რატომ კლავს კორონავირუსი უფრო მეტ მამაკაცს, ვიდრე ქალს?
ბევრი რამ არის, რაც ახალი კორონავირუსის შესახებ არ ვიცით, მაგალითად, რამდენად ინფექციურია ის ან რამდენი ხანი გაგრძელდება სოციალური დისტანცია. თუმცა, ვირუსის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ინფიცირების შემთხვევაში, უფრო მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი.
ეს სქესობრივი ნიმუში ისეთ ქვეყნებში აღინიშნება, რომლებსაც პანდემიამ მძიმედ დაარტყა: ჩინეთი, იტალია, საფრანგეთი და აშშ. The Washington Post-ის მიერ ჩატარებული ამერიკის 13 შტატის ანალიზის მიხედვით, ეს ყველა შტატში შეინიშნება – “კაცები უფრო ხშირად იღუპებიან და ეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი რიცხვი დაავადებულთა შორის ნაკლები იყო”. ნიუ-იორკში ინფიცირებულთაგან ორჯერ მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი.
დოქტორანტ საბრა კლეინის მიხედვით, რომელიც Johns Hopkins Bloomberg School of Public Health-ის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორია, ამჟამინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ თუ მამაკაცი ინფიცირდება, ის უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგას. მისი თქმით, ამის მიზეზი არ არის ცნობილი. ახლა ექიმები, იმუნოლოგები და ინფექციური დაავადებების მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, თუ რატომ ხდება ასე. ზუსტი მიზეზის თქმა რთულია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა – და ეს მხოლოდ ჰიპოთეზებია – რომელთა დახმარებითაც შეიძლება აიხსნას, რატომ კლავს Covid-19 უფრო მეტ მამაკაცს, ვიდრე ქალს.
X ფაქტორი
ჩვენი იმუნური სისტემა სხეულს ინფექციებისგან იცავს. მისი რეაგირება პათოგენებზე ორ ნაწილად იყოფა. თანდაყოლილი ნაწილი, რომელიც დაბადებიდან გაქვთ, ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება. გარდა ამისა, არსებობს ადაპტირებული ნაწილი, რომელიც დაბადებისას ცარიელია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ძლიერდება და სხეული ექვემდებარება ანტიგენებს – უცხო ბაქტერიებს, ვირუსებს და ასევე ვაქცინებსაც – რაც იწვევს იმუნურ პასუხს, რათა წარმოიქმნას დაავადებების საწინააღმდეგო ანტისხეულები.
ზოგადად, ქალის იმუნური სისტემა უფრო ძლიერია”, – ამბობს როჯერ სეჰულტი, პრაქტიკოსი პულმონოლოგი სამხრეთ კალიფორნიაში, რომელიც Covid-19 პაციენტებს მკურნალობს. იმუნურ რეაგირებაში სქესობრივი განსხვავება განპირობებულია ძირითადი გენეტიკური ფაქტორით, რომელიც სავარაუდოდ სკოლაში ისწავლეთ: ქალები ორი X ქრომოსომით იბადებიან – ერთი დედისგან და ერთიც მამისგან – მაშინ, როცა მამაკაცები ერთი X ქრომოსომითა და ერთი Y ქრომოსომით ჩნდებიან.
კლეინის მიხედვით, 60-ზე მეტი გენია X ქრომოსომაზე, რომლებიც იმუნურ ფუნქციონირებასთანაა ასოცირებული. ზოგადად რომ ვთქვათ, არავითარი უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს ორი X ქრომოსომის არსებობას, რადგან ერთ-ერთი არააქტიურია. ამის მიუხედავად, X ქრომოსომის არააქტიურ ასლზე გენების დაახლოებით 15 პროცენტი აქტიურია. “ზოგიერთი გენი უფრო მეტად გამოხატავს იმუნურ რეაგირებას ზოგიერთ ქალში, ვიდრე მამაკაცში”. – განაცხადა კლეინმა. ერთ-ერთი ასეთი X ქრომოსომის გენი აკოდირებს რეცეპტორულ ცილას (toll-like receptor 7), რომელიც ორგანიზმში იმუნური “მეთვალყურის” ფუნქციას ასრულებს, რათა ამოიცნოს ვირუსული რნმ – ერთჯაჭვიანი გენეტიკური კოდი, რომელსაც ახალი კორონავირუსი შეიცავს.
ჰორმონები, როგორიცაა ტესტოსტერონი და ესტროგენი, არეგულირებენ სხეულის იმუნური პასუხის სხვადასხვა ასპექტს. ტესტოსტერონს შეუძლია შეამციროს ანთება, მაგრამ ასევე თრგუნავს იმუნურ პასუხს, რომელიც საჭიროა ვირუსის გასასუფთავებლად. ესტროგენი, იმავდროულად, იმუნური სისტემის უჯრედებს ავალდებულებს ანტისხეულების წარმოების დაწყებას. და რა გამოიმუშავებს ტესტოსტერონს? სათესლე ჯირკვლები, რა თქმა უნდა.
ეს ყველაფერი იწვევს დიდ დისკუსიას, საიდან ხვდება კორონავირუსი ორგანიზმში. ფილტვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულის უჯრედები დაფარულია მემბრანით, რომელშიც ჩაშენებულია ე.წ. ACE2 ცილები. ეს პროტეინები უჯრედისკენ მიმავალი კარიბჭეა: ახალი კორონავირუსის ცილები კავშირს ამყარებენ იმ ACE2 რეცეპტორებთან, რომლებიც ვირუსულ რნმ-ს საშუალებას აძლევს შევიდეს ადამიანის უჯრედში და დააინფიციროს იგი.
ეს დაუცველი ACE2 რეცეპტორები ასევე უხვადაა სათესლე ქსოვილებში. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინდოეთში ინფიცირებულ მამაკაცებს დამატებით ორი დღე სჭირდებოდათ Covid-19-ისგან გასათავისუფლებლად. ჰიპოთეზა: სათესლე ჯირკვლები, რომლებიც გამიჯნულია იმუნური სისტემისგან, ახალ კორონავირუსს დამატებით გზას უქმნის მამაკაცების ორგანიზმში შესაღწევად.
ექიმები აღიარებენ, რომ მარტივადაც შეიძლება ავხსნათ ის ფაქტორი, თუ რატომ არის უფრო რთული ეს დაავადება მამაკაცებისთვის.
მაგალითად, მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან გულის დაავადებების განვითარებისკენ, ხოლო ახალი ვირუსის შესახებ მონაცემები გვიჩვენებს, რომ თუ ადამიანს სხვა დაავადებაც აქვს, ინფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდეს. მამაკაცებს ასევე ნაკლებად მოსწონთ ექიმთან ვიზიტი. ”თუ უფრო მეტხანს დაელოდებით, უფრო სერიოზული სიმპტომები გექნებათ,” – ამბობს როჯერ სეჰულტი.
და მაინც, კაცებს შორის უფრო დიდია განსხვავება, ვიდრე ჩვეულებრივ კაცსა და ქალს შორის. “არ მინდა მამაკაცებს შეექმნათ წარმოდგენა, რომ რადგანაც მამაკაცები არიან, კორონავირუსთან ბრძოლა მათთვის გადაულახავია დაბრკოლებაა”. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ინფორმაციისგან? ახლა უკვე კარგი დროა თქვენი ცხოვრების სტილის არჩევანის გადასაფასებლად. მიაქციეთ ყურადღება კვებას, დარწმუნდით, რომ ვარჯიშობთ ამა თუ იმ ფორმით და ასევე უარი თქვით იმ მავნე ჩვევებზე, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებს, მაგალითად, მოწევა ან დალევა.
იმის გამო, რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რატომ არის კორონავირუსი მამაკაცებისთვის უფრო რთული, ყველაზე კარგი გზა იმ რეკომენდაციების დაცვაა, რომელსაც ხშირად ვისმენთ: სოციალური დისტანცირება, ნიღბების ტარება და ხელების საფუძვლიანად დაბანა.
ორიგინალი: https://www.gq.com/