ვოიერიზმის ახალი სამყარო
“უცნაურ დროში ვცხოვრობთ, არა?” ყველას გვსმენია ეს გამოთქმა, თუმცა უცნაურები ჩვენ თვითონვე ვხდებით. მსოფლიო ჩაკეტილობამ გვაიძულა ფანჯრებიდან გაგვეხედა, გვეპოვა რაღაც ან ვიღაც, ვინც ჩვენს ყურადღებას მიიქცევდა და გაგვახალისებდა.
ჩვენ ყოველდღე ვადევნებთ თვალს ჩვენ წინ მცხოვრებ მეზობლებს ან ვისმენთ მათ მიერ ვიოლინოთი შესრულებულ ნაწარმოებებს. თითქოს თბილად განათებული ფანჯრები მათ ცხოვრებაში გვიწვევენ. სხვა ადამიანების ცხოვრების ყურება არსებითად ადამიანური ინტერესია. ზოგიერთმა შესაძლოა ამ ყველაფერს თვალთვალი ან ცნობისმოყვარეობა უწოდოს. ვოიერიზმი ყოველთვის იქნება ტაბუირებული, მაგრამ როცა რაღაც საინტერესო ხდება, ხალხი თავშეკავებულობას ცოტა ხნით ივიწყებს.
გვსურდა ვოიერიზმის სხვადასხვა ფორმის რამდენიმე მაგალითი წარმოგვედგინა. ალბათ საინტერესოა ვისაუბროთ აუღიარებელ ჰობიზე, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ახლა უფრო დიდ დროს უთმობს, ვიდრე წარსულში.
გაილ ალბერტ ჰალაბანის პარიზის ხედები
”ძალიან მინდოდა მთელი ქალაქის ნახვა და ამის ერთადერთი გზა სხვა ადამიანების ბინები იყო. ვიცი, რომ ეს ყველაფერი უცნაური, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ უკანონოც კია, მაგრამ მე ვარ მეგობრული “ფანჯრიდან დამკვირვებელი”, – აღნიშნა გაილ ჰალაბანმა, ამერიკელმა ფოტოგრაფმა, რომელიც ცნობილი უცნობებისთვის ფანჯრიდან გადაღებული სურთებით გახდა.
ჰალაბანის ნამუშევრები გვაიძულებს მონაწილეობა მივიღოთ ვოიერისტულ ქცევაში, რამდენადაც მონაწილეებმა არ იციან, რომ მათ სხვადასხვა საქმის კეთებისას კამერა იღებთ. აქ ჩნდება შეკითხვა. თუ ეს რეალურ ცხოვრებაში ტაბუირებულია, ამ ყველაფრის ხელოვნებაში ასახვასაც ტაბუ ადევს?
ვებკამერები ფანჯრებში
ინტერნეტი, რა თქმა უნდა, ვოიერისტთა სამოთხეა, სადაც საშუალება ეძლევათ რეალურ დროში მთელი დედამიწა დაათვალიერონ. არიან ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, საკუთარ სახლებში კამერები დაეყენებინათ და მთელ მსოფლიოს შესძლებოდა დღის განმავლობაში მათ პირად ცხოვრებაზე დაკვირვება. Drive Me Insane 1997 წლიდან მაყურებლებს საშუალებას აძლევს ბინის მეპატრონეები პირდაპირ ეთერში შეშალონ ჭკუიდან.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ოთახში არსებული სხვადასხვა ნივთი გააკონტროლონ: ჩართონ და გამორთონ ნათურები, წერონ შეტყობინებები კომპიუტერის ეკრანზე და ეს ტექსტი ხმოვან სინთეზატორში გააჟღერონ. ერთ-ერთი მონაწილე პოლ მათისი ამბობს: ”პატარა კამერის არსებობა, რომელიც ჩემი მონიტორის თავზეა მოთავსებული და მითვალთვალებს, საერთოდ არ მაწუხებს. ჩემს ქცევას არ ვგეგმავ იმ ადამიანების შიშით, რომლებიც მთელი მსოფლიოდან მადევნებენ თვალს (თუმცა, ვცდილობ ყოველთვის ჩაცმული ვიყო)”.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რამ უბიძგა მას ამ საქციელისკენ. თუმცა ჩვენ ყველას გვაქვს სოციალური მედიის ანგარიში და ჩვენი ცხოვრების უზარმაზარ ნაწილს სხვა ადამიანებს ვუზიარებთ. დაუფიქრებლად ვაქვეყნებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად ვმოგზაურობთ, რას ვჭამთ, ვის ვხვდებით და რას ვკითხულობთ. ჩვენ მათგან განსხვავებულები ვართ?
ნევადაში, საქორწინო სამლოცველოს, Viva Las Vegas-ს ცოცხალი კამერა აქვს, რომლის საშუალებითაც მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ, თუ როგორ გადაწყვეტილებას იღებენ მთვრალი წყვილები, რომელსაც, რა თქმა უნდა, მეორე დილას ინანებენ. უცნობია, იციან თუ არა პირდაპირი ტრანსლაციის შესახებ ელვისის თემატური ქორწილების მონაწილეებმა, თუმცა Covid-19-ის გამო საქორწინო სამლოცველოში სიჩუმემ დაისადგურა.
მერი ალპერნის “ბინძური ფანჯრები”
1995 წელს მერი ალპერნმა გამოსცა თავისი საკამათო, მაგრამ აღიარებული სერია Dirty Windows. ფოტოწიგნში განთავსებული იყო ერთ-ერთი საცეკვაო კლუბის სააბაზანოში ჩუმად გადაღებული ფოტოები. ფოტოებზე აღბეჭდილი იყო ქალთა და მამაკაცთა თამამი სცენები, არალეგალური სექსი, ნარკოტიკები, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აშშ-ის კონგრესის წევრებმა ალპერნის ნამუშევრები გამოიყენეს არგუმენტაციისთვის ხელოვნების ეროვნული ფონდის დასაცავად.
“მიუხედავად იმისა, რომ ქალური ხედვა არასოდეს მაინტერესებდა, როგორც ქალმა შევძელი საკუთარი გამოცდილების ფანჯრებში არსებულ პანტომიმაზე პროეცირება”, – წერდა მერი თავის წიგნში. კლუბი წიგნის გამოსვლის შემდეგ მალევე დაიხურა.
მთავარ მუზეუმებში მისი ფოტოები განიხილება, როგორც ძალადობის ნორმალიზებისა და მამაკაცთა დომინირების სიღრმისეული გამოკვლევა. მერის რამდენიმე ფოტო არის MoMA-სა და Whitney-ში მუდმივ კოლექციაშია. ერთმა კრიტიკოსმა მერი ალპერნი ედგარ დეგას შეადარა.
“კამერის გამოყენებით მერი ალპერნი ახერხებს გადმოსცეს იმ ქალების ტანჯვა და ადამიანურობა, რომლებიც სიამოვნებისთვის მუშაობენ და შიშვლები ცეკვავენ ხარბი მამაკაცური მზერის წინაშე. ისევე, როგორც მხატვარი ედგარ დეგა ასახავდა მეძავებს და საოპერო მოცეკვავეებს, მერი ალპერნიც წინა პლანზე მათ დაუცველობას წარმოაჩენს.
ვოიერიზმი ჩვენს საყვარელ ნახატებში
ედვარდ ჰოპერის ვოიერიზმის პერსპექტივები საჯარო და კერძო, შიდა და გარეთა სივრცეებს შორის არსებულ საზღვარს ააშკარავებს; ჩვენ კი მასთან ერთად ვართ, ერთობლივად ვუყურებთ.
მანეს ყველაზე ცნობილი ნახატი “საუზმე ბალახზე” (Le Déjeuner sur l’herbe) XIX საუკუნის პარიზის მხატვრული წრეებისთვის შოკისმომგვრელი იყო. იმ დროს იმპრესიონისტ მხატვარ ედგარ დეგას იმ ქალების ხატვა სურდა, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ მათ ფარდის მიღმა ვოიერისტი უთვალთვალებდა. მანეს ნახატზე ცენტრალური შიშველი ფიგურა დაჟინებით იყურება. თითქოს იგი არ არის წინააღმდეგი, რომ მას უყურონ. მისი პოზა შემთხვევითი და ბუნებრივია, რამაც 150 წლის წინ პარიზელები აღაშფოთა, რამდენადაც ქალაქში მეძავების რაოდენობის ზრდა სულ უფრო და უფრო აღელვებდა ბურჟუაზიას.
“განდეგილი” მოთვალთვალე და მისი ქუჩის ვოიერიზმი
ჩეხი მიროსლავ სტიხი კიჟოვში სამოყვარულო კამერით დღეში ასეულობით ფოტოს იღებდა. მას ხშირად ხედავდნენ ავტობუსების გაჩერებებზე, დაეხეტებოდა თავისი ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და საცურაო აუზებზე. მას ხშირად აკავებდნენ თვალთვალისა და უნებართვო ფოტოების გადაღების გამო.
მისი ნამუშევრები ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ იყო დამალული. ერთხელაც მისმა ბავშვობის მეგობარმა და მეზობელმა ფოტოები გაუმჟღავნებელი ფირებისა და მუყაოს კამერების გროვაში აღმოაჩინა. ამის შემდეგ ფოტოგრაფის ნამუშევრები მსოფლიოს მუზეუმებსა და გალერეებში, მათ შორის ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში გამოიფინა.
2004 წელს მიროსლავ სტიხის ფოტოები თანამედროვე ხელოვნების ბიენალეზე სევილიაში წარმოადგინეს, მომდევნო წელს კი ნამუშევრებმა Rencontres d’Arles-ის 2005 წლის ჯილდო მიიღო. ამას მოჰყვა მისი ნამუშევრების რეტროსპექტივები ციურიხსა და პარიზში, თუმცა სტიხი არასდროს დასწრებია თავის გამოფენებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში განდეგილად დარჩა.
ვოიერისტი ყველა ფოტოგრაფში არსებობს და ეს აუცილებელიცაა. საკითხავი ისაა, თუ როდიდან ხდება ქუჩის ფოტოგრაფი ფარული მონსტრი კამერით ხელში.
Gay Talese-ის მიხედვით, კოლორადოში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი ჯერალდ ფოსი ორი ათეული წელი თავის სტუმრებს სპეციალურად დამონტაჟებული სავენტილაციო ნახვრეტიდან – “საყურებელი მოედნიდან” – უთვალთვალებდა.
ჰიჩკოკის “ეზოში გამავალი ფანჯარა”
ალფრედ ჰიჩკოკმა ადამიანური ვოიერიზმის უცნაური ბუნება განადიდა. ეს თემა მის ბევრ ფილმში მეორდება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის უფრო აქტუალური, ვიდრე “ეზოში გამავალი ფანჯარა”. სტელას პერსონაჟი, რომელიც ტელმა რიტერმა ითამაშა, მოთვალთვალეთა მოდგმას გვიწოდებს. აუდიტორია ვოიერისტული ქცევის მონაწილეა, რამდენადაც მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ჯეიმს სტიუარტი ასრულებს, ეტლში ყოფნისას თავის მეზობლებს უთვალთვალებს. ჰიჩკოკს ამ ყველაფრით არა აუდიტორიის თვალთვალში დადანაშაულება, არამედ სხვა რამის თქმა უნდოდა…
ჯონ ფაველი, ბოსტონის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფესორი წერს:
“ვოიერიზმი შეიძლება იყოს ჯანსაღიც. სწორედ ჯეფის თვალთვალის საშუალებით გაიხსნა ტორვალდის მკვლელობის საქმე. ორი საათის განმავლობაში ფილმის ყურება საერთოდ არ გვიტოვებს იმ განცდას, რომ ვოიერისტები ვართ. უფრო მეტიც, ფანჯრებიდან სხვა ადამიანების ცხოვრების დანახვა გვაფიქრებს, თუ როგორ იტანჯებიან ისინი ერთმანეთთან სიახლოვისას, ვხდებით უფრო მგრძნობიარენი სამყაროში მარტოობის მხარეებისა და ხმების მიმართ”.
ახლა, როდესაც სამყაროსთან ერთად ჩვენი ცხოვრებაც შენელდა, იქნებ ყურადღებით დავაკვირდეთ ყოველდღიურობას, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით?! დავინახოთ მეზობლის მარტოობა ან უსახლკარო ადამიანები, რომლებიც ცარიელ ქუჩებში ახლა უკვე შესამჩნევები არიან.
ორიგინალი: https://www.messynessychic.com/