fbpx

ორთაჭალის ჩიტები გამთენიისას – თაკო სონღულაშვილის დღიური


გააზიარე სტატია


ჩიტები, ‘ორთაჭლის’ ნაირნაირი ჩიტები, გათენებას ასწრებენ და ჭიკჭიკს იწყებენ – აშკარად სხვადასხვანაირად, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოურიდებლად.

არა, წელს ჩემი უბნის ჩიტებს ვერ ვცნობ. რამე ახალი ჯიში იქნება ეს. უზრდელი ჩიტების ჯიში, რომელთა აკომპანირებით კიდევ ერთი დღე თენდება, მე კიდევ ერთ ფინჯან ყავას ვიდგამ ახლოს და კიდევ ერთხელ ვიწყებ კლავიატურაზე კაკუნს:

ბევრი რამ იცვლება ხოლმე ჩვენში ისე, რაღაცნაირად, ბუნებრივად და უმტკივნეულოდ.

ეს ისაა, რომ იზრდები, რომ მწიფდები, ასაკი და წონა რომ აიტანს, იმდენი გამოცდილება რომ გიგროვდება და მეხსიერებაში ისე რჩება, შეიძლება არც იცოდე. აი ასე: შეიძლება საერთოდ არ გახსოვდეს კონკრეტული ამბავი, კონკრეტული ადგილი, კონკრეტული ადამიანი, მაგრამ გახსოვდეს შეგრძნებები და ეს შეგრძნებები არასდროს დაგავიწყდეს.

ალბათ, ამ ორომტრიალს რაიმე ერქმევა ფსიქოლოგიაში, მაგრამ არ ვიცი. დაგუგლვასაც (ჯანდაბა! ძლივს დავწერე ეს სიტყვა) ვერ გაკადრებთ.

არა ახლა, გულწრფელი რომ ვიყო, კი მეცოდინებოდა, აი, წლების წინ, ფსიქოლოგიის საფუძვლებს რომ გავყოლოდი, მაგრამ მას გავყევი – მაღალსა და სიმპატიურს, საფუძვლიანად ჩემზე შეყვარებულს.

 

 

ეს ბოლო ცვლილებები უმტკივნეულო ნამდვილად არ ყოფილა. ალბათ იმიტომ, რომ ხელოვნური იყო.

ის-ის იყო ასაფრენად ვემზადებოდი მთელი ამ ჩემი გამოცდილებებით სავსე ჰიპოკამპუსით, საჰაერო სივრცე ჩაკეტეს, სახლში გამოგვკეტეს, ალიკაპები დაგვირიგეს და როგორც ჯანმოს „დრამაქვინი“ იტყვის, ისე ისუნთქე, ისე იცხოვრე, ისე ჭამე, ისე სვი და ისე იბანე. ხელებიო.

დანარჩენი სხეული კი, როგორც გინდათო.

არადა, სწორედაც რომ დანარჩენი სხეულის დაბანის გაიდლაინი გვჭირდებოდა…

პირველი კვირები ძალიან გამიჭირდა მოუწესრიგებელ დღის წესრიგზე გადაწყობა. უცებ ისეთი გარემო შეიქმნა, მეგონა, ყველა იძულებით გამოგვკეტეს იოგას გაკვეთილზე, გინდა თუ არა, გაჩუმდით და მედიტაციაში ჩაერთეთ, საკუთარ თავებს ჩაუღრმავდითო.

წარმოიდგინეთ, როგორი რთული იქნებოდა მხოლოდ ზმუილით შემოფარგვლა ჩემთვის – იოგას ხალიჩაზე არაერთხელ დამარცხებულისთვის, ვერც ერთხელ ჰაერში განასკვულისა და ოდესღაც იოგადან გამოგდებულისთვის – ბოდიში, მაგრამ ბევრს ლაპარაკობო!

ზოგადად, მიყვარს ცვლილებები, განა არ მიყვარს.

და პერიოდულად, საკუთარ თავთან ურთიერთობაც. ნებისმიერი სახის. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მე მინდა და არა მაშინ, როცა ეს სამთავრობო ინიციატივა ხდება, მერე პრეზიდენტს შეაქვს პარლამენტში – დამტვრეული ქართულით და მერე ისინიც კენჭს უყრიან – წელმოწყვეტით.

არადა, მიჩვეული ვიყავი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც მე მინდოდა.

და ნუ მეტყვით: შენი ჭირიმე, სულ ისე ვერ იქნება, როგორც შენ გინდაო, იმიტომ რომ ძირითადად, ყველაფერი ისე იყო, როგორც მე მინდოდა.

 

კაი, შეიძლება, სუყველაფერი არა, მაგრამ ყველაფერი – ჩემგან 500 მეტრში მაინც – კი.

 

არა, მესმის, განა არ მესმის, ვ ი ნ  ო ხ ე რ ი…

მესმის, რომ ახლა ასეა საჭირო ცხოვრება და რამე…

მაგრამ ყველაფერი „ასეა საჭირო“ ძალიან უგემურია. უ გ ე მ უ რ ი.

ამასობაში გავიდა კვირები და მე ისე აღარ ვბორგავ, როგორც ადრე,

 

თქვენ?

 

მე თანდათან გემოს შეგრძნება დავკარგე, ყველაფერი რაღაცნაირი უმი გახდა და როგორც ყველა, მეც მივყვები უმოძრაო მდინარის დინებას – ყველა რეკომენდაციის დაცვით გაამაყებული!

და, როცა მოვა დრო, დრო კარის გაღების და სახლიდან გასვლის, დრო ერთმანეთთან შეხვედრის და გადახვევის, მოკითხვის, ერთად ყავის სმის, გნებავთ, ჩაის…

მაგ დროისათვის მე უკვე შეზრდილი ვიქნები ჩემი ოთახის კედლებს საუკუნის წინ გაკრული შპალერივით.

მოდი მერე, აეფხიკე და გადი, როგორია?

 

თაკო, [თითქმის] 30 წლის

თვითიზოლაციის 44-ე დღე 

თვითჩაღრმავების პიკი

თბილისი, მაისი. 2020


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.