fbpx

ხელოვანმა უტა ბექაიამ ახალი ონლაინ გადაცემა – “თანამგზავრები” წამოიწყო


გააზიარე სტატია

რამდენიმე დღის წინ ხელოვანმა უტა ბექაიამ პოდკასტის სახით ახალი ონლაინ გადაცემა – “თანამგზავრები” წამოიწყო, რომლის პირველი სტუმარიც 90-იანების ლეგენდარული ქართული ჯგუფის – Mothers on Mondays-ის წევრი, გოგლიკა იყო.

 

 

AT.ge უტას მისი ამ ახალი პროექტის შესახებ ესაუბრა.  

AT_: როგორ გაგიჩნდა ამ პოდკასტის იდეა და რის შესახებაა ის?

უტა ბექაია: ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში გვხვდება და რომლებთანაც სულიერი კავშირი გვაქვს, არის ერთგვარი მაცნე, მასწავლებელი. მათ ჩვენამდე შეტყობინებები მოაქვთ, და თუ  ყურადღებით ვიქნებით, ამას მივხვდებით. მე ძალიან იღბლიანი ვარ იმით, რომ ამ მოგზაურობაში ამდენი საინტერესო თანამგზავრი მყავს. 

ამ პოდკასტით მინდა ადამიანებს სწორედ ეს გამოცდილება გავუზიარო. მე და ჩემი თანამოსაუბრე გადაცემაში მაქსიმალურად უშუალო ენით  ვილაპარაკებთ  სხვადასხვა თემაზე: სულიერებაზე, ცხოვრებაზე, მარტოობაზე, მედიტაციაზე, თანაგრძნობასა და სიყვარულზე. ასევე ბევრ სხვადასხვა ეგზისტენციალურ საკითხზე.

ჩვენს საუბრებს არ ექნება ინტერვიუს სახე – მე მინდა, რომ ეს ადამიანები გაიცნონ უფრო მათი შინაგანი სამყაროთი, ვიდრე რამე მიღწევებით თუ ტიტულებით. მინდა, რომ ამ საუბრებმა გააჩინოს კითხვები და მაქსიმალურად მიგვაახლოოს ჩვენს აუთენტურ, ბუნებრივ სახესთან.

 

AT_: აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა იმას, რომ “თანამგზავრების” დაწყება პანდემიის დროს გადაწყვიტე?

ამ პროექტზე დიდი ხანია ვფიქრობ და მინდოდა ამის გაკეთება. ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დოგმატურად უყურებს ადამიანის ინდივიდუალურ, აუთენტურ ხედვასა და აზროვნებას. საქმე იქამდეც მიდის, რომ ადამიანური თვისებების გამოჩენა “დაუწერელი ეთიკის”  მიხედვით სისუსტედ მიიჩნევა. 

საზოგადოება  ბავშვობიდან გვასწავლის, რომ არ ვიყოთ გახსნილები, არ ვაჩვენოთ ჩვენი ბუნებრივი სახე, რომ ეს საშიშია. მე კი ვფიქრობ, რომ ზრდის და  ნამდვილი ბედნიერებისკენ გასაღები სწორედ გახსნილობაშია. ამიტომ მინდოდა, რომ ეს საუბრები აუცილებლად ქართულ ენაზე ყოფილიყო. 

 

AT_: ვინმე თუ გეხმარება პროექტის მომზადებაში, მოწვეული სტუმრების გარდა? 

ჯერჯერობით ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ სახლში, ჩემს კომპიუტერზე. რა თქმა უნდა, თანამოსაუბრეები მეხმარებიან.

 

AT_: რა სიხშირით განახლდება “თანამგზავრები” და  ვინ იქნება შემდეგი გადაცემის სტუმარი?

სანამ სახლებში ვართ გამოკეტილი, კვირაში ერთხელ ვფიქრობ გადაცემის ჩაწერას. რაც შეეხება შემდეგ გამოშვებას, სტუმარი ნინო ჩუბინაშვილი (ჩუბიკა) იქნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.