fbpx

ნუ აკრიტიკებთ ადამიანებს გარეთ გასვლის გამო: რისკები მცირეა, სარგებელი კი დიდი – Business Insider


გააზიარე სტატია

ავტორი: ანნა მედარის მილერი

 

დონ მაკკემონი ცოტა ხნის წინ სარბენად  გავიდა ორლანდოში (ფლორიდა), ხალხისგან არცთუ გადატვირთულ ადგილას, თან ნიღაბიც ეკეთა. ნებისმიერი გამვლელისგან 2 კი არა, 5 მეტრამდე მოშორებით იყო, მაგრამ კრიტიკა მაინც დაიმსახურა. “ერთ-ერთმა ქვეითმა დამიყვირა, რომ პანდემიის პირობებში არ უნდა დავრბოდე”, – განაცხადა მან. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი, მათ შორის ნიუ-იორკის ლიდერები და ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინიც დარბიან რეგულარულად. 

საზოგადოება დაბნეულია, შეიძლება თუ არა გარეთ გასვლა და რა შემთხვევაშია ეს აუცილებელი. კორონავირუსის პანდემიის შესახებ საკომუნიკაციო მესიჯებიც ხშირად ბუნდოვანი, არათანმიმდევრული და ცვალებადია. მაშინ, როდესაც სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, ზოგიერთი ფსიქიატრის განცხადებით, ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება: დედამიწაც ჩვენი სახლია. ”ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ ბუნება არა კომფორტი, არამედ აუცილებლობაა”, – განაცხადა მარკ ბერმანმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, რომელიც სწავლობს, თუ როგორ შეიძლება გარემო ფაქტორებმა ზეგავლენა მოახდინონ ტვინსა და ქცევაზე. ”ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ”. მაშინ, როდესაც საყოველთაო კარანტინის მეორე თვე იწურება, გარეთ გასვლა ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის გვჭირდება. უსაფრთხოების ზომების მიღების შემთხვევაში, ღია ცის ქვეშ ვირუსის გავრცელების ან დაინფიცირების რისკები მცირეა. მზის, ფიზიკური მოძრაობის სასარგებლო თვისებები კი (თუ დისტანციას დავიცავთ) ბევრად აღემატება ინფიცირების რისკებს.

 

დაინფიცირების რისკები მცირეა

არსებობს გარეთ გასვლის უსაფრთხო და სახიფათო გზები. ხალხთან ერთად შეკრება და გასეირნება, მაშინ, როდესაც სიმპტომები გაქვთ, სახიფათოა, მაგრამ მარტო სარბენად გასვლა ხალხისგან დაცარიელებულ ადგილას, როდესაც ნიღაბიც გიკეთიათ, ნამდვილად უსაფრთხოა. ”ზოგადი პრინციპი ასეთია: გარეთ უკეთესია, ვიდრე შიგნით; ღიაობა უკეთესია, ვიდრე ჩაკეტილობა; ნაკლები ადამიანი უკეთესია, ვიდრე მეტი; დაიცავით დისტანცია”, – განაცხადა  ნეიროქირურგმა ერიხ ანდერერმა. თუნდაც 2 მეტრის რადიუსზე რომ ჩაუაროთ ვინმეს, ინფიცირების შანსი მაინც ძალიან მცირეა. კონტაქტი მაშინ შედგება, თუ გარკვეული დროის განმავლობაში იქნებით ადამიანთან. ვირუსი ჰაერით არ გადაეცემა, ინფიცირება წვეთოვანი გზით ხორციელდება – ერთი ადამიანიდან მეორეზე. რისკები უფრო მცირდება, თუ ნიღაბს ატარებთ და ხელებით სახესა და თვალებს არ ეხებით.

 

ვარჯიშის/სეირნობის სასარგებლო თვისებები იმუნური სისტემისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის

გარეთ გასვლასა და ვარჯიშს ფენომენალური სარგებელი მოაქვს თქვენი მენტალური ჯანმრთელობისა და იმუნური ფუნქციონირებისთვის. “რომელიმე კვლევიდან ციტატის მოყვანა არ მჭირდება იმის სათქმელად, რომ თუ სახლში მთელი დღის გატარების შემდეგ გარეთ ცოტახნით გახვალთ, თქვენი განწყობაც გაუმჯობესდება.” – განაცხადა  გადაუდებელი მედიცინის ექიმმა ჯედიდია ბალარდმა. 

“ვიტამინი D ასევე დიდ როლს თამაშობს იმუნურ ფუნქციონირებაში. მზის სხივები საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის, რათა იგი აქტიურ ფორმაში გარდაქმნას.” ერთი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 1000 მოზარდს აკვირდებოდნენ, დადგინდა, რომ ისინი, ვინც 5 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად 20 წუთი მაინც სეირნობდნენ, 43%-ით უფრო ნაკლებად ხდებოდნენ ავად, ვიდრე არააქტიური მოზარდები.  Harvard Health-ის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ აქტიური ადამიანი ავად გახდებოდა, ეს არ იყო რთულ ფორმებში ან ხანგრძლივად. 

გულ-სისხლძარღვთა მედიცინის პროფესორმა ზენ იანმა სოციალურ დისტანცირებასთან ერთად რეკომენდაცია გაუწია ვარჯიშს, რადგან მისი კვლევის თანახმად, ამან შესაძლოა რესპირატორული დისტრეს სინდრომისგან დაგვიცვას, რაც კორონავირუსით გარდაცვალების მთავარი მიზეზია. “დიდი პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, უამრავი კვლევა არსებობს ადამიანებში, რომლებიც აჩვენებენ, რომ კარდიო-რესპირატორული ფიტნესი უკუპროპორციულად არის დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველა მიზეზთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო დიდია ვარჯიშის მოცულობა, მით უფრო იზრდება გადარჩენის შანსი, რაც ასევე COVID-19-საც მოიცავს”.

უბრალოდ გარეთ ყოფნაც კი, ბევრი მოძრაობის გარეშე, ჯანმრთელობის ძალიან სასარგებლოა, რადგან სტრესი მცირდება. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ “ტყის აბაზანებს” შეუძლია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა გაზარდოს, რომლებიც ვირუსებს ებრძვიან. “უბრალოდ ლურჯი ცის დანახვაც კი, როდესაც დიდი ხანია გარეთ არ ყოფილხართ, ცვლის განწყობას. ჩვენ ძალიან დიდი სტრესისა და წნეხის ქვეშ ვართ ამ უჩვეულო დროს, ამიტომ გონების გასასუფთავებლად სასეირნოდ წასვლა ნამდვილად ჯანსაღია თქვენთვის, თუ ამას უსაფრთხოდ აკეთებთ.” – განაცხადა მიჩიგანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ენი ბელმა.

 

ყველას არ აქვს სასეირნოდ შესაბამისი პირობები

რა თქმა უნდა, უფრო მარტივია გარეთ გახვიდე, როდესაც სოფლად ცხოვრობ ან შესაბამისი პირობები გაქვს, ვიდრე მაშინ, როცა ხალხმრავალ ქალაქში ხარ და პარკებიც დახურულია. 

ალაქის ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ კრეატიული გზები, რათა მცხოვრებლებს გარეთ გასვლის ნება დართონ ისე, რომ უსაფრთხო დისტანციაც დაცული იყოს, იქნება ეს მანქანებისთვის გარკვეული გზების ჩაკეტვა თუ სანაპიროების/პარკების გახსნა ფეხით მოსიარულეებისთვის, მორბენლებისა და მოცურავეებისთვის. 

ხოლო ჩვენ კი ის გვევალება, რომ უსაფრთხოება და რაციონალურობა შევინარჩუნოთ – დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ ნიღაბი, დავიბანოთ ხელები ხშირად და ავადმყოფობის შემთხვევაში, დავრჩეთ სახლში. ისიამოვნეთ მზით, მაგრამ დაიცავით საკუთარი თავი და სხვები. გახსოვდეთ: We are all in this together.

 

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.