fbpx

მუსიკალური სკოლა 303Hz მსურველებს 6 სხვადასხვა კურსს სთავაზობს


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია


303Hz-ის გუნდი თბილისში რამდენიმე პროდიუსერმა  დააფუძნა, რომელთა მთავარი მიზანი საქართველოში მუსიკის სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. წლების განმავლობაში მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებმა, რომლებმაც უკვე დიდი გამოცდილება დააგროვეს, გადაწყვიტეს, რომ ახლა დროა თავიანთი ცოდნა 6 სხვადასხვა სასწავლო კურსის ფარგლებში სხვებსაც გაუზიარონ. 

როგორც 303Hz-ის მარკეტინგის მენეჯერი ლაშა მარგიანი აღნიშნავს, ეს კურსები აბსოლუტურად მორგებულია იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ:

„ამ მომენტისთვის გვაქვს 6 აქტიური კურსი: Ableton Live (მუსიკის წარმოება), მუსიკის თეორია, მიქსინგი, ხმის დიზაინი, დიჯეინგი და ბოლოს დაგვემატა Hip-Hop/Beatmaking კურსი ტატო რუსიასთან ერთად, რომელიც ჯგუფ MokuMoku-ს წევრია. 

ყველაზე მეტი დაინტერესება მუსიკის წარმოების (Ableton Live) მიმართ არის. აღნიშნული კურსის პედაგოგები არიან: Cobert, Hamatsuki, Marikhi, Reverie, Skyra, Toke. 

რაც შეეხება მიქსინგის კურსს, აქ გვყავს Berika, რომელიც ასევე Spacejam92 წევრია. 

მუსიკის თეორიის კურსის პედაგოგი კი ნინა ნოზაძეა, რომელსაც ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით აქვს დამთავრებული. 

ხმის დიზაინის ხელმძღვანელი სანდრო კოზმანიშვილია, რომელიც VCVS ჯგუფის წევრია. ხოლო დიჯეინგს შეასწავლიან Ash Scholem, Hatsvali, Sulava და კოტე ჯაფარიძე. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პედაგოგები დღესაც  აქტიურად არიან ჩართულები მუსიკალურ ინდუსტრიაში, შესაბამისად, ისინი დღევანდელობიდან გამომდინარე, ყველაზე საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გადასცემენ სტუდენტებს. 

კურსის დასრულების შემდეგ, ჩვენს სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის წარმოჩენასა და კარიერულ განვითარებაში. 

მაგალითად, უკვე ჩავატარეთ 303Hz ღონისძიებების რამდენიმე სერია, რომელიც გაიმართა კლუბ “მტკვარზე” და “გალერიში”, სადაც ჩვენი სტუდენტებიც  მონაწილეობდნენ, ასევე გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა კლუბებთან და ბარებთან, სადაც ჩვენს გამორჩეულ კურსდამთავრებულებს ვაგზავნით რეგულარულად. 

ასევე, ვცდილობთ სტუდენტებს საშუალება მივცეთ თავი წარმოაჩინონ ონლაინ სტრიმებში.“

 

At.ge: იმის გათვალისწინებით, რომ ჰიპ-ჰოპ კულტურა საქართველოში ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება, ამ კურსის დამატება ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა. კონკრეტულად რას მოიცავს ეს კურსი და როგორი იქნება სწავლების დინამიკა?

ტატო რუსია (303Hz): თუ ხართ დამწყები პროდიუსერი, ეს კურსი შეგასწავლით სწორ და მოკლე გზებს, რათა მიაღწიოთ სასურველ ჟღერადობას. თუ უკვე გაქვთ გამოცდილება ბიტმეიკინგში, მაშინ ეს კურსი დაგეხმარებათ განავრცოთ თქვენი ცოდნა იმ დონემდე, რომ შეძლოთ ნებისმიერი ჟანრის ჰიპ-ჰოპ და RNB პროდუქტის შექმნა. 

თუკი, უბრალოდ, გიყვართ ჰიპ-ჰოპ მუსიკა, არასდროს არ გქონიათ შეხება მუსიკასთან და გინდათ გადადგათ პირველი ნაბიჯები, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ნულიდან აითვისოთ მუსიკის წარმოება და კურსის დასასრულისთვის შეძლოთ შექმნათ ხარისხიანი ბიტები. 

იმათთვის, ვისაც არასდროს  უსარგებლია Ableton Live-ით, 303 Hz პედაგოგები იზრუნებენ იმაზე, რომ შევასწავლოთ ეს პროგრამა დამწყებ დონეზე. კურსის განმავლობაში ჩვენ მოვახდენთ ჰიპ-ჰოპის უმნიშვნელოვანესი კომპოზიციების დეკონსტრუქციას, ანუ ნულიდან ავაწყობთ სხვადასხვა ჟანრის ცნობილ ჰიტებს  და ასევე, შევქმნით ჩვენს მუსიკას იმავე ხერხების გამოყენებით. 

რაც მთავარია, საკუთარი მუსიკის დასაწერად პირველ ეტაპზე სტუდენტებს არ დასჭირდებათ არანაირი აპარატურა და ტექნიკა ლეპტოპის, მუსიკალური პროგრამა აბლეტონის, ყურსასმენების ან მონიტორების გარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კურსის მეშვეობით ნებისმიერი მსურველი შეძლებს დაიწყოს საკუთარი მუსიკის შექმნა. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. ამ ეტაპზე ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ.

At.ge: ონლაინ გაკვეთილების საჭიროება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია,  რადგან პანდემიურ გარემოში დისტანციური სწავლება ერთადერთი გამოსავალია. თქვენმა სკოლამ როგორ შეძლო ამ სიტუაციასთან ადაპტირება?

ლაშა მარგიანი (303Hz): პანდემიის გამო  განვითარებული მოვლენები როგორც მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო, მაგრამ მალევე გავაანალიზეთ, რომ აღნიშნულ გამოწვევასთან სკოლას სწრაფად უნდა მოეხდინა ადაპტაცია. 

მალევე დავნერგეთ ონლაინ სწავლების მეთოდი და რაც ყველაზე სასიამოვნოა, აღმოვაჩინეთ, რომ სწავლების ამ მეთოდის მეშვეობით ჩვენი ცოდნა შეგვიძლია გავუზიაროთ რეგიონებში მყოფ ახალგაზრდებს, ანუ  სწავლის პროცესში ჩართვა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ წერტილში მყოფ პირს. 

შესაძლებელია, რომ ონლაინ კურსები პანდემიის დასრულების შემდეგაც შევინარჩუნოთ და სწორედ ამ მოდელის მეშვეობით ვგეგმავთ, რომ სტუდენტები მეზობელი ქვეყნებიდანაც მივიღოთ.

At.ge:  ახალი კურსების დამატებას თუ აპირებთ?

ლაშა მარგიანი (303Hz): დიახ, რა თქმა უნდა, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მუშაობა “ელექტრონული იმპროვიზაციის” კურსის დანერგვაზე, რომელსაც ბატონი რეზო კიკნაძე უნდა წარუძღვეს. ასევე ვმუშაობთ ვებგვერდზე, რომელიც მალე ჩაეშვება და დაინტერესებულ პირებს კურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეგისტრაცია პირდაპირ ამ არხის მეშვეობით შეეძლებათ.

 

At.ge: რას უნდა ველოდოთ 303Hz-ისგან უახლოეს მომავალში?

ლაშა მარგიანი (303Hz): ჩვენი მთავარი ინტერესია მეტ ახალგაზრდას მივცეთ განათლება და დავეხმაროთ განვითარებასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მოსწავლეების  რიცხვთან ერთად იზრდება ჩვენი გუნდიც, ახლო მომავალში კი სტუდიის გაფართოებაც იგეგმება. 

გამოვიყენებ შანსს და დავამატებ, რომ რამდენიმე დღის წინ 303 Hz გუნდმა ჩამოვაყალიბეთ 303 PXL გრაფიკული დიზაინის სკოლა და ამით გვინდა ვიზუალური ხელოვნების მიმართულებაც მოვიცვათ. ამ ეტაპზე გვაქვს Adobe Photoshop, Illustrator და After Effects შემსწავლელელი კურსები, მაგრამ უახლოეს მომავალაში სხვა სპეციფიური მიმართულებების დამატებასაც ვგეგმავთ.

ამასთან ერთად ვმუშაობთ ერთ ძალიან ამაღელვებელ პროექტზე, რომლის შესახებაც სულ მალე შეიტყობთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.