fbpx

მარტივად: რას ნიშნავს გადასახადები? — ფინანსური განათლება


გააზიარე სტატია

ავტორი: ზურა გამთენაძე


 

გადასახადები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი ერთმანეთისგან რთულად ანსხვავებს სახელმწიფო და კომუნალურ გადასახადებს ერთმანეთისგან. ამ სტატიაში ჩვენ აგიხსნით, რა არის საგადასახადო პოლიტიკა და როგორ ვიხდით ჩვენ მას.

რა არის გადასახადები

გასაუბრებამ ძალიან კარგად ჩაიარა, დარწმუნებული ხარ, რომ პოტენციურ დამსაქმებელს მოეწონე და უკვე იმაზე ფიქრობ,თუ რაში დახარჯავ პირველ ხელფასს. გამოსვლისას მაინც აზუსტებ:

  • განცხადებაში ანაზღაურება 2000₾ იყო მითითებული. ხომ?
  • დიახ, ანუ ხელზე ასაღები 1600₾.

ნუთუ არასწორად მახსოვს? სად წავიდა ის 400₾, მატყუებენ?

ნუ იღელვებ, ყველაფერი რიგზეა. როდესაც ნახე ხელფასი 2000₾-ით, ეს იყო ხელფასი გადასახადების ჩათვლით(Gross), ხოლო 1600₾(Net) უკვე ის თანხაა, რაც გადასახადების ერთ-ერთი ტიპის, საშემოსავლოს გადასახადის გადახდის შემდეგ შენს განკარგულებაში რჩება.

გადასახადები- ეს არის  „მსხვერპლი“ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრებისთვის. ეს ხუმრობით, ოქსფორდის ლექსიკონის განმარტება კი შემდეგია: ადამიანების ან კომპანიების მიერ საერთო ბიუჯეტში არამოხალისეობრივი ფულადი შენატანი, რომელიც შეტანის პროცესში სახელმწიფოს მიერ არის განმტკიცებული.

ახლა კი იმ 400 ლარს მივუბრუნდეთ, გონებაში რომ უკვე დახარჯული გქონდა, მაგრამ სახელმწიფომ „წაგართვა“. სავარაუდოდ არაერთი კითხვა გიჩნდება: რა საჭიროა გადასახადები? სად მიდის შენი ფული? ყველა შენნაირად „იჩაგრება“?

ისტორიულად, გადასახადებს სულ ვიხდიდით და მიზანიც ყოველთვის ერთი იყო – საზოგადო სიკეთის დაფინანსება. საზოგადო სიკეთე კი მოიცავს ფაქტობრივად ყველაფერს, რის გაკეთებასაც პოლიტიკოსებისგან მოვითხოვთ, იქნება ეს ქუჩის განათება, ახალი სკვერების აშენება, გზების დაგება თუ ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, შენგან ყოველთვიურად გაცემული 400 ლარი აღნიშნულ საქმეებს არ ეყოფა, მაგრამ ყველასთვის სასიკეთოდ, დასაქმებული მხოლოდ შენ არ ხარ და ყველას შეაქვს საკუთარი წვლილი საზოგადო სიკეთეში. გადასახადებს ვიხდით თითქმის ყველაფრიდან, იქნება ეს მაღაზიაში შეძენილი პროდუქტი (მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადები), თუ ძვირადღირებული ქონების ფლობა (ქონების გადასახადი). საბოლოოდ კი ყველაფერი ერთიანად იმ ბიუჯეტში აისახება, რომლის განკარგვაც ხშირად ყველაზე საინტერესო და განხილვადი საკითხია. გამოდის, რომ 2000₾-დან შენს პირად განკარგულებაში 1600 რჩება, დარჩენილი 400₾ კი იმ საერთო სიკეთეს ხმარდება, რომლითაც შენ და მთელი საზოგადოება ყოველდღიურად სარგებლობს.

სად რამდენს იხდიან? სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკა

ალბათ გაგიჩნდა კითხვა, თუ რატომ 400₾ და არა მეტი ან ნაკლები. სხვებიც ამავე თანხას იხდიან? ამ შემთვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყნებისა და იდეოლოგიის მიხედვით იცვლება.

ხშირად გვინატრია, რომ სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად, განათლება და ჯანდაცვა საქართველოშიც უფასო იყოს. უფრო სწორად კი „უფასო“, რადგან რეალურად უფასო არაფერია. სკანდინავიის ქვეყნები მაღალი გადასახადებით გამოირჩევიან, მაგალითად თქვენი კუთვნილი 2000 ლარის მაგალითი რომ განვიხილოთ, აღნიშნულ ქვეყნებში მხოლოდ დაახლოებით 1100₾ დარჩებოდა თქვენს განკარგულებაში, დანარჩენი თანხა კი ყველა იმ სერვისის დაფინანსებას მოხმარდებოდა, რომელიც „უფასოა“. ასევე ხშირად გვითქვამს, რომ ამავე ქვეყნებში ცხოვრება ძვირი სწორედ იმ მიზეზით არის, რომ კომპანიებსაც საკმაოდ მაღალი გადასახადები აქვთ, რომელთა გადახდაც მომხმარებელს უწევს. პოლიტიკის ჭრილში, ეს მემარცხენე მიდგომაა, რომელიც გულისხმობს დაუწესო საზოგადოებას მაღალი გადასახადები და შესაბამისად, გაზარდო საზოგადო სიკეთეც. ხოლო როცა მოქალაქეებზე მაქსიმალურად ზრუნავ, მეტი რესურსია საჭირო და შესაბამისად, ზრუნვის ფასიც იზრდება.

ამის საპირისპიროდ, მეორე მიდგომა შემდეგნაირია: დაბალი გადასახადები, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, შესაბამისად ნაკლები „უფასო“ სერვისი და საზოგადო სიკეთე. წარმოიდგინე, რომ 2000 ლარიდან მხოლოდ 200 ლარი ჩამოეჭრათ, მაგრამ სავანაცვლოდ იმ მომსახურების თანხა გადაგეხადა, რაც ახლა შენთვის „უფასოა“. ამასთანავე, დაბალი გადასახადების გამო, ბიზნესის დაწყებაც საკმაოდ მარტივი იქნებოდა – შენი პროდუქტის ფასი დაბალი იქნებოდა და უფრო მეტი კლიენტი გეყოლებოდა. მემარჯვენე საგადასახადო პოლიტიკას სწორედ იმ ქვეყნებში იყენებენ, სადაც ცდილობენ მეწარმეობის განვიტარებას ხელი შეუწყონ და მოქალაქეებს სახარჯად მეტი თანხა დარჩეთ. აღნიშნულ პოლიტიკას ძირითადად არაბული ქვეყნები იყენებენ, ასევე ევროპისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო.

შეიძლება იფიქრო, რომ თავად უკეთ იცი, თუ რაში დახარჯო საკუთარი ფული და არც ყველა იმ საზოგადო სიკეთით სარგებლობ, რომელიც შენ მიერ გამომუშავებული თანხით ფინანსებდა. შეიძლება ძალიან ძლიერი იმუნიტეტი გაქვს, იშვიათად ხდები ავად და საერთოდ არ დადიხარ ექიმთან. მაშინ რატომ უნდა იზრუნო „უფასო“ ჯანდაცვაზე? შენი კითხვა საკმაოდ ადეკვატური იქნება, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს ისეთი საზოგადო სიკეთე, რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ და გვერდს უბრალოდ ვერ ავუვლით. შენს ქუჩაზე ლამპიონებს ვერ ჩააქრობ, გზებს ვერ გადააფრინდები და ვერც ეროვნულ თავდაცვაზე იტყვი უარს. ხოლო თუ ფიქრობ, რომ ბოლოს აღნიშნული სერვისები „უფასო“ უნდა იყოს, მაგრამ განათლება და ჯანდაცვა არა და ამავდროულად გინდა, ბიზნესის წამოწყება მარტივად შეგეძლოს, ესეიგი უკიდურესობები არ მოგწონს და ცენტრისტული საგადასახადო პოლიტიკის მომხრე ხარ.

საქართველო სწორედ ცენტრისტული საგადასახადო პოლიტიკის ქვეყნების რიგში შეგვიძლია მოვიხსენიოთ. გადასახადები მაღალი არ არის, თუმცა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გვაქვს გადასახადების თითქმის ყველა სახე. ჩვენი წვლილი შეგვაქვს საჯარო სიკეთის დაფინანსებაში, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სრუილად „უფასო“ მაინც არაა. მარტივად რომ ვთქვათ, შენი 2000 ლარიანი ხელფასიდან გადასახადებში არ იხდი იმდენს, რომ ცოტა დაგრჩეს და ამავდროულად საჯარო სიკეთეებითაც სარგებლობ.

საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში

საქართველო ცენტრისტულ, ანუ არც ძალიან დიდ და არც ძალიან მცირე საგადასახადო განაკვეთის მქონე ქვეყნად უკვე მოვიხსენიეთ და  ეს ნამდვილად ასეა. შენი ხელფასიდან ჩამოიჭრილი 400₾, საშემოსავლო გადასახადია. საქართველოში კომპანიები იხდიან მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადსაც, მაგრამ რეალურად მათ კლიენტი ფარავს, რადგან ის პროდუქტისა თუ სერვისის ფასში შედის. პროდუქტის ფასი ასევე შეიძლება მოიცავდეს აქციზსაც, რომელსაც მაგალითად ვიხდით საქართველოში თამბაქოს ან საწვავის მიღების შემდეგ. რასაკვირველია, როდესაც საზღვარგარეთ წარმოებულ პროდუქტს ვყიდულობთ, იმპორტის გადასახადიც მომხმარებლის გადასახდელია.

საინტერესოა გადასახადების გადახდის პროცესიც, რომელიც საქართველოში საკმაოდ მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიული ელემენტების გარეშე ხდება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თითქმის ყველაფერი ონლაინ ან საქმეში თუნდაც ჩვენი ჩარების გარეშე მივიღოთ და ფიზიკურ ლოკაციებზე მისვლა თავიდან ავირიდოთ. აღნიშნული კომპანიებისთვისაც მიმზიდველია, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი არამხოლოდ გადასახადების სიმცირე, არამედ პროცესიც არის. სხვა ქვეყნებში საქმე გაცილებით რთულად არის. მაგალითად, გერმანიაში თვითდასაქმებულსაც უწევს არაერთი დიდი დეკლარაციის შევსება, რათა შემოსავლები და ხარჯები აღრიცხოს.

გადასახადების გადახდის სიმარტივე იქით იყოს და ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რამდენია ჩვენი, გადასახადის გადამხდელების წილი საქართველოს ეკონომიკაში – ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის რა ნაწილია ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები. სხვადასხვა ანგარიშებისა და წლების მიხედვით ეს მაჩვენებელი 20%-ის არეალში იცვლებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი გადასახადები მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს.

თუ გაინტერესებდა რას ნიშნავდა Net და Gross ხელფასები და გიკვირდა თუ რატომ კითხულობდი ვაკანსიებში ერთ ანაზღაურებას, მაგრამ გასაუბრებაზე მეორეს ისმენდი, ან სად მიდიოდა შენი გამომუშავებული თანხის ნაწილი, ახლა მარტივად შეძლებ სხვებსაც აუხსნა, თუ რაშია საქმე. იმაშიც დარწმუნდებოდი, რომ გადასახადები ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჩვენს პირად თანხებზე პირდაპირ აისახება.

უფასო კი მხოლოდ იმ მეზობლის ვაიფაია, რომელსაც პაროლი ან საერთოდ არ უყენია ან 12345678 აურჩევია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.