რა არის რეცესია და დეპრესია და რომელს გამოიწვევს კორონავირუსი — ფინანსური განათლება
ავტორი: ანა გაგუა
ეკონომისტები, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აქტიურად საუბრობენ მოსალოდნელი გლობალური რეცესიის შესახებ. Ზოგი მათგანი კი უფრო შორსაც მიდის და 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ, პირველი დეპრესიის შესაძლებლობასაც უშვებს.
წინამდებარე სტატიაში განვხილავთ, რა არის ეკონომიკური რეცესია და დეპრესია, რა განსხვავებაა მათ შორის და რომლის საშიშროების წინაშე დგას დღეს მსოფლიო ეკონომიკა.
რა არის რეცესია?
რეცესია არის ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება, რომელიც სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდება და გამოიხატება რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), შემოსავლების, დასაქმების, ინდუსტრიული წარმოებისა და გაყიდვების კლებაში. რეცესიის დროს ბიზნესი მკვეთრად აჩერებს გაფართოებას, მშპ ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში მცირდება, უმუშევრობის დონე შესამჩნევად იმატებს და უძრავი ქონების ფასები მცირდება.
ეკონომისტთა ნაწილი, რეცესიის შეფასებისას, რამდენიმე წლით ადრე მიმდინარე ეკონომიკურ ტრენდებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი უშუალოდ რეცესიის დაწყების მომენტში მიმდინარე პროცესებს თვლის გადამწყვეტ ფაქტორად. თუმცა, ორივე შემთხვევაში, რეცესიის წარმოშობის მიზეზად ფინანსური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ფაქტორები სახელდება.
ფინანსური ფაქტორები – ფინანსურ ფაქტორებს რომ ნამდვილად შეუძლიათ ეკონომიკური რეცესიის გამოწვევა, ამის კარგი მაგალითია 2008 წლის ფინანსური კრიზისი აშშ-ში. ეკონომიკური დაღმასვლის საწყისი, ჭარბად გაცემული იპოთეკური სესხები იყო ისეთ ადამიანებზე, რომელთაც სესხის გადახდის უნარი არ შესწევდათ. მართლაც, არაჯანსაღმა დაკრედიტებამ – სარისკო სესხების ჭარბმა გაცემამ – მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე შეიძლება დააყენოს ფინანსური სექტორი. მაგალითად, ფედერალური სარეზერვო და საბანკო სექტორის მიერ ეკონომიკაში ფულადი სახსრებისა და კრედიტის მიწოდების გაფართოებამ, ფასების ხელოვნური გაზრდა გამოიწვიოს.
კიდევ ერთი სახიფათო ფინანსური ფაქტორი, რომელიც რეცესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს, ეკონომიკური ბუმბის დროს ხელოვნურად შემცირებული საპროცენტო განაკვეთებია. საპროცენტო განაკვეთის შემცირების გამო, ბიზნეს პროექტები, ინვესტიციები და სამომხარებლო გადაწყვეტილები, რომლებიც საპროცენტო განაკვეთის მიმართ მაღალი მგრძნობიარობით გამოირჩევიან, მაგალითად, სახლის ყიდვა ან ბიზნესის სარისკო გაფართოება, ცვლილების შესაბამისად ადაპტირდება. დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, კომპანიებს მოლოდინი აქვთ, რომ ადამიანები მეტად მიიღებენ სარისკო გადაწყვეტილებებს და გრძელვადიან ინვესტიციებს განახორციელებენ.
მაგრამ, რადგანაც ხელოვნურად შემცირებული საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდება, გარკვეულ ეტაპზე ის რეალობის შესაბამის მაჩვენებელს დაუბრუნდება და გაიზრდება. შესაბამისად, შეიცვლება მომხარებელთა გადაწყვეტილებები, ნაკლებს იყიდიან, შემცირდება კომპანიების შემოსავლები და რიგ შემთხვევებში, შესაძლოა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწიოთ, მაგალითდ, წარმოების შემცირება და თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გაშვება. როგორც უკვე ვიცით, უმუშევრობის ზრდა და წარმოების შემცირება – ეკონომიკური რეცესიის მაჩვენებლებია.
ფსიქოლოგიური ფაქტორები – ეკონომიკური ბუმის პერიოდში ადამიანთა მოლოდინები და ამის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები, ფსიქოლოგიური ფაქტორით აიხსნება. ადამიანებს განცდა აქვთ, რომ თუ მოცემულ მომენტში ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ასე გაგრძელდება მომავალშიც, ამიტომაც, სამომხარებლო გადაწყვეტილებებს სწორედ ამ დაშვების საფუძველზე იღებენ და მეტს ხარჯავენ. ანალოგიური სიტუაციაა, როდესაც ეკონოკური აქტივობის შემცირება იწყება, ადამიანებს განცდა უჩნდებათ, რომ კლება დიდხანს გაგრძელდება, მაქსიმალურად ამცირებენ სარისკო გადაწყვეტილებებს და ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება.
რადგანაც ყველა ეკონომიკური აქტივობა თუ გადაწყვეტილება უმეტესწილად გრძელვადიან გათვლას ეფუძნება, ინვესტორების, ბიზნესებისა და მომხარებლების სუბიექტური მოლოდინები ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა ეკონომიკური კლების თუ ზრდის პროცესში.
ეკონომიკური ფაქტორები – გარდა ფინანსური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორებისა, რეცესიის კიდევ ერთი გამომწვევი და შესაძლოა, მთავარი მიზეზი ეკონომიკის ფუნდამენტური მახასიათებლების ცვლილებებია, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვის დარღვევა. თუ მსგავსი ცვლილება ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიებში ხდება, ეკონომიკაზე ზეგავლენა კიდევ უფრო დიდია და ბიზნესებს გლობალური მასშტაბით უწევთ ინვესტირების და თანამშრომელთა დაქირავების პრაქტიკის გადახედვა.
ცხადია, ეკონომიკური ფაქტორები გარკვეულწილად გადაჯაჭვულია ფინანსურ ბაზრებთანაც, რადგან საპროცენტო განაკვეთი არამხოლოდ ბიზნესების ფინანსური ლიკვიდურობის ღირებულებას აჩვენებს, არამედ მომხმარებელთა, შემნახველთა და ინვესტორთა მოხმარების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას აწყმოსა და მომავალში. შესაბამისად, ეკონომიკური ბუმის პერიოდში, რეცესიის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, ცენტრალური ბანკების მიერ, საპროცენტო განაკვეთების ხელოვნურად შეზღუდვა გავლენას ახდენს არამხოლოდ ფინანსურ ბაზრებზე, ასევე ბიზნესებსა და სამომხარებლო გადაწყვეტილებებზე.
რა არის დეპრესია?
დეპრესია ხანგრძლივი და მკაცრი რეცესიაა, როდესაც რეალურ მშპ წლიურად სულ მცირე 10%-ით მცირდება და ეს პროცესი 3 ან მეტ წელს გრძელდება. ეკონომიკური დეპრესიები გაცილებით იშვიათია, ვიდრე რეცესიები და თან ახლავს მაღალი უმუშევრობა, დაბალი ინფლაცია, შეიძლება, დეფლაციაც კი, ხელმისაწვდომი კრედიტების შემცირება, წარმოების კლება, ბიზნესების გაკოტრება, ვაჭრობისა და გლობალური კომერციის შემცირება, ვალუტების გაუფასურება, აქტივების ფასების კლება, დანაზოგების განაკვეთების ზრდა (მათთვის, ვისაც დაზოგვის შესაძლებლობა აქვს).
ეკონომისტების მოსაზრებები განსხვავდება დეპრესიის ხანგძრლივობასთან დაკავშირებით. ერთი ნაწილის თვლის, რომ დეპრესია მხოლოდ იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც ეკონომიკური აქტივობები შემცირებულია. მეორე ნაწილის აზრით კი, დეპრესია იქამდე გრძელდება, სანამ ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი ნორმალურ ნიშნულს არ დაუბრუნდება.
მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილი 1929 წლის დიდი დეპრესიაა, რომელიც დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა და ინდუსტრირებული სამყაროს ისტორიაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის სახელით არის ცნობილი. 1928 წელს აშშ-მა დაიწყო თავისი კაპიტალის გერმანიიდან აშშ-ში დაბრუნება და საკუთარი საფონდო ბირჟების განვითარება. აქციების ფასებმა ინფლაციურად დაიწყო მატება, რაც საბოლოოდ „ფინანსური ბუშტის“ გასკდომით, კრიზისით დასრულდა. დიდი დეპრესია ხასიათებოდა ინვესტიციებისა და მომხარებელთა დანახარჯების მკვეთრი შემცირებით, კატასტროფული უმუშევრობით, სიღარიბით, შიმშილით და პოლიტიკური არასტაბილურობით.
დეპრესია VS რეცესია
შეიძლება ითქვას, რომ რეცესია ბიზნეს ციკლის ნორმალური ნაწილია და რამდენიმე კვარტალი გრძელდება. დეპრესია კი, ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი ვარდნაა წლების განმავლობაში. ამიტომაც, რეცესიები გაცილებით ხშირია. რეცესია და დეპრესია, პირველ რიგში, ხანგრძლივობით განსხვავდება. 1854 წლის შემდეგ, მსოფლიო ისტორიაში 33 რეცესია და მხოლოდ ერთი დეპრესია დაფიქსირდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეცესიას მიყოლებით ორი კვარტლის განმავლობაში ახასიათებს მშპ-ის ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი, დეპრესიის დროს კი – მშპ წლიურად სულ მცირე 10%-ით იკლებს. შესაბსამისად, მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება რეცესიასა და დეპრესიას შორის, სიმძაფრეა და დეპრესია გრძელვადიანი და უფრო მძიმე რეცესია გამოდის.
დეპრესია თუ რეცესია, რომელს გამოიწვევს კორონავირუსი?
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა მსოფლიო ეკონომიკის რეცესიაში შესვლა, ცალსახაა, რომ გეზი ამ მიმართულებით მიდის. საერთაშორისო მონეტარული ფონდის თქმით, დიდი ალბათობით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა უარყოფითი იქნება. ფონდმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მსოფლიო, სულ მცირე, ისეთ მძიმე რეცესიაში შედის, როგორც 2008 წელს იყო.
რეცესიის გამომწვევი მთავარი მიზეზის იდენტიფიცირებაც მარტივად შესაძლებელია, კორონავირუსის გამო და მასთან საბრძოლველად გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, გლობალური მიწოდების ჯაჭვი დაირღვა და პირდაპირი ზიანი მიადგა ყველა ინდუსტრიის ბიზნესს. Შესაბამისად, მოსალოდნელ რეცესიაში ეკონომიკური ფაქტორები მოწინავეა, თუმცა, ეპიდემიისგან გამოწვეული შიში და გაურკვევლობაც – რომლებიც ფსიქოლოგიურ ფაქტორებია – სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ რეცესიის პროცესში.
გარდა ამისა, იმაზეც საუბრობენ, რომ კორონავირუსის შემდგომ მოსალოდნელი რეცესიის სიმწვავეში ბოლო – 2008 წლის რეცესიის შემდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებებიც იქონიებს გავლენას. 2008 წლის რეცესიის შემდეგ, ეკონომიკის სტიმულირებისთვის, მიწოდების ჯაჭვი საკმაოდ გაფართოვდა, გრძელვადიანი პოტენციალის არ მქონე ბიზნესებზე საშუალოზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო და სარისკო ბიზნეს მოდელები ნორმა გახდა.
ასევე, ბოლო დეკადა ხასიათდებოდა შესამჩნევად დაბალი საპროცენტო განაკვეთებითა და ცენტრალური ბანკების შესაბამისი მონეტარული პოლიტიკით. ბიზნესებისთვის არაჯანსაღი მოლოდინის შექმნამ, მომხარებელთა მარტივ ფულზე – უსასრულო ფულად სახსრებზე მიჩვევამ დამატებითი საფუძველი მოამზადა კორონავირუსით გამოწვეული სავარაუდო რეცესიის სიმძაფრისათვის.
ეკონომისტი ნორიელ რუბინი, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი ჯერ კიდევ 2006 წელს იწინასწარმეტველა, ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური აქტივობის ნორმალურ მაჩვენებელზე დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. Მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პასუხი და მთავრობების ანტი-კრიზისული პაკეტები არც იმდენად სწრაფია და არც იმდენად დიდი, რომ დროულად აღმოფხვრას ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი. რუბინის მოსაზრებით, პანდემიის მსგავსი სახით გაგრძელება, ყოველდღე უფრო მეტად ზრდის ახალი დიდი დეპრესიის რისკს.
მეორე მხრივ, ფედერალური სარეზევო ფონდის ყოფილი თავჯდომარე, ბენ ბერნაკი, რომელის ფონდს სათვეში ედგა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, CNBC-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კორონავირუსიგან გამოწვევული ზარალი ბუნებრივი კატასტროფისგან მიღებულ ზარალს უფრო შეიძლება შევადაროთ, ვიდრე 1930-იანი წლების დიდ დეპრესიას.
ემუქრება თუ არა მსოფლიო ეკონომიკას დეპრესია?
ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არავის აქვს. ეკონომისტა ნაწილი იმასაც კი უშვებს, რომ წლის მეორე ნახევარში ქვეყნების ეკონომიკური აქტივობა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, რაც მთავრობების სტიმულირების პაკეტებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული. Მაშინ რატომ გვესმის ხშირად კორონავირუსი და დეპრესია ერთმანეთთან კავშირში? ამ ეტაპზე, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კორონავირუსის თანმდევი ორი მახასიათებელი – ეკონომიკის შეჩერების მოულოდნელობა და სიმძიმე, ეკონომისტებს 1929 წლის დიდი დეპრესიიასთან შედარების საფუძველს აძლევს. Შედის თუ არა მსოფლიო ეკონომიკა დეპრესიაში, ამის გარკვევას გარკვეული დრო დასჭირდება და პანდემიასთან ბრძოლის მომავალი წელი უფრო ნათლად დაგვანახებს, რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ მსოფლიო ისტორიაში, 1929 წლის შემდეგ პირველი დეპრესია დაფიქსირდეს.
რაც შეეხება რეცესიას, ემუქრება თუ არა მსოფლიო ეკონომიკას რეცესია? იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო ეკონომიკა უკვე რეცესიაშია, ამის ოფიცალურ დადასტურებამდე რამდენიმე თვე გვაშორებს. მაგალითდ, NBER-ს დაახლოებით ერთი წელი სჭირდება დასკვნისთვის, რომ აშშ-ის 11 წლიანი ეკონომიკური ექსპანსია დასრულდა და რეცესია დაიწყო. თუმცა, რეცესია მონაცემებში ცალსახა და თვალნათელი მანამდეც შეიძლება გახდეს, ვიდრე ეს ოფიციალურად დადასტურდება. დღევანდელი მონაცემებით, ეკონომისტების უმეტესობა მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას წინასწარმეტყველებს.