fbpx

თეთრი: კარანტინში შეჯამებული სიტყვები – გიორგი გრძელიშვილი


გააზიარე სტატია

 

მე ვარ გიორგი გრძელიშვილი, 24 წლის, გრაფ დიზაინერი, მოუშენ დიზაინერი, ილუსტრატორი და ექიმი… ეს ცოტა უცნაურია. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ქანდაკებით, დაახლოებით 13-14 წლამდე ხატვას დიდად ვერ ვამუღამებდი. მახსოვს, დედაჩემმა „პლასტელინი“ როცა მომიტანა, დავიწყე ჩასადების პლასტმასზე რაღაც ქალაქის ზედხედის აწყობა, ამის შემდეგ უფრო და უფრო მივყევი, შემდეგ დაემატა მხატვრობა, ვიდეოედიტინგი და ა.შ. შესაბამისად, მინდოდა ხელოვნებას გავყოლოდი,  ზუსტად არ ვიცოდი, რომელ განხრას, მაგრამ ოჯახში ყველა ექიმია და შესაბამისად, ხო წარმოგიდგენიათ რა ამბავიც მექნებოდა.

5 სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტი მეწერა სააბიტურიენტო არჩევანზე, ხალათიც ნახევრად მეცვა, მაგრამ! მაგრამ!

ერთ დღეს სკოლაში თავისუფალი უნივერსიტეტიდან მოვიდნენ და თქვეს, რომ ახალ ფაკულტეტს ხსნიდნენ, რომელიც დიზაინს და ვიზუალურ ხელოვნებას მოიცავდა და იმავე დღეს პირველ ადგილზე დავწერე… თან ისე, რომ რაღაცნაირად მოვახერხე და გადავრჩი… რაღაც დროით. 

ასე ჩავაბარე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტზე, VADS-ზე, ახლა უკვე VA[A]DS, მაგრამ დაახლოებით 1 წლის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაინც მომიწია სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადასვლა. ახლა მეხუთე კურსის სტუდენტი ვარ, მაგრამ მაინც იმ პროფესიით ვმუშაობ, რომელიც სულ მინდოდა. ვარ ილუსტრატორი, გრაფ/მოუშენ დიზაინერი, თან, თუ რამეა, ვინმეს მაინც ვუშველი ჩემი ექიმობით.

 

ინსპირაცია

ილუსტრაციების ინსპირაცია/გავლენა ძირითადად იაპონური კულტურიდან, ფრანგი ილუსტრატორის, Jean Giraud Moebius-ისგან, ძველი იაპონური ანიმაციებიდან, სხვადასხვა მოვლენებიდან და ნაწარმოებებიდან მოდის. ჯამში, ყველაფრისგან, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავ, მაგრამ ზოგს უფრო დიდი გავლენა აქვს და უფრო თამამად შემიძლია ვთქვა, ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, 1984 Olympics-ის ვიზუალური მხარე იყო Cowboy Bebop, 1984 წლის ოლიმპიური თამაშები და ჯორჯ ორუელის 1984, რომლის მიმანიშნებელი რეფერენსები ტექსტურად არის განაწილებული.

პოსტერების/კოლაჟების ინსპირაცია/გავლენა იყო ის, რომ სულ მიტაცებდა რეტრო ვიზუალები, პოსტერები/ Flyer-ები, ჟურნალის ყდები და ა.შ. და ის ხასიათი და სტილი, რაც მათ მოსდევდა. 

 

პროცესი

ზოგი ნამუშევარი კარანტინამდეა გაკეთებული, როცა ვიწყებდი, ასე სერიების სახე არ ჰქონდა, მაგრამ ახლა შეჯამდასავით ყველა ეს ვიზუალი, იმით, რომ რაც პოსტერებზეა გამოსახული, თითქოს ამ გარემოში უფრო მძაფრად განვიცდით, ამიტომ დავარქვი „კარანტინში შეჯამებული სიტყვები“.

პროცესს რაც შეეხება, ვმუშაობ სიტყვებზე, ილუსტრაცია/ვიზუალებზე, რომლებიც ამ სიტყვებს გამოხატავს, ადამიანების გამოცდილებებზე, რომლებიც ასოცირდება ამ კონკრეტულ სიტყვებთან და ვცდილობ ვიზუალურად გადმოვცე ეს ყველაფერი, ისე რომ დიზაინის მხრივ გამართული იყოს, მთლიანად აღქმადი, თვალისთვის საინტერესო და დაკვირვების დროს კიდევ იყოს ახალი დეტალები, ახალი ისტორიები, რომელსაც ნამუშევარი მოიცავს, მცირე რისერჩის სურვილი გაჩნდეს და ამ ყველაფერთან ერთად შესაბამისი ემოცია აღძრას. იგივე პროცესი იყო გამოყენებული ამ სერიაზეც.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.