fbpx

კორონას აკლდამები – თათია სამხარაძის დღიური


გააზიარე სტატია

ავტორი: თათია სამხარაძე

 

ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება ერთ ოცდაათიან, ერთ თორმეტიან და  ერთიც რვაკილოიან ჩემოდანში თავისუფლად ეტევა. ოღონდ, თუ ერთი თვის წინ ფასდაკლებით შეძენილ ნაჭრის ფარდაგს შეველევი, რომელშიც არც ძვირია გადახდილი, მაგრამ ინტერიერის ერთადერთი აქსესურია, რომელიც შვედეთში ცხოვრების წლისთავზე, საკუთარი თავისთვის მინიმალური კომფორტის შესაქმნელად შევიძინე. 

ცხოვრება შვედეთის დასავლეთ სანაპიროს ინდუსტრიულ ქალაქში, სანაპიროზე გაშენებული უბნის ერთი ძველი სახლის, მეორე სართულის ბინის საშინლად ძვირად ღირებულ ცხრა კვადრატულ ოთახში სრულებითაც არ არის შესაშური. ეს გრძნობა ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე თვეში გავიაზრე

ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი უხერხულიც კია, მით უმეტეს, როცა არაკომფორტული ცხოვრების ნამდვილი მაგალითები ცნობიერში უამრავი მაქვს. ნამდვილად შესაშური შიმშილი ვერ იქნება, უსახლკარობა და უმუშევრობა, თორემ შვედური სტიპენდიით მაგისტრატურაზე სწავლა შეიძლება იყოს შესაშური. უბრალოდ, შური არ უნდა შედიოდეს იმ განსაკუთრებული გრძნობების ჩამონათვალში, რომლის გამოცდაც ადამიანისთვის ზოგადად რეკომენდებულია.

ვუყურებ საკუთარ ორმოცდაათკილოიან შვედურ ცხოვრებას და ვერ გადამიწყვეტია, რას გავურბივარ ქვეყნიდან, სადაც მიუხედავად პანდემიისა, ღიაა უგემრიელესი კაფეები, ბარები და საათობით შეგიძლია სანაპიროზე ყურსასმენებით სეირნობა. გავრბივარ იქ, საიდანაც თავის დროზე აქეთ გამოვიქეცი და საგანგებო მდგომარეობა მხვდება. 

ნეტა რასთან შესახვედრად მინდა გავიარო გზა გოთენბურგიდან მალმომდე, მალმოდან კოპენჰაგენამდე, კოპენჰაგენიდან თბილისამდე და თბილისიდან კახეთამდე, რომელიც ოცდაოთხსაათიან მსხვერპლშეწირვას და ორკვირიან მკაცრ კარანტინში ჯდომას მოითხოვს. რა მიხმობს უკან, საქართველოში, ასე ძლიერ, რაც შეუზღუდავ თავისუფლებაზე უფრო მძლავრი და ღირებულია? 

ცხადია, კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ამიტომ მხოლოდ გულისთქმას მიწევს მივენდო და მატარებლის სადგურამდე მისასვლელად ტაქსის ვიძახებ.  

კორონავირუსის გლობალურ ალიაქოთში ბევრია გასააზრებელი, თუმცა უფრო მეტთან შესაგუებელი. ჩემი ვარაუდით, ყველაზე რთული გამოწვევა იძულებით საკუთარ თავთან მარტოობაში გატარებული დრო უნდა იყოს. ნამდვილი გამოცდა საკუთარი თავის სიყვარულში. იზოლაციით ნაიძულებ მენტალურ მდგომარეობაში, რომელიც რაღაცით თითქოს ჰგავს მედიტაციას. 

კორონას ეპიდემიისას სრულად თუ არა, ნახევრად ხომ მაინც გაქრა სოციალური თავშექცევის შესაძლებლობები ჩვენს ცხოვრებაში. აი, თურმე რამხელა მადლობა ეკუთვნის კაცობრიობას ფიჭური კავშირგაბმულობის და ინტერნეტის გამოგონებისთვის, თორემ წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო რთული იქნებოდა ჩვენი მდგომარეობა სრულ სიჩუმეში.

სიკვდილის ნადირობის სეზონებზე, რომელსაც თანამედროვე სამეცნიერო ენაზე პანდემია ეწოდება, სიჩუმე ფერს იცვლის. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ პირიქითა ხევსურეთის სოფლებში ჟამიანობის დროს გამეფებული სიჩუმე ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორც ჩრდილოეთ იტალიაში დგებოდა, როცა ერთ დღეში სიკვდილს რამდენიმე ასეული ადამიანი გაჰყავდა. უკვე ბევრჯერ მოყოლილი ამბის გადამღერება ცუდი ტონია, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემ თავს ვახსენებ ასე ამბავს შუა საუკუნეებში მთაში გავრცელებული პანდემიისა, რომელიც ორი წლის წინ სვანეთში დათო ტურაშვილმა მოგვიყვა. 

ჟამიანობა, გადმოცემის თანახმად, ხევსურეთში „შავი ჭირის“ გავრცელებას უწოდეს. დღემდე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, ხევსურეთის სამი სოფლის – ანატორის, მუცოს და არტოჯის მოსახლეობა რომელ დაავადებას ემსხვერპლა. შემოგვრჩენია მხოლოდ ამ უცნაური დაავადების ტრაგიკულ კვალზე, სოფლების მახლობლად აშენებულ აკლდამებში ჩვილის აკვანი და ძვლები, რომელიც სოფლების ტრაგიკულ აღსასრულზე გვიყვება.

ზეპირსიტყვიერი გადმოცემის თანამხმად, როცა სოფლებში მომაკვდინებელი სენი გავრცელდა, დაავადებული ადამიანები პირველივე სიმპტომების დროს თავად გადიოდნენ აკლდამებში და სიკვდილთან შესახვედრად იარუსებზე წვებოდნენ. სისაურების სოფლიდან ერთ დღეში თურმე სამოცი ხმლიანი, ანუ მებრძოლი გასულა. სოფლად გამოცხადებულ კარანტინს მაშინ სამი მეთოფე იცავდა, თუ იზოლაციიდან ვინმე გასვლას მოინდომებდა, ადგილზე უნდა მომკვდარიყო, რათა დაავადება სხვა სოფელში არ გაეტანა. ხევსურები დღემდე სიამაყით ჰყვებიან ამბავს თოფის დუმილზე, როგორც გვარის ღირსების ამბავს. 

ჩემი კარანტინი ასეთი არ იქნება. არც მეთოფეები გვეყოლება და არც გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინი. თუმცა, შეუძლებელია ოცდაოთხსაათიანი ემოციებით დახუნძლული მგზავრობის შემდეგ, ორკვირიან კარანტინში ბუნებრივად არ გაჩნდეს ახალი კითხვები ან დაკვირვებები, რომლებსაც კარანტინის დღიურების სახით გაგიზიარებთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.