სიმსუბუქე ჩემ სერიასაც არ აწყენდა, ბევრს ვსწავლობ მისგან.

კვირაში ერთხელ რუტინის დასარღვევად მოტოციკლეტზე ვჯდებოდი და ქალაქგარეთ მივდიოდი, მანქანისგან განსხვავებით, მოტოციკლეტით სიარულისას მცენარეების სუნს ვგრძნობ გზაზე, ცოტა ხნით ვწყდები ერთფეროვნებას, სიარულისას მხოლოდ მოტორის და გულის ფეთქვის ხმა მესმის, რაც აწმყოს აღქმაში მეხმარება. სამი დღის წინ ქალაქგარეთ გასვლა შეიზღუდა,  გუშინ გამოაცხადეს რომ მანქანით გადაადგილება ქალაქშიც აიკრძალა, მაგრამ რატომღაც მოტოციკლეტით დაშვებულია, გამიკვირდა ეს უცნაური სიახლე, ვიფიქრე, მოვახტებოდი და გავაჭენებდი ცარიელ ქალაქში, მაგრამ გონებაში გამიელვა კლინიკის კადრებმა, სადაც ვირუსის გამო პაციენტები ვეღარ სუნთქავენ და რომ ეს გამონაკლისი არა ბედნიერების, არამედ ავადმყოფობის ხარჯზე ხდება, მაგრად შემრცხვა და გადავიფიქრე.

სახლთან ახლოს სუპერმარკეტია, სადაც ყოველდღე პროდუქტებს ვყიდულობ. აქ ერთ უცნაურ ამბავს ვაწყდები, იმ დღეებში, როდესაც მაღაზიაში პიჯაკით და პერანგით შევდივარ, კონსულტანტი თქვენობით მომმართავს, მაგრამ როცა ჯინსი და hoodie მაცვია, შენობითზე გადადის, მგონი, სხვადასხვა ვგონივარ, მაგრამ ნეტა თუ ხვდება, რომ როცა მე სხვა ვგონივარ, თვითონაც სხვადასხვაა.

დღეს პირველი აღდგომაა ბებოს გარეშე. მახსოვს, ოჯახები ორშაბათს რომ გადიოდნენ სასაფლაოზე, ჩვენ რატომღაც ყოველთვის კვირას ვაკეთებდით ამას. ვიკრიბებოდით ერთად და ბაბუაჩემის საფლავზე მივდიოდით, რაღაც მომენტში ბებო გავიდოდა ხოლმე ცალკე და შიშველი ხელით წმენდდა მტვერს საფლავის ქვაზე ზურას სურათს, თეატრის და ტრაგიზმის  გარეშე, სიგარეტით პირში, ალბათ ეს არის Rock’n’Roll. 32 წლის შემდეგ დღეს გვერდზე უწევს, ისევ ერთად არიან და იმედი მაქვს ძაან არ აბრაზებს იმ პატიოსან კაცს. 

გუშინ 80 წლის ბობ დილანმა ახალი სიმღერა გამოუშვა, ორი დღეა ჩართული მაქვს, დიდი ხანია ასეთი ადამიანური აღარაფერი მომისმენია. ზუსტად ახლა, 2020 წელს, ჰაერივით მჭირდებოდა ეს ძველი ნაცნობი ხმა და სიტყვები: 

You greedy old wolf, I’ll show you my heart But not all of it, only the hateful part I’ll sell you down the river, I’ll put a price on your head What more can I tell you? I sleep with life and death in the same bed…



 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.