fbpx

ჟენევის “სახარშავი”, ანუ 4 სვეტზე აწყობილი ნარკოპოლიტიკა


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარა ჩხეიძე

1990-იან წლებში შვეიცარიამ ნარკოდამოკიდებულებთან მიმართებით “ოთხი სვეტის მოდელი” დანერგა. ეს მოდელი სპეციალისტებმა შეიმუშავეს, როგორც ყველაზე ეფექტური, პროგრესული და ინოვაციური სისტემა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შედეგი მალევე გამოაშკარავდა, ნარკოტიკით სიკვდილიანობის და ნარკოკრიმინალის მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო ქვეყანაში, ნარკოდამოკიდებული პირების ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და  სახალხოდ ნარკოტიკის მოხმარების ფაქტებიც შემცირდა ქალაქებში. 

4 სვეტის მოდელი

  • #1. პრევენცია

პრევენციის მიზანია შეამციროს ნარკოტიკის მოხმარება და ხელი შეუშალოს ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ის ცდილობს ხალხი, განსაკუთრებით, ბავშვები და მოზარდები, დააინტერესოს სხვადასხვა საქმიანობით და თითოეულ ადამიანს თავისი ნიჭის და რესურსი გამოყენებაში შეუწყოს ხელი. 

ეს საქმიანობები ასუსტებს ნარკოტიკის მოხმარების ინტერესს და სურვილს. ყველა სოციალური ინსტანცია – სკოლა, სამეზობლო თუ საცხოვრებელი უბანი ამ მიმართულებით ვითარდება. ერთი მხრივ,  რომ ნულამდე დავიდეს მოხმარება და მეორე მხრივ,  მოხმარებამ დამოკიდებულება არ გამოიწვიოს.

უბნებში გახსნილია სოციალური თავყრილობის გასართობი და საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც აღმზრდელები და სოციალური მუშაკები სხვადასხვა გასართობ პროგრამებს  სთავაზობენ იქ მცხოვრებეს.

  • #2. თერაპია

თერაპიის მიზანია გვერდში დაუდგეს ნარკოდამოკიდებულ ადამიანს და  დაეხმაროს ნარკოტიკის  დაძლევაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ხელი შეუწყოს მის სოციალურ და პროფესიონალურ ცხოვრებაში ინტეგრაციას.

არსებობს მკურნალობის სხვადასხვა სახეობა:  რეზიდენციალური თერაპია, ამბულატორიული მკურნალობის კურსი, გადაგდებისკლინიკა და მეტადონის, ჰეროინის ან სხვა ჩანაცვლებითი მედიკამენტით (Méthadone, Sevre-Long…) მკურნალობის პროგრამა. ეს ფსიქიატრებით და ფსიქოლოგებით გარშემორტყმულ სივრცეში რეალიზდება და მის საფასურს საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა ფარავს. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს არ უნდა ან არ არის მზად “გადაგდებისთვის”. ამ შემთხვევაში “ზიანის შემცირების” სვეტი აქტიურდება…

  • #3. ზიანის შემცირება

მიზანი: შეინარჩუნოს ნარკოდამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და სოციალური ინტეგრაცია ნარკომოხმარების ფაზაში ყოფნისას და მათ არ დაუკარგოს ნარკოდამოკიდებულებიდან გამოსვლის იმედი. 

ხშირად ისინი საზოგადოების “ზღვარზე” აღმოჩნდებიან, კარგავენ სამსახურს, მეგობრებს, საცხოვრებელ ადგილებს, აღარ აქცევენ ყურადღებას ჰიგიენას, კვებას და ა.შ. მათი ფიზიკური, ფსიქიკური თუ სოციალური მდგომარეობა ნაკლებად ზიანდება მიღებული დახმარების მეშვეობით. ასევე ნაკლებად ელახებათ ადამიანური ღირსებები. მათ სთავაზობენ მარტივ სერვისებს უფასოდ ან სიმბოლურად დაბალ ფასში. შემოთავაზებებში შედის სოციალური სფეროები, მაგალითად: დროებითი საცხოვრებლები, მცირე სამსახურები, კვება და სანიტარია, ასევე საინექციო ატრიბუტიკაც. აბსტინენცია (მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება) არ არის სავალდებულო კრიტერიუმი. 

ზიანის შემცირება ასევე სასიკეთო აღმოჩნდა საჯარო სივრცისთვის, სადაც ნახმარი ატრიბუტიკა და ნარკოტიკის მოხმარების ფაქტები აღარ აღინიშნება.

  • #4. რეპრესია

მიზანი: შეამციროს შავ ბაზარზე არსებული პროდუქტი, დასძლიოს ნარკოტრაფიკი, არალეგალური ფინანსური ტრანზაქციები და ორგანიზებული დანაშაული. 

 

მიღებული ზომები

1991 წელს ჟენევაში შეიქმნა ასოციაცია Première Ligne, რომელმაც ზიანის შემცირების მიზნით პირველი საპრევენციო და საინფორმაციო ავტობუსი – Bips გახსნა.

ის საღამოობით იყო ღია და ნარკომომხმარებლებს სთავაზობდა ნახმარი საინექციო ატრიბუტიკის გამოცვლას, არიგებდა პრეზერვატივებს, საყნოს მილებს, ალუმინის ფურცლებს (ჰეროინის მოსაწევად), სხვადასხვა სახის ინფორმაციას და რაც მთავარია  მომხმარებელს სთავაზობდა უსაფრთხო სივრცეს, სადაც მათ თავიანთ პრობლემებზე თავისუფლად საუბარი შეეძლოთ.

1996 წელს ასოციაცია Aspasieსთან თანამშრომლობით, დაემატა მეორე საპრევენციო ავტობუსი Boulevards, რომელიც სექსის მუშაკი და ნარკომომხმარებელი ქალებისთვის იყო განკუთვნილი.

ამავე წელს დაიწყო საველე სამუშაოები ბაზრის შესწავლის მიზნით. პროფესიონალები ქალაქში დადიოდნენ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკს და მოხმარების წესებს აკვირდებოდნენ.

ამ პრაქტიკამ  და პოლიტიკამ აჩვენა Quai 9-ის (“ბაქანი 9”) გახსნის საჭიროება, რომელიც 2001 წელს ჟენევის ცენტრში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. ჟენევის სადგურს მხოლოდ 8 ბაქანი აქვს, მისი სახელწოდებაც სწორად აქედან დაიბადა.  მას ქართველები “სახარშავს” უწოდებენ. ეს დაბალი რისკის სამომხმარებლო დარბაზი ევროპაში ერთ-ერთი პირველია. ის დაკომპლექტებულია სოციალური მუშაკებით, მედდებით და აღმზრდელებით. ნარკოდამოკიდებულ პირებს შეუძლიათ ანონიმურად მოიხმარონ ნარკოტიკი ცხოვრების და ჯანმრთელობისთვის არასაზიანო პირობებში.

ბაქანი 9 ძირითადად სისხლით გადამდები ვირუსების გავრცელებას ებრძვის, როგორიცაა HIV და  C ჰეპატიტი, მაგრამ სხვა სერვისებსაც სთავაზობს სხვადასხვა ასოციაციებთან თანამშრომლობით.

მისი გახსნიდან ძალიან მალე სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ნარკომომხმარებლებში  HIV-ით ინფიცირების კოეფიციენტი ნულს გაუტოლდა, ხოლო C ჰეპატიტი 70%-ით შემცირდა*.

 

*HIV-ვირუსი კვდება, როგორც კი სისხლი შრება, ხოლო HEP.C თითქმის 1 კვირა ცოცხლობს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.