fbpx

რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე


გააზიარე სტატია

ავტორი: მაშო სამადაშვილი

 

აღდგომას ბებიაჩემი გარდაიცვალა. დიდი ხნით ადრე ვიცოდი, რომ მიდიოდა, მაგრამ ამასთან შეგუება მაინც ძალიან რთულია. ახლა არცერთი ბებია-ბაბუა აღარ მყავს და ჩემი ცხოვრებაც სხვა ეტაპზე გადავიდა, საბოლოოდ გავიზარდე.

ბებიაჩემი მადონა ნიჟარაძე უცნაური ქალი იყო, მუდამ მოღიმარი,  შრომისმოყვარე, ჯიუტი და ავ-კარგიანი. ძალიან უყვარდა თავისი საქმე – პიანისტი იყო და მთელი ცხოვრება მუსიკას ასწავლიდა ბავშვებს; შვილები, მეგობრები, იმერული დიპლომატიის წყალობით, ყველა ნათესავი და რაც მთავარია, თავისი მიშა. 

მადონა და მიშა 1951 წელს დაქორწინდნენ, როცა ბაბუაჩემი 35, ბებიაჩემი კი 20 წლის იყო, ჯვარი ქუთაისში ჩუმად დაიწერეს, ერთად 30 წელი იცხოვრეს და 3 შვილი გააჩინეს. ბებიაჩემი თავადის ქალი გახლდათ და მისი გათხოვება ღარიბ გუნდის მომღერალ კაცზე ოჯახში არ გახარებიათ, დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს, თუმცა მადონამ თავისი გაიტანა. მართალია, 48 წლისა დაქვრივდა, მაგრამ გარდაცვალებამდე, ანუ  თითქმის 89 წლამდე, ეჭვი არ შეჰპარვია,  რომ ვინმეს მასზე უკეთესი მეგზური ჰყავდა. 

ბებიაჩემს სჯეროდა, რომ ასეთი კარგი მხოლოდ ერთი მიშა არსებობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არა. 

მე და ჩემი მიშა მხოლოდ მეგობრები ვართ და ეს ჩვენი გაცნობიდან 30 წამის შემდეგ მოხდა. 2012 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ულრიხ ზაიდლის ”სამოთხე. სიყვარული“ საერთო მეგობრებთან ერთად ვნახეთ და ახალგაცნობილები გარეთ, ქუჩაში  რომ ვმსჯელობდით, იმდენად ჰგავდა ჩვენი ფიქრები ერთმანეთს, გაოცებული ვიყავი.

მას შემდეგ 8 წელი გავიდა, ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული და ერთგულება არასდროს შეწყვეტილა, მაგრამ ისეთი დროც იყო, ურთიერთობა რომ არ გვქონდა. უცნაურია,  მადონა ბებო რომ მიდიოდა, მიშა მაშინ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ორი, ერთდროული და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო.  ჩემი და მიშას მეგობრობა ბევრ საერთო სიყვარულზე დგას, რომელთა დიდი ნაწილიც ბებიაჩემისგან გადმომეცა, მაგალითად: მოცარტის მე-20 კონცერტი, ”მუსიკის ჰანგები“, ქალაქი ქუთაისი და პირდაპირობა. 

მიშას ბებიაჩემზე თავიდანვე მოვუყევი და  მეხუმრა, შენ ნამდვილად მადონა გქვია და იგონებ, რომ მაშო, ასე უფრო თანამედროვედ ჟღერსო, სხვადასხვა დროს ბევრ ადამიანს ეს ჩემი ნამდვილი სახელი ეგონა. მადონა არასდროს მრქმევია, თუმცა ის უკვე ჩემი იდენტობის ნაწილი გახდა, ვინაიდან მიშა ასე მეძახის.

დაკრძალვის წინა ღამეს მიშასთან ვიყავი, ის იმ იშვიათ ადამიანთაგანია, რომელსაც ამ პერიოდში ვნახულობ, ვინაიდან ორივე პატიოსნად ვიცავთ ყველა წესს, გადავწყვიტეთ ბებიაჩემი გაგვეხსენებინა. დაღლილი და აფორიაქებული მივედი, მაგრამ მალევე დავმშვიდდი. ხომ ამბობენ, ნამდვილ მეგობართან ერთად სიჩუმეშიც ბედნიერი იქნებიო, თუმცა ჩვენ სიჩუმე არ გამოგვდის, გაუჩერებლად ვლაპარაკობთ, რაღაცას ვკითხულობთ ან ვუყურებთ, მერე ვარჩევთ და ასე დაუსრულებლად. იმ საღამოს ქუთაისის სიყვარულით ეს შესანიშნავი ფილმი ვნახეთ და თქვენც გირჩევთ:

ადამიანები და მათთან ურთიერთობები ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ისინი კიდევ უფრო ძვირფასი გახდა და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ვინმესთვის გულისტკენაზე დიდ შეცდომას ვერ დაუშვებ და მხოლოდ სიყვარულით შეიძლება ცხოვრების გაგრძელება, როგორც და რამდენჯერაც არ უნდა გაგიცრუვდეს იმედი მის გამო. 

ერთხელ მე და მიშამ იმაზეც ვილაპარაკეთ, ვინ მოკვდება ჩვენგან პირველი, ის ამბობდა, რომ მე, მე ვამბობდი, რომ ის (უფროსია, ერთი წლით და სამართლიანად მეჩვენებოდა), მაშინ მითხრა, შენ ხომ ამას ვერ გადაიტან და სჯობს შენ მოკვდეო. ეს მასთან არასდროს მიღიარებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცი, მიშა მართალია და თუ ასეთი არჩევანი მექნა, ჩვენ ორში მის სიცოცხლეს ავირჩევ.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.