fbpx

დღიური ამპლიტუდა ინი და იანი – მარიამ კაჭარავას კოლაჟები დახურული სივრციდან


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ კაჭარავა

 

და დღეს სახლიდან ვწერ ცხოვრებაზე, რომელიც იმ გზას ჰგავს, რომელიც დაუსრულებლად მესახება. 

ვწერ ცხოვრებაზე, რომელიც უსაზღვროა და ემოციებზე, რომელიც შეუცვლელია. ამას იმდენად ახალგაზრდა ვწერ, რომ ჯერ კიდევ მემსუბუქება გრძნობები, რომელიც უწყვეტი და დაუშრეტელია. 

უკვე აპრილი იწურება და მე ვიცი, რა არის აპრილი, ეს უკვე მრავალჯერ დამდგარი გაზაფხულის მეორე და წელიწადის მეოთხე თვეა. 

სახლში ვართ მე, დედა, მამა, კლასიკოსები და ავანგარდისტები. გარეთ ხან ქარია, ხან წვიმს, ხანაც უბრალოდ სამოთხეა. ქალაქის ნელი სუნთქვა ხან ააფრიალებს ფარდებს, ხანაც პირიქით, ფანჯრიდან იტაცებს მათ. დედა ტოლსტოის კითხულობს, ჩემს წიგნებს არ ეკარება, მე მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“ და ბეროუზის „შიშველი საუზმე“ ერთნაირად მაქვს გადაშლილი და დისტანციურად მუშაობის პროცესში ვცდილობ ხან ერთში ვიცხოვრო, ხან მეორეში. ყოველდღე გაგიჟებით ვიმუქრები, მაგრამ არავის ეშინია ამ ჩემი მუქარის, ალბათ იმიტომ რომ ასეთ დროს ადამიანები ვერ გიჟდებიან ან არ გიჟდებიან, ისინი მხოლოდ მოწყენილი სულის გამოცოცხლებას ცდილობენ. 

წინა წელი ცაში გავატარე, აქეთ–იქით იმდენი ვიფრინე, რომ ბოლოს სახლი ყველაზე მეტად მეუცხოებოდა. სულ ვამბობდი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომ დიდხანს ერთი კედლის ყურებას ვერ გავუძლებდი და ახლა 2 თვეა ირონიულად ვცდილობ გამოვიცნო, ზუსტად რომელი კოდია ჩემი კედლის ფერი.
სულ რომ არაფერი, ინტიმური გარემო, რომელიც დიდხანს დახურულ სივრცეში ჩნდება ხოლმე, დამეხმარა, ისევ დამეწყო წერა და შემდეგ ამ ნაწერების კოლაჟების სახით გადმოცემა. 

და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამბავი ასეთია: 

მე ბიპოლარი ვარ 

მარიამი მარიამის წინააღმდეგ 

და აი ისიც – ჩემი ფილოსოფია, თან ორი 

როკი და ჯაზი 

სიურეალიზმი და მინიმალიზმი 

ფსიქოდელია და სუფთა თეთრი 

თან გრაციოზული თან შეუმჩნეველი 

უკვე მეორე თვე იწურება.
დღეს საკმაოდ კარგ განწყობაზე ვარ, რაც ან ძალიან ხშირი, ან ძალიან იშვიათია. Fela Kuti–ს აფრიკული ჰანგები, ჯაზი, მუსიკა, მუსიკა, მუსიკა, ზანზალაკები, ენერგია, მუხტი, სულ ცოტაც და ცხელი ქვიშის სიმხურვალესაც ვიგრძნობ, შეიძლება მზისგან დამწვარი მხრებიდანაც ჩამომცვივდეს ოქროსფერი ნატეხები.
ეს უბრალოდ განწყობაა, ეს არც ეგზოტიკური აფრიკაა და არც სიზმარი, მე თვითიზოლაციაში ვარ.
და განწყობა ასეთია, ცოცხალი, რეალური, ის ბოლომდე შენია, ის უბრალოდ შენ ხარ.


მაგრამ ბიპოლარებს, ყოველთვის გვაქვს ერთი პოლუსი, რომელიც საშინლად ჰგავს ამ იზოლაციას.
ჩემი განწყობა მთიდან დაშვებას ჰგავს, მე სინათლის სისწრაფით ვიცვლები. მე ვანათებ, მე ვცხოვრობ, მე მიყვარს, მე მზე ვარ…
მერე
თითქოს სადღაც, სამყაროს მეორე მხარეს, ფარდა დაეშვა, გაწვიმდა, თითქოს არც ქოლგა მაქვს, არც საწვიმარი და მე ჩრდილი ვარ და ერთიანად იძირება ღრუბლები ჩემში. 

ემოციები, რომლებიც ამ იზოლაციის პერიოდში ჩემში გაჩნდა, აქამდე არსებულის დეკონსტრუქციაა, უფრო მწველი და უფრო საშიში, უფრო მუქი და უფრო ნათელი, უფრო სწრაფი და უფრო დამღლელი. ხოლო ვიზუალები, რომელიც ამ თემის განხილვასთან ერთად შეიქმნა, ინი და იანის განსხვავებული ვარიაციებია. 

მცენარეს სითბო სჭირდება, ყინულს სიცივე. წლებთან ერთად ბიპოლარობასთან გამკლავებაც ვისწავლე – ვიცოდი, როდის სად უნდა ვყოფილიყავი, ვიცოდი, ვის გავსაუბრებოდი, ვიცოდი, ვისი ხმა მჭირდებოდა, ვიცოდი, სად მომესმინა საყვარელი მუსიკა ან სად იქნებოდა იდეალური სიჩუმე.
ახლა ყველაფერი ორმაგად უცნაურად არის.


მაგრამ, ცხოვრება, რომელიც ასე დაუსრულებლად მესახება, ახლა სახლშია. განსხვავებული განწყობა კი ყოველი დღის ამპლიტუდაა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.