fbpx

7 გამორჩეული დოკუმენტური ფილმი ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისათვის – 1991 Productions


გააზიარე სტატია


ავტორი:  ნინო ჩიჩუა

 

წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმებს ნებისმიერი გემოვნებისთვის, რომლებიც არც ყველასთვის ცნობილი ადამიანების ისტორიებს მოგვითხრობენ, არც ისტორიული მოვლენების ანალიზს გვთავაზობენ,  ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანთა ფიქრებსა და განცდებზე დაკვირვებით გადმოგვცემენ სათქმელს. 

ეს ფილმები არაფრით  ჩამოუვარდებიან მხატვრულ ფილმებს; ისინი არანაკლებ გამოირჩეულია დრამატურგიით თუ რეჟისორული ოსტატობით და ასევე არანაკლებ აღფრთოვანებას იწვევენ მაყურებელში. 

 

Cutie and the Boxer, 2013, აშშ

ზაჰარი ჰეინცერლინგი

 

ფილმი მოხუცი ხელოვანი წყვილის, უშიო და ნორიკო შინოჰარას გულწრფელი პორტრეტია. უშიო 60-იანი წლების ნიუ-იორკის ხელოვანთა წრის აქტიური წევრი იყო. ის თავის აბსტრაქტულ ნამუშევრებს ბოქსის ხელთათმანებით ქმნის. 80 წლის ასაკში მას უჭირს თავისი შემოქმედების შემოსავლიან საქმედ ქცევა. მისი მეუღლე, რომელიც ქმრის ჩრდილში ცხოვრობს, ასევე მხატვარია. ეს ფილმი, რომელშიც წყვილის რთული ყოველდღიურობა და შემოქმედებით სულია შერწყმული, ორი რეალური ადამიანის სიყვარულის ისტორიაა.

 

Stories We Tell, 2012, კანადა

სარა პოლი

მსახიობი და რეჟისორი სარა პოლი ფილმში საკუთარ, ძალიან პირად, ემოციურ ისტორიას გვიყვება. მსახიობი დედა მას 11 წლის ასაკში გარდაეცვალა. მამასთან დარჩენილს, გარშემო მყოფებისგან ხშირად ესმოდა კითხვა, თუ რატომ არ ჰგავდა ის მამამისს – მაიკლ პოლის. ფილმში სარა თავის და-ძმებისგან და დედის ახლობლებისგან  იღებს ინტერვიუებს და იწყებს სიმართლის ძიებას. ფილმს გამორჩეულს ხდის მისი სტრუქტურა, ის სიურპრიზებითაა სავსე და გვიჩვენებს, რომ “სიმართლის” ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს. 

 

The Act of Killing, 2012, დიდი ბრიტანეთი, დანია, ნორვეგია

ჯოშუა ოპენჰაიმერი

 

ეს ალბათ დეკადის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ფილმია. რეჟისორი გვიჩვენებს და ესაუბრება ადამიანებს, რომლებმაც  60-იან წლებში ინდონეზიაში მოაწყვეს გენოციდი ეგრეთ წოდებული კომუნისტების წინააღმდეგ (რამაც მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა). უნიკალურია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები იხსენებენ, ჰყვებიან და კამერის წინ ასახიერებენ მასობრივი მკვლელობების სცენებს, რომლებშიც თვითონ მონაწილეობდნენ.

 

Jiro Dreams of Sushi, 2011, აშშ

დევიდ გელბი

სუშის სპეციალისტი ჯირო პერფექციონისტია. ის მიწისქვეშ განთავსებული, პატარა, 10-კაციანი რესტორნის მეპატრონეა, რომელსაც ყველაზე მეტი, მიშელინის 3 ვარსკვლავი აქვს. მთელი ფილმი სუშის მომზადების ხელოვნების გარშემო ტრიალებს, რაც ვფიქრობ, იაპონური სამზარეულოს მოყვარულებისთვის ფილმს უკვე საინტერესოს ხდის. თუმცა, ის ასევე გვიხატავს თავის პროფესიაზე შეყვარებული, ზედისციპლინირებული ადამიანის პორტრეტს, რომელსაც მზარეულის პროფესია ხელოვნების რანგში აქვს აყვანილი, რაც თავისთავად არანაკლებ საინტერესოა.

 

Nostalgia for the Light, 2010, საფრანგეთი, ჩილე, გერმანია, ესპანეთი

პატრისიო გუსმანი

მედიტაციური ფილმი დროზე, სამყაროზე და მეხსიერებაზე. ჩილეს ატაკამას უდაბნო დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის ვარსკვლავებზე დასაკვრივებლად. სწორედ ამიტომ ჩადიან იქ განთავსებულ ობსერვატორიაში ასტრონომები. მაგრამ, ასტრონომების გარდა უდაბნოში მოხუცი ქალებიც ჩადიან, რომლებიც ნიჩბებით თავიანთი მამების, ძმების თუ შვილების კვალს ეძებენ, რომლებიც იმ ათასობით ადამიანთა შორის იყვნენ, ვინც პინოჩეტის მთავრობამ 70-იან წლებში “გააქრო”. ამ ორი ისტორიის პარალელური თხრობა პოეტურ და ძალიან ლამაზ ფილმს ქმნის.

 

Man on Wire, 2008, დიდი ბრიტანეთი, აშშ

ჯეიმს მარში

მიზნით შეპყრობილი ფილიპ პეტი შინაგან ხმას ბოლომდე მიჰყვა და ნიუ-იორკში, 110 სართულის სიმაღლეზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შორის გაბმულ ტროსზე გაიარა. ფილმი ამ ადამიანის პორტრეტია. ის 1974 წლის მოვლენებს გვიხატავს: ერთი შეხედვით რომანტიკოსმა ფილიპმა წარმოუდგენელი შრომა გასწია ამ “წარმოდგენის” მოსამზადებლად.  რეჟისორი საკუთარი თავის რწმენისა და წარმატებისკენ სწრაფვის კარგ მაგალითს გვიჩვენებს.

 

Rivers and Tides: Andy Goldsworthy Working with Time,  2001, გერმანია ფინეთი კანადა, დიდი ბრიტანეთი

თომას რიდელსჰაიმერი

ენდი გოლდსუორთი ბუნებაში, ტყეებსა და სანაპიროებზე აგროვებს მასალას თავისი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. ეს შთამბეჭდავი ნამუშევრები მხოლოდ რამდენიმე საათი არსებობენ, რის შემდეგაც მათ კვლავ ბუნება შთანთქავს. რეჟისორი ხელოვანის მუშაობის პროცესს მიჰყვება და გვიჩვენებს იმ შემოქმედებას, რომელსაც ვერ განათავსებ მუზეუმში და რომელსაც ახსნა არ სჭირდება. ფილმი დროზე, მის ბუნებაზე და ბევრ სხვა ფილოსოფიურ საკითხზე დაგვაფიქრებს.

გამორჩეული დოკუმენტური ფილმების ნუსხა, რა თქმა უნდა, ბევრად გრძელია, იმედია ჩვენი სია მათ მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაგიზრდით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.