ტოკიოს აკვარიუმი მოსახლეობას სთხოვს, რომ გველთევზებს ვიდეოზარებით დაუკავშირდნენ
როდესაც ტოკიოს აკვარიუმის გველთევზები ქვიშიდან ამოდიან, მათ პირისპირ ჩვეულებრისამებრ ადამიანები დგანან, რომლებიც შუშის მეორე მხრიდან უყურებენ მათ. მაგრამ, მსოფლიოს სხვა ცხოველების მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გამო სუმიდას აკვარიუმის გველთევზების გარემოც გარდაიქმნა. როგორც ჩანს, მათ დაავიწყდათ, როგორ გამოიყურებიან ადამიანები. სავარაუდოდ, ვიზიტორებს ისინი მომავალში საფრთხედ აღიქვამენ, აკვარიუმი კი ხალხს სთხოვს, რომ ბაღის გველთევზებს ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ.
აკვარიუმი, რომელიც ტოკიოს Skytree-ში, იაპონიის ყველაზე მაღალ შენობაში მდებარეობს, მარტის დასაწყისიდან დაიხურა და ბაღის გველთევზებიც მიეჩვივნენ ადამიანებისგან დაცარიელებულ გარემოს, ამ უპრეცედენტო სიტუაციამ კი მათი და სხვა არსებებიც ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა.
“ისინი ადამიანებს ვერ ხედავენ, მათ შორის ვერც მომვლელებს, შესაბამისად, გვივიწყებენ. კერძოდ, გველთევზები უჩინარდებიან ქვიშაში და იმალებიან ყოველ ჯერზე, როდესაც მომვლელი მათ ჩაუვლის
– განაცხადა აკვარიუმის წარმომადგენელმა Twitter-ზე. – სასწრაფო თხოვნა გვაქვს: შეგიძლიათ, რომ თქვენი სახე ჩვენს გველთევზებს სახლიდან დაანახვოთ?” ამ ღონისძიებას “სახის ჩვენების ფესტივალი” უწოდეს.
ბაღის გველთევზები ბუნებრივად მგრძნობიარეები და ფრთხილები არიან, აკვარიუმის ერთ-ერთ აუზში 300 მათგანი ცხოვრობდა, მაგრამ ისინი მიჩვეულები იყვნენ ადამიანებს და იშვიათად იმალებოდნენ მათი გამოჩენისას. აკვარიუმის წარმომადგენლებმა აუზთან 5 ტაბლეტი განათავსეს, რათა მოხალისეებს, რომლებსაც iPhones ან iPads ჰქონდათ, FaceTime-ს აპლიკაციით დაკავშირებოდნენ. ვიდეოზარის დაწყებისთანავე ადამიანებმა უნდა ჩართონ კამერა, ხელი დაუქნიონ და ესაუბრონ გველთევზებს. მაგრამ, ცხოველების მორცხვობის გათვალისწინებით, მათ სთხოვენ, რომ ხმას არ აუწიონ. ფესტივალი 3-5 მაისს ჩატარდა, ადამიანები მხარდაჭერას ონლაინ რეჟიმში აცხადებენ, შეიქმნა ჰეშთეგიც, სახელწოდებით #PleaseRememberHumans
“როდესაც ბაღის გველთევზებს შეხედავთ, ისინიც შემოგხედავენ. ბედნიერი ვარ, რომ ამაში მონაწილეობა მივიღე.” – წერს Twitter-ის ერთი მომხმარებელი.
“მათ ტრენინგი სჭირდებათ, რათა გაიაზრონ, რომ ადამიანები საფრთხეს არ წარმოვადგენთ. საინტერესოა”. – განაცხადა სხვამ.
ძალიან ბევრმა ადამიანმა მოუწოდა აკვარიუმს, რომ სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციაც შეეთავაზებინათ მოხალისეებისთვის, რათა ეს აქტივობა პერსონალური კომპიუტერებისა და ანდროიდის სისტემის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
“აქამდე არასდროს მინანია ასე ძალიან, რომ ანდროიდის მობილური მაქვს”, – განაცხადა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
ორიგინალი: https://www.theguardian.com/


