fbpx

ფეხბურთელები მხარდაჭერის გარეშე არ დარჩებიან!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

არსებულ სიტუაციაში, როდესაც გაჩერებული სამყარო თანდათან გაღვიძებას ცდილობს, ფეხბურთი იმდენად ვირტუალურია, რამდენადაც პრესაში გამოქვეყნებული სატრანსფერო სიახლეები.

კედლებში გამოკეტილი მოთამაშეები კი დღითი დღე კარგავენ სათამაშო ფორმას, რადგან სრულფასოვანი ვარჯიშის და სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს ფსიქოლოგიური პრობლემებიც ემატება.

საათივით აწყობილი კარიერა თუ სამომავლო პერსპექტივები დღესდღეობით მრავალი ფეხბურთელისთვის ბურუსითაა მოცული. ამ ყველაფერმა კი, სანახაობრივი თვალსაზრისით, დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს უკან მობრუნებულ ფეხბურთს, რომელიც, საწყის პერიოდში მაინც, ძველებური რომ ვეღარ იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

თუმცა, ვინ იცის, საყოველთაო დეპრესიის დასრულების ჟამს მაყურებელმა შეიძლება ახალი სახეებიც იხილოს. სწორედ ისინი, ვინც დროს და იმედს არ კარგავენ და თავდაუზოგავად ვარჯიშობენ, არც საკუთარი კლუბის გაკოტრებაზე და არც ასტრონომიული ხელფასის შემცირებაზე ფიქრობენ…

ასეთი ვარსკვლავები ბელარუსის მიმდინარე ჩემპიონატში თუ თასზე ნამდვილად არ ჩანან, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ძალაუნებურად მხოლოდ ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის ჩემპიონატისკენაა მიპყრობილი.

ბუნდესლიგა კი, წინასწარი ვერსიით, 9 მაისს უნდა განახლებულიყო, მაგრამ გაირკვა, რომ ამ საკითხზე ფედერაცია გერმანიის მთავრობასთან შეთანხმებით 6 მაისს იმსჯელებს. ამასობაში კი „კიოლნმა“ განაცხადა, რომ კლუბში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა… 

ინგლისმა პრემიერლიგის შესაძლო განახლების თარიღად 8 ივნისი დაასახელა, ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიასა და ესპანეთში პირველობები უახლოეს პერიოდში ნამდვილად ვერ განახლდება, ხოლო საფრანგეთში კი ჩემპიონატი, ჰოლანდიის და ბელგიის მსგავსად, დასრულებულად გამოცხადდა.

ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სატურნირო ცხრილში 12 ქულის უპირატესობით დაწინაურებულ „პარი სენ-ჟერმენს“ ერგო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირის განახლების შემთხვევაში, მეოთხედფინალური მატჩის მასპინძლობა სხვა ქვეყნის სტადიონზე მოუწევს.

არადა, საფრანგეთის ხელისუფლების, ჯანდაცვის სისტემის თუ გულშემატკივართა მხრიდან მეტი გონიერების გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც „დორტმუნდთან“ განმეორებით მატჩზე სტადიონზე არდაშვების შემდეგ, საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად 50 000-მდე ადამიანმა „პარკ დე პრენსის“ სტადიონის მისადგომებთან მოიყარა თავი, შეიძლება ფრანგებს ესპანელების და იტალიელების მსგავსად, ჩემპიონატების განახლებაზე ეფიქრათ.

მაგრამ რამდენად მართებულია ამ ორ ქვეყანაში საფეხბურთო სეზონის ბოლომდე მიყვანა? იტალიაში ჩემპიონატის ლიდერებს – „იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის „ოქროს მატჩის“ ვერსიასაც განიხილავენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ისევე არ ჩანს, როგორც სერია A-ს განახლების ზუსტი თარიღი. 

გულშემატკივრებს „სასუოლოს“, „ბოლონიას“ და „პარმას“ შემდეგ, ამ კვირაში „რომას“ მიერ ვარჯიშის განახლების დაანონსება ამხნევებს, „იუვენტუსი“ კი შეიძლება „ლაციოსთან“ მატჩზე იმდენად არ ფიქრობდეს, რამდენადაც კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა-არგაყიდვის შესახებ. 

პორტუგალიელი ვარსკვლავი ჩვეულებრივ სატრანსფერო მიდგომებში არ ჯდება და სოლიდური ასაკის მიუხედავად, კლუბი მისგან უდიდეს მოგებას ღებულობს. 

მაგრამ ასე იქნება ერთი წლის შემდეგ? ევრო 2021-ის დასრულებისას რონალდუ უკვე 36 წლის იქნება და მისმა სატრანსფერო ღირებულებამ შეიძლება საგრძნობლად დაიკლოს დღევანდელთან შედარებით.

მეორე მხრივ, რონალდუს გაყიდვა მომავალ სეზონში ავტომატურად გააძლიერებს მის მყიდველ კლუბს. „იუვენტუსის“ უპირველესი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რისთვისაც მთავარი ფსონი სწორედ პორტუგალიელ ვარსკვლავზე კეთდება.

მაგრამ როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი განახლების შემთხვევაში? რამდენად ექნება მას კავშირი წინა, თუნდაც მერვედფინალურ მატჩებთან და რამდენად იქნება მომავალი ტრიუმფატორი იმ გათამაშების გამარჯვებული, რომელიც 2019 წლის სექტემბერში დაიწყო?

ამ კითხვებზე პასუხი ცალსახაა და არსებული რეალობიდან გამომდინარე. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების გამორჩეული კლუბის, მიუნხენის „ბაიერნის“ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ეს არ იქნება კონკრეტულად იმ სათამაშო ხელწერის ტრიუმფი, რომლითაც „რეკორდმაისტერმა“ თალი დაამახსოვრა მაყურებელს, რადგან იძულებითი პაუზით გამოწვეული კლუბების სამუშაო რეგლამენტის შეცვლა, აუცილებლად საგრძნობ ზეგავლენას მოახდენს თითოეული გუნდის მდგომარეობაზე. 

ფეხბურთის განახლებასთან მიდგომები კი საპირისპიროა. ინგლისის პრემიერლიგის მოთამაშეები უფრთხიან სეზონის გაგრძელებას და კომენტარებში დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან. 

იქნებ ეს ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში, „ლივერპულის“ ფაქტობრივი ტიტულიდან გამომდინარე, სხვა კლუბების მხრიდან ინდეფერენტული დამოკიდებულების შედეგიც იყოს. 

თუმცა, პრემიერლიგისთვის საფრანგეთის მსგავსად ფარ-ხმლის დაყრა, ალბათ მიუღებელი უნდა იყოს, როდესაც გერმანია, იტალია და ესპანეთი ჩემპიონატების ვადამდელ დასრულებას თითქოს გამორიცხავენ…

ამიტომაც ამ კვირაში პრემიერლიგის მესვეურები მატჩების რამდენიმე ნეიტრალურ სტადიონზე განახლების იდეას შეაფასებენ. 

მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარებას ფილოსოფიური თვალსაზრისით განიხილავს „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ცარიელი სტადიონი სულაც არ ნიშნავს, რომ ქომაგების მხრიდან ფეხბურთის მიმართ ინტერესი განელდება: „თითოეული გულშემატკივარი სატელევიზიო ეკრანს მიაშურებს და ფეხბურთელები მხარდაჭერის გარეშე მაინც არ დარჩებიან“, – მხნედ განაცხადა მოურინიომ. 

„ბარსელონას“ ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა კი ფეხბურთელების მდგომარეობა ექიმების და სუპერმარკეტების თანამშრომლებისას შეადარა და განაცხადა, რომ თუკი ისინი ყოველდღიურად საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ, რატომ არ უნდა გააკეთონ ეს ფეხბურთელებმა, როდესაც მათი რისკის ხარისხი, გაცილებით დაბალი იქნება ზემოთ ხსენებული პროფესიების წარმომადგენლებთან შედარებით.

რაკიტიჩი მზადაა პანდემიით დაავადების გარკვეული რისკის ფასადაც კი საკუთარი გულშემატკივრების გასახარად ხვალვე „ბარსელონას“ მაისური მოირგოს და სათამაშო მინდორზე გავიდეს. 

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ყურადღებას ამახვილებს ფეხბურთის პოზიტიური ზეგავლენის მნიშვნელობის შესახებ არსებულ დეპრესიულ მდგომარეობაზე, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ფეხბურთის განახლების მოლოდინშია. 

მეორე მხრივ, საინტერესოა, სამომავლოდ რამდენად შეინარჩუნებს ადგილს ხორვატი ნახევარმცველი „ბარსელონაში“, როდესაც უდიდესი ამაგის მიუხედავად, კლუბმა ის გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.

აი ლაუტარო მარტინესის გადასვლა „ბარსელონაში“ კი უკვე რეალობას ემსგავსება. არგენტინელმა ვარსკვლავმა ესპანეთში გამგზავრების სურვილი „ინტერის“ მესვეურებსაც განუცხადა, რომლებიც მის გაყიდვას 111 მილიონ ევროდ აპირებენ. 

„ბარსელონა“ კი ამ თანხის შემცირებას „ინტერში“ ლაუტაროს სანაცვლოდ ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვების გზით გეგმავს, რომელთა შორის ზემოთ ხსენებული რაკიტიჩიც არ გამოირიცხება. 

 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი მარიო გიოტცე კი გერმანიაში სულ აღარ აინტერესებთ და სამომავლოდ იგი დიდი ალბათობით „ნიცაში“ გადაინაცვლებს. საინტერესოა, რომ 27 წლის ფეხბურთელის შეძენაში საფრანგეთის პირველი დივიზიონის საშუალო დონის კლუბს არავინ ეცილება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.