fbpx

“ფრთები ხომ არ მიგიღიათ?” – ანუ მეორედ მოსვლა 3


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო დარასელი

 

ასე თვე-ნახევრის წინ, ამ სიგიჟის დაწყებამდე, სოციალურ ქსელში სახუმარო სტატუსებს გადავაწყდი მეორედ მოსვლაზე, პატრიარქის სიტყვების სხვადასხვა თარგმანი გამოდიოდა. ვიფიქრე, იუმორი მეორე კი არა, მესამედ მოსვლასაც გადაგვარჩენს მეთქი და რაღაც ახალ პროექტზე დავიწყე ფიქრი.

გამახსენდა ერთ დროს არტარეაზე გადიოდა ნატა სოფრომაძის და მაკა კუკულავას გადაცემა fashion beat, სადაც ცირკის კიბეებთან ადამიანები იმ ტანსაცმელში პოზირებდნენ, დედამიწაზე ცხოვრების ბოლო დღეს რომ ჩაიცვამდნენ.  

ნატას მივწერე, ხომ არ გაგვეკეთებინა მსგავსი, ოღონდ ფოტოპროექტი, და არამარტო მოდა, სხვა კითხვებიც იყოს მეთქი, მაგალითად, ვის ჩაეხუტებოდნენ, …რა იქნებოდა მათი ბოლო სტატუსი ფეისბუქზე. შევთანხმდით, მაგრამ მერე  ნატამ ვერ მოიცალა, მეც დავივიწყე, რაღაც სხვა საქმეები გამოჩნდა და სტატუსებიც სოცქსელში სხვა თემაზე გადაერთო. რა თქმა უნდა, რა დროს მეორედ მოსვლა იყო?!..

არადა…

არადა, საერთოდ აღარ მეცინება ახლა ბევრ რამეზე (ირაკლი გაფრინდაშვილის, თამუნა თანდაშვილის, დათო გორგილაძის და ბექა ყორშიას სტატუსებს თუ არ ჩავთვლით).

ფანტასტიკური ჟანრის ფილმში, უფრო სერიალში, გავატარეთ თითქმის ორი თვე და თან დღემდე მაინცდამაინც ისიც არ ვიცით, როგორი გაგრძელება თუ დასასრული ექნება. მსოფლიოს სხვადასხვა ინფექციონისტები გვასპოილერებენ, მაგრამ მართალი გითხრათ, ყოველდღე სხვადასხვას ამბობენ, ასე რომ, ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი არ ვიცით. მაგრამ ეს ხომ ისედაც ვიცოდით.

კორონავირუსის პანდემიის გამო, იზოლაციის პირველ დღეებში, განსაკუთრებულად მობილიზებული ვიყავი. სახლიც დიდი მონდომებით დავალაგე, საჭმელების რეცეპტები მოვიძიე, უამრავი წასაკითხი წიგნი დავაგროვე, at.ge-ზე სხვადასხვა ცნობილი ადამიანების რეკომენდაციების და რჩევების აქტიური გამოქვეყნება დავიწყე. ვარჯიშსაც შევუდექი და არამარტო მე, სრულიად საქართველო ამ რეჟიმში ჩაერთო.

მაგრამ ეს საერთო სახალხო არშემჩნევა-აღტყინება ცოტა ხანს გაგრძელდა. უმეტესობა მიხვდა, რომ ვერაფერზე კონცენტრირდება ჩვენი ვირუსოლოგების პრესკონფერენციების გარდა. დღეში ოთხჯერ – ამირანი, პაატა, ლევან რატიანი, ცერცვაძე, ამირანი, პაატა, რატიანი, მარინა, ამირანი… არ ვიცი, თუ დამიჯერებთ, მე არცერთი მათი გამოსვლა არ მინახავს. ოჯახის წევრების მონათხრობით და  მეგობრების ფეისბუქის სტატუსებით ვხვდებოდი, რა ხდებოდა. 

იმიტომ კი არა, რომ არ მაინტერესებდა, მეტი არც არაფერი მაინტერესებდა, უბრალოდ, ნაკლებად რომ მენერვიულა. პირდაპირ ბოლო მინდოდა მცოდნოდა, მოკლე შინაარსი. არადა, აქამდე არასდროს მიყვარდა, წიგნის ან კინოს დასასრულს რომ მეუბნებოდნენ, მაგრამ ახლა… რატომ არ ვუყურებდი და ვუსმენდი? ალბათ იმის, გამო, რომ ბოლო წლებში ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ასეთი თავდაცვა მასწავლა. სადაც მივხვდები, რომ შემაშინებენ, მაწყენინებენ, გამაბრაზებენ, იმ ტერიტორიაზე არ შევდივარ. 

გავიკეთე ვარდისფერი სათვალე და ასე ვიცდენ ყველანაირ ნეგატივს. ვერ და არ ვხედავ… ან თუ ვხედავ, მხოლოდ ვარდისფრად.

ამიტომ აღარც და ვეღარც ვბრაზდები, აღარც მწყინს და რაც არ მომწონს, ყველა აზრს ვბლოკავ. რა თქმა უნდა, ბევრი ცდილობს მომხსნას ხოლმე ეს სათვალე, მაგრამ ვერაფრით ახერხებენ. მეტსაც გეტყვით, და გასაოცარს: დედაჩემი, რომელიც მესამე წელია  სასჯელს იხდის ციხეში, არც ერთხელ არ მინახავს. 

ჰო, თვალები არ გატყუებთ, არც ერთხელ! რატომ? რა სიგიჟეა? გეტყვით: ალბათ ამით ვიცავ ჩემს თავს და ვატყუებ, რომ ის იქ არაა. რომ ვნახო და დავაფიქსირო, რა გაჭირვებაშია, ვეღარ გავაგრძელებ სრულფასოვნად ცხოვრებას, ბავშვების გაზრდას, მუშაობას და შესაბამისად, არსებობას.

ჩემმა პატარა გოგომაც, რომელიც რუსოს გაზრდილია, იცის, რომ ბებია გერმანიაშია.

ყოველდღე ტელეფონით რომ რეკავს, ყველაფერზე ვსაუბრობთ, იმ ადგილის გარდა, სადაც ახლა არის. არ ვიცი, როგორია მისი ოთახი, როგორი რეჟიმი აქვს, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ეკონტაქტება. მალე მაინც უნდა ჩამოვიდეს იმ შორეული “გერმანიიდან”.

ამიტომაც, იზოლაციისას წუწუნი რომ მინდება ჩაკეტილობაზე, იმწამს მახსენდება, სად არიან დედა და დეიდა, როგორ პირობებში და რა ჩაკეტილობაში, თან 2 თვე კი არა, უკვე მეოთხე წელია და თავს აღარაფერზე დარდის უფლებას არ ვაძლევ.

ისე, რა უცნაურია, ჩემს პატარა გოგოს, რომელმაც როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, იცის, რომ რუსო გერმანიაშია, ძალიან უყვარს მოგზაურობა, სულ სადღაც გაფრენაზე ოცნებობს, მაგრამ არასდროს ბებიასთან, გერმანიაში არ მოუთხოვია წასვლა. ვითომ იცის სადაა? იცის, რომ ვატყუებთ? დიდი შანსია.

ეტყობა, მასაც გენეტიკურად ერგო ჩემგან ვარდისფერი სათვალე.

ფრენაზე გამახსენდა, მარიტა ერთი პერიოდი აქტიურად მთხოვდა თავისთვის ფრთების შეძენას. ფრენა უნდოდა. ჰოდა, super-ში  შესვლისას კონსულტანტებმა უკვე იცოდნენ, რომ ამ პატარა გოგოს  ყოველ ჯერზე უნდა ეკითხა: ფრთები არ მიგიღიათ? ისინიც  შეეჩვივნენ და პასუხობდნენ, რომ ჯერჯერობით არა, მაგრამ მალე ელოდებიან. მეშინოდა კიდეც, რამე სათამაშო ფრთები ნამდვილად არ ჩათვალოს და არ გადმოფრინდეს საიდანმე მეთქი. სხვათა შორის, ბოლო დროს აღარ მოუკითხავს. თვითონაც ხვდება, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, რომ ახლა ფრენის დრო არაა, არც ოცნებებში. ვირუსმა ყველა მყარად დაგვაყენა მიწაზე. ჩვენ  უკვე აქ და ამ დროს ვცდილობთ ჩვენივე ადგილის შენარჩუნებას.

ერთ ჩემს მეგობარს ამერიკაში ჩვენი საიტისთვის ინტერვიუ ვთხოვე. მის ძველ ნამუშევრებსა და წარსულის გამოცდილებებზე საუბარი მინდოდა მასთან. მაგრამ ასეთი უცნაური პასუხი მივიღე:

“არ მინდა არც წარსულზე და არც მომავლის გეგმებზე საუბარი. შიში მაქვს. აქ და ახლა, აწმყოში მინდა მყარად ვიგრძნო თავიო.”

ჰოდა, ვართ ასე ყველა დედამიწაზე, ჩვენს ადგილს მოჭიდებულები, შეშინებულები და დაბნეულები. შველას ველით, მაგრამ ისიც არ ვიცით ვისგან. აგერ ილონ მასკი, მთვარეზე კოტეჯს რომ გვიშენებდა, ვირუსს ვერც ერევა და ამიტომაც არც იმჩნევს. მაგასაც ჩემნაირი ვარდისფერი სათვალე მოურგია ეტყობა.

კიდევ ერთი რამ ფრენაზე: ერთი პერიოდი ძალიან მეშინოდა ფრენის და მეგობრებმა ფსიქოლოგთან მირჩიეს წასვლა. 

ასე მოვხვდი  ფანტასტიკურ ქალთან, მზია გომელაურთან. ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ ერთი რამ მითხრა, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდა:

“სამწუხაროდ, ერთხელ ყველა ვკვდებით, ჰოდა, სტატისტიკას რომ თავი დაანებო, თუკი მაინცდამაინც თვითმფრინავით გიწერია, ვერ ასცდები, თუმცა ნერვიულობას აზრი არ აქვს. ვერაფერს უშველი. ამიტომ მხოლოდ მაშინ დაიწყე ღელვა, როდესაც საშიშროება რეალური იქნებაო.

ჰოდა, მას მერე მხოლოდ თვითმფრინავში კი არა, ცხოვრებაშიც წინასწარ ვცდილობ არაფერზე ვინერვიულო. ძლიერი ტურბულენტობა რომ იწყება, მაშინაც კი ვიცი, რომ ეს ჯერ საშიში არაა. 

ერთი წლის წინ მეხიც კი დაეცა თვითმფრინავს, რომლითაც მე და ჩემი უფროსი შვილი ვმგზავრობდით, საფრენ აპარატს სერიოზული პრობლემა შეექმნა. უკვე ბორტგამცილებლებსაც რომ შეეშინდათ, მხოლოდ მაშინ დავიწყე მეც ნერვიულობა. თავი განწირული მეგონა და ერთადერთი, რასაც ვდარდობდი, ჩემთან ერთად მყოფ შვილს, ზაზუკას რომ ვერ ვშველოდი და პატარა მარიტა მარტო რომ რჩებოდა. თუმცა იქვე, ახლა ხომ მაინც გამოუშვებენ დედაჩემს მეთქი, თავს ვიმშვიდებდი.

მაშინ პილოტმა სასწაულები ქნა და უკან დაგვსვეს, აეროპორტში. გადავრჩით.

ახლაც იმ თვითმფრინავში მგონია თავი… მაგრად გვანჯღრევს. ჩვენს ეკიპაჟსაც  ეშინია, მაგრამ მაგრად მიდიან და მგონი, სადაცაა უკვე დაგვსვამენ და ეგაა… ფაქტია ვეშვებით.

მაგრამ ჯერ მაინც არ ვიცით, სად ვართ, რა იქნება. არ ვაწყობთ გეგმებს. ჰოდა, არ მინდა ასე. მინდა ისევ ვგეგმავდე, კოშკებს ვაშენებდე, ვოცნებობდე ისეთ რაღაცებზე, რომ მკითხონ, შენ სად დაფრინავ? 

“სუპერი” რომ გაიხსნება, მარიტასი არ იყოს, მეც უნდა ვიკითხო, ფრთები, ფრთები ხომ არ მიუღიათ? 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.