fbpx

“COVID-19 და კულტურის სექტორის კრიზისი” – პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება გრძელდება


გააზიარე სტატია

2020 წლის 28 აპრილს კულტურის სექტორში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის სახელით გავრცელდა პეტიცია, სახელწოდებით “COVID-19 და კულტურის სექტორის კრიზისი”, რომლის ადრესატები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა და ქ. თბილისის მერია. 

პეტიციაზე ხელმომწერები ადრესატებს მოუწოდებენ მაქსიმალურად სწრაფად შეიმუშაონ კულტურის სფეროსთვის კონკრეტული კრიზისული და პოსტკრიზისული ხედვის სამოქმედო გეგმა და საზოგადოებას წარუდგინონ; ასევე, დაიცვან სფეროში მომუშავე ორგანიზაციების და დასაქმებულების ინტერესები. 

AT.ge პეტიციის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ალექსი სოსელიას ესაუბრა.

 

AT_: რატომ გადაწყვიტეთ ამ პეტიციის შედგენა?

ალექსი სოსელია: პეტიცია იყო მიმართვის ფორმა, რომლის ადრესატებიც იყვნენ კულტურაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები და საზოგადოება. ეს იყო იმ მოთხოვნების შეჯამებული ტექსტი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც ბოლო თვეების მანძილზე კულტურასა და განათლებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებთან მიმართებაში გაჩნდა. 

დაგეგმილი კონკურსების არაერთხელ გადაწეულმა ვადებმა სახელოვნებო სფეროში გაურკვევლობა გამოიწვია. კულტურა და განათლება არ მოხსენიებულა არცერთ კრიზისულ თუ ანტიკრიზისულ დოკუმენტში და შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვა – ჰყავს თუ არა კულტურის სფეროს დამცველი სამინისტროს სახით.

ასევე, ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ შეაჩერა კულტურული პროგრამების თავისუფალი დაფინანსების წყაროები, ხოლო სამინისტრომ გარკვეულ ფესტივალებსა თუ აქტივობებს ბიუჯეტები შეუმცირა.

ამ გადაწეულმა საკონკურსო ვადებმა რეალურად გაზარდა უმუშევართა რიცხვი ქვეყანაში. ჩვენ მოვისმინეთ კულტურის მინისტრის გამოსვლები, რომლებიც ჩვენი აზრით, შექმნილ სიტუაციასა და გამოწვევებს  არ შეეფერებოდა.

 

AT_: ხელმოწერების გარდა, სხვა სახის გამოხმაურებები თუ მიიღეთ – იდეების, შემოთავაზებების ან კრიტიკის სახით?

ალექსი სოსელია: კი, მივიღეთ. ზოგადად, პეტიციის შედგენის პროცესშიც გავიარეთ არაერთი კონსულტაცია, შემდგომში სამუშაო ჯგუფიც შევქმენით და მოვისმინეთ ამ საქმეში გარკვეული   ადამიანების მოსაზრებები, რჩევები და განწყობები – უმეტეს შემთხვევაში დადებითი ან კონსტრუქციულად კრიტიკული. ზოგი უფრო მეტ კატეგორიულობას მოითხოვდა, ზოგი უფრო გააბსტრაქტულებას, ზოგიც პირიქით – კონკრეტულობას, და საბოლოოდ პეტიციის მოცემულ ვარიანტზე შევჯერდით. 

 

AT_: რამე გამოხმაურება თუ მოჰყვა (თუნდაც არაოფიციალური) პეტიციის ადრესატებისგან?

ალექსი სოსელია: დიახ, მოჰყვა. უახლოეს დღეებში სამუშაო შეხვედრა დაინიშნა მინისტრის მოადგილესთან, რომლის ორგანიზებაც “შემოქმედებით საქართველოს” დაევალა. პრესრელიზის ტექსტი, ისევე, როგორც ჩვენი სურვილი და იმედიც ის არის, რომ პრინციპულად შეიცვალოს მიდგომა შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სექტორების მიმართ და მას სათანადო ადვოკატირება გაეწიოს სხვა სამინისტროების კვალდაკვალ.

ფაქტია,  ეს ყოველივე არ მოხდებოდა, რომ არსებობდეს რამდენიმე აუცილებელი საკვანძო ფორმატი: სამინისტროსგან ცალკე გასული კულტურის ფონდი და ასევე – ქველმოქმედების კანონი. ორივე მათგანი ამა თუ იმ მიზეზით, დღემდე იბლოკება.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პეტიციის საინიციატივო ჯგუფის გავრცელებული პრესრელიზი.

 

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი   

კულტურის სექტორის მიერ შექმნილი პეტიციის შესახებ

პეტიციის ლინკი: https://manifest.ge/

 

2020 წლის 28 აპრილს კულტურის სექტორში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის სახელით გავრცელდა პეტიცია, სახელწოდებით “COVID-19 და კულტურის სექტორის კრიზისი”, რომლის ადრესატები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა და ქ. თბილისის მერია.   

პეტიცია წარმოადგენს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების, ორგანიზაციების და  დამოუკიდებელი ინიციატივების პოზიციას.  

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიო არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. ქვეყნები მუშაობენ ანტიკრიზისული გეგმების შემუშავებაზე და პანდემიით გამოწვეული ზარალის რისკების მაქსიმალურად შემცირებაზე. კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, სისტემურად ძალიან მყიფე სფერო, დაზარალების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. შესაბამისად, მრავალმა ქვეყანამ სრულად გაიაზრა არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამები. ამის ფონზე, საქართველოს რეალობაში საპირისპირო სურათი იკვეთება – ოფიციალურ პასუხისმგებელ სამთავრობო სტრუქტურებს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულ ხედვაზე დამყარებული სამოქმედო გეგმა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით კრიზისის დაძლევის თაობაზე. 

პეტიციის მთავარ მიზანია მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კულტურის სფეროსთვის კონკრეტული კრიზისული და პოსტკრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის წარმოდგენა; ასევე, სფეროში მომუშავე ორგანიზაციების და დასაქმებულების ინტერესების წინ წამოწევა, მათი დაცვა და ადვოკატირება.  

 ვრცელი ტექსტი გთხოვთ იხილოთ პეტიციაში.

 

 საინიციატივო ჯგუფის წევრები: 

  •  ალექსი სოსელია – არტისტი და კურატორი
  • გიორგი სპანდერაშვილი – კურატორი 
  • მარიკა ჯაბუა – კულტურის მენეჯერი 
  • ხატია ჭოხონელიძე – კურატორი, მედია ხელოვნების მკვლევარი  

საკონტაქტო პირი:  მარიკა ჯაბუა

  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.