fbpx

ვუჰანის “ჩვეულებრივი ცხოვრება” – მწვანე, ყვითელი და წითელი პირადი კოდები – Bloomberg Businessweek


გააზიარე სტატია

ფოტო: Gilles Sabrie


ვუჰანში ყოველდღიური რუტინა დიდწილად განახლდა, მაგრამ მნიშვნელოვანი შეზღუდვები კვლავ არსებობს: დაკრძალვებიდან დაწყებული, სახლში სტუმრების მიღებით დამთავრებული. ჩინეთის ძლიერი მეთვალყურეობის სისტემის დახმარებით, თუნდაც უმარტივესი ურთიერთობებიც კი,  საზოგადოებრივი და კერძო მონიტორინგის უზარმაზარი ინფრასტრუქტურის შუამავლობით ხორციელდება. მათი მიზანია, რომ არცერთი ინფექცია არ დარჩეს აღმოუჩენელი რამდენიმე საათზე მეტი დროით. 

ჩინეთში Covid-19-ის თითქმის 84 000 დადასტურებული შემთხვევის 80%-ზე მეტი და დაახლოებით 4600 გარდაცვლილიდან 95%-ზე მეტი აღმოსავლეთ პროვინციაში, ჰუბეიში დაფიქსირდა, რომლის დედაქალაქი ვუჰანია.

ამის კონტროლი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა პრეზიდენტ სი ძინპინის მთავრობის მიერ განხორციელებული რიგი შეცდომების შემდეგ, როდესაც მათ ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნიეს ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის რისკი და ვერ მოახერხეს  სამედიცინო პერსონალში ინფექციის გავრცელების თავიდან არიდება.  

ჰუბეი ჩინეთის ბოლო რეგიონი იყო, რომელმაც ყოველდღიური ცხოვრება განაახლა, მარტის ბოლოდან 8 აპრილამდე მოძრაობის შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნით, ეპიდემიის დაწყებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ.

მთავრობამ ეს მომენტი გადამწყვეტი გამარჯვების სახით წარმოადგინა – ყოვლისმომცველი ძალისხმევის ნაწილი, რომ ვირუსის შესახებ ამბავი კომუნისტური პარტიის ტრიუმფად გამოცხადდეს, დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებში კატასტროფული გავრცელების მიუხედავად. 

7 აპრილის გვიან ღამით, ხალხის დიდი მასა ჩამოვიდა ვუჰანის სადგურში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე  დიდ სარკინიგზო ცენტრში. კვირების შემდეგ პირველი შემოვლითი მატარებელი გუანჯოუს მიმართულებით დილის 12:50 საათზე უნდა გამგზავრებულიყო, რასაც შემდგომ მოჰყვებოდა ჩინეთის დიდი ქალაქების რეისები. 

პოლიციელები შავ ფორმასა და სამედიცინო ნიღბებში ყველგან იყვნენ. “დაასკანერეთ თქვენი კოდი!” – უყვიროდნენ მგზავრებს. 

საჯარო-კერძო „ჯანდაცვის კოდის“ სისტემა, რომელიც ჩინეთმა  Covid-19-ის მართვისთვის შეიმუშავა, Alipay-სა და WeChat-ის აპლიკაციებშია განთავსებული, მაგრამ მთავრობასთანაა დაკავშირებული. ეს სისტემა ყველა მოქალაქეს ანიჭებს ვირუსული რისკის 3 სტატუსიდან რომელიმე ფერს – წითელს, ყვითელს ან მწვანეს. ეს ძლიერი იარაღია, ბოროტად გამოყენების მკაფიო შესაძლებლობებით. მწვანე QR კოდი ნიშნავს ინფიცირების დაბალ რისკს, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეს ყვითელი ფერი ენიჭება და სავალდებულო კარანტინი მოეთხოვება, ხოლო წითელი კი სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევას აღნიშნავს.

 

ქალაქებს შორის მოგზაურობისთვის მწვანე კოდია საჭირო, 22 წლის ზენგ შაო კი, მიუხედავად ამ სტატუსისა, მატარებლით მგზავრობამდე მაინც ნერვიულობდა.

 “არსებობს შანსი, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში გამაჩერონ”, – განაცხადა მან. სადგურთან მისვლამდე ზენგმა რამდენჯერმე შეიმოწმა სიცხე, შეშფოთებული იყო, რომ ოდნავ თბილი ტემპერატურაც კი ხელს შეუშლიდა Guangzhou-ში გამგზავრებაში, სადაც ის მასწავლებლად მუშაობს. “ჩემი კატა სამი თვეა არ მინახავს”. რეალურად, სანერვიულო არაფერი ყოფილა. მისი ტემპერატურის სკანირება ნორმალური იყო და მან მალევე შეძლო სამხრეთისკენ მიმავალ მატარებელზე ასვლა. 

ვუჰანის Biandanshan-ის სასაფლაოს შესასვლელში შთამბეჭდავი ქვის კარიბჭეა, რომელსაც პაგოდის სტილის სახურავი აქვს და მასზე სასტიკი შესახედაობის დრაკონია ამოჩუქურთმებული.

აქ შესვლა 30 აპრილამდე აკრძალული იყო და შესაძლებელია მკაცრი კონტროლი კვლავ გაგრძელდეს. 

ოფიციალურად ვუჰანში კორონავირუსისგან არცერთი პაციენტი არ კვდება, მაგრამ ის საკითხი, თუ როგორ ასაფლავებენ გარდაცვლილებს, უკიდურესად სენსიტიურია. 4 აპრილს ჩინეთში Tomb-Sweeping-ის დღე აღინიშნება, როდესაც ოჯახები ტრადიციულად იკრიბებიან თავიანთი წინაპრებისადმი პატივის მისაგებად, მაგრამ წელს ყველაფერი სხვანაირადაა – ვუჰანის სასაფლაოები დაიკეტა. 

დაღუპულთა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ზეწოლას გრძნობენ, რადგან მათგან მშვიდად და სწრაფად გლოვას ითხოვენ.

მთავრობის განცხადებით, ეს ზომები მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია, რადგან ოჯახური შეკრებები ინფიცირების შანსს ზრდის. მოსახლეობა აღშფოთებულია, ისინი აგრესიას გამოხატავენ ეპიდემიის მართვის შესახებ, სვამენ არცთუ ისე კომფორტულ კითხვებს, მათ შორის  ჩინეთის ნამდვილი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

რა მიზეზებიც  უნდა ჰქონდეს აკრძალვის შენარჩუნებას, ვუჰანში ფსიქიატრები შიშობენ, რომ საყვარელი ადამიანების სათანადოდ გლოვის შეზღუდვას ღრმა და ხანგრძლივი ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვება.

 

ორიგინალი: https://www.bloomberg.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.