fbpx

“მზიურის” მედიათეკა და გალერეა – ახალი პროექტი ათწლიანი ისტორიით


გააზიარე სტატია



ავტორი: ნიკა ნადირაშვილი

საქართველოში დამოუკიდებელ შემოქმედებით საინიციატივო ჯგუფებს, შეზღუდული სახელმწიფო და კერძო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, დიდი ბრძოლის ფასად უხდებათ სხვადასხვა პროექტის განხორციელება. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, თუ პროექტი სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სივრცის განვითარებას და შემოქმედებითად ამუშავებას გულისხმობს. 

ასეთ რთულ გზას გადის მზიურის მედიათეკის და თანამედროვე ხელოვნების გალერეის პროექტი: 1990-იან  წლებამდე მოქმედი ძველი საბაგიროს მიმღები პუნქტის შემოქმედებით მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის იდეა 2011 წელს გაჩნდა და ის თანამედროვე ხელოვანებს, კოკა ვაშაკიძეს და ვასილ მაჭარაძეს ეკუთვნით. მომდევნო პერიოდში, კინომცოდნე ანუკა ლომიძესთან ერთად, გუნდს „ახალი მზიურის“ დამფუძნებელი ანა გოგუაძეც შეუერთდა. 

პროექტი მრავალი წლის განმავლობაში ვითარდებოდა და 2018 წლის ივნისში საინიციატივო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებულიყო: ღია წერილში მოუწოდებდნენ სახელმწიფო და კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის, რომ ყველას ერთად შეესხა ხორცი გუნდის შემუშავებული იდეისთვის, რომლის მიხედვითაც, ნაგებობის ნულოვან სართულზე კულტურის და ხელოვნების მედიათეკა და სამუშაო სივრცე მოეწყობა, ხოლო მიწისქვეშა სართული მინიმალისტურ საგამოფენო გალერეად ტრანსფორმირდება (3D სრული ვიზუალიზაციისთვის გადადით ბმულზე: http://wasso.de/mziuri/ ).

თბილისის მერია ინტერესით მოეკიდა პროექტს და გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. 2018 წლის 9 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ „ახალი მზიურის“ კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გამართა, სადაც სხვა შემოქმედებით ქვე-პროექტთან ერთად, მედიათეკა-გალერეაც დაასახელა; საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის ვიზუალები (ე.წ. 3D რენდერები) ინტენსიურად ჩანდა საპრეზენტაციო მასალებზეც. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც, რომელმაც პროექტირების დასრულება 2019 წლის ბოლოს / 2020 წლის დასაწყისისთვის დააანონსა, რასაც ამავე წელს უნდა მოჰყოლოდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

პარალელურად, პროექტის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, თბილისის მერია და საინიციატივო ჯგუფი შეთანხმდა, რომ მზიურის მედიათეკა-გალერეა გახდებოდა მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაწილი.

ანუკა ლომიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში შესვლა იურიდიული კუთხით, საკმაოდ ეფექტურია, თუმცა/და რადგან მიტოვებული ნაგებობის ფუნქციური დატვირთვის იდეა ჩვენ გვეკუთვნის და შინაარსობრივი ხედვა სახელმწიფოს ჩვენ შევთავაზეთ, სტრატეგიაზე მუშაობის და პროექტების სრულყოფილად შეკვრის პროცესი ჯობს ბოლომდე ჩვენვე მივიყვანოთ.“

კითხვაზე, თუ ვინ იქნება ჩართული ამოქმედებული შემოქმედებითი სივრცის მართვაში, მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა გვიპასუხა, რომ პოზიციებზე გამოცხადდება კონკურსი, ყველა წესის დაცვით, თუმცა კომუნიკაცია, პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფთან დამყარდება.

27 იანვარს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით: 30 500.00 ლარი, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებულ ორგანიზაციას საბაგირო მიმღები პუნქტის მოკვლევითი და ზედამხედველობის სამუშაოების ჩატარება, ასევე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ევალება. 

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთაგანაც გაიმარჯვა ა(ა)იპ „კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირმა – ამქარმა“. 

“ამქარის” პროექტის ვიზუალიზაციები

„ამქარს“ სამუშაოების განხორციელება უკვე უნდა დაეწყო და 37 კვირაში დაესრულებინა, თუმცა ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ შპს „თ-არქიტექტსმა“ ჟიურის არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი და  შედეგი გაასაჩივრა. „დავის გადაჭრამდე „ამქარის“ სამუშაო პროცესი გაჩერებულია.“ – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერმა ლაშა ჭიჭინაძემ. პროექტის ვიზუალიზაციაბი – თ-არქიტექტს & Tsanava-Maisuradze

 

პროექტის ვიზუალიზაციები – “თ-არქიტექტს & Tsanava-Maisuradze” 

სატენდერო დოკუმენტაციაში გვხვდება შემდეგი ჩანართიც – „იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო, სასურველია მიმწოდებელმა ინსპირაციისათვის გამოიყენოს არსებული ნაგებობის ფორმები“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გამოვლინდა, რომ ნაგებობის მდგრადობა არ არის შესაბამისი, ის უნდა დაინგრეს და მის ნაცვლად აშენდეს მსგავსი. აღნიშნულ შესაძლო გადაწყვეტას მხარს არ უჭერენ არც საინიციატივო ჯგუფის წევრები და არც მედიათეკების გაერთიანება, რამდენადაც საპროექტო ინიციატივის მიზანს სწორედ აღნიშნული შენობის „გაცოცხლება“ წარმოადგენდა.

უცნობია როგორ გადაწყდება სასამართლო დავა,  როგორი იქნება გამარჯვებული კომპანიის ექსპერტიზის დასკვნა –  ნაგებობა დემონტაჟს დაექვემდებარება თუ რეაბილიტაციას; ასევე ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას იქონიებს Covid-19-ის გავრცელების საპასუხოდ შექმნილი საგანგებო მდგომარეობა სამუშაოების ინტენსივობაზე, რომელთაც, წესით, საგანგებო რეჟიმი არ უნდა შეეხოს, რამდენადაც ინფრასტრუქტურული პროექტია. 

შედეგად, ადრე თუ გვიან, საზოგადოება კიდევ ერთ შემოქმედებით სივრცეს მიიღებს და იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ავტორებს შეუნარჩუნდებათ მათი უფლებამოსილება პროექტზე და მიეცემათ მართვის საშუალება, ეს იქნება საჯარო-კერძო თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი წარმატებული პრეცედენტი კულტურის სექტორში; საპირისპირო შემთხვევაში, გაიზრდება უნდობლობა აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის მიმართ.

აღნიშნული სტატია მომზადდა ევროკავშირის/იუნესკოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების“ ფარგლებში. პროექტის მიმდინარეობისას ამ და სხვა მედიაპლატფორმებზე შემოგთავაზებთ თემის ირგვლივ ანალიტიკურ სტატიებს, რომლებიც შეეხება საქართველოში შემოქმედებითი სივრცეების განვითარება-მხარდაჭერას და ზოგადად, სექტორში არსებულ გამოწვევებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.