fbpx

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა VA[A]DS პირველ online გამოფენას ხსნის


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ფასური

 

 

შაბათს, 25 აპრილს, 8:00-ზე ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტებმა პირველი ონლაინ გამოფენა გახსნეს. გამოფენაში მონაწილეობენ ნინო ქვრივიშვილისა და ზურაბ ბეროზაშვილის ხატვის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, მეორე კურსის ფერწერის ჯგუფი თეა გვეტაძის ხელმძღვანელობით და თამარ ჭაბაშვილის მესამე კურსის ფერწერის სტუდენტები. 

პროგრამაში კომუნიკაციის დიზაინის ჯგუფის სტუდენტთა პროექტებიცაა წარდგენილი, რომელთა პედაგოგები მარიამ ზალდასტანიშვილი და ნესტან მამაცაშვილი არიან. ჯგუფური გამოფენა რამდენიმე ვიდეოს, ინსტალაციას, ობიექტსა და  ქაღალდზე შესრულებულ ფერწერულ  ნამუშევარს აერთიანებს. 

თუ VA[A]DS-ის სტუდენტებისათვის დამახასიათებელი თავისუფალი მანერა საგამოფენო სივრცეში  მასალასთან სპონტანური მუშაობა იყო, წარმოდგენილ გამოფენას სულ სხვა სპეციფიკურობა და კონტექსტი აქვს: ნამუშევრები სახლში, იზოლაციის პირობებშია შექმნილი. 

„ახალი მზერა იგივე ნივთებისა და საკუთარი თავი მიმართ,“  „ისევ ცხვება პური თონეში,“„კორონავირუსის გამო ისეთი სიზმრები მესიზმრება, როგორსაც პატარაობაში ვხედავდი“, – ეს ნამუშევრები საკუთარ სივრცეში მედიტაციასა და სამყაროსთან მიმართების ახლებურ ფორმირებაზე,  მატერიალური ღირებულებების აქტუალობაზე, სახლის გარეთ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ  სპეკულაციურ ფანტაზიებზე, უბრალო ნივთებისა თუ ჩვეული ღირებულებების ფუნქციაზე გვიყვებიან. 

პანდემიისა და კარანტინის შედეგად შექმნილი დისტანციური სწავლების რუტინაში  ახალგაზრდა არტისტებმა დაცარიელებული სახელოსნოების, პედაგოგებთან ინტენსიური ურთიერთობის მახსოვრობითა და გაურკვეველი მომავლის შთაბეჭდილების გავლენით იმუშავეს. ახალი რეალობის მოლოდინში სტუდენტებმა უარი თქვეს ჩვეულ მასალასა და მედიუმებზეც. 

გამოფენას მითითებული QR კოდით  მიაგნებთ. ნამუშევრები ინტერნეტსივრცეში  დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.   

„ბავშვი გადამალეთ“ – სალომე თინიკაშვილი, ვიდეო, 2020

 

 

„ორი კვირაა ჩემი მეზობელი არ მინახავს“ – ნუცა კერესელიძე, სერია, 2020, პასტელი, ქაღალდი, 25×17 სმ


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.