fbpx

სამხრეთ კორეა: არის თუ არა კორონავირუსით ხელახლა ინფიცირება რეალური?


გააზიარე სტატია

 

მეცნიერთა განცხადებით, სამხრეთკორეელებს, რომელთა ტესტის პასუხი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დადებითი იყო, ვირუსის რეაქტივაცია არ აღენიშნებოდათ და არც ინფიცირებულები იყვნენ. სამხრეთ კორეაში აპრილის დასაწყისში კი გამოცხადდა, რომ ზოგიერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კვლავ დაავადდა და ვარაუდობდნენ, რომ ვირუსის რეაქტივაცია და ხელახლა ინფიცირება შესაძლებელი იყო. 

 

გამოცემა The Korea Herald იტყობინებოდა, რომ ეს შემთხვევა  263 ადამიანში დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ინფექციური დაავადებების სპეციალისტებმა ხუთშაბათს განაცხადეს,  დადებითი პასუხი, სავარაუდოდ, თავად ტესტირების პროცესის ხარვეზის გამო გამოვლინდა, ტესტებმა “დააფიქსირეს” ვირუსის ნარჩენები, იმის დადგენის გარეშე, იყო თუ არა ადამიანი რეალურად ინფიცირებული.

“მკვდარი ვირუსის ფრაგმენტები” პაციენტების ორგანიზმში შენარჩუნდა მათი გამოჯანმრთელების შემდეგ, მაგრამ რეალურად ვირუსი აქტიური არ იყო.

კორეის მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის/პრევენციის ცენტრის მრჩეველმა ოუმ განაცხადა, რომ  ტესტებმა მკვდარი ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა გამოავლინეს.  KCDC-ის გენერალურმა დირექტორმა ჯეონგ კიონგმა განაცხადა, რომ ტესტირება პაციენტებს გამოჯანმრთელებიდან ძალიან მცირე დროში ჩაუტარეს, ამიტომ კვლავ ინფიცირება ნაკლებად სავარაუდო იყო. 

“ამომწურავ კვლევას ვატარებთ ამ საკითხზე. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მკურნალობის დროს პაციენტის პასუხი ჯერ უარყოფითი იყო, ხოლო შემდეგ დადებითი.” მაგრამ ბევრმა ექსპერტმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვირუსი ჯერ შეჩერდეს და შემდეგ ისევ რეაქტივირდეს. ამის ნაცვლად, მათი თქმით, უფრო სავარაუდოა, რომ პაციენტების ორგანიზმში ჯერ კიდევ რჩება ვირუსის გარკვეული ფრაგმენტები. ეს ნიშნავს, რომ ტესტის პასუხი შესაძლოა დადებითი იყოს, მაგრამ ადამიანი ავად აღარ იყოს.

მრჩეველი ოუს თქმით, მკვდარი ვირუსის უჯრედებისგან ორგანიზმის გასათავისუფლებლად შესაძლოა რამდენიმე თვეც კი იყოს საჭირო.

რეალურად შესაძლოა ბევრი ცრუ ინფორმაცია გვქონდეს დადებითი და უარყოფითი პასუხების შესახებ. 

სამხრეთ კორეაში ამ კვირის ხუთშაბათი პირველი დღე იყო, როდესაც ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა თებერვლიდან მოყოლებული. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, ქვეყანაში საერთო ჯამში 10765 შემთხვევა და 247 გარდაცვალებაა დაფიქსირებული. ქვეყანამ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების გარეშე დაიწყო. ისინი მასობრივ ტესტირებებს იყენებენ და ასევე მკაცრად აკონტროლებენ ინფიცირებულთა კონტაქტებს. 

რაც შეეხება სოციალურ დისტანცირებას, დაწესებულებები არ დაკეტილა, მაგრამ რესტორნებში მოსახლეობას ერთმანეთისგან განცალკევებით დასხდომა ევალებათ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ თვეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 29 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ისინი ნიღბებსა და ხელთათმანებს ატარებდნენ და შესაბამისად, ოფიციალური პირების განცხადებით, ინფიცირება თავიდან აიცილეს.

 

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.