fbpx

გლობალური ონლაინ კინოფესტივალი და ვარსკვლავური სისხლის ვაქცინა — ჰოლივუდის ამბები


გააზიარე სტატია

ავტორი: ბექა მაისურაძე

 

ჩაშლილი კინოფესტივალების პროგრამით Youtube-ზე ონლაინ ფესტივალი გაიმართება

ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოში ისეთი კინოფესტივალები გაუქმდა ან გაურკვეველი ვადით გადაიდო, როგორებიცაა კანი, ვენეცია, სანდენსი, კარლოვი ვარი და ა.შ. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია რა ბედი ელის იმ ფილმებს, რომლებიც A კლასის კინოფესტივალებმა საკონკურსო პროგრამისთვის შეარჩიეს. 

სწორედ ამიტომ, გადაწყდა, რომ სახელწოდებით “ჩვენ ერთნი ვართ” გლობალური კინოფესტივალი Youtube-ზე ჩატარდება. 

 

კინოფესტივალი 29 მაისს დაიწყება და როგორც ცნობილია ამ ეტაპისთვის  კანის, სანდენსის, ტორონტოს, ტრიბეკას და ვენეციის  კინოპროგრამებს შემოგვთავაზებს.

ონლაინ კინოფესტივალი 10 დღის განმავლობაში ჩატარდება. 

 

ნეტფლიქსზე მიშელ ობამას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვა.

აშშ-ის პირველი ლედის, მიშელ ობამას შესახებ სტრიმინგ-სერვისი ნეტფლიქსი დოკუმენტურ ფილმს 6 მაისს გამოუშვებს. 

Becoming – ასე ერქმევა ფილმს, რომელიც ობამას ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნების შემდეგ გამართული შეხვედრების აქამდე უცნობ კადრებს გააერთიანებს.

მემუარები 2018 წელს გამოაქვეყნა და პირველივე კვირაში მისი მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. წიგნი ამჟამად 24 ენაზეა თარგმნილი.

 

ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის სისხლს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენებენ

სულ მალე შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენს ორგანიზმში ჰოლივუდის ორი დიდებული ვარსკვლავის – ტომ ჰენკსისა და მისი ცოლის, რიტა უილსონის სისხლი ჩქეფს. 

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ამერიკელი მსახიობების სისხლს ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენებენ. 

როგორც ცნობილია, ჰენკსისა და უილსონის წყვილი მზადაა COVID-19-ის დასამარცხებლად, ფინანსური წვლილის გარდა, საკუთარი სისხლის პლაზმა გაიღოს.  

შეგახსენებთ, რომ წყვილს ვირუსი მარტის დასაწყისში, ავსტრალიაში გადაღებების დროს დაუდასტურდა. ამჟამად ისინი თავს  კარგად გრძნობენ და ლოს-ანჯელესში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.