პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოები ოფიციალურად გამოაქვეყნა
ავტორი: მაიკლ კონტე
პენტაგონმა ოფიციალურად გამოაქვეყნა სამი პატარა ვიდეო “ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე”, რომელთაც ადრე კერძო კომპანიები ავრცელებდნენ.
ვიდეოში ნაჩვენებია ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, რომლებიც ინფრაწითელი კამერის წინ სწრაფად გადაადგილდებიან. ორ ვიდეოში ნაჩვენებია სამხედროების რეაქცია მფრინავი ობიექტების დანახვისას. ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება დრონი იყოს.
ვიდეოს ავთენტურობა გასული წლის სექტემბერში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაადასტურეს. ისინი ახლა ოფიციალურად ავრცელებენ ვიდეოებს, რათა გააბათილონ საზოგადოების დაბნეულობა გავრცელებული კადრების ნამდვილობის შესახებ.
საგულდაგულო ანალიზის შედეგად, დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება საიდუმლო მასალას არ გამოააშკარავებს და საჰაერო სამხედრო ძალების მომდევნო გამოძიებას ხელს არ შეუშლის.
აშშ-ის საზღვაო ძალებს ახლა უკვე ოფიციალური რეკომენდაციები აქვთ იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ პილოტებმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრისას.
საზღვაო ძალების ვიდეოები პირველად 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის მარტში The Stars Academy of Arts & Science-მა გამოაქვეყნა. კომპანიის თანადამფუძნებელი Blink-182-ის მუსიკოსი ტომ დელონი აცხადებს, რომ იგი ამოუცნობ საჰაერო ფენომენს შეისწავლის.
ერთ-ერთმა პილოტმა დევით ფრევორმა, რომელმაც 2017 წელს ამოუცნობი ობიექტი დაინახა, CNN-თან განაცხადა:
“როგორც კი მივუახლოვდი, მაშინვე სამხრეთისკენ გაემართა და ორ წამზე ნაკლებ დროში საერთოდ გაქრა. ობიექტის გადაადგილება პინგ-პონგის ბურთის მოძრაობას ჰგავდა, რომელიც კედელთან შეჯახების შემდეგ სხვა მხარეს ვარდება.”
პენტაგონი 2007 წლიდან 2012 წლამდე საიდუმლო პროგრამას ყოფილი სენატორის, ჰარი რეიდის თაოსნობით ახორციელებდა. პროგრამა 2012 წელს შეჩერდა, რამდენადაც დაფინანსებას უფრო მნიშვნელოვანი პროექტები საჭიროებდა.
“იმის შესახებ, რომ მარტონი არ ვართ, ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებები არსებობს”, – განუცხადა პროგრამის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლუის ელიზონდომ CNN-ს 2017 წელს.
”ეს საჰაერო ხომალდები – ჩვენ მათ საჰაერო ხომალდებს ვუწოდებთ – აჩვენებენ ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც არც აშშ-ის ინვენტარიზაციაში, არც ჩვენთვის ცნობილ უცხოურ ინვენტარიზაციაში არ შედის”, – აღნიშნა ელიზონდომ.
რეიდმა ორშაბათს ტვიტერზე განაცხადა, რომ მოხარულია პენტაგონის მიერ ვიდეოჩანაწერების ოფიციალურად გავრცელების გამო. მაგრამ ”ეს ყველაფერი კვლევებისა და მასალების მხოლოდ ზედაპირია. აშშ-მა ამ ყველაფრის მიმართ სერიოზული, მეცნიერული მიდგომა უნდა გამოავლინოს.”
კონგრესის ზოგიერთი წევრი კვლავ დაინტერესებულია ამ საკითხით, რამდენადაც გასული წლის ზაფხულში სენატორებს საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან ამოუცნობი მფრინავი საჰაერო ხომალდების შესახებ კონფიდენციალური ბრიფინგი ჰქონდათ.
”მნიშვნელობა არ აქვს, რას დაინახავენ პილოტები, საჰაერო ბუშტებს, პატარა მწვანე კაცუნებს, თუ სხვა რამეს, ჩვენ ვერ ვთხოვთ მათ, რომ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ”, – განუცხადა CNN-ს რეიჩელ კოენმა ვირჯინიის სპიკერმა.
წყარო: https://edition.cnn.com/