fbpx

ცნობილი გამოსახულებების ქართული ინტერპრეტაციები: თვითიზოლაცია როგორც საინტერესო ფოტოსერიების ინსპირაცია


გააზიარე სტატია

 

ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად გამოემშვიდობა. ქვეყნების უმრავლესობაში კარანტინი ან სავალდებულო თვითიზოლაციაა გამოცხადებული და ადამიანებსაც სრულიად ახალ, უჩვეულო რეალობასთან უწევთ შეგუება. 

უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა საქმიანი შეხვედრები, კინოდარბაზში ფილმების ყურება, ახალი სპექტაკლების პრემიერები, სკოლაში, ბაღსა თუ სამსახურში სიარული, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ, ბარში თუ რომელიმე მათგანის სახლში შეკრება და გართობა, კლუბური ცხოვრება და კონცერტები. 

მოკლედ, ყველაფერი, რაც ადამიანებთან რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობას უკავშირდება, აკრძალულია და მხოლოდ ის ვიცით, რომ სხვებისა და ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად სახლში უნდა დავრჩეთ. 

მართალია, თვითიზოლაციაში ცხოვრება მარტივი სულაც არ არის, მაგრამ, კრეატიულმა ადამიანებმა მოახერხეს და ეს პერიოდიც ახალი, საინტერესო იდეების განსახორციელებლად გამოიყენეს – ფოტოსერიები, რომლებსაც დღეს წარმოგიდგენთ, სახლში გატარებული დღეების  სახალისო მომენტებს ასახავს და ამავდროულად, მასობრივ კულტურაში გავრცელებული სახეების გაცოცხლებას ეძღვნება.

ჰელენა ბედველის სახალისო ფოტოები

„ჟურნალისტი ვარ, ასევე ვთარგმნი და ვწერ. მაქვს 2 კულინარიული წიგნი საქართველოზე. ამჟამად ვმუშაობ საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგში”.

ახლა მეც და ჩემი მეუღლეც სახლიდან ვმუშაობთ, ჩემი შვილიც სახლიდან სწავლობს. გარეთ იშვიათად გავდივართ. ისედაც მიყვარს არტისტობა, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ჟურნალისტობა ვარჩიე. ადრე უნივერსიტეტშიც და სკოლაშიც სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. 

მოკლედ, ეს, რაც შევქმენი, არის სულ სახლში გაკეთებული, ყოველგვარი ფოტოშოფისა და ზედმეტი დეკორაციების გარეშე.

მხოლოდ ტანსაცმლით და პატარა ჰელოუინის კოსტიუმებიდან, რომლებიც შვილებისგან შემომრჩა. ასევე მიყვარს ვინტაჟური სტილი და მაქვს ბევრი ხავერდი, მაქმანი. ჰოდა, ეგ არის, ფანტაზია და მარჯვე ხელები საკმარისია – მთავარია არ მოიწყინოთ.

თვითიზოლაციასაც მშვენივრად ვუმკლავდები – მიყვარს სიცოცხლე და ვაფასებ ყოველივე წუთს“, – ამბობს ელენე AT.ge-სთან საუბრისას. 

 

მაიკო ქუთათელის გაცოცხლებული ხელოვნების ნიმუშები

მაიკო ქუთათელი კიდევ ერთი ქართველია, რომლისთვისაც თვითიზოლაციაში ყოფნა საინტერესო და ამავდროულად, ძალიან სახალისო ნამუშევრების შექმნის ინსპირაცია გახდა. 

მაიკომ შვილთან ერთად ყველასათვის ნაცნობი ხელოვნების ნიმუშები გააცოცხლა და ფოტოები ჩვენც გაგვიზიარა. 

„ინტერნეტში ვნახე, მსოფლიოში ამ კორონას გამო როგორ აგორდა ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაცია. მეც გადავწყვიტე მეცადა. თან ისეთი ნამუშევრები ავირჩიე, არაპროფესიონალის თვალისთვისაც ადვილად რომ იყოს მისახვედრი – ავტორიც და ნამუშევარიც. Ჯერ ჩემი შვილი მყავდა  მოდელად, მერე კი მეც ვცადე“, – ამბობს მაიკო. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.