fbpx

თედო რეხვიაშვილი – ექსპრესია, გროტესკი და საკუთარი თავის ძიება, ხელოვანი ბევრი კითხვით და თავისუფლების სიყვარულით


გააზიარე სტატია

 

At.ge გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვან თედო რეხვიაშვილთან, რომელიც წელს ნიუ-იორკის აკადემიის ფერწერის მაგისტრატურას ამთავრებს. სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თედო რეხვიაშვილმა თანამშრომლობა “CARDI GALLERY”-სთან დაიწყო, რომელსაც წარმომადგენლობა ლონდონსა და მილანში აქვს. ასევე მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახელოვნებო პლატფორმა “Artsy”-ზე.

 

თედო, მოგვიყევი შენ შესახებ

დავიბადე სამცხე-ჯავახეთში და 4 წლიდან ვცხოვრობ თბილისში. ჩემს პროფესიულ განვითარებაზე  ვფიქრობ, დიდი როლი მაინც სოფელმა ითამაშა, რადგან ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდა ბუნებასთან, სულ მდინარეზე ვიყავი ხოლმე, ასევე ხშირი ურთიერთობა მქონდა ცხოველებთანაც, ბევრი ცხენი გვყავდა მაშინაც და ახლაც. 

ბუნებასთან ურთიერთობამ ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება დამიტოვა. ჩემი მხატვრობის პირველი ეტაპიც სწორედ ამ ამბებს უკავშირდება, ჩემი სოფლის პეიზაჟები, იქ მცხოვრები ხალხი… ძირითადად, ეს იყო ჩემი შემოქმედება. 

თბილისში გადმოსვლისა და სკოლაში წასვლის პარალელურად, მეორე კლასიდან სამხატვრო ათწლედშიც ვსწავლობდი, გრაფიკის მიმართულებით. სკოლის დამთავრების შემდეგ,  რა თქმა უნდა მხატვრის პროფესია ავირჩიე და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა, დაზგური გრაფიკის მიმართულებით.  

2017 წელს ჩავაბარე ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის მიმართულებით, მოვხვდი რჩეულთა შორის და მივიღე გრანტი, თუმცა გადასახდელი მაინც დიდი თანხა რჩებოდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან ვერანაირი დახმარება ვერ მივიღე, ვერც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა მოვიპოვე, უკვე შევეგუე აზრს, რომ ვეღარ მივდიოდი და ვეღარ ვისწავლიდი ნიუ-იორკში და დავწერე პოსტი ამის შესახებ. ჩემმა დამაც დადო იგივე შინაარსის პოსტი და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა ადამიანმა გააზიარა და დახმარების სურვილი გამოთქვა. 

ნიკა რურუამ მიიტანა ჩემი ამბავი გულთან ახლოს, ჩემამდეც ბევრი ახალგაზრდა ჰყავდა სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნილი, დამაკავშირა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და გადაცემა პოსტსკრიპტუმს, სადაც ჩემზე გავიდა სიუჟეტი. ამ სიუჟეტის შემდეგ, სადღაც 4 დღეში, 14 ათას ლარამდე შემიგროვდა, ასევე დახმარების სურვილი გამოთქვა თიბისი ბანკმაც და 10 000 ლარით დამაფინანსეს. 

ჩემი ნამუშევრებიც გავყიდე და ასე ერთიანი ძალისხმევით შემიგროვდა 1 წლის სწავლის თანხა. უკვე მეორე წელია იქ ვსწავლობ. მეორე წელს კი განათლების საერთაშორისო ცენტრი დამეხმარა ფინანსურად. 

 

როდის აღმოაჩინე, რომ  მხატვარი გინდოდა გამხდარიყავი?

ბავშვობაში, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა, ფერადი ფლომასტერების და ფანქრების დანახვა იყო. მახსოვს ერთხელ, სულ პატარა ვიყავი, სოფელში, ხის მორზე ვიჯექი, სახატავი რვეული მედო და პეიზაჟს ვხატავდი, რასაც ვხედავდი. დღემდე მახსოვს ის განწყობა, რა ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში. ვთვლი, რომ თავიდანვე განსაკუთრებული იყო ხატვის პროცესი ჩემთვის, რადგან ამხელა სიამოვნებას ვერც თანატოლებთან თამაშით და ვერც სეირნობით ვერ ვიღებდი. გამიმართლა, რომ მშობლებმა ყურადღება მომაქციეს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვგულისხმობ, და ასე გამოვიდა, რომ რაც თავი მახსოვს, ვხატავ. 

 

როგორია ნიუ-იორკში ცხოვრება და რა ისწავლე იქ, როგორც ხელოვანმა?

ყოველთვის წარმომედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი განათლების სისტემა, ხელოვნების ბაზარი და ეს უზარმაზარი სივრცე. თუმცა, როდესაც ამ ყველაფრის წინაშე აღმოვჩნდი, რაღაცები გადავაფასე, ბევრი რამ იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყო, მაგრამ ყველაზე საინტერესო, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სტუდენტების და ლექტორების ურთიერთობა იყო, როგორ უზიარებენ ადამიანები გამოცდილებას ერთმანეთს. 

ლექტორები, ერთმანეთზე უფრო პროფესიონალები არიან, დროის და ტენდენციების ადეკვატურები და მუდმივ პროგრესს და ტრანსფორმაციას განიცდიან. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ევროპულ მოდერნიზმში ვართ, პოსტმოდერნის ეპოქაც კი არ დაწყებულა ჯერ. 

თვითონ ქალაქიც გავითარებს, რადგან მილიონი გალერეა და მუზეუმია, უამრავ ავტორს იცნობ, მათ ნამუშევრებს, იღებ უზარმაზარ ინსპირაციას და ნელ-ნელა შენც იხსნები, როგორც ხელოვანი.

სკოლა, სადაც მე ჩავაბარე, უფრო ფიგურატიული მიმართულების არის, რომლითაც 20 წლის შემდეგ აღარ დავინტერესებულვარ და მომიწია ხელახლა მივბრუნებოდი ფიგურას, ნატურას, ადამიანის სხეულს. ჩემს ბოლო ერთი წლის ნამუშევრებშიც შეამჩნევთ, რომ მთავარ როლს სწორედ ადამიანის ფიგურა თამაშობს. 

 

როგორ ფიქრობ, რა არის შენი სამეტყველო ენა?

პირველი, რაც თავში მომდის, არის ექსპრესიული ხაზი. 6 წელი ჩემს მხატვრობაში აბსტრაქციას ეკუთვნოდა, თუმცა ამის შემდეგაც, როდესაც უკვე ფიგურატიულ ფერწერას დავუბრუნდი, მაინც ყველაფერი ხაზამდე და გრაფიკამდე მივიდა. მე ასე ვთვლი. ჩემს ნამუშევრებში ძირითად ენერგეტიკას ხაზი ატარებს. 

ცოტა მიჭირს გადაჭრით საუბარი იმაზე, თუ რას ვაკეთებ, ან სამეტყველო ენაზე საუბარი, რთულია ყველაფერს სახელი დაარქვა. ყოველთვის მივყვები ემოციას და იმპულსებს და ამასთან ერთად ვფიქრობ, ფერებზე და კომპოზიციაზე. ყურადღება მინდა გავამახვილო მასალაზე, რადგან ნამუშევარში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელოვანი გრძნობდეს მასალას, რომელზეც მუშაობს. 

ადრე ვფიქრობდი, რომ კონცეფცია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ ტექნიკა მეგონა ყველაზე მნიშვნელოვანი, დღეს ვთვლი, რომ თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მასალაა, რომელზეც მუშაობ და ეს სამი კომპონენტი – მასალა, ტექნიკა და კონცეფცია ქმნის საბოლოოდ ნამუშევარს. 

 

თუ გაქვს ძირითადი ხაზი, რომელიც შენს ნამუშევრებს აერთიანებს,

ამ კითხვას რაღაც დოზით წინა კითხვის პასუხიც ერგება, თუ მთლიან შემოქმედებაზე ვისაუბრებ, ჩემს ნამუშევრებს ექსპრესიულობა აერთიანებს, გამომხატველობაში ენერგიის სიმძლავრეს ვგულისხმობ, ჩემი პერსონაჟების ძირითადი მახასიათებლები კი გროტესკი და ირონიაა. 

გარდა ამისა, ბოლო სერია, რაზეც ახლა ვმუშაობ, მისი კონცეფცია ვირტუალური და რეალური სამყაროების თანაარსებობის ჩვენებაა, რისთვისაც კომპიუტერული თამაშები გამოვიყენე, სწორედ მათგან ავიღე არქიტექტურა და სივრცეები და იქ  გადავიტანე ის სცენები, რაც მე თავში მიტრიალებს. 

ეს ნახატები დიდ დაკვირვებას მოითხოვს. ასევე, უფრო გააქტიურდა და გაცოცხლდა ფერები ბოლო სერიაში, რამაც მეტი სიცოცხლე შემატა ნამუშევრებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემს ნახატებში დომინანტები ხშირად იცვლება: ეს შეიძლება იყოს ფერი, განწყობა, ემოცია და ა.შ.    

 

თუ არის რამე, რასაც ყველაზე ხშირად ხატავ?

ხშირად ვხატავ ცხენებს. ზოგადად, ცხენები ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა, მოჯირითეც ვარ. ბუნებით ესთეტი ვარ, მომწონს ლამაზი სხეული და ხშირად ვხატავ შიშველ სხეულს. ასევე ხშირად ვხატავს ზღვას… მაქვს ხოლმე კოსმოსის ჩანართები, გალაქტიკური სივრცეები, ესეც ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა, ბევრ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ კოსმოსის შესახებ.  

 

რამ იქონია გავლენა შენზე, როგორც ხელოვანზე?

სანამ ხელოვნებაზე გადავალ, მოგიყვებით, რამ იქონია ჩემზე, როგორც პიროვნებაზე გავლენა. ჩემში ყველაზე დიდი გადატრიალება საკუთარი მეს დასრულებამ და აქედან გამოსვლამ და ახალი ადამიანის ძიებამ მოახდინა. ამ ფაქტმა ჩემში როგორც პიროვნების, ასევე ხელოვანის გადაფასება გამოიწვია. შემრჩა ხელში ინფორმაცია, რომლის გაფილტვრა და გადაფასება დავიწყე. 

ახალმა ნაპოვნმა მემ სამყაროს ხელახლა აღმოჩენა დაიწყო, რომელიც ცრემლების მომგვრელი სიხარულია და ყველას ვუსურვებ ასეთ გარდამტეხ მომენტს ცხოვრებაში, როდესაც შენს თავს უზარმაზარი სამყაროს ძალიან პატარა ნაწილად შეიცნობ, როდესაც ხვდები, რომ სამყაროს ცენტრი კი არა, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხარ. 

ამ ყველაფერმა ჩემი გათავისუფლება შეძლო, შესაბამისად, დამეხმარა ხელოვანად ჩამოვყალიბებულიყავი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მზად ვარ სიახლეების მისაღებად. პიროვნულმა თავისუფლებამ შემოქმედებაშიც გამათავისუფლა და მაპოვნინა შემოქმედებითი გზა. 

ასევე, რა თქმა უნდა, დიდი ხელოვანების ნამუშევრების ნახვამ იქონია გავლენა. მათ წინ დგომამ და გრძნობამ, რამხელა თავისუფლება და სიყვარულია ჩადებული თითოეულში. ყოველთვის მიყვარდა ისედაც ცხოვრება, მზის ამოსვლა, ხეების და ფოთლების მოსმენა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად მიყვარს და ვაფასებ, შემიძლია ახალი ნიუანსები ვიპოვო, რაც შემდეგ ჩემი ინსპირაციის წყარო ხდება. მაძიებელი ხელოვანი ვარ, ბევრი კითხვის ნიშნებით.   

 

შენი სამომავლო გეგმები…

ვაპირებ სწავლა კინორეჟისურაზე გავაგრძელო, რადგან კინოსთან ძალიან მჭიდრო დამოკიდებულება მაქვს და ვფიქრობ, მხატვრის პროფესია ძალიან გამომადგება. ასევე წერა მიყვარს და ხშირად ვწერ. 

ძალიან მიყვარს სეირნობა და მუსიკის მოსმენა. მინდა ნიუ-იორკში სახელოვნებო სფეროში მოღვაწეობა, სწორედ ეს ამბები წყდება ახლა, თუმცა კორონავირუსის გამო ჯერჯერობით ყველაფერი შეჩერებულია. 

თუმცა არ ვაპირებ ერთ ქალაქში ან ერთ ქვეყანაში დიდხანს გაჩერებას, მსურს მოვახერხო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა სახელოსნოებში მუშაობა, დიდი ინსტალაციების კეთება. 

ასევე, ჩემი გეგმები საქართველოში ინსტიტუციურ სწავლებებში ჩემი წვლილის შეტანას უკავშირდება, მინდა ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო. ვფიქრობ, რომ თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ჩამოვაყალიბო, ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში.  

და ასევე, აქვე ვიტყვი, უცბად გამახსენდა, რომ სანამ ნიუ-იორკში წავიდოდი, ქართველი რეჟისორი გიგა აგლაძე იღებდა ფილმს “სხვა მე”, რომლის კადრირების მხატვარიც ვარ, რისთვისაც 900-მდე ნამუშევარი გავაკეთე. ფილმის კო-პროდიუსერი არის ცნობილი რეჟისორი დევიდ ლინჩი. ეს ფილმი ჩემთვის მეორე ფილმი იყო, რომელზეც ვიმუშავე. ფილმი ახლა გამოვა კინოთეატრებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.