ვან გოგის შთაგონებით იტალიურ პურზე შექმნილი ხელოვნება
ავტორი:Sara Barnes
ტერი კალეტომ, რომელიც ასევე ცნობილია Vineyard Baker-ის სახელწოდებით, იტალიური ტრადიციული პურის – ფოკაჩიას გამოყენებით ხელოვნება შექმნა. ვან გოგის შემოქმედებით შთაგონებულმა კალეტომ მწვანილითა და სხვადასხვა ბოსტნეულით გაფორმებული პურები გამოაცხო. სერიას კალეტო Van Dough-ს (ვან ცომს) უწოდებს. ყვავილების გამოსახულებები პურზე, ერთი მხრივ, ზედაპირის დეკორია, მეორე მხრივ კი, არომატის გამაძლიერებელი.
კალეტომ ფოკაჩიაზე, როგორც მედიუმზე ფიქრი 2018 წელს, ადგილობრივ სასწავლო ცენტრში მსურველებისთვის ცხობის სწავლების დროს დაიწყო: “გაკვეთილისთვის ვემზადებოდი და ამიტომ ფოკაჩიას ისტორიისა და წარმოშობის შესწავლა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ “focaccia” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “გულიდან”. ეს თბილი და შესანიშნავი სიტყვა გულში ჩამრჩა და შთამაგონა შემექმნა სასწავლო კურსი, რომელიც ამ გრძნობას გადმოსცემდა, პროცესი კი თავისუფლებასა და შემოქმედებითობას დაეფუძნებოდა.”
მცხობელმა სტუდენტებს მისცა ბოსტნეული, მწვანილი, მარცვლეული და სანელებლები, რომ პურზე დაედოთ. “ეს კლასი მხატვრებისა და მცხობელთა ერთობლიობა აღმოჩნდა”, – განუცხადა მან My Modern Met-ს.
ამავე წელს კალეტოს კიდევ ერთი შთამაგონებელი პრაქტიკა ჰქონდა. როგორც ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ხშირი სტუმარი, იგი აღტაცებული იყო ვან გოგის ექსპოზიციით. “შთაგონებული ვიყავი მისი ხელოვნებით და ვფიქრობდი, რატომ არ უნდა ვცადო?!” ვან გოგის მზესუმზირების შთაგონებით, კალეტომ თავისი პირველი ფოკაჩია Van Dough-ით შექმნა. ცომის დეკორაციისთვის მან ახალი წიწაკა, პომიდორი ჩერი, მწვანე ხახვი, მწვანე ნიორი და სხვა ბოსტნეული გამოიყენა.
შედეგად, პური არა მხოლოდ შთამბეჭდავი, არამედ ძალიან გემრიელიც იყო. “ეს გახდა ჩემი ახალი საყვარელი პური”, – ამბობს მცხობელი. “თვეების და სეზონების განმავლობაში ნანახი ყაყაჩოების მინდვრები, ვენახები ან, უბრალოდ, მუზეუმში არსებული გამოფენები შთამაგონებს, რომ ემოციები პურის ხელოვნებით გადმოგცეთ.”
დაათვალიერეთ Van Dough-ის პურის ხელოვნება.
ოროგინალი: https://mymodernmet.com/focaccia-bread-art/