fbpx

მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან – მაკა ცხვედიანის დღიური


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მაკა ცხვედიანი

კვირაში ერთ დღეს თავი უნდა დაადო და  საკუთარ ქალაქს ჩამოუარო. სულ ვგრძნობდი ამის აუცილებლობას და წლების განმავლობაში დასვენების ერთ-ერთ დღედ ოთხშაბათი მქონდა არჩეული – ისეთი დღე, ყველა რომ მუშაობს და შენ გამოძვერი. ასე ჩნდებოდა ხოლმე იდეები, ასე ვპოულობდი თემებს, ადამიანებს – ქუჩებში, კაფეებში, ფანჯრებს მიღმა; უბრალო დეტალებში, უნებურად და სადად რომ ამხელენ ხოლმე ამბავს. ძველებური სარწეველა სავარძელი, ყურმოტეხილი საშაქრე, არაჟნის ქილაში ჩარგული ალოე – ქურდულად, მიპარვით დანახული სხვების ფანჯრებს მიღმა. 

სხვების ფანჯრებს მიღმა სულ სხვანაირი გვეგულება ცხოვრება. ჩვენს საკუთარ სივრცეში ტკბილ-მწარე გემოს სინთეზია, „სხვებთან“ – თეთრი ავეჯით გაწყობილი მყუდრო ოთახი, მეტი თანხმობა, თვალებში ციცინის მეტი ეპიზოდი, მეტი ჩახუტება და მეტი გულიანი სიცილი. ისევ და ისევ მათ ფანჯრებს ქურდულად მიპარულები თუ მოვკრავთ თვალს მათივე ყოფის უცნობ დეტალებს. ხშირად უსიტყვოს, მაგრამ ისე მტკივნეულად საგრძნობს, როგორიც, მაგალითად, გაუცხოებაა. 

სხვებთანაცაა ლუკმას ჩაყოლებული წყენა და ნაღვლიანი შეგუება. 

ოთხკედელს შორის ერთად გამოკეტვამ იმიტომაც ამხილა ამდენი არარსებული თანხმობა. იმიტომ აღმოაჩინეს ადამიანებმა, რომ იქ არ არიან, სადაც უნდათ იყვნენ. 

ჩვენ შეიძლება წლების განმავლობაში ვიცხოვროთ მეორე ადამიანთან ერთად  და ვერასდროს ვიპოვოთ მასთან საკუთარი სახლი. შეიძლება ძალიან ცდილობდე და მაინც ვერაფერი შველოდეს შეგუბებულ პროტესტს და განწირულობის აკვიატებულ განცდას. მიზეზი ის იყოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან საკუთარი თავი შეიძლება მარტო კი არ იპოვო, – დაკარგო კიდეც. დაგავიწყდეს რა გინდოდა, რა შეგეძლო, რა უნდა გეკეთებინა იმისთვის, რომ ოდესმე უკან მოხედვისას ფუჭი და განიავებული არ მოგეჩვენოს საკუთარი ცხოვრება.

რა მოგვცა კარანტინმა, რა შეცვალა კორონავირუსმა, როგორი იქნება ცხოვრება ამ განსაცდელის შემდეგ – ამ და მსგავსი სათაურებით გადაჭრელებულია სოციალური ქსელიც და მსოფლიო გამოცემებიც. 

რა მოგვცა და, შიში. კიდევ ფიქრის დრო. გრძნობებისთვის ყურის დაგდების დრო. სიმართლისთვის თვალის გასწორების დრო. თუ გადამწყვეტი შეხვედრა შედგა და მეორე ადამიანი საკუთარ მარტოობაში უყოყმანოდ შემოუშვი, ეს შეჩვეული მარტოობა გახდება უსახური, მოწყენილი და სხივისგან გაცლილი, სამაგიეროდ, ბავშვობაში ნაჩუქარი ლეკვივით გულისამაჩუყებელი აღმოჩნდება ერთად დაძინება, გაღვიძება, ჭამა და კბილების გამოხეხვაც კი.

ზოგადად, სასიყვარულო თეორიებში ყველაზე მომხიბვლელი, ალბათ, ისაა, რომ აღქმის აურაცხელი კუთხე აქვს ყველა კონკრეტულ ამბავს და ერთმანეთს  ვერასდროს შევეჯიბრებით იმით, თუ რა ვიგრძენით. ამიტომაა, გემოვნების მერე ყველაზე მეტს სიყვარულზე რომ ვდავობთ – ვის ვინ რატომ, რა ლოგიკით, რა უფლებით თუ ეშმაკის რა მანქანებით უყვარდება.

ალბათ, სადავოა ისიც, სჭირდება თუ არა სიყვარულს მზადყოფნა. ან შესაძლებელია თუ არა, მზად ვიყოთ საჩუქრისთვის, რომელსაც, როგორც წესი, მოულოდნელად ვიღებთ. და როცა საჩუქარი სიხარულისგან ამატირებელია, – ისეთი სიზუსტითა და მზრუნველობითაა შერჩეული. ჩვენც რა გვემართება? – უჩვეულო მადლიერებისგან სამყაროს მთელი გულით ვეხსნებით, ყველანაირი სიფრთხილე და ზომიერება გვავიწყდება, მაგრამ ეს არაა საშიში. სიყვარული არასდროსაა ზედმეტი, არ არსებობს ზედმეტი სიყვარული, სიყვარულისგან ვერაფრით გახდები უფრო ცუდი. 

თუ სულის მოთქმის, დაფიქრებისა და სურვილების ჩაფიქრების დროა, იოცნებეთ, რომ მარტოობა დაირღვეს. უსუსური ყოფითი სურვილები – კომპრომისია მაშინ, როცა არავინ არ მოდის შენთან და არ გჩუქნის ფრთებს; როცა არავინ არ მოდის და არ გეუბნება: ბედნიერი მინდა იყო. ჩვენ, ალბათ, ყველანი ვყოფილვართ შეგუებულები და ჩავბღაუჭებივართ იმედს, რომ, აი, იქნებ მართლა მოჰქონდეს სიხარული ახალ სკამს ან ატმისფერ კაბას. და მერე გულჩაწყვეტილებს აღმოგვიჩენია რა სევდიანია, როცა რთულ მომენტებში საყვარელი ადამიანის  თბილი და საიმედო ხელი კი არ გვაკავებს დედამიწაზე, არამედ ის, რომ გრავიტაცია ჯიუტობს. 

ჰოდა, ჩვენ-ჩვენი სამყაროს კარი რომ გაიღება, შეჩვეულ ან ჯერ კიდევ აღმოსაჩენ ქუჩებს რომ შევესევით, ძველი და ახალი შეხვედრები გველოდება. გააჩნია – ვინ რას დაეძებს საკუთარ ქალაქში. ვიღაცას ძველებური ფასადები უყვარს, სხვას – ქვაფენილიანი აღმართები და ზოგს – გახუნებული აბრები თუ საღებავგადაცლილი ალაყაფები. მთავარია ხეტიალი. გადამწყვეტი შეხვედრაც ამ ხეტიალში წამოგეწევა, თითქმის შემთხვევით, ყველანაირი წინასწარი შემზადებისა და რეპეტიციის გარეშე. უცებ წამოგადგება უკნიდან და მოგეჩვენება, რომ აბრეშუმის თხელი თავშალი შემოგახვიეს მხრებზე. ან კარს შეაღებ, დაინახავ და გეგონება, რომ იცანი. მოგეწონა ან გადაირიე კი არა, იცანი. ისაა. 

სულ უყოყმანოდ დაზუსტდება ცხოვრების მთავარი კანონი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულივით დაგელოდება სიხარულის მიზეზი. სად იქნება და, წვიმიან დილაში, მიწას დამკვდარ ფოთლებში, უპრეტენზიო კორპუსების თავზე ადენილ ნისლში. 

ამიტომ, მხოლოდ შეყვარებულები  გადარჩებიან. ჯიმ ჯარმუშის ვამპირების ჩათვლით, რომლებიც ასე ახლობლები გვეჩვენებიან კარანტინის კარჩაკეტილობაში. შეყვარებულები დანიშნულების ადგილს მაშინაც კი მიაგნებენ, თუ გზად ჩიტებისგან აკენკილი მარცვლეულივით გაუჩინარდება ორიენტირები. თუ სამყარო გახდება საშიში და არასანდო. 

ამ უცნაურ გრძნობას მოაქვს ამბოხის გამბედაობაც და განდობის სურვილიც.

ის გადარჩება, ვინც აღიარებს: მთელი ცხოვრება გელოდი. სულ გეძებდი და სულ მეშლებოდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.