fbpx

“არცხოვრების” ტკბილი შეგრძნება – ლადო ფოჩხუას დღიურები ნიუ-იორკიდან


გააზიარე სტატია


ავტორი: ლადო ფოჩხუა

 

კარანტინი, დღიური #57

ქარიანი მზიანი ამინდია. ბავშვები. ფაციფუცი. თამაში. წიგნები. ტეოდორი აუჩქარებლად კითხულობს ამერიკელი მწერლის, რიკ რიორდანის რომანს “პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები”. კითხულობს სიამოვნებით. ძველბერძნული ეპოსი მე მას ბევრჯერ მოვუყევი, ჯერ კიდევ ჩვილობისას. ცნობს რომანის ყველა პერსონაჟს. მედუზა გორგონა. პოსეიდონი. მინოტავრი. პერსევსი. პოსტმოდერნიზმი და ინტელექტუალობა საბავშვო წიგნში. აი ასე…

22 აპრილს ოქსფორდში დაიწყება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოცდა. ცდები ჩატარდება მოხალისეების პირველ ჯგუფზე. 510 ადამიანი. ყველაზე საუკეთესო სცენარით სრულფასოვანი ვაქცინის მომზადებას წელიწადი დასჭირდება.  

ვფიქრობდი სალი მენის ნამუშევრებზე. გადაღების ნელი პროცესი. ძველისძველი კამერა. თემების საგულდაგულო შერჩევა. გადავფურცლე სიუზან ზონტაგის ესე ფოტოგრაფიაზე – “ეპოქა, როდესაც გადაღებისთვის ვეებერთელა და ძვირფასი ხელსაწყოები – სათამაშოები გამოცდილთათვის, მდიდრებისა და შეპყრობილთათვის, ძალიან შორეულად მოჩანს დღევანდელი მოსახერხებელი ჯიბის კამერებთან შედარებით, რომლებითაც ნებისმიერს აქვს გადაღების საშუალება. პირველი აპარატებით, რომლებიც საფრანგეთსა და ინგლისში 1840-იან წლებში მზადდებოდა, სარგებლობა მხოლოდ გამომგონებლებსა და ენთუზიასტებს შეეძლოთ… ფოტოგრაფია ნებაზე დამოკიდებული, ანუ მხატვრული საქმიანობა იყო”.

ზონტაგი დარწმუნებულია, რომ უშველებელი კამერებისა და მოკირკიტე, ჯიუტი ოსტატების დრომ უკვე ჩაიარა, ფოტოგრაფია – ეს უბრალო და ჩვეულებრივი რამაა. ზონტაგი, რა თქმა უნდა, მართალია… თუმცა ჩვენს დროში არსებობს სალი მენი, ასე გადაღება კი მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ეს მშვენიერია.

 

კარანტინი. დღიური #65

თავსხმა. მთელი ღამე. მთელი დღე. ვუსმენდი საყვარელ ოლივიე მესიანს – “Quatuor Pour La Fin Du Temps” (“კვარტეტი ჟამთა აღსასრულს”) ვიოლინოს, კლარნეტის, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. შედევრი დაწერილია ჯარისკაცი/გენიოსი/კომპოზიტორის მიერ, რომელიც ვერდენთან გერმანელების ტყვეობაში მოხვდა. პრემიერა ტყვეთა ბანაკში გაიმართა. 

1941 – დროებისა და ეპოქის დასასრული.

საყვარელი კამერული მუსიკა. ბინდბუნდში მოარული მელოდია. გამოუთქმელობა. ჩიტის ნავარდი. ლიტურგია. თაყვანი უსასრულობას.

ბავშვები ხატავდნენ, მე კი ვფიქრობდი კლასიკურ რომანებზე. რა აქცევს ტექსტს კლასიკად? ცხოვრებაში ინტეგრირებისა და ყოველი ახალი თაობისთვის საინტერესოდ დარჩენის უნარი. იტალო კალვინო ამტკიცებდა, რომ – “კლასიკური წიგნი ყოველი ხელახალი წაკითხვისას გვთავაზობს იმდენივე ახალ აღმოჩენას შეგრძნებების მხრივ, როგორც პირველად წაკითხვისას”.

გამახსენდა, რომ ერთხელ ბრუკლინის კაფე “მელია და ბლინებში” (The Fox & The Crêpes), ტელეფონზე ჭორაობისას, ბარმენმა თქვა: “Ishmael, call me” (იშმაელ, გადმომირეკე). ეს პრაქტიკულად მელვილის დიადი ფრაზის თავდაყირა გადმოტრიალებული ვარიანტია – “Call me Ishmael” (მე იშმაელი მქვია), რომელიც მკითხველისთვის რომან “მობი დიკს” ხსნის. იმწუთას გამიჩნდა მოთხრობის დაწერის იდეა, სადაც პირველი ფრაზა ბარმენის ნათქვამი იქნება – “იშმაელ, გადმომირეკე”. მაგრამ როდის მექნება მოთხრობის დაწერის დრო?

ახალი ამბები. ამერიკული კომპანია Gilead Sciences-ის Remdesivir დღეს კვებისა და სამკურნალო პრეპარატების კონტროლის სამმართველომ დაამტკიცა, როგორც დამხმარე საშუალება კორონავირუსის მკურნალობისას. Remdesivir ავადმყოფობის დროს საშუალოდ 4 დღით ამცირებს. 

ეს კი “მობი დიკისთვის” როკუელ კენტის მიერ შექმნილი საყვარელი ილუსტრაციებია.

 

კარანტინი. დღიური #66

აპრილის ბოლო დღე. ღრუბლები. ქარი. წვიმის მოლოდინი. ნესტი. ვამჩნევ, რომ ბავშვები მიეჩვივნენ მშვიდი ცხოვრების წესს. არც სკოლა. არც სპორტი. არც განრიგი. არც ბიბლიოთეკები. არც პარკები. გაკვეთილების მომზადების შემდეგ ტეოდორი ეზოში ბურთს აკაკუნებდა. უნა ხატავდა. მე მას “უფროსების” საღებავები და ზეთის პასტელი ვაჩვენე. თვალები გაუბრწყინდა. სამი წლის ოსტატი. იმუშავა რამდენიმე საათი. 

“დღეს ისე არ გამომივიდა, როგორც მინდოდა…”, – წარმოთქვა მან ხატვის დასრულების შემდეგ, თავისი ნამუშევრების ნაღვლიანად თვალიერებისას.

“მე კიდევ მომწონს, – დავამშვიდე. – გინდა ფოტო გადავუღო?”

“კი…”, დამთანხმდა ის და თავისი აბსტრაქციები წინ გამიშალა.

ვფიქრობდი სახლზე. მთავარი მიზეზი ნიუ-იორკის სიყვარულისთვის? მისი მოუხეშაობა. მე მას შევეჩვიე. ასე მგონია, რომ ნიუ-იორკში არ “ვცხოვრობ ცხოვრებით.” ეს ტკბილი შეგრძნება “არცხოვრების”, საშუალებას გაძლევს ზედაპირზე დარჩე, თავი ახალგაზრდად ჩათვალო, იკითხო, ხატო, სისულელეები აკეთო. ნიუ-იორკში ყველაფერი დროებითია – ფული, დიდება, ურთიერთობები. მთლიანად ადამიანისგან შექმნილი სამყარო. და “ცხოვრებით ცხოვრება” ეს უკვე სერიოზულია, ეს ტანჯვა და მსხვერპლშეწირვაა. ეს ცინცინატია. ბაქო. ქუთაისი. სამარა. ჩახუთული ოჯახური თანაარსებობა. ნიუ-იორკი კიდევ – ჩვენი ქალაქი არაა (არც თქვენი, არც მათი). რომელი მიჯაჭვულობებია აქ ნამდვილი, გარდა საფეხბურთო გუნდებისადმი მიჯაჭვულობისა? და კიდევ: ნიუ-იორკი კინემატოგრაფიულია. ქალაქი დეკორაცია. აქ ბევრს აქვს შეგრძნება, რომ ფილმში ცხოვრობენ. ადგილობრივი შეშლილობის ფორმა. რა ფილმი? პასუხი ამაზე არავის აქვს. უცნაური შეგრძნებაა. 

ეს კი ჩემი სამი წლის გოგონას დღევანდელი ნამუშევრებია.

ხვალ მაისია.

და ეს კარგია…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.