fbpx

მელოდრამატული ინტერვიუ შოთა დიღმელაშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

 

პროლოგის მაგიერ

ვირუსის კონტექსტში, როცა ინტერვიუ დისტანციურად იწერება, თავს ვერ დავდებ, რომ ტექსტებში მართლა პათეტიკური ვნებათაღელვა და ჭარბი ემოციურობა დაგხვდებათ, მაგრამ წინა კვირაში ამოჩემებული სიტყვათა შეხამება მომწონს და საუბრების ამ ციკლს “მელოდრამატულ ინტერვიუს” ვარქმევ. 

პირველი თანამოსაუბრე შოთა დიღმელაშვილია. შოთა ერთადერთ პირობას მიყენებს: ბავშვის დაძინების დროს არ უნდა დავამთხვიოთ. არ ვამთხვევთ და AT.ge-სთვის პირველ “მელოდრამატულ ინტერვიუს” ვიღებ. 

გურამი: დიალოგში ორიენტირის მოსაძებნად, ალბათ ყველასთან ამ შეკითხვით დავიწყებ ხოლმე ლაპარაკს: სიტყვა “კულტურის” შენეული განმარტება როგორია?

შოთა: ჰო, კულტურის განმარტება საკმაოდ ძნელი მოსახელთებელია, უფრო სწორად, ყველა სააზროვნო დისციპლინა თითქოს საკუთარ გამოყენებას მოუძებნის ხოლმე. ამიტომ ცნობილი ციტატისა არ იყოს, მეც, როცა ეს სიტყვა მესმის, ხელი მაუზერისკენ გამირბის ხოლმე. ხშირად სწორედ კულტურის მკვლელები ცდილობენ მის დამცველებად წარმოაჩინონ თავი. ამიტომ ჩემ ლექსიკონში ხშირად არ ვიყენებ ამ  სიტყვას, თუმცა მომწონს ის ამბავი, რომ კულტურას და კულტივაციას ერთი ფუძე აქვს საბოლოოდ, ალბათ უფრო ზოგადი განმარტებისკენ წავიდოდი, რას ნიშნავს კულტურა ჩვენთვის, კვების ჯაჭვის კენწეროში მყოფი სახეობისთვის: კულტურა არის ადამიანში ცხოველური ბუნების დათრგუნვისა და მასზე ამაღლების პროცესი. კულტურა ჩვენი “ღმერთის ხატობის” ზეიმია.

გურამი: ადრე გუგლში იძებნებოდი, როგორც პოეტი. ახლა იძებნები, როგორც ეკონომისტი. სიტყვებით დაიწყე და როგორ მიხვედი ციფრებამდე?

შოთა: ეს ცოტა გრძელი და მოსაწყენი ისტორიაა. გამოყენებით მათემატიკაზე ჩავაბარე და მოსამზადებელ კურსზე გავიცანი ალექსა ჩიღვინაძე. ერთხელაც, ალექსა მოვიდა და მოიტანა ჯეკ კერუაკის ჰაიკუები. განცვიფრებულები ვიყავით, რომ ასე წერა შეიძლებოდა. მერე ლიტერატურულ პორტალზე შევეცადეთ მოგვეძებნა ადამიანები, ვინც სხვანაირად წერდნენ. პირველი, ვისაც მივაკვლიეთ, ზურა ჯიშკარიანი და პაატა შამუგია იყვნენ ეს ახლო და ხანგრძლივი მეგობრობის დასაწყისი იყო. ახალი ადამიანების და ახალი თავის ძიების. რაღაცნაირ ასაკს დაემთხვა, ჰაქსლისეული “ცნობიერების გაფართოების” დროს. თუმცა ჩემ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ უკეთესი მკითხველი ვარ, ვიდრე მწერალი და მალევე მივხვდი, ჩემგან მგოსანი არ დადგებოდა

პარალელურად, ეკონომიკის ფაკულტეტზეც ვისწავლე, ამ მიმართულებით შედარებით გავიღრმავე ცოდნა და ამას მოჰყვა ალბათ მეტამორფოზაც გუგლის საძიებო სისტემებში. თუმცა საფუძვლებიდან შორს არ წავსულვარ. პირადად ჩემთვის, მაშინაც, ჩვენი საღამოები პოლიტიკურ აქტივობად უფრო რეგისტრირდებოდა. საზოგადოებრივი ქსოვილის დარღვევა, სხვანაირად შეკერვა გვინდოდა, ალტერნატიულ ცხოვრების წესს ვქადაგებდი – ეს უფრო ბიტნიკების გავლენით. ამ შემთხვევაში პოეზია ჩემთვის მედიუმი უფრო იყო ალბათ, ვიდრე თვითმიზანი.

ალექსამ მოგვიანებით დრამატურგიაში იპოვა თავი, ზურამ მუსიკაში, პაატა პოეზიაში დარჩა, მიშა ბახსოლიანი პროზაში წავიდა, თან კოპირაიტერია, ზაზა კოშკაძე სცენარებში გადაეშვა და ა.შ. საბოლოოდ, ცოტამ შეინარჩუნა ექსკლუზიურად “პოეტობა”, თუმცა ყველანი ცვლილებების ბიზნესში დავრჩით. უბრალოდ, მე ეკონომიკა მხვდა წილად

გურამი: კარგი და ეკონომიკას პოეზია აქვს?

შოთა: ეკონომიკაც იმდენად არ მაინტერესებს, რამდენადაც უფრო თავისუფალი და ჰარმონიული საზოგადოება. ეკონომიკა აღწერს საზოგადოებრივი ქცევებისა და მსოფლიოს მოწყობის კანონზომიერებებს. პოეზია უფრო იმაშია, ეს კანონზომიერება მარტივად აღქმად ენაზე თარგმნო და მიაწოდო სხვადასხვა მიგნება ადამიანებს, რათა მათ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

გურამი: ამ შეკითხვას, მგონი, უკვე წინასწარგანწყობით გისვამ, ვფიქრობ, რომ უკიდურესად მემარჯვენე პოზიციიდან მიპასუხებ საქართველოში სახელმწიფო ხელოვნებას უნდა აფინანსებდეს?

შოთა: ეს სტერეოტიპი არსებობს ჩემზე, თითქოს ლიბერტარიანელი ვარ. სინამდვილეში, ახლავე დაგილინკავ ჩემს კომპასს – ოდნავ მარჯვნივ გადახრილი ცენტრისტი ვარ. ანუ ჩემი პოზიციები ზომიერ მემარცხენეებთან უფრო ახლოა, ვიდრე რადიკალ მემარჯვენეებთან. ისევე, როგორც ზომიერი მემარცხენეების პოზიციები ჩემთან უფრო ახლოა, ვიდრე რადიკალ მემარცხენეებთან. მაგრამ, ვინაიდან ჩვენთან პროფესიული დისკუსია ამ თემაზე პრაქტიკულად არ არსებობს და პოლარიზებული გარემოა, “მემარცხენეებისთვის” ცენტრი რადიკალურად შორს მოჩანს და აქედანაა სტერეოტიპი თითქოს, აპრიორი ვიტყვი, რომ არა, სად კულტურა, სად სახელმწიფო. მაგრამ მე ასე არ ვთვლი. მე ვფქირობ, რომ სახელმწიფო მეცნიერებაშიც უნდა ინვესტირდებოდეს, კულტურაშიც. უბრალოდ, არა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, რომლის მეცნიერებიც სკოპუსის ბაზებში საერთოდ არ იძებნებიან, არც მათი ციტირება ხდება მეცნიერულ ჟურნალებში და ა.შ., ანუ წოდება ტყუილად აქვთ. სამაგიეროდ, ხშირად გვხვდება მათი ციტატები ყვითელ მედიაში, გასაკვირი რა არის,  როცა აქვთ “ნაშრომები” მასონურ შეთქმულებებზე, სათაურით “ავაჰმე, ჩემო მამულო” (true story). ხელოვნებაშიც თუ კულტურის ჯანსაღი პოლიტიკა არ გაქვს, ყოველგვარი ინვესტირება კორუფციული და ნეპოტისტური გარიგებების წყაროა.

გურამი: სიტყვა “სირცხვილი” შენი და შენი თანამოაზრეების ბოლო 1 წლის საკვანძო სიტყვაა. ალბათ, ყველაზე მეტჯერ წარმოთქვით. სამამულო სირცხვილების ხუთეული მინდა რომ შევადგინოთ – სადამდეც შენი მეხსიერება წვდება, იქიდან მოყოლებული დღემდე, TOP 5 ქართული სირცხვილი რა გახსენდება?

შოთა: ახლა დავიწყე წერა, მაგრამ ამაზე რომ გიპასუხო, მთელი საქართველოს ისტორია უნდა გადავსინჯო კრიტიკულად და შეუძლებელია ასე პასუხი. ისტორიულად ტეხავს ალბათ, მონებით ვაჭრობა რომ გვქონდა ეროვნულ ბიზნესად. ამაზე ბევრს არ ვსაუბრობთ, თუმცა მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები ამ თვალსაზრისით კატასტროფა იყო. 

კიდევ სამოქალაქო ომი და მისი სახით ალბათ ყველა ბრძოლა, რომელმაც ქვეყნის განვითარება დიდი ხნით გადადო ვიღაც სამარცხვინო ტიპების კერძო ინტერესის გამო.

სირცხვილია ისიც, რომ ამხელა ისტორიის ერს ეროვნული იდენტობა არ გვაქვს. გვაქვს ეთნიკური იდენტობა, რომელიც ეროვნულში გვეშლება, მაგრამ ესეც რაღაც იდენტობის იმიტაციაა, რომელიც დამპყრობელმა მოგვახვია თავს.

ეროვნული იდენტობა რომ გვქონდეს, მარნეულელებზე – და ვიცით, რომ მაგ. ერეკლე მეფეს ხევსურები და ბორჩალოელები იცავდნენ, ამათ ენდობოდა – არ ვიტყოდით, ეგ თათრები ეგენიო.

სირცხვილია, ტერმინი “გავფართოვდით” რომ შემოგვრჩა. არის ურბანული ლეგენდა, საიდან ავიკიდეთ ეს სიტყვა. მეზობელზე დაბეზღების წერილი რომ დაიწერებოდა, ავტორი იღებდა მის წილ კვადრატულ მეტრებსაც. ერთს ხვრეტდნენ, მეორე იმის ოთახში სუფრას შლიდა – გავფართოვდიო.

არ ვიცი ამ სიტყვის გაჩენა ჩვენს ლექსიკონში მართლა რამდენად უკავშირდება სამარცხვინო ფურცელს, თუმცა თავად ეს ფურცელი, რომლის სიგრძე-სიგანეზეც არ ვლაპარაკობთ, სამარცხვინოა.

კიდევ, რავი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა იყო ალბათ სირცხვილი. ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი ხმამაღლა ბაქი-ბუქობდა, იმდენად “მისკენ” იყო საზოგადოებრივი აზრი. ამაზეც ვაბსტრაგირდეთ, სირცხვილია ჯოგური ინსტინქტი, რომელსაც ხშირად მსხვერპლად ვწირავთ მომავალს, კეთილი და ბოროტი როცა აგვებნევა ხოლმე.

გურამი: ჭარბად მოგვეწოდება ქართულ პოლიტიკაში მომხდარი ამბები, ეპოქების მიხედვით და ახლა მინდა, ამ ეპოქების შიგნით გამოკერებული ამბები გავიხსენოთ, კულტურული სარჩული რომ მოვუძებნოთ ათწლეულებს. “80-იანების ბავშვი” ხარ და, მოდი, აქედან გამოვყვეთ. ალბათ, 80-იანების  ქართული ავანგარდით დავიწყებთ? კარლო კაჭარავა? “მე-10 სართული”? ვინ იყო ეს ხალხი, ვინც საქართველოში ტრადიციული სოცრეალისტური კულტურის ნგრევა დაიწყო? “მათ ფეხებზეც იყო ვუდსტოკის ტალახი?” 

შოთა: ჰო, ამ თვალსაზრისით პრობლემებია. 80-90-იანმა წლებმა თითქოს კულტურული ლეგიტიმაცია ვერ გაიარა. “ვერ” ცუდი შეფასებაა. არ. და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი წყვეტა გვაქვს. კარლო კაჭარავა კარგი მაგალითია. მისი ერთი ნაწილი მხატვრობაა, მეორე პოეზია, მესამე ესეისტიკა. მხატვრობაში გერმანული ექსპრესიონიზმი, ესეისტიკაში უფრო საინფორმაციო სტატიები, რომელიც თანამედროვე კულტურულ ძვრებზე მოგვითხრობდა და პოეზია ამერიკულია. ანუ ამ პერიოდის ყველაზე კაშკაშა კულტურული ფიგურა “იმპორტიორი” იყო, კარგი გაგებით, და ვფიქრობ, ამას საკუთარი როლი აქვს კარლო კაჭარავას “კაშკაშა კულტურულ ფიგურად” პოზიციონირებაში. მარტო მის ტრაგიკულ ბედს რომ განესაზღვრა ეს ამბავი, მაშინ იქვე თამაზ ბაძაღუასაც გავიხსენებდით, რომელიც, ჩემი მოკრძალებული აზრით, უფრო “პოეტია”, ვიდრე კარლო კაჭარავა და მისი ბედიც მეტად ტრაგიკული.

გურამი: ბაძაღუას თარგმანებიც რა მაგარი ჰქონდა! “ფორბსში” გაქვთ ასეთი რუბრიკა – “30 Under 30”, სადაც ჟურნალი და მისი დარგობრივი ჟიური “წარმატებულ ახალგაზრდებს” გამოარჩევს. კარლო კაჭარავას დროს რომ “ფორბსის” ქართულენოვანი გამოცემა არსებულიყო, როგორ ფიქრობ, მოხვდებოდა ამ ნუსხაში?

შოთა: ჰოდა, ალბათ კაჭარავა კარგად გრძნობდა, რა არის კულტურა, რა მნიშვნელობა აქვს ღიაობას, გავლენების მიმოცვლას. ამას ცალკე მხატვრები ცდილობდნენ, ცალკე პოეტები. 90-იანებში ბევრი გენიალური პოეტი გვყავს. ბევრად უკეთესი, ვიდრე, მაგ. ენცესბერგერი (რომელსაც სხვათა შორის, ლაშა ბაქრაძემ თბილისში ფეხი მოტეხა ), მაგრამ ავსტრიაში ენცესბერგერი ენცესბერგერია, ჩვენთან კი ზვიად რატიანი საერთოდ აღარ არის ქვეყანაში. შოთა იათაშვილის ტექსტი მარტო რომელიღაცა გრამატიკის სახელმძღვანელოშია, პუნქტუაციაზე სავარჯიშოდ, დათო ჩიხლაძე მხოლოდ პროფესიული წრეებისთვისაა, დათო ბარბაქაძე საკუთარი თავისთვისაც აღარ არის, შინაგან ემიგრაციაში წავიდა და უკან აღარც მოუხედავს.

უამრავი ვინმეს ჩამოთვლა შეიძლება, რომელმაც ძალიან, ძალიან გაამდიდრა ჩვენი კულტურა, დაგვაახლოვა თანამედროვე მსოფლიოს, გაგვხადა რელევანტური. მარტო ნაბადი და ჩურჩხელა ხომ არაა კულტურა.

ეს კულტურული გამოცდილება თითქოს მთლიანად წაშლილია, აკადემიაში ლეგიტიმაცია არ გაუვლია და, ჩემი აზრით, სწორედ ამის შედეგია ახლა თანამედროვე იუთუბ-პოეტთა პლეადა, რომელიც რაღაც ამაზრზენი შვიდმარცვლიან-ჯვარედინრითმოვანი პოეზიით იმკვიდრებენ თავს პრიალა შოუებში და ისინი “თანამედროვე პოეტებად” მოიხსენიებიან. ბესიკ ხარანაული ლამის ასი წლისაა, მაგრამ გაცილებით თანამედროვეა, ვიდრე ნებისმიერი ასეთი ჯეელი. და იმისთვის, რომ დავიბრუნოთ “თანამედროვეობა”, უახლოესი წარსული გვაქვს კულტურულად გასააზრებელი. აი, ამ კვლევა-განვითარებაში უნდა იხარჯებოდეს კულტურის სამინისტრო და არა რომელიმე პოპ-მომღერლის ან ვულგარული რეჟისორის “პაეზდკების” დაფინანსებაში.

გურამი: “ექსპორტიორი” ვინ გახსენდება ქართულ კულტურაში? ოთარ იოსელიანი, ნინო ხარატიშვილი, დემნა გვასალია – ესენი “ექსპორტიორები” არიან?

შოთა: კი, ცალსახად. თუმცა კულტურული “ექსპორტი” ალბათ მხოლოდ ასეთ ცნობილ სახეებს არ გულისხმობს. ექსპორტია “ბასიანიც”.

გურამი: ჰო, ცხადია. კარგი მაგალითია.  აი, “ბასიანს” რა გააქვს საზღვრებს გარეთ ისეთი, რაც იქ არ “იწარმოება”?

შოთა: მოვლენები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახეები ან სახელები. კულტურა ხომ კედლები არაა, ხიდებია. მნიშვნელოვანია გამოცდილების გაცვლა. რაღაც იქაურის აქაურად გადააზრება, რაღაც აქაურის – იქაურად. საბოლოოდ, კულტურულად რელევანტური მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ქვეყანა. 

ბასიანს გააქვს ტექნოს ქართული ჟღერადობა, რეივის უნიკალური ქართული სტილი – ვინც ამ თემას იკვლევს, ამბობს, რომ ნაკლებად ჰედონისტურია და მეტად საკუთარ თავში ჩაღრმავებული.

გურამი: რა უცნაურად ჟღერს ქართული მეინსტრიმ კულტურის ფონზე, არა? დათრგუნული ჰედონიზმი და საკუთარ თავში ჩაღრმავება…

შოთა: ქართული მეინსტრიმ კულტურა რა არის ამაზეც ხომ ვერ ვისაუბრებთ ხელაღებით. ჩემი აზრით, ქართული მეინსტრიმ კულტურა კაიაკატაა, რომელსაც შეუძლია წინა დღეს დადებული “ივენთით” სამი ათასზე მეტ ადამიანს მოუყაროს თავი. ისე საღდება, თითქოს რაღაცა “ესტრადა” იყოს ჩვენი კულტურული მეინსტრიმი. არა და ასე არაა. საკმაოდ გემოვნებიანი პუბლიკა გვყავს. ჩემი აზრით, “გულაობა” ვიცით.

ა, და ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: თუ სადმე უნდა ვეძებოთ ქართული სული, სწორედ ზემოთ რომ ვახსენე, იმ “კულტივირების” უნარშია. ზოგადად, მიიჩნევა, რომ კულტურა, ესთეტიკური და სულიერი ტკბობა, მოკლედ, “კულტურა” ფართო გაგებით მასლოუს პირამიდის კენწეროშია და ამისთვის მაშინ იცლის ადამიანი, როცა ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვს. 

გურამი: უფრო იმ მოცემულობას ვგულისხმობდი, რომელშიც ხელოვანებს ბრძოლა დასჭირდათ, რომ მაგალითად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნაბადი და ჩურჩხელა არ ყოფილიყვნენ პროტაგონისტები…  ისე, ჩურჩხელა ალბათ შემთხვევითი პერსონაჟი არაა, სახელმწიფო ყველგან ჩრის და ამ ტიპის ქართულ კულტურას სულ გასდევს, მგონი, რაღაცა ზედმეტი სიტკბო და შაქარი.

შოთა: ეგ ბრძოლა იყო ბრძოლა ჩინოსნების კულტურასა და რეალურ კულტურას შორის.

გურამი: ზემოთ ზვიად რატიანი ახსენე. ალბათ, ამ ბრძოლის მსხვერპლი…  უფრო სწორად, ჩინოსნების კულტურის მსხვერპლი.

შოთა: ჩვენ კულტურის პოლიტიკა მხოლოდ საბჭოთა კავშირში გვქონდა, სადაც კულტურას საკუთარი როლი ჰქონდა – ყოფილიყო თვინიერი და “სოცრეალისტური” (ოღონდ ეს სუფთახალათიანი მუშების ჟანრი ყველაფერი იყო რეალიზმის გარდა). საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება კულტურასთან არ შეცვლილა. ბაზარმა ნაწილობრივ შეცვალა კულტურული ელიტები, თუმცა ამას მედეგ წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო, მათ შორის, დაუმსახურებელი “მოღვაწეების” პრივილეგიების დაფინანსებით.

სინამდვილეში, კულტურა არის სუბვერსიული. იგი თავს იკლავს და ხელახლა იბადება. ჩვენთან ეს პროცესი სხვანაირად წარმოუდგენიათ და მენეჯმენტიც სხვანაირია. შედეგიც სახეზეა. 

გურამი: 80-90-იანებს შევეხეთ. 00-იანების ქართული პოლიტიკა რომ ქმნიდა, ახლა იმ კულტურულ ესთეტიკას მინდა შევეხოთ და დასურათება ვცადოთ. რა ხატები მოგდის ასოციაციურად ამ წლებიდან?

გურამი: ისე, ბუშის ჩამოსვლაც ძალიან ჰგავდა ფრანკფურტის ბაზრობის სამზადისს…  2010-იანები. ერთხელაც შევეხოთ კლუბებს – მე მგონია, რომ 90-00-იანებში დაბადებული “ინგლისურის და კომპიუტერის ბავშვების” სხეულების და იდეების თავშესაფარია. შენ რა ტიპის სივრცედ აღიქვამ?

შოთა: მე ქართულ კლუბებში მათი ემანსიპატორული როლი მომწონს. პირველად ამ სცენამ დაანგრია მასობრივად იდენტობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები. რაღაც სივრცეები გაჩნდა, სადაც ქვიარები და ძველი ბიჭები ერთად ერთობოდნენ. ჰოდა, ძალა ერთობაში რამდენადაა არ ვიცი, თუმცა ურთიერთობაში ნამდვილად არის. ქართულმა საკლუბო სცენამ ურთიერთობა წაახალისა.

თუმცა, არა მგონია, თანასწორობის იდეა “ინგლისურისა და კომპიუტერის” მცოდნე თაობას უნდა მივაწეროთ. ახლა ამ იდეების გაზიარება უფრო ადვილია, ვიდრე ადრე, როცა კანონმდებლობით იდევნებოდა. მიუხედავად ამისა, იყო ხალხი, ვინც იბრძოდა უფრო თავისუფალი, ჰარმონიული საზოგადოებისთვის. 

გურამი: შოთა, ყველაზე პათეტიკური რა გითქვამს საჯაროდ, ან რა გაგიკეთებია? არ მითხრა, რომ არ გახსოვს!!! 

გურამი: ერთი მნიშვნელოვანი რამეც და დავასრულოთ, გიშვებ სიგარეტის მოსაწევად რაღაცები იცვლება, მაგრამ რაც ათწლეულების განმავლობაში უცვლელია (მხოლოდ ესთეტიკის მხრივ შეიცვალა), არის ყველა თაობის დაუპატიჟებელი თანამგზავრი – ქართველი პოლიციელი, სახელმწიფოსგან ჩანერგილი მეგობარი. როგორ უნდა გავაგებინოთ, რომ მასთან მეგობრობა არ გვინდა? რატომ გველაპარაკება სექსზე, უსექსობაზე, ნარკოტიკებზე? რატომ აქვს ჩვენ მიმართ ასეთი ფამილიარული დამოკიდებულება? როგორ ვუთხრათ უფრო მკაფიოდ, რომ თავი დაგვანებოს?

შოთა: ახლა ანბანის მიხედვით ხომ გვიწევდა რაღაცის თავმჯდომარეობა, დიდი ზარ-ზეიმით რომ აღვნიშნეთ, საჯარო სამსახურებიდან 40 ათასი კაცი რომ მოყარეს რუსთაველზე და ისე მალე დაეშალათ, დღისით მოუხდათ ფეიერვერკების გაშვება. აი, მაგ თავმჯდომარეობით რაც უნდა შეგვემატებინა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იყო ბავშვთა მართლმსაჯულების გამართულ სისტემაზე ზრუნვა. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ცენტრალური თემა. ჩვენ უნდა წაგვეკითხა ლექციები დასავლეთ ევროპელი კანონმდებლებისთვის ბავშვთა მართლმსაჯულებაზე. ამ ზეიმის დღეებში იყო ზუსტად ლუკა სირაძის ამბავი, ბავშვის, რომლის საჭიროებების მიმართ სისტემა – და, პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემა – ყრუ აღმოჩნდა.

პოლიტიკაში ჩართულობა უშველის ამას. ჩართულობაში პარტიაში შესვლას არ ვგულისხმობ. ყოველგვარი პარტიების გარეშე, ქუჩიდან შეიძლება იმის მიღწევა, რისთვისაც პარტიებს 30 წელია ვერ მიუღწევიათ. ზაფხულში ეს დავამტკიცეთ და აქეთ უნდა ვიაროთ.

ეს ოპერმუშაკები რაც სსრკ-ში იყვნენ, ისინი იყვნენ შევარდნაძის, მიშას, ბიძინას დროს. ეს სისტემა უნდა დაინგრეს და აშენდეს სხვა სისტემა.

ცოტათი მაინც უკეთესი თუ იქნება, ეს ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს შეუმსუბუქებს ყოფას.

გურამი: შოთა, მადლობა

 

[საუბრის დასასრული]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.